დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კვების რაციონში მარილის დოზის შემცირებით, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 20 000 ადამიანს გაუხანგრძლივდება სიცოცხლე. ექიმების თქმით, თუ ადამიანები პროდუქტის იარლიყებსაც მიაქცევენ ყურადღებას და დეტალურად გაეცნობიან ინგრედიენტთა ჩამონათვალს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდება. მეცნიერთა განგაშის მიზეზი ნათელია - აღმოჩნდა, ბრიტანელთა უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს, რა რაოდენობით მარილს მოიხმარენ და როგორია მისი რეკომენდებული დღიური ნორმა. ცნობილია, რომ ჭარბი მარილი მაღლა წევს სისხლის წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინფარქტი ან ინსულტი. დადგენილია, რომ ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 6 გრამი მარილი უნდა მიიღოს, თუმცა მამაკაცთა უმრავლესობა დღეში 9,7 გრამ მარილს ჭამს, ქალები კი – 7,7 გრამს. სამი უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რომელთა შორისაც არიან ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებიც, დაადგინეს, რომ თუ საგრძნობლად შემცირდება მარილის მოხმარება, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იკლებს. მათ ისიც გამოთვალეს, რომ თუ ამერიკის მოსახლეობა დღეში 6 გრამზე მეტ მარილს არ მიიღებს, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 500 000-დან 850 000 ადამიანი გადაურჩება სიკვდილს. “მარილი არის ჩუმი მკვლელი. მისი 80% ორგანიზმში გადამუშავებული პროდუქტებიდან ხვდება. ბევრმა ისიც არ იცის, რომ მარილს შეიცავს პური, წვნიანი, მზა საკვები, მაიონეზი და ფაფებიც კი. ხელისუფლება ვალდებულია, წაახალისოს მწარმოებლები, რომ მათ პროდუქტში მარილის რაოდენობა შეამცირონ,” – აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაცია Weight Concern-ის დირექტორი სამედიცინო საკითხებში იენ კემპბელი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი