Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Covid-19 და ღვინით ვაჭრობა აშშ–ში

მალხაზ ხარბედია        

მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში მაინც ფუნქციონირებს ღვინისა და ალკოჰოლის სპეციალიზებული მაღაზიები. არსებობს გამონაკლისი შტატებიც, სადაც ბოლომდე შეიზღუდა ასეთი ქსელების მუშაობა, თუმცა ბევრგან კვლავ გრძელდება ვაჭრობა. მყიდველი მიდის მაღაზიაში და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით არჩევს და ყიდულობს სასურველ სასმელს. ერთ–ერთ ასეთ ქსელში, Total wines and more–ში მუშაობს მეღვინე მალხაზ ჯაყელი, რომელმაც თავისი ბოლოდროინდელი გამოცდილება გაგვიზიარა ამერიკის ღვინის ბაზრის შესახებ კორონავირუსის პირობებში. იგი ნიუ ჯერსის შტატში ცხოვრობს. კომენტარი ვთხოვეთ ოჰაიოს შტატში მცხოვრებ რეზო ქვაჭრელიშვილსა, მარანი “ნაოტარის” ერთ–ერთ დამფუძნებელს.

თეთრმა სახლმა 2020 წლის 13 მარტს გამოაცხადა კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა, დაიხურა და ონლაინ რეჟიმზე გადავიდა აურება სკოლა, უნივერსიტეტი, ორგანიზაციები, მაღაზიები. დაიკეტა პარკები, სპორტული მოედნები. პრეზიდენტმა და გუბერნატორებმა მოუწოდეს ამერიკელებს სახლებში დარჩენილიყვნენ და თუ მათი საქმიანობა იძლეოდა ამის შესაძლებლობას, შინიდან, ონლაინ ემუშავათ, სახლიდან კი მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოსულიყვნენ, მაგალითად საკვების ან მედიკამენტების  შესაძენად. ერთი შეხედვით, თითქოს ჩვენნაირი მდგომარეობაა კანონის და აკრძალვების თვალსაზრისით, თუმცა ცხადია, რომ აშშ–ში გაცილებით რთულადაა საქმე, გარდაცვლილთა რაოდენობამ 42 000–სს გადააჭარბა და ამის მიუხედავად, არც მანქანით გადაადგილება აუკრძალავთ და არც ღვინის სავაჭრო ქსელები დახურულა.

ქვეყანამ, რომელმაც მშრალი კანონის უმძიმესი გამოცდილება მიიღო თავის დროზე და რომლის კვალიც დღემდე ჩანს ამერიკის ეკონომიკაში თუ კანონმდებლობაში, ალკოჰოლით ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობათა ნუსხაში შეიტანა. შტატების უმრავლესობაში სასმელის მაღაზიები არ დახურულა და დღემდე სპეციალიზებულ სავაჭრო წერტილებში იძენენ ამ პროდუქტს ამერიკელები.

შეგახსენებთ, რომ აშშ–ს ერთი მესამედი, 17 შტატი, Alcoholic beverage control state–ს წარმოადგენს, ანუ აქ ალკოჰოლის გაყიდვებს შტატი აკონტროლებს, შტატის მონოპოლიაა და მაღაზიებსაც ABC (Alcoholic  Beverage Control) Stores ქვიათ. ეს შტატებია – ალაბამა, აიდაჰო, აიოვა, მენი, მერილენდი, მიჩიგანი, მისისიპი, მონტანა, ნიუ ჰემპშირი, ჩრ. კაროლინა, ოჰაიო, ორეგონი, პენსილვანია, იუტა, ვერმონტი, ვირჯინია, დას. ვირჯინია, ვაიომინგი. დანარჩენი შტატები სასმელის გაყიდვას კერძო ლიცენზირებით ახერხებენ, თუმცა ეს ლიცენზირების სისტემაც საკმაოდ რთულია. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ABC ქსელი თავისუფლად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა, ABC მონოპოლისტი შტატები გაცილებით მოუქნელები აღმოჩნდნენ ასეთ არაორდინალურ და ექსტრემალურ სიტუაციაში.

მალხაზ ჯაყელი: ღვინო და ზოგადად, ალკოჰოლური სასმელი ბარ-რესტორნებში და სპეციალიზირებულ მაღაზიებში იყიდება, ეგრეთ წოდებულ Liquor store–ბში, ასევე სასურსათო მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, მწარმოებლების სადეგუსტაციო დარბაზებში და ონლაინ. ბარ-რესტორნები უმრავლესობა ამერიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაიკეტა, მაგრამ არა ყველა. მათ აუკრძალეს ადგილზე მომსახურება, თუმცა არ აუკრძალავთ საჭმლის მომზადება და მიტანით მომსახურება. ისტორიულად ალკოჰოლის ბიზნესი ეკონომიკის უკანდახევის და ვარდნის პერიოდებში სირთულეების წინაშე დგება ხოლმე, თუმცა რაც ახლა ხდება აშშში, ასეთი რამ არასდროს ყოფილა. ამერიკა სახლში ჩაჯდა და სმა დაიწყო, თავდავიწყებით. თითქოს ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ ვინც ჯანმრთელად არის, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და ცდილობს ეს ცუდი ფიქრები სასმელით გაიქარვოს. ვერსად ვერ მიდის, ვერც სტუმრად და იძულებულია სახლში იჯდეს და ეტყობა ამიტომაც მიეძალნენ სასმელს.  

კომპანია Nielsen-ის მიერ ჩატარებულ ბაზრის კვლევის მიხედვით, მარტის მესამე კვირაში ზოგადად ალკოჰოლის გაყიდვები 55%-ით გაიზარდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. სპირტიანი სასმელების - 75%–ით, ღვინის - 66%–ით. ლუდის - 42%, ონლაინ გაყიდვები კი 243%-ით გაიზარდა (!!!).

მალხაზ ჯაყელმა ისიც აღნიშნა, რომ მექსიკური ლუდის, კორონას გაყიდვები 50%-ით გაიზარდა. და დასძინა: “უყვართ ამერიკაში შავი იუმორი”.

ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, სპირტიანი, მაგარი სასმელი იყიდება და ძალზე პოპულარულია დიდ, 1 ლიტრიან ან 1.75–იანში ჩამოსხმული არაყი, ვისკი, ტეკილა და ა.შ. ასევე გაყიდვის ლიდერები არიან დაბალფასიანი ღვინოები, $15–მდე. ძვირიანი, პრემიუმ ღვინოები ნაკლებად იყიდება, ასევე ე.წ. კრაფტ ლუდები.

ამის მიუხედავად, ნიუ იორკში, განსაკუთრებით კი მანჰეტენზე, ასევე ნიუ ჯერსიში, ძალიან გაიზარდა ორგანული/ბიო/ნატურალურ ღვინოებზე ორიენტირებული მაღაზიების ვაჭრობა. ორიოდე დღის წინ რამდენიმე ქართველი ნატურალისტი მეღვინესგანაც შევიტყე, რომ ქართული ნატურალური ღვინოების მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია აშშ–ს ბაზარზე.

ძირითადად მცირე ზომის მაღაზიებია დახურული, რომლებიც 6 ფუტიანი (დაახლ. 2 მეტრი) დისტანციის უზრუნველყოფას ვერ ახერხებნენ, თუმცა ონლაინ გაყიდვა არ შეწყვეტილა. მყიდველს შეუძლია იმეილით ან ტელეფონით შეუკვეთოს ღვინო, ლუდი ან სხვა სასმელი, რომელსაც სახლში მიართმევენ ან იგი მიდის მაღაზიაში სამუშაო საათების განმავლობაში და საქონელს მაღაზიის კარებთან იღებს. ე.წ. curb side pick up order–ის წესით.

მალხაზ ჯაყელი:ორი დღე ვეხმარებოდი ახლობლებს ამ საქმეში, რომლებსაც პატარა მაღაზია აქვთ ჯერსი სითიში. ნატურალურ, არტიზანულ ღვინოებზე მუშაობენ, ძირითადად ევროპიდან შემოაქვთ (ცოტა-ცოტა ქართულებსაც ყიდიან). წარმოუდგენლად იმატა გაყიდვებმა. ზუსტად ვერ მიპასუხეს, მაგრამ 40-60%–იან ზრდას ვარაუდობენ წინა თვეებთან შედარებით, როცა კორონა ჯერ კიდევ არ იყო გავრცელებული”.

რაც შეეხება ალკოჰოლით მოვაჭრე დიდ ქსელებს, Wine library, Total wine and more, Bottle king და ა.შ. მათ უზარმაზარი მაღაზიები აქვთ და ყველანაირ პირობებს ქმნიან საფრთხის თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, Total wine and more–ის მაღაზიების ფართობი 20000-50000 კვ. ფუტამდეა (დაახლოებით 2000-5000 კვ.მ.) და მათ აქვთ საშუალება ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშაონ, დღევანდელი მოთხოვნების გათვალისწინებით. თანამშრომლები აუცილებლად პირბადეებით და ხელთათმანებით არიან, ასევე მყიდველებიც. 6 ფუტზე, ანუ დაახლოებით 2 მეტრზე მეტად ერთმანეთთან მიახლოვება აკრძალულია. თუკი ვინმე რეკომენდაციას ან დახმარებას ითხოვს, თუ სად იპოვოს სასურველი ღვინო, ვისკი და ა.შ. მიუთითებენ, მაგრამ ცდილობენ დისტანციის დაცვას. შემოსასვლელში დევს სადეზინფექციო საშუალებები და ხშირად დგას თანამშრომელი, რომელიც აკონტროლებს, რომ პირბადის გარეშე არავინ შევიდეს. სთავაზობენ ურიკის სახელურის გაწმენდას და ა.შ. მაღაზიაში ბევრი ადამიანი დადის და საკმაოდ გრძელი რიგიც დგება, ამიტომ, როგორც ზემოთაც ვთქით, სახლში მიტანის და მაღაზიის კარებთან (curb side pick up order) შეძენის სერვისს ზღვა შეკვეთები აქვს.  

მალხაზ ჯაყელი:დიდმა მაღაზიებმაც შეამცირეს სამუშაო საათები საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირები და 10-ის ნაცვლად 8 საათზე ამთავრებენ მუშაობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები მაღაზიის დაკეტვის შემდეგ ხდება, 15-მდე თანამშრომელი სივრცეს ინაწილებენ და დიდიანპატარიანა სადეზინფექციო ბოთლებითა და ჩვრებით ნახევარი საათის განმავლობაში წმენდენ ყველაფერს, რასაც კი ადამიანი / მყიდველი შეიძლებოდა ხელი შეხებოდა. აბსოლუტური, სრული უსაფრთხოება ალბათ არ არსებობს, მაგრამ ჯერ–ჯერობით საკმაოდ ეფექტურად მუშაობს ეს წესები. ვნახოთ. ასეთი სიტუაციებია ნიუ ჯერსიში და როგორც ვიცი, ნიუ იორკშიც”.

არის შტატები, სადაც საერთოდ აკრძალეს ალკოჰოლის გაყიდვა. მაგ. პენსილვანიაში ყველა მაღაზია დაკეტეს და ამ შტატის მაცხოვრებლებიც მეზობელ შტატებს მიაწყდნენ – ნიუ ჯერსის, ნიუ იორკს, ოჰაიოს...

ოჰაიოში მცხოვრები რეზო ქვაჭრელიშვილი ამბობს, რომ ალკოჰოლის მოხმარება-გაყიდვაზე პირველი რეგულაცია 15 მარტს გამოცხადდა შტატში: ოჰიოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა ხელმძღვანელმა აკრძალა ლუდის, ღვინის და მაღალალკოჰოლიანი სასმელების ადგილზე მოხმარება ბარ-რესტორნებ და ღვინის მაღაზიებში. დიდ სუპერმარკეტებში გაყიდვებზე შეზღუდვები არ არის. 7 აპრლს, ბიზნესებისთვის ეკონომიკური წნეხის შემსუბუქების მიზნით, ალკოჰოლის კონტროლის კომისიამ გამოსცა ალკოჰოლის მოხმარება-გაყიდვების აკრძალვების შემამსუბუქებელი ბრძანება. ამ ბრძანებით ალკოჰოლის ლიცენზიის მქონე დაწესებულებებს მიეცათ ალკოჰოლის გაყიდვების და ადგილზე მიტანის უფლება. ასეთივე უფლებები გავრცელდა ლუდის სახდელებზე და ღვინის მარნებზე. სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებში, სადაც მაგალითად მე დავდივარ ღვინის საყიდად, და მათ შორის ქართული ღვინოც იყიდება, უკვე შიგნით შესვლა აიკრძალა. წინასწარ დარეკავ და მისცემ შეკვეთას. ნახევარ საათში შენი შეკვეთა მზად იქნება. როცა მიდიხარ, შეკვთილ ღვონოს კარებში გაწვდიან. ასევე აქვთ ადგილზე მიტანის სერვისიც. როგო იცი, აქ ყველა შტატს თავისი კანონმდებლობა აქვს. ალკოჰოლის გაყიდვა-მოხმარების ასპექტში ჩვენი მეზობელი პენსილვანია გამოირჩევა უფრო მკაცრი კანონებით და როგორც კი ეს ამბები დაიწყო, საერთოდ აკრძალა მაღალ-ალკოჰოლიანი სასმელების მაღაზიებში გაყიდვები (ABC მაღაზიები იგულისხმება). ამას მოჰყვა ის, რომ პენილვანიელებმა ოჰაიოს მოსაზღვრე საგრაფოებში გადმოსვლას და ალკოჰოლის ყიდვას მოუხშირეს. ჰოდა ჩვენმა მოსაზღვრე რაიონებმაც არ დააყოვნეს და 13 აპრილიდან ოჰაიოს ID- გარეშე ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვა დააწესეს. აქ, როგორ ცნობილია, ალკოჰოლის ყიდვის დროს ID-ყველას სთხოვენ, რადგან 21 წლამდე ასაკის პირი ალკოჰოლს ვერ იყიდის”.

სხვათა შორის, პენსილვანიასთან ერთად ნევადის შტატშიც გავრცელდა აკრძალვები, სხვაგანაც და მალხაზ ჯაყელმა იხუმრა ამასთან დაკავშირებით: თუ ეს კორონა დროზე არ დასრულდა, ალბათ ახალი ალ კაპონეები და ლაკი ლუჩიანოები გამოჩნდებიან მალე”.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ჩვენთან რა პრინციპით დახურეს ალკოჰოლის სპეციალიზირებული მაღაზიები ? ხომ არ მოგიკითხავთ?


ჩვენთან რა პრინციპით დახურეს ალკოჰოლის სპეციალიზირებული მაღაზიები ? ხომ არ მოგიკითხავთ?


ჩვენთან რა პრინციპით დახურეს ალკოჰოლის სპეციალიზირებული მაღაზიები ? ხომ არ მოგიკითხავთ?


ჩვენთან რაპრინციპით დახურეს ალკოჰოლის სპეციალიზირებული მაღაზიები? ხომ არ მოგიკითხავთ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული