გამოქვეყნებულია: 5 მაისი, 2010 - 11:45
ნანა კობაიძე
"შაბლის სავიზიტო ბარათი" - ასე უწოდებენ ფრანგები ბურგუნდიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ქარიზმატულ მეღვინეს, მიშელ ლაროშს. სამ ათეულ წელიწადზე მეტია ეს ადამიანი ერთგულად ემსახურება მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ღვინის განვითარებას და გამაოგნებელ შედეგებს აღწევს.
შაბლიში ვენახებს ჯერ კიდევ მისი წინაპრები ფლობდნენ, მაგრამ ამ საქმით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი, უფრო მესაქონლეობას მისდევდნენ. მიშელი ვაზს სერიოზულად მიუდგა, იმდენად სერიოზულად, რომ დღესდღეობით მისი გვარი შაბლის სიმბოლოდაც კი მიიჩნევა.
დახვეწილი, ელეგანტური და სრულყოფილი - ასე ახასიათებს იგი ამ რეგიონის ღვინოებს, რომელთაც დიდი ხნის ისტორია აქვს. შაბლის ჩამოსხმა IX საუკუნეში "სენ-მარტენის" მონასტრის სარდაფებში ადგილობრივმა ბერებმა დაიწყეს. დღეს ისინი მიშელისა და მისი კომპანიის, Domaine Laroche-ს საკუთრებაშია. Domaine Laroche 100 ჰექტარზე გადაჭიმულ პრესტიჟულ ვენახებს ფლობს, საიდანაც წელიწადში 50 ათას ყუთ ღვინოს ამზადებენ, მათ შორის, "გრან კრუებს".
თეთრი ღვინისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო არაოფიციალურად "შარდონეს მეფის" სტატუსიც კი მიანიჭეს. ამ კლიშესგან თავის დასაღწევად რამდენიმე წლის წინ საფრანგეთის სამხრეთსა და ჩილეში წითელი ღვინოების წარმოება დაიწყო და ძალზე საინტერესო შედეგიც მიიღო, თუმცა მის მთავარ გატაცებად და ცხოვრების მიზნად კვლავაც შაბლი რჩება.
განსხვავებით მეღვინეობის სხვა რეგიონებისგან, სადაც ცხოვრება მდორედ მიედინება, შაბლიში ხშირია კამათი და დაპირისპირება "მამათა და შვილთა" შორის. მიშელ ლაროში მათ შორის გადებული ხიდია, ერთგვარი "ოქროს შუალედი", რომელიც "ძველებსა" და "ახლებს" აბალანსებს. მან მოახერხა და Chablis Grand Cru-ს მწარმოებლები გააერთიანა. ახლა ცდილობს, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო პრესტიჟული გახადოს ამ რეგიონის ღვინოები მთელს მსოფლიოში. სახელი და პრესტიჟი არც მანამდე აკლდათ. ინგლისში შაბლის XIII საუკუნიდან იცნობენ, ფლანდრიასა და ჰოლანდიაში - კიდევ უფრო ადრეული პერიოდიდან. "შაბლი - ეს არის რბილი, დახვეწილი და სასიამოვნო ღვინო დასრულებული არომატით. მისი გემო მარტივია, ამიტომ იმათაც მოსწონთ, ვინც ამ სფეროში საერთოდ ვერ ერკვევა" - ასე ახასიათებს სასმელს ლაროში. მარტივი გემო არცთუ მარტივად მიიღწევა. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. "ღვინის წარმოება – უწყვეტი ციკლია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ღვინო წელიწადში ერთხელ კეთდება" - ამბობს შაბლის "მამა".
შაბლი შარდონესგან მზადდება. მისი გავრცელების არეალი საკმაოდ მცირეა. "ყველა ჩვენი ვენახი სულ რაღაც 15 კმ-ზეა გადაჭიმული, ამიტომ ღვინის ხასიათი ძირითადად მსგავსია. თუმცა არის განსხვავებებიც: კარგი სტრუქტურისა და მზით მეტად განათებულ ნიადაგზე ღვინოც უფრო ხარისხიანი გამოდის. Grand Cru ღვინოებს გაცილებით მძლავრი გემო აქვს და ამ ღვინის სტილზე უკეთეს წარმოდგენას იძლევა. იგი ყველაზე რთულია ჩვენი ღვინოებიდან, მათი საუკეთესო თვისებების კვინტესენცია. მაგრამ თუ ჩვეულებრივი შაბლი ხარისხის აპოგეას 3-5 წელიწადში აღწევს, Grand Cru-ს ამისთვის 10-20 წელი სჭირდება" - ამბობს ლაროში.
მიშელ ლაროშს ვაზთან და ღვინოსთან მუშაობის საკუთარი ფილოსოფია აქვს, რომელსაც 30 წელზე მეტია, ერთგულად მისდევს: მიიჩნევს, რომ მეღვინის როლი ღვინის დაყენების საკითხში ყველაზე უმნიშვნელოა. უბრალოდ, ის უნდა დაეხმაროს ყურძენს საკუთარი თვისებების სრულად გამოვლენაში. აქ ყველაფერი ისევეა, როგორც ფრანგულ სამზარეულოში: კარგ მზარეულად მიიჩნევენ მას, ვინც პროდუქტის ხასიათს არ "გააფუჭებს."
მიუხედავად იმისა, რომ შაბლიში 360 მწარმოებელია და აქედან 100 თავის სამარკო ღვინოს ასხამს, ლაროშს კონკურენტების არ ეშინია. მისი საიდუმლო საკუთარ თავზე მუშაობასა და წარმატებისკენ შინაგან ლტოლვაშია: "35 წელია ამ სფეროში ვარ და მეჩვენება, რომ ყოველთვის ვუსწრებდი სხვებს. გამუდმებით ვფიქრობ, როგორ გავაუმჯობესო ღვინის ხარისხი და მისი წარმოების ტექნოლოგია. როდესაც მიზნისკენ მთელი არსებით ილტვი, ადრე თუ გვიან წარმატებას აუცილებლად მიაღწევ" - ამბობს ლაროში. ამ ეტაპზე იგი თავს უფლებას აძლევს, დაიქირავოს საუკეთესო აგრონომები, ვაზის მოვლა-მოშენების საკითხებში გარკვეული სხვადასხვა ტიპის სპეციალისტი და კონსულტანტი. რასაკვირველია, ეს კიდევ უფრო აუმჯობესებს ღვინის ხარისხს.
შაბლის "მამა" მიიჩნევს, რომ ღვინოს, თუნდაც ძალზე ცნობილს, მუდმივად სჭირდება მომხმარებლამდე სწორად მიტანა, თუმცა "კოკა-კოლასგან" განსხვავებით, სხვაგვარი რეკლამა სჭირდება. ლაროშისთვის საუკეთესო ვარიანტი აუდიტორიასთან უშუალო ურთიერთობაა, რისთვისაც ყველაზე გამართლებულად დეგუსტაცია მიაჩნია. უმჯობესია, თუ სასმელთან ნაცნობობა ამათუიმ კერძის თანხლებით შედგება, ამ შემთხვევაში ადამიანს კონკრეტული ღვინო უკეთ ამახსოვრდება.
ლაროში ყველაფერში ბუნებრიობის მომხრეა, მათ შორის, ყურძნის მოკრეფა-გადამუშავებასთან დაკავშირებულ პროცესებშიც. მის კომპანიაში არასოდეს ახტებიან საკუთარ თავს და არც მოვლენების ხელოვნურად დაჩქარებას ცდილობენ. "რთველის დროს მეზობელ მეურნეობებში თუ შეიხედავთ, თვალში საყოველთაო პანიკა მოგხვდებათ. მათთვის ეს საშინელი პერიოდია - თითქოს ყველა ჭკუიდანაა გადასული. ჩვენ კი მშვიდად ვართ: მკრეფავთა ორი ბრიგადა დღეში მხოლოდ 8 საათს მუშაობს და მაინც ყველაფერს ასწრებს. ჩვენს ვენახებში რთველი სხვებზე 4-5 დღის გვიან იწყება და ასევე დაგვიანებით სრულდება, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, ღვინო დროულად დავწუროთ" - ამბობს ბატონი ლაროში.
საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი ღვინოებიდან ყველაზე მეტად Chablis Saint Martin-ის აფასებს: "ამ პროდუქტით ყველაზე მეტად ვამაყობ. ჩემს მაცივარში ყოველთვის ნახავთ რამდენიმე ბოთლ Chablis Saint Martin-ს. რასაკვირველია, ყოველდღე არა, მაგრამ ჭიქა Saint Martin პერიოდულად – აუცილებელია. ამ ღვინოს თავისი "ლეგენდაც" აქვს: წმინდა მარტინის მონასტერში, წელიწადში ერთხელ, მოსავლის ფესტივალის დროს ძველებურ წნეხს ამუშავებენ და იქიდან გადმოსული წვენი ახალი Saint Martin-ის ნაწილი ხდება. ეს, რასაკვირველია, ღვინის ხარისხზე არსებითად არ მოქმედებს. სასმელის გაუმჯობესებისთვის ვინიფიკაციის შესახებ ახალ ცოდნას ვიყენებთ. ფერმენტაციის სფეროში დაგროვილი გამოცდილება კარგად დაბალანსებული დაუვიწყარი გემოს მქონე ღვინის მიღებაში გვეხმარება," - ამბობს ის. გამოცდილება კი საკმარისზე მეტი დაგროვდა. უწინ, ბაბუამისის პერიოდში, ფერმენტაცია სულ რაღაც ხუთ დღეში სრულდებოდა და ღვინის ხარისხზე უარყოფითად აისახებოდა. დღეს ამ პროცესს ტემპერატურის კონტროლის ხარჯზე ერთ თვემდე ჭიმავენ და ეს სასმელისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
ფერმენტაციას ლაროშისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა კი - ჭურჭელს, რომელშიც ეს პროცესი მიმდინარეობს. განსხვავებით სხვა მწარმოებლებისგან, რომელთა ნაწილი ღვინოს მხოლოდ მუხის კასრებში, ნაწილი კი ლითონის ჭურჭელში აძველებს, "შაბლის მეფე" კომბინირებულ მეთოდს ემხრობა. მისი ღვინოები ხის, ნეიტრალურ და ლითონის კასრებში დუღდება. გარკვეულ ეტაპამდე დაძველებული სასმელის შერევით ლაროში არაჩვეულებრივ ღვინოს იღებს, რომლის გემო დიდხანს არ ავიწყდებათ.
"იმ ღვინის გემო, რომელსაც ბაბუაჩემი აკეთებდა, სრულიად განსხვავდებოდა მამაჩემის მიერ დაყენებული სასმელისა და იმისგანაც, რასაც დღეს მე ვაკეთებ. ბაბუას ღვინოები ჟანგბადით იყო გაჯერებული და ეს იმიტომ, რომ მუხის პატარა კასრებს იყენებდა, რომლებშიც სასმელი აქტიურად შედიოდა კონტაქტში ჟანგბადთან. 1960-იანებში ჩვენი მარნიდან ყველა კასრი წაიღეს და ლითონის ჭურჭლის გამოყენება დაიწყეს. აქ მეორე უკიდურესობაში გადავცვივდით: ღვინო საერთოდ ვერ იღებდა ჟანგბადს, ეს კი მის გემოზე უარყოფითად აისახებოდა" - იხსენებს ლაროში. მისი აზრით, როგორც ყველაფერში, აქაც ზომიერებაა საჭირო. ახალი ხის დიდი დოზით გამოყენება ისევე უკარგავს ღვინოს გემოს, როგორც საჭმელს – გადამეტებული მარილი და წიწაკა. სუნის თვალსაზრით ხე ძლიერი "ინგრედიენტია," ამიტომ მასთან სიფრთხილეა საჭირო. მცირე დოზებით დადებით ეფექტს იძლევა – აძლიერებს ღვინის ბუკეტს და უფრო დასრულებულ ხასიათს აძლევს. ამიტომაა, რომ ლაროშის ღვინოები სხვადასხვა ტიპის ჭურჭელში ძველდება და მხოლოდ შემდეგ ხდება მათი შერევა.
ბოლო ათი წელია ჩილეშიც აწარმოებს ღვინოს. ამბობს, რომ იქ არაჩვეულებრივი კლიმატური პირობებია. თუ ბორდოში, სადაც საუკეთესო ღვინოს ამზადებენ, სასმელის ბედი ამინდზეა დამოკიდებული, ჩილეში ეს პრობლემა უბრალოდ არ არსებობს – ამ ქვეყანაში ყველა ზაფხული იდეალურია. სხვათა შორის, იქ დამზადებული სასმელი ფრანგებს უკვე შეაყვარა. ამ მხრივ თავის თანამემამულეებს გაბედულ ექსპერიმენტატორებად მიიჩნევს – უყვართ ახალი ღვინის გასინჯვაო. დანარჩენებს არც თვითონ ჩამორჩება და სიამოვნებით აგემოვნებს ნებისმიერი რეგიონის ღვინოს, თუ ის კარგია. "მე საერთოდ ღვინო მიყვარს ძალიან: ფრანგულიც, იტალიურიც, ამერიკულიც, ესპანურიც, ავსტრალიურიც – მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ღვინო – მთავარი გატაცებაა მუშაობისგან თავისუფალ დროს" - ამბობს ბატონი ლაროში. სხვა გატაცებებიდან იალქნიანი ნავებით სეირნობას გამოარჩევს. აქვს კიდეც საკუთარი კატამარანი, რომელსაც მოცალეობის ჟამს სიამოვნებით დააქროლებს ზღვაში. უქმეებზე, თუ კარგი ამინდია, გოლფსაც თამაშობს. ერთი სიტყვით, სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს. სხვანაირად წარმოუდგენელიც კი არის - ის ხომ "შაბლის მეფეა"!
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თქვენი კომენტარი