Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭა – წინათ ვენახს სულ არ ვუხვევდით

მთხრ. ევგენი (გეგნა) კიკვიძე, 76 წ. (სოფ.ქვედა შავრა, 18. VII. 1935წ.)

სავენახე ადგილს იქ ირჩევენ, სადაც ფშვნილი მიწა იყო, სადაც უმხრობდა მზე ჩამავალი და ამომავალი. უმეტესად ჩამავალ მზეს ეტანებოდნენ, რადგან ეს ყურძენს უფრო ამწიფებს. ბევრი სხვადასხვა ჯიში იყო ძველათ და ახლაც არის ეს ჯიშები: რგვალ კაბიშტონი, კაბიშტონი, ალექსანდროული, ბერაულა, თეთრა, ნოშრიო, ცხენის ძუძუა, კახური საფერე, კახური თეთრა, ხიხვი, არაბეული, ნაკუთვნეული, მუჟურეთული, ძელშავი, ბახვა, უწყვეტი.

ალესანდროულმა მოსავლიანობით დაჯაბნა რგვალ კაბიშტონი და ღირსებით მას გაუტოლდა. რგვალ კაბიშტონი თითქმის გადაშენდა, აქ-იქ თუ ვისმეს აქვს შერჩენილი. ბახვაც აღარ გვხვდება. ბახვა შავ ყურძენს ისხამდა, ღვინო საშვალო სიმაგრის იცოდა. უწყვეტისაგან კარგი საამო ღვინო დგება. შავი ყურძენია. ესეც თითქმის მოისპო.

სავენახე ადგილს დავხნავდით ღრმათ, თითო არშინის დაცილებით, კვალებს გავაყოლებდით სახვნელით, კვალში ჩავასობდით მოყოლებით და სარის ნასობზე ძირიან ლერწს ძირს ჩაუდებდით; ორი ნეკი (შტო) უნდა ჰქონოდა ლერწს. ერთ ნეკს მარჯვნით გადავაწვენდით სამ ჩარექზე კვალში და მეორეს - მარცხნით. თავს ამოვაყოფიებდით ნეკებს და გადავჭრიდით ორ კვირტზე. ამოიხეთქავდა და გაიზრდებოდა ვაზი*. მესამე წელიწადს უკვე მოიბამდა. პირველ გაზაფხულზე ახალ ვენახს ვსხლავდით ორ რქაზე და სამ კვირტზე (ვუტოვებდით ორ ტოტს, თითო ტოტზე - სამ კვირტს); დამძლავრებული კაი ვაზის ერთ ნეკს ხუთ-ექვს კვირტზე გადავჭრით და თავს ჩავუკავებთ ისე, რომ ვაზს ამოედოს. ეს მოქიანია და მისი თავი ყოველთვის ემაგრება ვაზის რომელიმე რქას, ხარდანს შვაში იქცევს. მომავალ წელიწადს ეს მოქიანი აუცილებლად უნდა ამოიჭრას. თითოეულ ვაზს სამ-ოთხ რქაზე ვსხლავდით; ახლაც ასე უნდა, თუ ვენახი არ გვინდა მალე დაგვიბერდეს.

ვენახის სასხლავათ ვხმარობთ სასხლავას და მაგრატელს. მე სასხლავა მირჩევნია, ვაზს არ ჭუჭკავს (ჭყლეტავს).

იცოდნენ ძველათ ვაზის გადაბარვა, ვაზის გაახლება: ერთი არშინის სიგრძეზე ძველი ლერწიდან მიწას ამობარავდნენ თითქმის ორ ჩარექ-ნახევარზე, ნეკს გადმოაწვენდენ ამობარულში, პატივს დააყრიდნენ ერთ ბარისპირს მიწასთან ერთად, ნეკს ამოაყოფიებდენ თავს ძველი ვაზის ერთი არშინის დაცილებით და გადაჭრიდნენ ორ კვირტზე. ამოიხეთქავდა და ახალი ვაზის მოღონიერების შემდეგ ძველ ვაზს მიაჭრიდნენ მიწაში გადმოსულ ნეკს.

ხარდანი იცის კარგი ბოჟოლამ, მარა ეს ჩვენ ტყეებში, მოისპო დიდი ხანია და ახლა ეზოებში და ყანის კიდეებზე გვაქვს. კოპიტმაც კარგი ხარდანი იცის. ახლა უფრო რცხმელას ვხმარობთ, ეს უფრო გვეშოვება. წინათ ასახვევათ ვხმარობდით ცაცხვის კანს და თელის კანს. ახლაც ბევრმა იცის თელის კანი, "მაჩალკას" ყოველთვის ვერ ვყიდულობთ.

წინათ ვენახს სულ არ ვუხვევდით, ახლა ვაზი რაც უფრო იზდება - უფრო ხშირად უნდა ახვევა.

*აქედან ჩანს, რომ ლერწი დასარგავი ვაზია, ხოლო ვაზი უკვე გაშენებული ვენახი, ვაზი - რომელიც ნაყოფს ისხამს. ასეთი განსაზღვრა ივ. ჯავახიშვილს ეკუთვნის. საქართველოს ეკონომიური ისტორია, II, 1935.

მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული