Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყველის ფესტივალი 2013 - ქართული ყველის კიდევ ერთი ზეიმი

უკვე ტრადიციად იქცა ეთნოგრაფიულ მუზეუმში სახალხო დღესასწაულების მოწყობა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ღვინის კლუბმა შეიტანა გაზაფხულზე გამართული ახალი ღვინის ფესტივალებით. გასულ კვირას თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ყველის ფესტივალი მოეწყო. ფესტივალი ჩაატარა ფერმერული რძის წარმოების ხელშეწყობის ფონდმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კულტურის სამინისტროსა და აკად. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელშეწყობით. ფესტივალზე, ყველის გარდა, თაფლის მწარმოებლებიც იყვნენ წარმოდგენილნი. ღონისძიებაში მონაწილეობდა ოცამდე ყველის მწარმოებელი გლეხი, მცირე საწარმო და ქარხანა. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა იმითაც, რომ მოეწყო არქეოლოგიური მასალის გამოფენა – წარმოდგენილმა საყველე და რძისთვის განკუთვნილმა ჭურჭლის მინაბაძებმა და უძველესი ნიმუშების ფოტომასალამ ქართული ყველის წარმოების 80-საუკუნოვანი ისტორია გამოამზეურა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-IV ათასწლეულით დათარიღებული ყველის დერგები და სარძევე ჭურჭელი, აგრეთვე ყველისაგან ჩამოქნილი საკულტო ფიგურები ქართული ყველის წარმოების სიძველესა და მრავალფეროვნებას ადასტურებს. ფესტივალის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი იყო პროფესიული ჟიური, რომელმაც წელს პირველად შეაფასა ფესტივალზე წარმოდგენილი ყველის ნიმუშები. ჟიურის თავმჯდომარე ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი გახლდათ. გარდა პროფესიული ჟიურისა, ყველის პროდუქციას ჩვეულებრივი დამთვალიერებელიც აფასებდა სპეციალური ჟეტონების საშუალებით.

გამოვლინდა 5 ნომინაციაში გამარჯვებული ყველის სახეობები, ესენია: საქართველოში წარმოებული საუკეთესო ევროპული ყველი - შპს "სანტა ალპია"-ს გაუდა (მწარმოებელი - დარეჯან კანთელაძე); ნინოწმინდელი მელს ბდოიანის მიერ დამზადებული სულგუნი საუკეთესო აღმოჩნდა ქართული ყველის კატეგორიაში; ქარხნული ყველის კატეგორიაში საუკეთესოდ იქნა მიჩნეული პროფ. კოლეჯ ,,პრესტიჟის" მიერ წარმოდგენილი "დელამოს" თუშური ყველი (წარმომადგენელი ლევან ბუთხუზაშვილი); ოქროს მედლით დაჯილდოვდა ასევე შპს "მარლეტას" ყველი (მწარმოებელი  ლევან ცაგურია) და ახალციხელი ქალბატონის - გალინა ინასარიძის ტენილი ყველი.

ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო “მარლეტას” ფერმის პროდუქცია. გარდა ესთეტიკური მხრისა, რომლითაც მარლეტას პავილიონი სხვებისგან  გამოირჩეოდა, დიდი სიახლე იყო სამნაირი დავარგების თხის ყველი (მათ შორის კონიაკში დავარგებული), ძროხის ყველი მონტასიო, თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო მაინც ორი კვირის დავარგების, ობმოკიდებული თხის ყველი აღმოჩნდა - რბილი კონსისტენციითა და ნაზი არომატით. ყველის ფესტივალზე ტრადიციულად ღირსეულად წარდგა  ყველის საწარმო “ვაიოს ველები”. ფესტივალის სტუმრებს მათთვის უკვე ნაცნობ ხიზაბავრულ "ბატისტასთან" ერთად თავკვერში დავარგებული ძროხის ყველის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.

დიდი ასორტიმენტით გამოირჩეოდა გოჩა ღაღაშვილის საწარმოც. აღსანიშნავია ნადუღის დესერტი და ყველის ტორტი ლიმონით, რომელმაც მნახველთა დიდი ინტერესი გამოიწვია საინტერესო ფორმისა და გემოს გამო. განსხვავებული და ორიგინალური იყო ახალციხისა და კუმურდოს ეპარქიის პროდუქცია – ძირითადად ზეთში დავარგებული ძროხის ყველის  სახეობები სხვადასხვა სანელებლებით. აქვე იყო თაფლში დავარგებული ყველი პიტნით.

კახეთმა წელს მართლაც ბევრი საინტერესო მწარმოებელი წარმოადგინა. აქამდე ფირმა “ოდლისი” შვეიცარული ტიპის “მუჩლით” ვიცოდი, ჩემს ფავორიტ ყველებს კი კიდევ ერთი - ღანძილიანი  ყველი შეემატა, რომელიც განსაკუთრებულად მომეწონა.

ბოლნისის ყველის საწარმო “კაზალას” პავილიონში ფერთა მთელი პალიტრა იყო წარმოდგენილი – ჩემი ყურადღება განსაკუთრებულად პიტნიანმა და კოწახურით მომზადებულმა ყველმა მიიქცია.

ყველის გარდა, ფესტივალზე გამოტანილი იყო თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების დიდი ასორტიმენტი, აგრეთვე ღვინო და ხალხური რეწვის ნიმუშები, თუმცა  დამთვალიერებელთა მთავარი სამიზნის - ყველის - ფონზე  დანარჩენი პროდუქცია აშკარად დაიჩაგრა და მეორე პლანზე გადაინაცვლა.

19 ოქტომბერს შედგა ქართველ ყველის მწარმოებელთა გილდიის დაფუძნება-პრეზენტაცია, მეყველეთა ამ გილდიაში გაერთიანების რიტუალი და უსტაბაშად კურთხევის ცერემონია. ,,ტფილისის ჰამქრის" წევრებმა ქართული ყველის გილდიის თავმჯდომარე, ქალბატონი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე უსტაბაშად აკურთხეს. ცერემონია ძველი თბილისური წესით გაიმართა – მოხდა ძველი ტრადიციის გაცოცხლება, რამაც თავისი პეწი შესძინა დღესასწაულს.

  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება დაენახა, როგორი დიდი დიაპაზონი და პოტენციალი აქვს ქართულ წარმოებებს. გემური ღირებულების თვალსაზრისით, ფესტივალზე წარმოდგენილი ყველები ნამდვილად არ ჩამოუვარდება უცხოეთში წარმოებულ პროდუქციას. ჩვენ გაგვაჩნია განსხვავებული გემოვნებისათვის მისაღები მრავალი სახეობის პროდუქტი. ყველის ფესტივალის არსიც ხომ ეს არის - გააცნოს ხალხს საქართველოში წარმოებული ყველის ახალი სახეობები, მაგრამ ამავე დროს არ დაივიწყოს და შეინარჩუნოს ძველი, ტრადიციული ნიმუშები.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.