Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ცათმფრენიდან” ჩამოვარდნილი ოცხანური საფერე

ლევან სეფისკერაძე

მიუხედავად იმისა, რომ ოცხანური საფერე დღეს იმერული ვაზის წითელყურძნიან ჯიშად ითვლება, როგორც ჯიშის დასახელებიდან ირკვევა, ოცხანური საფერეს სამშობლო არა იმერეთი, არამედ გურიის სოფელი ოცხანაა. დღეს გურიაში ოცხანური საფერე მხოლოდ რამდენიმე ადგილზე ცალკეული ნიმუშების სახითღაა შემორჩენილი, ოცხანური საფერეს ვენახები კი, ძირითადად შუა და ზემო იმერეთშია გაშენებული.

ოცხანური საფერე განსაკუთრებულად ხარისხიან მოსავალს ბაღდათის, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონებში იძლევა. თუმცა, მაღლარად გაშენებული ოცხანური საფერეს ვენახები სამტრედიაში, ხარაგოულში და ქალაქ ქუთაისის მიმდებარე სოფლებშიც გვხვდება. საუკუნეების მანძილზე იმერეთში (და თითქმის მთელს დასავლეთ საქართველოში) არსებობდა თეთრი ღვინის წითლად შეფერვის ტრადიცია და ოცხანური საფერე თეთრი ფერის ღვინის წითლად შესაფერად (საფერად) გამორჩეულად საუკეთესოდ იყო მიჩნეული.

“ჩვენთან ხარაგოულში, ვენახების გაშენება ძალიან ჭირს. მაგრამ ჩემს ბავშვობაში ოჯახს ვერ ნახავდით, სადაც 2-3 ძირი ოცხანური საფერე მაინც არ ედგათ ეზოში მაღლარად გახარებული. როგორი ღვინოც არ უნდა გვქონოდა – ხარისხიანი თუ უხარისხო, ამ ღვინის გასაკეთილშობილებლად ყოველთვის ოცხანურ საფერეს ვიყენებდით. საფერეთი შეფერილი ღვინო განსაკუთრებით აღდგომისა და შობის დღეებში ისმებოდა. რელიგიურ დღესასწაულების წითელი ღვინით აღნიშვნა ჩვენსკენ დღემდე შემორჩენილი ტრადიციაა” – გვიყვება 77 წლის ელდარ კაპანაძე.     

ოცხანური საფერეთი საბჭოთა კავშირის დროსაც დაინტერესდნენ, თუმცა, რაკი ჯიში საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება, ოცხანური საფერეთი გაშენებული ვენახების მოცულობა მთელს დასავლეთ საქართველოში 200 ჰექტრიც კი არასოდეს ყოფილა. 1940 წლის აღწერით, იმერეთში ოცხანურ საფერეს ვენახებს 94 ჰექტარი ეკავა. 1953 წლის აღწერის დროს კი, 112 ჰექტარი. აღსანიშნავია, რომ 1953 წლისათვის ოცხანური საფერეს ვენახის ფართობების დაახლოებით 40% საჩხერის რაიონზე მოდიოდა, რაც დღეს ბევრს შეიძლება დაუჯერებლადაც მოეჩვენოს, რადგან ამჟამად ოცხანური საფერე უმეტესწილად ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონებშია გავრცელებული. გასულ საუკუნეში ოცხანური საფერეს 2 ჰექტრამდე ფართობის ვენახები ტყიბულის რაიონშიც იყო გაშენებული. დღეს ტყიბულში ოცხანური საფერეს ცალკეული ნიმუშების მოძებნაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ავთო კობახიძე, ღვინის კლუბის წევრი: ”ოცხანური საფერე, სხვა იმერულ ჯიშებისაგან განსხვავებით, გვიან მოსავლიანია. მწიფობას ნოემბრის დასაწყისში აღწევს და რთველი სასურველია ნოებრის შუა რიცხვებში დაიგეგმოს. თუმცა ბაბუაჩემს რთველი გიორგობიდან (23 ნოემბერი) 2-3 დღეში ჰქონდა ხოლმე.

ოცხანური საფერესაგან იმერეთის ოჯახებში ყველა ერთნაირი ტექნოლოგიით  არ აყენებს ღვინოს. მაგალითად: ზოგი ოჯახი რთველის დღესვე წურავს მუხის კასრებში ან ჭურებში. ზოგი კი 2 დღე აყოვნებს საწნახელში. შემდეგ შეუდგება მის დაწურვას საწნახელშივე და ფუთიანი ჩაფებით ჭურებში ან კასრებში გადააქვს დურდო. ჩემს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სოფელი ზოვრეთი. ამ სოფლის ფერდობებზე განსაკუთრებულად კარგად ხარობს ეს ჯიში. ასევე აღსანიშნავია როდინოულის, არგვეთის, კვალითის, ცხრაწყაროსა და კლდეეთში მოწეული ოცხანური საფერესაგან დამზადებული ღვინოები. ახალგაზრდა ოცხანური საფერეს ღვინო ჟოლოსფერია, ცოტა მუქი შეფერილობით. ტრადიციული მეთოდით დამზადებისას კი საკმაოდ სხეულიანი. სურნელში მცენარეები დომინირებენ და ბევრი ნაცნობი თუ უცნობი სურნელის ამოცნობის საშუალებას გაძლევს. თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც გადამწიფებული კენკროვანები იჩენს თავს. ხასიათდება მაღალი სასიამოვნო მჟავიანობით.

ოცხანური საფერეს ტრადიციული მეთოდით ძალიან ცოტა თუ აწარმოებს. იმერეთში არიან ოჯახური მარნები, რომლებიც მართლაც განსაკუთრებულ ღვინოებს ქმნიან და ეს ღვინოები საზოგადოებამ არ იცის. ბევრი მათგანის გაცნობა კი 11 მაისს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულ ახალი ღვინის ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.”

საბჭოთა კავშირის შექმნიდან პირველი 20 წლის მანძილზე, ოცხანური საფერე მეღვინეობისა და მევენახეობის სპეციალისტების ყურადღების მიღმა დარჩა და სამწუხაროდ ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ამ ჯიშს შემდგომ წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, ოცხანური საფერეს სხვა ჯიშებით ჩანაცვლებაც კი ყოფილა დაგეგმილი. უფრო მეტიც.... “წითელი ტერორის” წლებში, საქართველოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ოცხანური საფერეს ნაცვლად, ზემო და შუა იმერეთში ვაზის კახური ჯიშების გაშენებას მოითხოვდნენ. მათი ლოგიკა და “არგუმენტები” მარტივი იყო. ოცხანური საფერე არ იყო ისეთი მოსავლიანი ჯიში, რაც მაშინდელი საბჭოთა მრეწველობის ტემპებსა და მოთხოვნებს შეესაბამებოდა.

ოცხანური საფერეს მტევანი ზომით საშუალოზე პატარაა და მტევნის სიგრძის მაქსიმუმი 13 სანტიმეტრია. მტევანი მკვრივია და კლერტზე მარცვლები არათანაბრად არის განლაგებული. ქართველი მევენახეების აზრით, ოცხანური საფერეს მოსავლიანობა დიდწილად ვაზის დატვირთვაზე და გასხვლის მეთოდებზე არის დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ოცხანური საფერე განსაკუთრებულად კარგ მოსავალს მოკლე რქაზე გასხვლის შემთხვევაში იძლევა. თუმცა, ეს ჯიში მაღალმოსავლიანადად მაინც ვერ ჩაითვლება. ერთYჰექტარზე ოცხანური საფერედან საშუალოდ 70-80 ცენტნერი ყურძენის მიღებაა შესაძლებელი.

ოცხანური საფერეს ერთ-ერთი მთავარი ღირსება, სოკოვან დაავადებათა (ნაცარი, ჭრაქი და სხვა...) მიმართ გამძლეობაა. თუმცა, ფილოქსერას მიმართ მისი გამძლეობა სხვა ქართული ვაზის ჯიშების მსგავსად სუსტია. ამიტომ, ამ ჯიშის გაშენება მხოლოდ ფილოქსერაგამძლე ამერიკულ საძირეზე, ე.წ. მწარეზეა რეკომენდირებული. ჯიში გამოირჩევა განსაკუთრებული მაღალშაქრიანობით, რაც იმერულ ჯიშებში საკმაოდ იშვიათია. ზესტაფონის რაიონის სოფელ საქარაში გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩატარებულმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ საუკეთესო პირობებში ოცხანურ საფერეს შაქრიანობის დაგროვება 23-24%-მდე შეუძლია.

საქართველოში, ბოთლირებული სახით წარმოებულ ოცხანურ საფერეს ძირითადად იმერული ღვინობის მთავარი მწარმოებელი კომპანია, მეღვინეობა “ხარება” ასხამს. ეს კომპანია ერთ ბოთლ ოცხანურ საფერეს 14 ლარად ყიდის, რაც ასეთი ნაკლებად გავრცელებული ჯიშისათვის საკმაოდ დაბალ ფასად უნდა ჩაითვალოს. “ხარებას” ოცხანური საფერე ალუბლისფერი ღვინოა ჟოლოს ელფერით, ახალი ოცხანურისთვის დამახასიათებელი მკვახე, მწვანე ტონები თითქმის მთლიანად მორბილებული აქვს. სავსე, ხასიათიანი ღვინოა, ძალიან გემრიელი, სასიამოვნო მჟავიანობითა და ხანგრძლივი დაგემოვნებით, ხავერდოვანი ტანინებით. ხასიათდება შავი ბლისა და მცირეოდენი კენკრის ტონებით. კარგი მისაყოლებელი იქნება იმერულად შემწვარ ქათამთან, ნიყვის სოკოსთან, ხორციან ღვეზელთან. ცალკე აღნიშვნის ღირსია “ხარებას” ქვევრში დაყენებული ოცხანურის აფერე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვევრის წითელი ღვინოა საქართველოში.

ბოლო წლებში იმერეთში გამოჩნდა რამდენიმე ადგილობრივი მევენახე-მეღვინე, რომლებმაც გაიზიარეს დღეს მთელს მსოფლიოში გავრცელებული ნატურალური მეღვინეობის ფილოსოფია და იმერული ყურძნის ჯიშებიდან საკმაოდ საინტერესო ღვინოსაც აყენებენ. თერჯოლელი ამირან ვეფხვაძე ერთ-ერთია, რომელიც ქვევრში ოცხანურ საფერეს ტრადიციული იმერული წესით აყენებს.

ამირან ვეფხვაძე, მეღვინე, მევენახე: “თერჯოლის რაიონის სოფელ კლდეეთში მაქვს დაახლოებით ერთ ჰექტარ მიწაზე გაშენებული ოცხანური საფერე. ჩემს ვენახს წელს უსრულდება ათი წელი და შეიძლება ითქვას, რომ ვენახი ასაკის მხრივ თავის საუკეთესო კონდიციაშია. ამ ჯიშის გარდა ასევე მაქვს ციცქა და ცოლიკოური. ღვინოს ვაყენებ ქვევრებში ტრადიციული იმერული მეთოდით. ღვინის ხარისხი რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსავალზეა დამოკიდებული. ამიტომ, არასოდეს არ ვიცი ზუსტად, რამდენი ხანი უნდა მოუწიოს ოცხანურ საფერეს ჭაჭაზე დადუღება. სავარაუდოთ, ამ ღვინის ჭაჭაზე დუღილი 8-დან 15-დღემდე გრძელდება. ოცხანური საფერესგან როგორც წესი გამოდის მუქი წითელი ფერის ღვინო. ყურძენი იკრიფება გვიან შემოდგომით, ნოემბრის შუა რიცხვებში. ყურძნის შაქრიანობა როდესაც 22% გადასცდება, შეიძლება ითქვას, რომ ოცხანური საფერე უკვე მზად არის დასაკრეფად. განსაკუთრებულად კარგ წლებში, ამ ჯიშის ყურძნის შაქრიანობა 23-24%-მდეც კი ასულა.

ჩვენსკენ იმერეთში, ოცხანურ საფერეს ასევე იყენებენ თეთრი ფერის ღვინის შესაფერად. მე ამ მეთოდს არ ვიყენებ და ვფიქრობ, რომ უმჯობესია საფერე ცალკე დაიწუროს და ასე უფრო კარგი ღვინო დგება, ვიდრე კუპაჟის შემთხვევაში. თუმცა, მივესალმები იმ ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტებს და მცდელობებს არ გაურბიან. ჩემი 2012 წლის მოსავლის ოცხანური საფერე შეიძლება ითქვას, რომ უკვე მზა ღვინოა, მაგრამ ამ ღვინოს ჯერ ისევ სჭირდება დავარგება. გასული წლის მსგავსად, წელსაც ვაპირებ ”ახალი ღვინის ფესტივალზე” ახალი ოცხანური საფერეს ჩამოტანას და ვინც დალევს, ის უფრო კარგად შეაფასებს როგორი და რა ხარისხის ღვინო გამოვიდა. ჩემი აზრით, ოცხანური საფერე ერთ-ერთი საუკეთესო ვაზის ჯიშია მთელს საქართველოში.”

მიუხედავად იმისა, რომ ოცხანური საფერე ისტორიულად ყოველთვის იყო დასავლეთ საქართველოს მეღვინოებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯიში, დღეს ოცხანური საფერე იმერელ გლეხებს ძალიან მცირე ფართობებზე აქვთ გაშენებული. ქართული ღვინის კომპანიებიდან სულ რამდენიმე აწარმოებს ამ ჯიშისგან ღვინოს და ისიც მცირე რაოდენობით. ოცხანური საფერეს ევროპაში ცნობადობაზე ძნელია რაიმე თქვა, როდესაც ბევრმა ქართველმა ამ ჯიშის შესახებ პირველად და ზოგჯერ უკანასკნელადაც ქართულ ფილმ “შერეკილებიდან” გაიგო. ალბათ გახსოვთ “შერეკილების” ერთ-ერთი ბოლო სცენა, როდესაც ერთაოზ ბრეგვაძე მევალეს საფერეთი სავსე ტიკს ცათმფრენიდან უგდებს. იმედია, ”ოცხნაური” საფერეს ცნობადობა “შერეკილებს” მომავალში მაინც გასცდება!  

© ღვინის კლუბი/Weekend



დეგუსტაციის განყოფილებაში რატომ მოათავსეთ ეს სტატია? ხომ არ აჯობებდა მევენახეობის თემაში განთავსებულიყო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.