Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი „ღვინის სოფელი“ სამეგრელოდან დაიწყო

ლევან სეფისკვერაძე

ქართული მეღვინეობით დაინტერესებულ ადამიანებს აუცილებლად ემახსოვრებათ 2020 წელს დაწყებული საინტერესო პროექტი სახელად „ღვინის სოფელი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საწყისი პროექტი საქართველოს სამი მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილი რეგიონის - იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის ღვინის მცირე მარნებისთვის ტურისტული კუთხით განვითარებისთვის ხელშეწყობას გულისხმობდა და ექსპერტთა ჯგუფის უმთავრესი მიზანი იმ მარნების შერჩევა იყო, რომლებმაც 2021 წლის გაზაფხულამდე შეძლეს საკუთარი მარნებისა და ვენახების ტურიზმზე სათანადოდ მორგება. რაც მთავარია, ამ საქმეში მათ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დახმარება სწორედ აღნიშნულმა პროექტმა გაუწია. ყურადღების მიღმა არ დარჩა ის მარნებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ სამიზნე ჯგუფში. მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ლექცია-სემინარებს ყველა ბენეფიციარი ესწრებოდა და მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტებისგან სათანადო რჩევებიც ყველა მსურველმა მიიღო.

პროექტის დასრულების შემდეგ, 2021 წლის 3 ივლისს მთაწმინდის პარკში აღნიშნული მცირე მარნებისთვის ღვინის ფესტივალი „ღვინის სოფელი“ მთაწმინდის პარკში გაიმართა,სადაც პროექტის მონაწილე იმერული, რაჭული და ლეჩხუმური მარნები იყვნენ წარმოდგენილნი.

სასიხარულოა, რომ პროექტი „ღვინის სოფელი“ 2022 წელსაც გაგრძელდა, ამჯერად სამეგრელოსა და გურიაში. აქაური მცირე მარნები კი სრულად ისარგებლებენ იმ სიკეთეებით, რითაც გასული ორი წლის მანძილზე იმერელმა, რაჭველმა და ლეჩხუმელმა მეღვინეებმა ისარგებლეს.
სამომავლო პერსპექტივების იმედს იძლევა პროექტის ახალი ფაზის პირველი საველე გასვლა, რომელიც „ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფმა სამეგრელოდან, კერძოდ კი მარტვილის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყო.

პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა სამეგრელოს ის მარნები მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.
ფარცვანიების საამაყო ღვინო და ვენახები

ჯგუფის პირველი გაჩერება, მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამეულში იყო, სადაც ახალგაზრდა მეღვინემ, ნიკა ფარცვანიამ („თარგამეულის მარანი“) ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა ვაზის მეგრული იშვიათი ჯიშებიდან დაყანებული შესანიშნავი ღვინოებით.

ნიკა ღვინის ტურიზმითაც არის დაინტერესებული და ახლადაშენებული ღვინის მარნის პარალელურად, ცდილობს მარნის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობასაც. აღსანიშნავია მის მიერ ძალიან კარგად მოვლილი ვენახები, რაც განსაკუთრებით საამაყოა.

ზაზა გაგუას ჯიშური მრავალფეროვნება

„ღვინის სოფლის“ წარმომადგენლები სოფელ თარგამეულში ასევე ეწვივნენ „ღვინო მარტვილს“ და მარნის მფლობელ ზაზა გაგუას, რომელმაც ბოლო წლებში დიდი შრომა გასწია მეგრული მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების საქმეში.

ზაზას გარდა იმისა, რომ აქვს მეგრული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნება, იგი ასევე დაინტერესებულია დასავლეთქართული  სხვა ჯიშებითაც და მუდმივად ატარებს ექსპერიმენტებს. „თარგამეულის მარანი“ განვითარებისა და მშენებლობის სტადიაშია და ზაზა გაგუას იმედი აქვს, რომ მათი ღვინის ხარისხით და კულინარიული მრავალფეროვნებთ (რომ  აღარაფერი ვთქვათ მარნიდან გადაშლილ ულამაზეს ხედებზე) ბევრ ღვინის მოყვარულ ტურისტს დააინტერესებს.

პაატა ლაშხიას სალხინო ღვინო

შემდეგი გაჩერება მეღვინეობით სახელგანთქმულ სოფელ სალხინოში იყო, სადაც პროექტის ჯგუფი „ოჯალეშის მარნის“ მფლობელ პაატა ლაშხიას შეხვდა. პაატა წლებია მეგრული ყველაზე ცნობილი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის - ოჯალეშის ვენახებს ფლობს და ერთ-ერთი იყო, რომელმაც სამეგრელოში ოჯალეშის მოვლისა და გადარჩენის ტრადიცია შეინარჩუნა. ლაშხიების საქმიანობის ერთ-ერთი ნაწილი ღვინის ტურიზმიცაა და პატარა, თუმცა იდეალურად მოვლილ მარანში მასპინძლობენ იმ ადამიანებს, ვინც ოჯალეშის ღირსება და ფასი იცის. ბატონ პაატას აქვს განვითარების და დამატებითი ცოდნის შეძენის დიდი სურვილი და სხვა კოლეგების მსგავსად, პროექტ „ღვინის სოფელს“ დიდი იმედით უყურებს.

მუხურელი მეღვინე „ღვინის სოფელში“

კოლხური გრძელხორთუმიანი ფუტკრით, ულამაზესი მდინარეებით და ხეობებით სახელგანთქმულ სოფელ მუხურში (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი) „ღვინის სოფლის“ წარმომადგენლები ადგილობრივ ახალგაზრდა მეღვინე მიხეილ ცირდავას ესტუმრნენ. მიშას მარანი „ობენე“ განვითარების სტადიაშია და ისიც დაინტერესებულია ღვინის ტურიზმის მიმართულებით. იგი ასევე ცდილობს ძველი მეგრული ვაზის საღვინე ჯიშების მოძიებას და გადარჩენას, რაც დღეს სამეგრელოსთვის ნამდვილად საშური საქმეა. ცირდავების მარანი გორაკზე მდებარეობს, საიდანაც სამეგრელოს ულამაზესი ხედები იშლება.

ბექა გახარიას „ორკოლი“

ასევე მუხურელია ბექა გახარია როგორც მეგრულ ენდემურ, ასევე იმერულ ვაზის ჯიშებს აშენებს და გვარიანი ვენახებიც აქვს. მასთან ახლა გამალებული მუშაობაა და წელს ამთავრებს მარნის შენებას, სადაც დაახლოებით 20 ტონა ყურძნის გადამუშავების საშუალება ექნება. ბექა გახარიას მარანი „ორკოლი“ ღვინოს ბოთლში ასხამს და რამდენიმე მაღაზიაში შეაქვს. თუმცა, კიდევ უფრო მეტად შორსმიმავალი მიზნები აქვს, რაც მეღვინეობასთან ერთად ღვინის ტურიზმსაც უკავშირდება.

ტალერის ტერასები

"ღვინის სოფლის" წევრი გახდა მარტვილის სოფელ ტალერში "ტალერის ტერასების" მფლობელი" მევენახე-მეღვინე აკაკი თოდუა, რომლის მიზანი ყოველთვის მეგრული ჯიშების აღმოჩენა, აღდგენა და შენარჩუნება იყო.

ბატონი აკაკის მთავარ კონცეფციას ვენახების ტერასული განლაგება  წარმოადგენს. ეს ვაზის გაშენების ერთ-ერთი უნიკალური და იშვიათი მიმართულებაა. ამ ეტაპზე ოჯალეშსა და ეგუძგურს აწარმოებენ. ტერასულად გაშენებულ ტალერის ვენახებს ტურისტულადაც დიდი პოტენციალი გააჩნია.

იოსებ შენგელიას საკოლექციო ვენახი

ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში ახალგაზრდა მეღვინე იოსებ შენგელიას მართლაც რომ უნიკალური საკოლექციო ვენახი აქვს, სადაც 30-მდე ვაზის ჯიში გააშენა. მათი უმეტესობა ძველი მეგრული ჯიშია. თუმცა, ძირითადად ცნობილ მეგრულ ოჯალეშს აყენებს. იოსები ეთნოგრაფიითაცაა გატაცებული. საკუთარ ეზოში მოაწყო ეთნოგრაფიული სივრცე, სადაც დამთვარიელებელი მრავალ საინტერესო ნივთს ნახავს.

გვაზავების "გვაზი"

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში მდებარეობს "ღვინის სოფლის" კიდევ ერთი წევრის, ირაკლი გვაზავას კუთვნილი ვენახები. გვაზავებს სახელობითი ბრენდის აქვეშ "გვაზი" ჯამში ოთხ ჰექტრამდე ოჯალეშის და ციცქას ვენახი აქვთ გაშენებული. წელს დაამატეს ათამდე მეგრული ჯიში, 1500 ძირი ცოლიკოური და 500 ძირი ციცქა. ირაკლის მარანი თბილისთან ახლოს ოქროყანაში აქვს და სამეგრელოდან დასაწურად სწორედ იქ მიაქვს ყურძენი. სულ ცოტა ხნის წინ ასევე გახსნა ღვინის ბარი თბილისის ცენტრში.

დასასრულ გთავაზობთ სამეგრელოდან პროექტ „ღვინის სოფელის“ დასკვნით ეტაპზე გასული მცირე მარნების ჩამონათვალს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის ყველა ეტაპზე ჩამოთვლილი მარნების გარდა, მათი სურვილის შემთხვევაში სხვა მარნებსაც და მეღვინეებსაც შეუძლიათ მონაწილეობა.

1. „თარგამეულის მარანი“, (სოფელი თარგამეული, მარტვილი);
2. „ღვინო მარტვილი“, (სოფელი თარგამეული, მარტვილი);
3. „ოჯალეშის მარანი“, (სოფელი სალხინო, მარტვილი),
4. „ტალერის ტერასები“, (სოფელი ტალერი, მარტვილი)
5. „მარანი „ობენე“, (სოფელი მუხური, ჩხოროწყუ);
6. „იოსებ შენგელიას მარანი“ (სოფელი ჯიხაშკარი, ზუგდიდი);
7. მარანი „ორკოლი“, (სოფელი მუხური, ჩხოროწყუ).
 
„ღვინის სოფელის“ ახალი ეტაპი 2023 წლის მაისამდე გაგრძელდება და იგი მიზნად ისახავს მომავალში საქართველოს ყველა ღვინის რეგიონი მოიცვას.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



როგორ შეიძლება "ღვინის სოფელთან" დაკავშირება. მეც მაქვს ვაზი გაშენებული, სამეგრელოში და მომავლი წლიდან უკვე მარნის მოწყობას ვიწყებ. პატივისცემით, არჩილ თოდუა 593 61 47 11


ამ ნომერზე დაგვიკავშირდით: 598 308688, ნათია. გარდა ამისა ფეისბუკზე პეიჯიც გვაქვს, https://www.facebook.com/WineClub.ge მეილი ესაა: info@wineclub.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული