Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორი იქნება წლევანდელი ღვინო

იმედები და მოლოდინები

ლევან სეფისკვერაძე

წლევანდელი წელი ყურძნის მოსავლიანობის მხრივ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული იყო. თუკი კახეთის მთელი რიგი სოფლები სეტყვისგან ძალიან დაზარალდა და ბევრგან მოსავალზე საერთოდ არც კი საუბრობენ, გურიასა და იმერეთში უმეტესწილად მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს არ ემდურიან. ასევე კარგი მოსავალი იყო შიდა ქართლშიც, რასაც გარეკახეთზე ნაკლებად ვიტყვით.

მოსავლის ხარისხი რასაკვირველია ღვინის ხარისხზეც აისახება. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მეღვინეებს უკვე შეუძლათ წლევანდელ ღვინოსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და პრობლემებზე საუბარი. თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი ღვინის კომპანიების დიდი ნაწილი რატომღაც გაურბის მოსავლის ხარისხზე საუბარს და ჩვენი მხრიდან ამ საკითხით დაინტერესება ზოგიერთ მათგანს აღიზიანებს კიდეც.

ღვინის კომპანების დიდი ნაწილის წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ დაზუსტებით ჯერ ვერაფერს იტყვიან მათ მიერ დამზადებული წლევანდელი ღვინის შესახებ. თუმცა ყველა მათგანი რატომღაც დარწმუნებულია, რომ წლევანდელი მოსავლის ღვინოებიც (ისევე როგორც გასული წლების) ხარისხიანი და მაღალი დონის იქნება და ჩვენს კითხვაზე, თუ რა აძლევთ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საშუალებას, უკეთეს შემთხვევაში დუმილით პასუხობენ.

თუმცა, ღვინის საწარმოებშიც ასევე აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამ საკითხზე  ინფორმაციაც ამომწურავად მოგვაწოდეს და საკუთარ ღვინოზეც უპრობლემოდ ისაუბრეს.

თეა კიკვაძე, კომპანია “თელიანი ველის“ მარკეტინგის დირექტორი: “წელს ჩვენს ვენახებში ძალიან კარგი მოსავალი იყო. ჯანმრთელი და ხარისხიანი ყურძენი მოვიწიეთ და შეძენითაც საკმაოდ ხარისხიანი ყურძენი ვიყიდეთ. ერთი სიტყვით, ძალიან კმაყოფილები ვართ წლევანდელი წლით.

ეგებ გავავლოთ პარალელი წლევანდელ და წინა წლების ღვინის ხარისხთან... (რომელი წლები უკეთესი იყო და რატომ)

– ვერ ვიტყვი, რომ 2012 წლის მოსავალი ცუდი იყო, თუმცა 2013 წლის მოსავალი ნამდვილად ჯობია წინა წლისას. საკმაოდ სასიამოვნო ზაფხული იყო, არც ძალიან ცხელი და არც ცივი. ასეთი კლიმატი ვაზს ნელა დამწიფების საშუალებას აძლევს და ამ ხნის მანძილზე ყურძენი თავის საუკეთესო თვისებებს ივითარებს. ასე დამწიფებული ყურძენი საკმაოდ არომატულია და ზომიერად შაქრიანი. ეს ყველაფერი კი ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

– წლევანდელი მოსავლიდან რამდენი ბოთლი ღვინის წარმოებას ვარაუდობთ? (აქაც პარალელი წინა წლებთან)

– 2013 წელს ჩვენ დაახლოებით 3 000 000 ბოთლი ღვინო ვაწარმოეთ. 2014 წელს ვვარაუდობთ 4 300 000 ბოთლი ღვინის წარმოებას. ერთი თვეა უკვე რაც გავიტანეთ ღვინო რუსეთში და რუსეთის ბაზრის გამოყენებას მომავალ წელსაც ვაპირებთ. სავარაუდოდ, 2014 წელს “თელიანი ველის“ ექსპორტი რუსეთში შეადგენს 400 000 ბოთლს.

ძირითადად რა საფასო სეგმენტის ღვინოებს აწარმოებს თქვენი კომპანია?

– “თელიანი ველი“ გახლავთ ერთ ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ღვინის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ ვაწარმოებთ როგორც ევროპულ, ასევე კახურ/ქვევრის ღვინოებს. თელიანის ასორტიმენტში შეხვდებით, როგორც სუპერ პრემიალურ, ასევე სუფრის სტანდარტულ ღვინოებს. შესაბამისად სხვადასხვაა ამ ღვინოების ფასებიც. ბოთლის ფასი 5 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს“.

განსაკუთრებით დიდი ფინანსური ბრუნვის მქონე ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებისათვის 2013 წლის მოსავალი შესაძლებელია მომდევნო წარმატებების მიჯნადაც კი იქცეს. რუსეთის ღვინის ბაზრის გახსნამ ღვინის ქართველ მწარმოებლებს პროდუქციის რაოდენობის გაზრდის სტიმული მისცა. თუმცა აქვე ისიც უნა ითქვას, რომ არ არსებობს რაიმე სახის გარანტია იმისა, რომ ღვინის წარმოების ძალიან სწრაფად ზრდა ქართული ღვინის ხარისხის დაცემის წინაპირობა არ გახდება.

ეკა მამაცაშვილი, მოსკოვში მცხოვრები ქართველი: “რუსეთში თითქმის ყველა მარკეტში გამოჩნდა ქართული ღვინო, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ღვინის ყველაზე დიდ პარტიებს მომავალ წელს ელოდებიან. გუშინ ჩემმა მეუღლემ ორი ბოთლი საფერავი შეიძინა და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ნორმალური ღვინო გამოდგა. ღვინის დიდი ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ წითელი ღვინო ძალიან მიყვარს და ცუდ ღვინოს კარგისგან მაინც ვასხვავებ. ადრე, დაახლოებით 10 წლის წინ, მოსკოვში ქართულ ღვინოს ქართველებიც კი აღარ ვყიდულობდით, რადგან უკლებლივ ყველა ღვინო გაყალბებული იყო და ვიცოდით, რომ ეს ღვინოები არ დაილეოდა. ახლა კი ხარისხი აშკარად უკეთესია. იმედია მომდევნო წლებშიც არ გააფუჭებენ ღვინოს“.

ჩვენი რესპოდენტის იმედები რამდენად ახლოა რეალობასთან – ეს მომავლ წლებში ნათლად გამოჩნდება. თუმცა, როგორც ღვინის ქართველი ექსპერტები ირწმუნებიან, ძნელად სავარაუდოა უახლოეს მომავალში ხარისხის მხრივ რაიმე დიდი გარღვევა მოხდეს, რადგან ღვინო არც სიმინდია და არც ლობიო, ერთ წელს რომ დათესო, მერე ჯიში აღარ მოგეწონოს და მომდევნო წელს სხვა ჯიში გააშენო ახალი და კარგი მოსავლის იმედად.

მიუხედავად იმისა, რომ კახეთის მთელი რიგი სოფლები წელს დაისეტყვა და ყურძნის მოსავალი განადგურდა, კონკრეტულ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში მოსავალიც კარგი მოვიდა და ადგილობრივი მეღვინეები არც ყურძნის ხარისხს ემდურიან - პირიქით... ჩვენთან საუბარში, ოჯახური მარნის, “ნაოტრების“ ერთ–ერთი მფლობელი, ბექა ნეშუმაშვილი ამბობს, რომ წელს გამორჩეულად კარგი წელი იყო მათი ვენახისათვის.

ბექა ნეშუმაშვილი, მევენახე–მეღვინე: “წლევანდელი წელი მაღალი მოსავლიანობით გამორჩეული წელი იყო, რაც ვაზისადმი მევენახის გაწეული შრომისა და ოპტიმალური კლიმატური პირობების შედეგია. რაც შეეხება ყურძენსა და მისგან მიღებულ ღვინოს – იგი მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს მისი სიტკბოს დამსახურებაა, რაც იგრძნობოდა კიდეც მისი დუღილისა და დალექვა-დაწვდომის პროცესში.

წლევანდელი მოსავლის შედარება გასულ წელთან ცოტა უხერხულიცაა, რადგან შარშან მევენახეობას სერიოზული ზიანი მიადგა დასეტყვის სახით, რამაც იმოქმედა ღვინის ხარისხზე, უკონდიციობაზე. წელს კი ვენახში ყურძნის ერთი გაფუჭებული მარცვალიც კი არ ყოფილა (განსხვავებით გასული წლისგან). წელს მთლიანად კონტაქტური ვენახის წამლებით იყო ვაზი დამუშავებული.

ასე რომ დიდი იმედი გვაქვს, წლევანდელი დანაწური გაამართლებს ჩვენი და მომხმარებლის მოლოდინებს, რისი კულმინაციაც იქნება “2014 წლის ახალი ღვინის ფესტივალი“, სადაც მისი ღირსება-ნაკლოვანებები (ვიმედოვნებ უფრო ღირსებები, ვიდრე ნაკლოვანებები) გამოჩნდება. ფესტივალზე ერთად შევაფასებთ 2013 წლის "ნაოტრებს" როგორც ახალბედა ღვინოს და მის პოტენციალს. რაც შეეხება ჩვენი წარმოების მასშტაბებს, ამჯერად დაახლოებით 2000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ. ამავე დროს გვაქვს სიახლე და წელს პირველად, რქაწითელთან ერთად, მომხმარებელს შევთავაზებთ კახურ მწვანეს და კუპაჟით ჭაჭაზე დაყენებულ როზესაც“.

ჩვენი გაზეთის საშუალებით ღვინოს მოყვარულებმა ალბათ უკვე იციან, სოფელ ბაკურციხეში, ენთუზიაზისტების მიერ გაშენებული ვენახის შესახებ, სადაც მივიწყებული არაერთი ქართული ვაზის ჯიში გაშენდა. წელს ახალბედა მევენახეებს (რომელთაც ახალ ვენახში პირველი მოსავალი უნდა მიეღოთ)  ძალიან არ გაუმართლათ და მათი სამი წლის გარჯა, ზაფხულში ბაკურციხის მიკროზონაში მოსულმა საშინელმა სეტყვამ ჩაყარა წყალში. სეტყვამ ბაკურციხის გარდა მიმდებარე სოფლებიც დააზარალა და გურჯაანის რაიონის არაერთ სოფელში ყურძნისა და არამხოლოდ ყურძნის მოსავალი თითქმის ბოლომდე გაანადგურა.

ბაკურციხის ახალშენი ვენახის ენთუზიაზისტი მეპატრონეები მაინც იმედიანად არიან და ამბობენ, რომ დიდი იმედი აქვთ, მომავალ წელს მაინც აღარ შეექმნებათ მსგავსი სახის პრობლემები და შეძლებენ მოსავლის სრულად მიღებას. სეტყვამ ეს ადამიანები იმაში მაინც “დაინდო“, რომ მხოლოდ მოსავალი განადგურდა და არა ახალშენი ვაზი.

სეტყვამ არა, მაგრამ ნესტმა და გახშირებულმა წვიმებმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მეგრელ და გურულ მევენახეებს. თუმცა, საქართველოს ამ კუთხეებში დღესდღეობით ვენახების ფართობების სამწუხაროდ იმდენად

მცირეა, რომ კლიმატის მიერ მოძღვნილ “სიურპრიზებს“ ბევრი ადამიანი არ დაუზარალებია. თუმცა, დასავლეთ საქართველოში იყო მიკროზონები, სადაც წლევანდელი მოსავლითა და ღვინის ხარისხით ძალიან კმაყოფილები არიან.      

ზაზა გაგუა, მევენახე–მეღვინე: “სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თარგამეულში, სადაც ჩემი ვენახია გაშენებული, ცივი და წვიმიანი ზაფხულის მიუხედავად, წლევანდელი მოსავალი ხარისხობრივად კარგი გამოვიდა, რასაც ხელი შეუწყო მშრალმა და თბილმა შემოდგომამ. რაც შეეხება მოსავლის რაოდენობას, შარშანდელთან შედარებით ცოტაა. ანუ დაახლოებით საშუალო წლიური რაოდენობა გამოვიდა.

რთველი გვქონდა 17 ნოემბერს და ყურძნის შაქრიანობა იმ ეტაპისთვის იყო 23 %, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და გვაძლევს იმედს, რომ ხარისხიან ღვინის მივიღებთ. ღვინო ამ ეტაპზე დუღილის პროცესშია და მის ხარისხზე ჯერ ძნელია ლაპარაკი. მაგრამ, წელს გაცილებით უკეთესი ღვინის მიღებას ვვარაუდობთ. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ჩვენი ღვინო იქნება ნატურალური და ამ კლასის ერთადერთი ღვინო სამეგრელოდან. უკეთეს ხარისხს ასევე განაპირობებს ისიც, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს რთველი ორი კვირის დაგვიანებით ჩავატარეთ, რაც ერთ–ერთი წინაპირობა, რომ ღვინო მაღალმჟავიანი არ გამოგვივიდეს. ასევე მოვახდინეთ მარნის გადაიარაღება. შევიძინეთ კლერტსაცკლელი და უჟანგავი ფოლადის ავზები. ღვინო პირველად დუღილს გადის მუხის ჩანებში. შარშან 400 ბოთლი მშრალად დაყენებული ოჯალეში ჩამოვასხით. წელს სავარაუდოდ გვექნება 750 ბოთლი, რომელსაც მომავალი წლის სექტემბრის თვეში ჩამოვასხამთ“.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჯერ ისევ ბოლომდე დაუდუღებელი წლევანდელი ღვინის ხარისხით განსაკუთრებით იმერელი მეღვინეები არიან კმაყოფილნი. ლიხსიქითა მევენახე–მეღვინეები ვარაუდობენ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში წელს გამორჩეულად კარგი ღვინო შეიძლება მიიღონ. იმედიანი განწყობებია ქართლშიც. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ 2013 წელი ქართული მეღვინეობისათვის აუცილებლად საინტერესო წელი იქნება და დარგში არსებული პრობლემების მიუხედავად, მოლოდინები განსაკუთრებულად დიდია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული