Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ღვინოს უნდა ველოდეთ წლევანდელი მოსავლისგან

რეზო გეთიაშვილი

 

კახეთში ყურძენიც მომწიფდა და ყურძნის კრიზისიც, რაც გასული წლის მერე განსაკუთრებით მძიმე ხასიათს ატარებს. ქიზიყელი გლეხები ფასების გაზრდის იმედით ვენახის დაკრეფას არ ჩქარობენ. დანარჩენ რაიონებში რთველი 10-15 დღის განმავლობაში დაიწყება.

წლევანდელ მოსავალზე კარგი ნამდვილად არ ითქმის. ამასთან, 2007 წელს რამდენჯერმე გაიზარდა მოუვლელი ვენახების რაოდენობა, ვაზის გაშენება კი მთლიანად შეჩერდა. თუმცა, ქართული ბაზრისთვის ყურძნის ნებისმიერი მოსავალი ჭარბი იქნებოდა.

გასულ წლებთან შედარებით შედარებით დაბალია ყურძნის ხარისხიც.

 

რთველი - 2007

 

გაზაფხულის სიგრილემ კვირტის ზრდა შეაჩერა და რთველმა ათიოდე დღით დააგვიანა. ყურძნის მიღების სეზონი ღვინის ქარხნებმა მაინც ადრეულად გახსნეს. ყველაზე მოტივირებული მანავის ღვინის ქარხანა აღმოჩნდა, რომელიც "კახურ მწვანეს" 40 თეთრად იბარებს. საშამპანე მასალისთვის სწორედ ბოლომდე დაუმწიფებელი ყურძენია საჭირო - ნაკლები ფრუქტოზით და მაღალი მჟავიანობით.

ყურძნის ყიდვისა და სახლის პირობებში ღვინის დამზადების მსურველებს შევახსენებთ, რომ "კახური მწვანე" გარკვეული რაოდენობით (დაახლ. 10%) კახეთის თითქმის ყველა თეთრ ღვინოში გამოიყენება და ამ ჯიშის რქაწითელთან შერევით უკეთეს ღვინოს დააყენებთ. ამ ყურძენს ყველა რაიონში იყიდით, საუკეთესო თვისებებით კი მანავისა და კაჭრეთის ზონა გამოირჩევა.

რაც შეეხება რქაწითელს, რთვლის დასაწყისში მისი ფასი 30-35 თეთრია. როგორც წესი, რთვლის მიწურულს ფასები მეტ-ნაკლებად იზრდება. თუმცა, მყიდველის მოლოდინში ყურძენი ხშირად ტექნიკურ სიმწიფეში გადადის, წონა აკლდება და ხარისხსაც კარგავს.

კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში საფერავის პატრონები არიან. რამდენიმე წლის წინ ამ ჯიშის ყურძნის ფასმა დოლარს გადააჭარბა, რის გამოც საფერავი მასიურად გაშენდა. გასულ წელს შედარებით მაღალ ფასად "საფერავის", "ქინძმარაულის", "მუკუზნისა" და "ახაშენის" მიკროზონებში მოყვანილი ყურძენი გაიყიდა. წელს აქაც პრობლემაა. ცნობილი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებს საფერავის საკუთარი ზვრები აქვთ და ჯერ გასული წლების ღვინომასალებიც არ გაუყიდიათ. ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, რომ გლეხების საფერავი მათ შეიძინონ. მით უმეტეს, ძვირს ნამდვილად არ გადაიხდიან. საოჯახო მეღვინეობის მიმდევრები კი საფერავს საერთოდ არ ეტანებიან.

რაც შეეხება ვაქირულასა და სხვა ჰიბრიდებს, გამორიცხული არ არის, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს. დაბალხარისხიანი და რეპუტაციაშელახული ჯიშები მთლიანად შიდა ბაზარზე ორიენტირებულ ქარხნებს იაფფასიანი წითელი ღვინის დამზადების საშუალებას მისცემთ. თუმცა, ბაზარი მაინც შეზღუდული იქნება და ფასებს არა მევენახეები, არამედ მეღვინეები დააწესებენ. ჰიბრიდებს სპირტის ქარხნებიც შეისყიდიან. შესაბამისად, ეს ყურძენი ყველაზე იაფი ეღირება.

სს "ქინძმარაული" მოსახლეობიდან 200 ტონა საფერავის და 500 ტონა თეთრი ყურძნის მიღებას გეგმავს (თავის დროზე საშუალო სიმძლავრის ქარხნები სეზონზე 5-10 ათას ტონა ყურძენს იღებდნენ). კომპანიის დირექტორი თამაზ კონჭოშვილი ფასს ჯერ არ ასახელებს. ფასების დადგენა კერძო მოლაპარაკების საგანია და უკვე რამდენიმე წელია, რაც სახელმწიფო ამაში აღარ ერევა.

პეტრე კიკნაძე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: "კანონის ფარგლებში ჩვენი მონაწილეობა, ფაქტობრივად, ნულია. ვენახებიც და ქარხნებიც კერძო საკუთრებაშია და ერთმანეთთან როგორ მორიგდებიან, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის. ზოგიერთ კომპანიისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული რაოდენობით ყურძენს გლეხებისგანაც შეიძენს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ საკუთარი ვენახები აქვთ, ეს რაოდენობა დიდი არ იქნება".

"ყურძენი კი დამწიფდა, მაგრამ "ვაშლი და შაქარასავით" ვზივართ და შევცქერით. რომ დავკრიფოთ, სად უნდა წავიღოთ? ყურძნად ვერ გაყიდი, სამაგისო ჭურჭელი კი მთელ ჩვენს ავლადიდებაზე მეტი ღირს. ისეთი პირი უჩანს, ვენახი საერთოდ დაუკრეფავი დარჩება", - აცხადებენ გურჯაანელი მევენახეები.

თემურ ნიკოლაშვილი, სოფელი გურჯაანი: "ხან დასეტყვილ ვენახს ვგლოვობთ და ხან - უხვ მოსავალს. უბედურება ბევრნაირი გამიგია, მაგრამ კაცს რომ მოსავლის მოყვანისა ეშინოდეს - ასეთი არაფერი".

 

მოსავალი - 2007

 

2005-2006 წლების ცივმა ზამთარმა ვაზი დააზიანა და კვირტი ალაგ-ალაგ გაცდა. მაისის დასაწყისის ერთ ღამეს კი, როცა კვირტი უკვე 3-4 ფოთოლზე იყო გაზრდილი, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, რამაც დაბალ ადგილებში გაშენებული ვენახების 100%-იანი წაყინვა გამოიწვია. ამ ზონებში ვაზი ზაფხულსაც ისე შეხვდა, როგორც გაზაფხულს - ფოთლებისა და სიმწვანის გარეშე. მოყინული კვირტების ადგილას ზაფხულში მცირემოსავლიანი, ე. წ. "მძინარე კვირტი" გამოვიდა, კარგი ამინდების წყალობით რქა დასრულდა და 2007 წლის მოსავალზე გავლენა არ მოუხდენია.

უკანასკნელი ზამთარი თბილი იყო და კვირტი აღარ დაზიანებულა. გაზაფხულის წვიმებმა ნორმალური ვეგეტაცია უზრუნველყო და თითქმის ყველა კვირტზე მტევანი გამოვიდა. ზაფხულის დასაწყისში ვაზი იდეალურ მდგომარეობაში იყო - დიდი, სრული და რეკორდული რაოდენობის მტევნებით. სამი წლის განმავლობაში პირველი კარგი გაზაფხული იყო. გასულ წლებში გაზაფხულის გვალვებმა მშრალ ადგილებში რქა არ გაზარდა. არადა, საუკეთესო ყურძენი სწორედ ასეთ ზონებშია. ხარისხიანი ღვინისთვის ხირხატ და ურწყავ ადგილებში დაკრეფილი ყურძენია საჭირო.

სეტყვას კახელები მეტ-ნაკლებად გადაურჩნენ, თუ არ ჩავთვლით ველისციხის ზონას, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში "მიწასთან გასწორდა".

ზაფხულში ხშირი იყო ხანმოკლე დაწვიმება, რამაც ჭრაქისა და ნაცარის განვითარებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, კარგ გაზაფხულს ცუდი ზაფხული და შემოდგომა მოჰყვა. აგვისტო-სექტემბერში წვიმა აღარ მოსულა. ვენახი გვალვაგამძლეა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ნალექი მაინც სჭირდება.

თუმცა, წლევანდელი მოსავლის სიმცირე და დაბალი ხარისხი ბუნებრივმა ფაქტორებმა ყველაზე ნაკლებად განაპირობა. მაისში მევენახეები შხამ-ქიმიკატებს არ უჩიოდნენ. შეწამვლიდან შეწამვლამდე კი პრეპარატების შემადგენლობაში "რაღაც მოხდა" და წამალმა ძალა დაკარგა. მევენახეების თქმით, შხამ-ქიმიკატების ხარისხი ყოველი ახალი პარტიის შემოტანის დროს იცვლებოდა. თუ პირველ წამლობაზე დოზებს იცავდნენ, მერე და მერე გაორმაგებამაც აღარ გაჭრა. მე-4 წამლობამდე ვენახები უკვე მასიურად გაფუჭდა. რქაწითელი, საფერავი და მწვანე ერთნაირად დაზიანდა. მთლიანად განადგურდა ბუერა.

"ექვსჯერ მოწამვლის მიუხედავად, ვერც ნაცარი დავიჭირეთ, ვერ ჭრაქი და ვერც წითელა. ვენახები ყველგან გაფუჭდა, ყურძენი ვაზზე გახმა. მოსავალი რაოდენობრივადაც შემცირდა (30-40%-ით) და ხარისხობრივადაც", - აცხადებენ კაჭრეთელი გლეხები.

მევენახეებს გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდათ. ძველი და ტრადიციულის ნაცვლად შემოვიდა ახალი, უცნობი დასახელების პრეპარატები და გლეხები იძულებული გახდნენ, მათი ვარგისიანობა საკუთარ ვენახზე გამოეცადათ. რაც მთავარია, გაქრა შაბიამანი, რაც ვაზსაც კარგად იცავდა და ეკოლოგიურად სუფთა ღვინის მიღებასაც უზრუნველყოფდა. თუ გასულ წლებში მევანახეები არჩევანის წინაშე იდგნენ - შაბიამნით მოეწამლათ და სუფთა ღვინო მიეღოთ, თუ მოსავლიანობის გაზრდის ხარჯზე ხარისხზე უარი ეთქვათ, წელს ისინი არჩევანის გარეშე დარჩნენ.

გაჩნდა შაბიამნის შემცვლელები - ქლორჟანგი და ბორდოს ფხვნილი. ბოლომდე არცერთმა არ გაამართლა. ვენახში სხვა საეჭვო წარმოშობისა და ხარისხის ქიმიკატებიც შევიდა. როგორც თვითონ გლეხებმა გამოიკვლიეს, მათი უმეტესობა ვადაგასული, ხელახლა დაფასოებული იყო და ყურძნის გაფუჭებაც მათი შემომტანების კისერზეა.

 

ღვინო - 2007

 

წლევანდელი მოსავლისგან დაყენებული ღვინის დაბალ ხარისხს ორი ფაქტორი განაპირობებს - ეკოლოგიურად საშიში პრეპარატები და დაავადებული ყურძენი. შაბიამნის გაქრობის გამო ე. წ. "ბიოღვინოზე" პრეტენზია თითქმის არავის ექნება.

ვაჟა გეთიაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი, სოფელი კაჭრეთი: "რამდენიმე წელია, რაც გლეხი ტრადიციულ ღვინოებს ვეღარ აყენებს. ახალ-ახალი შხამქიმიკატები დუღილის შემდეგაც რჩება, ღვინო არ წმინდავდება და ისეთი ანომალიები სჭირს, სპეციალისტებსაც ვერაფერი გაუგიათ. ქარხნებში ღვინოს ფილტრავენ, მაგრამ მავნე ნივთიერებები გაფილტრულ ღვინოშიც რჩება. წელს ბოლომდე საღ მტევანს იშვიათად ნახავთ. ეს კი ღვინის ხარისხზე აუცილებლად იმოქმედებს. შედარებით ნაკლებად დაზიანდა გურჯაანის ვენახები. თუმცა, იდეალურ ღვინოს ვერც ამ ყურძნისგან მივიღებთ".

გრადუსიანობა მაღალი იქნება. ამაზე რთვლის დინამიკაც იმოქმედებს. სარფიანი გარიგების მოლოდინში გლეხები ვენახის დაკრეფას აგვიანებენ და ყურძენი ტექნიკურ სიმწიფეში გადადის. ასეთი ყურძენი მაღალშაქრიანია. თუმცა, შაქრიანობის გაზრდის ხარჯზე მოსავლის რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება. ყველა გადამწიფებული მარცვალი კახური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინისთვის დაავადების კერაა.

 

 

მიტოვებული ვენახები

 

ბოლო წლებში ყურძენზე ფასის კატასტროფული დაცემა ვენახებსაც დაეტყო. ფინანასების დაზოგვის გამო გლეხი ვენახს ვეღარ ხნავს, საკუთარი ხელით კი ყველა ოპერაციის შესრულებას ვერ ერევა. მოუხნავ ვენახში წყლის აორთქლება სწრაფად მიმდინარეობს, მიწა სკდება, ვაზი ტენიანობას ვეღარ ინარჩუნებს, წლიდან წლამდე სუსტდება და მოსავლიანობაც მცირდება. ვენახებში მოდებული მძლავრი ბალახი ზაფხულში ხმება და ხანძრის მიზეზი ხდება. 11-12 სექტემბერს ვეჯინსა და ბაკურციხეში თითქმის ერთდროულად გაჩნდა ხანძრები და 80 ჰექტარი მსხმოიარე ვენახი დაიწვა.

ბოლო წლებში ვენახებს აბლაბუდა ტკიპაც მოედო. ამ პარაზიტის განადგურება ადრე გაზაფხულზეა საჭირო, ვიდრე ტკიპა გამოიჩეკება. ამისთვის დაავადებული ვაზები კვირტის გამოსვლამდე შხამქიმიკატებით უნდა მოიწამლოს. ამ დროს ვენახში ქიმიკატების შეტანა ეკოლოგიურად უსაფრთხოა და ყურძნის ხარისხზე არ მოქმედებს. გლეხები სრულყოფილ წამლობას ვეღარ ატარებენ, რის გამოც პარაზიტი მასიურად გავრცელდა. სანამ ყურძენი დამწიფდება, ტკიპისგან პეპელა გამოდის და ფოთოლსა და ყურძენს ზეთივით ედება, ფოთოლი ხმება, ყურძენი კი შავდება და ხარისხს კარგავს. ამიტომ, გლეხი იძულებულია, ფურჩნის (ზედმეტი ტოტისა და ფოთლის შეცლის) დროს გაღვიძებული ტკიპები ხელით გააცალოს. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და პარაზიტის მთლიანად განადგურებასაც ვერ უზრუნველყოფს.

თითქმის აღარ სრულდება ვაზის ძირების გამობარვა, რაც ვენახის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ოპერაციაა. ზოგადად, მოშლილია ვენახის მოვლის მდგრადი მეთოდები და გლეხები იმასღა ცდილობენ, ვაზი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნონ. რაც ყველაზე საგანგაშოა, 2007 წელს მოუვლელი ვენახების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა, ვაზის გაშენება კი მთლიანად შეჩერდა.

ეს პროცესი გაცილებით მძიმე შედეგებს უკავშირდება, ვიდრე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწვეობის ერთი დარგის კრიზისია. ვენახების განადგურება სოფლების დაცლის მიზეზი ხდება და ამ პროცესის სხვა საშუალებით შეჩერება შეუძლებელია. მთლიანად აზრს კარგავს ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის ცნებები, რისი განვითარების მთავარი პირობა ტრადიციების გადარჩენაა. შესაძლოა, წლების შემდეგ ქართული ღვინო რომელიმე ქვეყნის ბაზარზე მართლა შევიდეს, მაგრამ სახელმწიფო და მოსახლეობა ამით ბევრს ვეღარაფერს იხეირებს.

 

© „მარანი“

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.