Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მშვენიერი მონრაშე

სოფიკო კვანტალიანი


სად ვიპოვოთ მონრაშე?


მონრაშე (Le Montrachet)  - ერთადერთი თეთრი ღვინოა, რომელიც ვედელის უნივერსალური სამკუთხედის ცენტრში ექცევა, რაც იმას ნიშნავს რომ ობიექტური ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მიხედვით ის მაქსიმალურად ახლოსაა სრულყოფილებასთან. ვედელის ამ სამკუთხედს მართალია არაფერი აქვს საერთო იმ "სახიფათო" სასიყვარულო სამკუთხედთან, თუმცა ღვინისა და სიყვარულის გემოს აღსაწერად ორივე სამკუთხედი მართლაც საუკეთესო "ხელსაწყოა". ვედელის სამკუთხედის წვერის ბაზისურ მახასიათებლებს ზეთოვნების (მხედველობაშია კონსისტენცია, კონცენტრაცია), მჟავიანობისა და სიმწკლარტის იდეალური ბალანსი წარმოადგენს, რაც სწორედ პულინი-მონრაშეს ყველაზე სახელგანთქმული Grand cru-ს Le Montrachet-ს გააჩნია. ამიტომაც მონრაშე სამართლიანად ითვლება ბურგუნდიის საუკეთესო თეთრ ღვინოდ.
დეგუსტაციის პროფესიონალურ პრაქტიკაში მიღებულია გამოიყოს ღვინის არომატის შემადგენლები და მათი აღწერისას მიენიშნოს სხვადასხვა ხილის, კენკრისა თუ ყვავილის ასოციაციები. ექსპერტ-დეგუსტატორები მაგალითად, კარგ ღვინოებში, როგორც წესი, დაახლოებით ათამდე ასეთ ასოციაციას პოულობენ, მაგრამ Le Montrachet-ის აღწერისას ბუკეტის არომატების ასოციაცია რეკორდულ მაჩვენებელს - 40 აღწევს. ეს კი ნამდვილი საოცრებაა!
უკვე საკმაოდ ძველი ტრადიციის მიხედვით, კლასიკური ღვინის კოლექციის საფუძველს, ხშირ შემთხვევაში, წითელი ბორდო და თეთრი ბურგუნდია ქმნის.
ბურგუნდიის "თეთრი გული" ბონიდან ათი წუთის სავალზე, ბურგუნდიის მთავარი რეგიონის კოტ დ`ორის  (Côte d'Or) ცენტრში მდებარეობს. (კოტ დ`ორში თეთრებისთვის ექვსი Grand Cru-ა. მათგან ოთხი სწორედ პულინი-მონრაშეში მდებარეობს. ამიტომაც პულინი ყველაზე დიდ თეთრ აპელასიონად ითვლება არა მხოლოდ ბურგუნდიაში, არამედ მთელ მსოფლიოში).  
ბონის გზაზე თავიდან მერსოში მოხვდებით, კომუნაში, რომელიც შარდონესგან დამზადებული ღვინოებით არის განთქმული. მერსოს გასწვრივ შთამბეჭდავ კარიბჭეს ნახავთ, სადაც  ადგილობრივი Premier Cru-ს ვენახებია. და აი, თქვენ პულინის სამფლობელოში შედიხართ, თუმცა შეცბუნებული რჩებით, რადგან აქ ვერსად ნახავთ რაიმე ნიშნულს, იმის მაჩვენებელს რომ ეს მსოფლიოში ცნობილი ვენახი Le Montrachet-ა. და თუ ვინმემ არ დაგაკვალიანათ, ვერას გზით ვერ იპოვით ამ პატარა ნაკვეთს, დაბალი, ალაგ მორღვეული ქვის ღობით შემოსაზღვრულს. მოკლედ, ბურგუნდიელების ასეთი უბრალოება გამაოგნებელია. ზუსტად იგივე განცვიფრება გიპყრობს ვონ-რომანეს კომუნაშიც. აქაც ერთი დღე არ გეყოფათ Romanée-Conti-ის, ამ  ლეგენდარული ვენახის აღმოსაჩენად (თუ, რა თქმა უნდა, თქვენ არ გაგიგიათ, რომ მხოლოდ სადა ქვის ჯვარია მისი ერთადერთი ნიშანი). Romanée-Conti და Montrachet — ბურგუნდიის დიდებული ვარსკვლავებია. ეს ის არის, რასაც სრულყოფილებას ეძახიან!
 

Grand Cru-ს დისპოზიცია


მონრაშეს ვენახი იურული პერიოდის დანალექ ქანებზე ე.წ. რენდზინებზე (Rendzina) ანუ ტორფ-კარბონატულ ნიადაგზეა გაშენებული. ეს მიწა განსაკუთრებულად მდიდარია სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით: რკინით, მაგნიუმით, გალიუმით, ბარელიუმით, სპილენძით, თუთიით, სტრონციუმით, ტიტანით, კობალტით, ნიკელით და სხვ... მაგრამ, როგორც აქაური მევენახეები ამბობენ, მონრაშეს ვენახების მთავარი საიდუმლო - მზის იდეალური ექსპოზიციაა, რაც ვენახის სწორად განათებას გულისხმობს. როგორც ჩანს აქ ერთ-ერთი მთავარი ისაა, რომ მზე სწორად ადგეს ვენახს და ჰქონდეს ძალიან კარგი დრენაჟი! ზუსტად მონრაშეს ზევით, თავისი მნიშვნელობით პულინის მეორე Grand Cru — Chevalier-Montrachet-ია განლაგებული. გორაკის ამ ნაწილში დაქანება უფრო ციცაბოა და მიწის ზედაპირზე მერგელისგან (კირქვოვანი თიხა) შემდგარი ბევრი დიდი ქვაა. და როგორ აირეკლება ყველაფერი ეს ღვინის სტილზე? - Le Montrachet — როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იდეალური ბალანსია. არომატების არაჩვეულებრივად მდიდარი და ელეგანტური პალიტრა, რომელიც ძლიერი, მდგრადი, ექსპრესიული ბუკეტითაა გამოხატული. პულინის დანარჩენი სამი Grand Cru-ც "თითქმის სრულყოფილებაა", მხოლოდ Le Montrachet-თან შედარებისას ისინი იდეალისგან მცირედ ნაკლოვანია. მაგალითად, Chevalier-Montrachet რამდენადაც ქვიანი, მწირი ვენახიდან მოდის, იგი სხვაგვარად გამორჩეულია, ელეგანტური და მდიდარი ბუკეტით, სადაც ადვილად ამოიცნობთ თავად Le Montrachet-ის გამორჩეულ სტილს, მაგრამ ცნობილი და დიდებული მეზობლისგან განსხვავებით Chevalier-Montrachet-ს მსუბუქი სხეული აქვს და ძალაც აკლია. ხოლო Bâtard-Montrachet–თან ყველაფერი პირიქითაა: იგი ძლიერია, სავსესხეულიანი, ზეთოვანი, მდგრადი, მაგრამ ისეთი გამორჩეული ბუკეტი არა აქვს.
    გასათვალისწინებელია, რომ ეს "ნაკლოვანებები" მხოლოდ Le Montrachet-სთან შედარებისასაა აღსანიშნავი. Le Montrachet რომ არა, მსოფლიოში ვერც ერთი თეთრი ღვინო ვერ დაჩრდილავდა Chevalier-სა და Bâtard-ს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ პულინი-მონრაშეს Premier Cru-ს ვენახებიც მაღალი ხარისხის ღვინოებს გვაძლევენ, სწორედ იმავე ხაზისას, რომლისაც Le Montrachet-ია. მას მარჯვნივ Premier Cru კლასის — Les Caillerets ემიჯნება, სადაც მდებარეობს ცნობილი, Clos de Caillerets - ღვინო, რომლის სტილი ძალიან გავს Le Montrachet-ს. ნიადაგი იქ ისეთივეა, როგორც მონრაშეში, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ თუ მონრაშეს ვენახები სამხრეთისკენ არის მიმართული, მთაგრეხილის გამო, აქ სამხრეთ-აღმოსავლეთი გამოდის. ამ მაგალითიდან კი სრულიად ნათელია, თუნდაც ასეთი მცირედი ნიუანსი, რომელიც მზის ექსპოზიციას უკავშირდება, როგორ ზეგავლენას ახდენს ტერუარსა და ვენახის სტატუსზე!
Les Pucelles - კიდევ ერთი შესანიშნავი ვენახია, რომელიც Bâtard-Montrachet-თან ერთ ხაზზე მდებარეობს. Premier Crus-ს შორის სხვა აღიარებული ლიდერებია — Le Champ-Gain, რომელიც ყველაზე მაღლა მდებარეობს და ასევე Champ-Canet, რომელიც მერსოს ესაზღვრება. ბურგუნდიელებს, რომლებიც ისეთ ცნობილ კომუნებში მუშაობენ, როგორიცაა მაგალითად პულინი-მონრაშე, ამ ძვირფას ღვინოებთან მიმართებით განსაზღვრული ეთიკა ჩამოუყალიბდათ: მათი თქმით, Grand Cru-ზე, ასე ვთქვათ, მეღვინის "ნათითურები" არ უნდა რჩებოდეს. ეს აქაური დაუწერელი კანონია. აქ ტერუარს თვითგამოხატვის მაქსიმუმს აძლევენ და ახალ ტექნოლოგიებსაც სიფრთხილით ეკიდებიან.
XIX საუკუნეში და XX-ის დასაწაყისში ე.წ. "ჯენტლმენურ ნაკრებში" "ძვირფასი წითელი ბორდოს" თეთრი მეწყვილე სულაც არ იყო ბურგუნდია, არამედ გერმანული თეთრი ღვინოები. მაშინ სწორედ გერმანია ითვლებოდა საუკეთესო თეთრი ღვინოების მწარმოებლად. მეორე მსოფლიო ომმა დამღუპველად იმოქმედა ღვინის იმიჯზე (მისი ეს იმიჯი ჯერაც არ აღდგენილა). სწორედ ამ დროს თვალსაწიერზე "დიდი თეთრი ბურგუნდია" გამოჩნდა, რომლის სახე Le Montrachet-ი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კი მშრალი ბურგუნდიული შარდონე შეუცვლელი ლიდერი გახდა. და ამ ოლიმპზე მას უკვე აღარავინ ეცილება.  

პულინის მყუდროება

პულინი ძალიან პატარა სოფელია, თეთრი ქვის სახლებით და მცირერიცხოვანი მოსახლეობით. აქ ისეთი სიჩუმეა, რომ თუ ქუჩის ბოლოში ძაღლი დაიყეფს, ყველამ იცის, რომ მეზობლებს სტუმრები, ხშირ შემთხვევაში ღვინის იმპორტიორები ეწვივნენ. აქ ყველა მეღვინეა. კონკურენცია კი ჯანმრთელია და ეფუძნება არა ღვინის გაყიდვებს, არამედ მეღვინეთა შემოქმედებით და სტილისტურ ხერხებს, მათ მიდგომებს. კლასიფიკაცია აქ მიწის სხვადახვა ტერუართან არის დაკავშირებული. უმაღლესი კლასი -  Grand Cru-ა, შემდგომ — Premier Cru მოდის, რასაც არაკლასიფიცირებული კომუნალურები (რომლებიც უბრალოდ მხოლოდ კომუნის სახელწოდებით აღინიშნებიან, მაგალითად (Puligny-Montrachet AOC) მოყვებიან და მათ შემდეგ რეგიონალური ღვინოები დგანან (რომლებიც საერთოდ არ მიეკუთვნებიან Bourgogne AOC-ის კომუნას). ისტორიულად ბურგუნდიაში მევენახეებსა და ნეგოციანტურ სახლებს შორის ფუნქციებიც მკვეთრად განაწილებული იყო. მევენახეები მოსავალს იღებდნენ და აკეთებდნენ ღვინოს, მაგრამ დუღილის პროცესის დასრულებისთანავე ნეგოციანტებზე ყიდდნენ. ნეგოციანტები კი თავიანთ კასრებში ავარგებდნენ, ხდებოდა სხვა ღვინოებთან ასამბლაჟი, შემდეგ ჩამოასხამდნენ და საკუთარ მარკას აკრავდნენ. ეტიკეტზე მხოლოდ ვენახის სახელი იყო მითითებული (თუ, რა თქმა უნდა, ვენახი მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო). ნეგოციანტები ბურგუნიაში ყველაზე მდიდარ ხალხად ითვლებოდა და ისეთ პატარა სოფლებში, როგორც პულინი იყო, ისინი, როგორც წესი, არ ცხოვრობდნენ. ასე რომ, ამ შემოგარენის მთელი მოსავალი ბონში მიედინებოდა, პულინიში კი არც მარნები იყო და არც კასრები.  

ლეფლევები

ბურგუნდიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გვარს უკავშირდება პულინის როგორც დამოუკიდებელი ღვინის მეწარმე კომუნის დაარსება. 1935 წელს ჯოზეფ ლეფლევი (Leflaive) პირველი იყო, ვინც პულინიში თავისი მარკის ღვინო ჩამოასხა. 1984 წელს Domaine Leflaive–ის ხელმძღვანელობით, ჯოზეფის ერთ-ერთმა შვილიშვილმა - ოლივიემ პულინიში გამეფებული მდუმარება დაარღვია და  საკუთარი ბიზნესი დააარსა - ეს იყო ნეგოციანტური სახლი Olivier Leflaive, პულინიში პირველი ნეგოციანტი. სხვა ბონელი ნეგოციანტებისგან განსხვავებით ლეფლევი პულინიში თავისი მეზობლებისგან ყიდულობს არა ღვინის მასალებს, არამედ ყურძენს და ყველა პროცედურას თავადვე ასრულებს. Olivier Leflaive-ის ღვინოები წამყვანია მთელ მსოფლიოში. ისინი საუკეთესო თეთრი ბურგუნდიულების რიცხვში დგანან.  

Etienne Sauzet

პულინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მეურნეობას - Etienne Sauzet-ს დღეს ჟერარ ბუდო (Boudot) ხელმძღვანელობს. იგი კომუნაში საპატიო მეღვინეა. მისი ე.წ. კომუნალური ღვინოებიც იმდენად ძვირფასია, რომ ცოტა თუ შეედრება, რომ არაფერი ვთქვათ Montrachet-ზე, Chevalier-Montrachet-სა და Bâtard-Montrachet-ზე, რომლებიც მისი შესრულებით ყოველთვის რეიტინგების მწვერვალზე იყო.


ცნობილი უცნობები


იმდენად, რამდენადაც პულინი-მონრაშე ბურგუნდიის საამაყო ე.წ. "დიდი თეთრი კომუნაა", აქ თუნდაც პატარა ვენახის ქონა მეზობელი კომუნებისთვის საკმაოდ პრესტიჟული ამბავია. მაგალითად, ვონ-რომანეს კომუნაში Romanée-Conti-ს მფლობელი Domaine de la Romanée-Conti, რომელმაც თავის ვარსკვლავურ ასორტიმენტში ერთადერთ თეთრ ღვინოდ სწორედ Le Montrachet აირჩია.
Domaine Leroy-ც ვონ-რომანეშია. მან იმდენად წარმატებულად გამოიყენა თავისი გამოცდილება და პერფექციონიზმი, რომ ახლა მის ღვინოებს ძალიან მაღალი სტატუსი აქვთ. თავად მადამ ბიზ-ლერუას ღვინოების არსენალში, რომელიც ბურგუნდიის საუკეთესო აპელასიონებისგან შედგება, პულინის თეთრებიცაა: Chevalier-Montrachet, Les Folatieres და Puligny-Montrachet. პულინის ვენახებს შორის საერთობურგუნდიული მასშტაბის კიდევ ერთი ვარსკვლავი - Pierre Ramonet-ის მეურნეობაა. პიერ რამონეს ღვინო უკვე კარგა ხანია ლეგენდად იქცა. პულინის კიდევ ერთი მარგალიტია Premier Cru Clos-des-Caillerets, მარკით Domaine des Lambrays. ეს სწორედ ის ღვინოა, რომელიც სტილით მაქსიმალურად ემსგავსება იმ ღვთაებრივ Le Montrachet-ს, ღვინოს, რომელიც ერთხელ ცნობილმა ღვინის ექსპერტმა კლაივ კოუტსმა ასე დაახასიათა: მონრაშე - ის ღვინოა, რომელიც მუხლმოდრეკილმა მოკრძალებით უნდა დააგემოვნოო.


© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.