მსოფლიოს წამყვან მედიაში Wine Enthusiast-ი, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კელი მაგიარიკსის სტატია (Kelly A. Magyarics) იმის შესახებ, თუ რატომ უნდა მიაქციონ ყურადღება ქართულ ღვინოს (Why You Should Be Paying Attention to Georgian Wine). საქართველოს მეღვინეობის ისტორია 8000 წელს ითვლის და დღესაც ქართველები ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდებით უნიკალურ ღვინოებს აწარმოებენ. დროა, უცხოელებმა "მწვანე, რქაწითელი და ჩხავერი" დაძებნონ ინტერნეტში და წარმოთქმა ისწავლონ - ნათქვამია სტატიაში.
ტორონტოს უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი კვლევების შედეგად დადასტურდა საქართველოში მეღვინეობის 8000 წლის ტრადიციის არსებობა. საქართველო 500-ზე მეტი ვაზის ჯიშის სამშობლოა.
Wine Enthusiast-ი წერს, რომ დღეს საქართველოში აუარება საოჯახო მარანია დარეგისტრირებული, რომ სახელმწიფო ეხმარება ღვინის ინდუსტრიის განვითარებას დასავლეთის ბაზრებზე, ისევე როგორც ჩინეთსა და იაპონიაში. ქართული ღვინო გამორჩეული და გემრიელია, მეღვინეები ყოველ წელს ეძებენ სიახლეს, ძველ ჯიშებს აღადგენენ და ბუნებრივ, ნატურალურ ქვევრის ღვინოს აყენებენ.
სტატიაში ჯონათან ნელმსის, ვაშინგტონში ქართული რესტორანი " Supra"-ს დამფუძნებლის კომენტარიც საინტერესოა. ის ამბობს, რომ დღეს, როგორც არასდროს, მომხმარებელი საკვებსა და სასმელში ავთენტურობას ეძებს. ქართული ქვევრის ღვინო და სამზარეულო სწორედ ამით იზიდავს და ხიბლავს ღვინის მოყვარულებს.
ქართული ღვინით ინტერესდებიან მსოფლიოს სახელოვანი ღვინის მწერლები და პროფესიონალები.
სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ნატურალურ მეღვინეობაში. აღნიშნულია, რომ ელის ფეირინგმა წიგნი (For the Love of Wine: My Odyssey Through the World’s Most Ancient Wine Culture) მიუძღვნა ქართულ ნატურალურ ღვინოს.
სტატიის ავტორი მკითხველს ასევე აცნობს 2017 წლის ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის იმპორტის მონაცემებს, რომელიც 54%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, 458000 ბოთლი, მაშინ როცა 2016 წელს 294000 ბოთლი გავიდა. ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის შემდეგ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი