ალეკო ცქიტიშვილი
რთველის პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით იჩენს თავს წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემები. მევენახე გლეხები ყურძნის საბაზრო ფასზე მუდმივად უკმაყოფილებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ შემოსავალი მათ წლიურ ხარჯებსაც ვერ ფარავს. კახეთში წელს იმდენად დიდი მოსავალი მოვიდა, გლეხები იძულებული გახდნენ, შარშანდელთან შედარებით ორჯერ მეტი ყურძენი დაეწურათ და ღვინოდ ექციათ. ასეთი რამ დალაგებულ ქვეყანაში სასიხარულო მოვლენა იქნებოდა, რადგან ღვინო უფრო ძვირადღირებული პროდუქტია და შესაბამისად, უფრო მეტი მოგება და დოვლათი მოაქვს, ვიდრე ყურძენს. ქართველ გლეხებს კი ყოველთვის დღევანდელი ყურძენი ურჩევნიათ ხვალინდელ ღვინოს. ამიტომაც გაუსაღებელი ყურძნით ღვინის დაყენება დიდად არ უხარიათ.
საკითხავია: ყურძნის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ხარჯებსაც თუ არ ფარავს, როგორც ამას მევენახე გლეხები აცხადებენ, მაშინ თავს რატომ არ ანებებენ მევენახეობას? ან უკეთესი: რატომ არ შეუძლიათ ოჯახური მარნების ისე გამართვა, რომ უფრო მომგებიან საქმეს – მეღვინეობას მიჰყონ ხელი? მსგავსი კითხვები ბევრია. ხელისუფლებას კი ამ კითხვებზე თავის მტვრევა დიდად არ ეხალისება და პრობლემას ყოველწლიურად მარტივად წყვეტს – სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიას გამოყოფს და მევენახე გლეხებს 1 კგ ყურძენში 15–25 თეთრს აძლევს. მევენახეებს ეს თანხა მუდამ ეცოტავებათ და ყოველი რთველის დროს ჩანს, რომ ამ გზით პრობლემები ვერ გვარდება.
უფრო ეფექტური მეთოდები მთავრობას ჯერ არ შეუმუშავებია. თუმცა, წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში, საკუთარ ვენახში გამართულ თათბირზე მთავრობის წევრებს რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა გაუზიარა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში თანდათან მწიფდება აზრი, რომ მევენახე გლეხებისადმი მხარდასაჭერად უფრო ეფექტური მეთოდების შემუშავებაა საჭირო. სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ღვინის ქარხნებმა საკუთარი ვენახები გააშენეს, გლეხებისათვის სულუფროძნელიხდებაქარხანაშიყურძნისჩაბარება: „მართალია, წელსყურძენს მაინც ვაბარებთ ქარხნებში, მაგრამმომავალწლებშიჩვენრაღაცსტრატეგიაუნდაგვქონდეს. ხელიუნდაშევუწყოთმცირეწარმოებებისგანვითარებას, რათა გლეხებს თავისიმარნებიჰქონდეთ,თავისივეტურისტულიობიექტებიგახსნან დათავისინიშაიპოვონ“.
პრობლემის გადაჭრის ასეთ გზებზე ღვინის კლუბში არაერთხელ ყოფილა მსჯელობა. კლუბის წევრთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მევენახეობის განვითარებისათვის კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ღვინის ფალსიფიკაციის დონის შემცირება, ოჯახური და მცირე მარნებისთვის დაბალპროცენტიანი, ზოგ შემთხვევაში – უპროცენტო სესხების გაცემა, სოფლებში კოოპერაციული საწარმოების განვითარება სახელმწიფო პროგრამებით ან დონორი ორგანიზაციების გრანტებით, ღვინის საოჯახო ტურიზმის განვითარება, მევენახე გლეხების ხელშეწყობა კონსულტაციით, მათ შორის – დახმარება მარკეტინგული პრობლემების გადაწყვეტაში, ადგილობრივი თვითმმართველობების რესურსის სწორად გამოყენება და რეგიონებს შორის კომუნიკაციის გაძლიერება იმგვარად, რომ გაუმჯობესდეს მევენახეობის ტრადიციული რეგიონებიდან ყურძნის დაბალ ფასში მიწოდება მთიანი და ზღვისპირა რეგიონებისათვის, სადაც ყურძნის დეფიციტია.
ხელისუფლებამ ეს ღონისძიებები კომპლექსურად, ერთმანეთის პარალელურად უნდა განახორციელოს, რათა სასურველი შედეგი მიიღოს. საწყის ეტაპზე, ვიდრე ვითარება საგრძნობლად არ გაჯანსაღდება, ალბათ, სუბსიდიის გარკვეული რაოდენობით გაცემაც იქნება საჭირო, თუნდაც – სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.
ღვინის კლუბის წევრი, ენოლოგი გიორგი სამანიშვილი მევენახეობის დარგის განვითარებისათვის უმთავრეს ღონისძიებად ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობას ასახელებს. მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ღვინის კომპანიებს ახალი ბაზრების ათვისებაში დაეხმარება, ღვინის კომპანიები გაზრდიან წარმოებას და შესაბამისად გაიზრდება მოთხოვნა ყურძენზეც. კომპანიები პირველ რიგში, ალბათ, კვლავ საკუთარი ვენახების გაფართოებაზე იზრუნებენ, მაგრამ წარმოების ზრდის პირობებში, ადრე თუ გვიან, მათ მაინც მოუწევთ მევენახე გლეხებისგან ყურძნის ჩაბარება.
გიორგი სამანიშვილის თქმით, ღვინის ფალსიფიკაციის შემცირების გზით, ადგილობრივ ბაზარზე მართლაც გამოთავისუფლდება ადგილი ოჯახურ მარნებში დამზადებული იაფი ღვინოებისთვის. „თუმცა, ფალსიფიკაციის პოლიციური მეთოდებით აღკვეთა შეუძლებელია, რადგან ასეთი ღვინოების გამოვლენა ძალიან რთულია. იყო ამის მცდელობა 2005–06 წლებში, როცა რამდენიმე კომპანიას ტონობით ღვინო დაუქციეს, მაგრამ ზუსტად არავინ იცოდა, ფალსიფიცირებული იყო თუ არა ეს ღვინოები. მე–20 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთშიც იყო ფალსიფიკაციის დიდი მასშტაბები და ამ ქვეყანამ ეს პრობლემა არა პოლიციური მეთოდებით, არამედ დარგის კომპლექსური განვითარებით მოაგვარა“, – ამბობს გიორგი სამანიშვილი და დასძენს, რომ ფალსიფიკაციასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ღვინის შესახებ ცოდნის ამაღლება, რათა გათვითცნობიერებულმა მომხმარებელმა საბოლოოდ თვითონვე თქვას უარი ფალსიფიცირებული ღვინის მოხმარებაზე.
რაც შეეხება ღვინის ტურიზმის განვითარებას, აქ რამდენიმე ფაქტორი და რისკია გასათვალისწინებელი. ღვინის ტურიზმის განვითარება მარტო ოჯახური და მცირე მარნების დახმარებით არ უნდა შემოიფარგლოს. საჭიროა მთლიანად ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვა. მაგალითად, კარგი იქნება, თუკი მოწესრიგდება გზები მეღვინეობით სახელგანთქმულ სოფლებში მისასვლელად. ასეთი სოფლებია, თუნდაც, ხვანჭკარა რაჭაში, ან ოყურეში ლეჩხუმში. „ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს ოჯახურ მარნებში ტურისტებისათვის შეთავაზებული ღვინის ხარისხს, რათა უხარისხო ღვინომ სახელი არ გაუტეხოს ქართულ მეღვინეობას და თვითონ ღვინის ტურიზმსაც“, – ამბობს გიორგი სამანიშვილი.
პირველი ნაბიჯები ნულოვანი კომპეტენციით
ოჯახური მარნების დახმარება სხვადასხვა პროგრამებითა თუ გრანტებით ასევე მოითხოვს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას. რაც მთავარია, ასეთი პროგრამები თუ პროექტები გათვლილი უნდა იყოს გრძელვადიან ეფექტზე და შედეგებზე.
გასულ წელს კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე გაეროს პროგრამით განხორციელდა ოჯახური მარნების ხელშეწყობის პროექტი, რომელშიც 15–მდე ოჯახი მონაწილეობდა. პროექტის ერთ–ერთი მიზანი იყო, ოჯახური მარნების ღვინოების ბოთლებში ჩამოსხმა და ეტიკეტირება. სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის, ანა გოდაბრელიძისა და კიდევ რამდენიმე ენოლოგის დახმარებით და რჩევებით რამდენიმე ოჯახურმა მარანმა თავიანთი ღვინო მართლაც აქცია საბაზრო პროდუქტად. თუმცა, პროექტი ამით დამთავრდა.
ინდ. მეწარმე რეზო გეთიაშვილი, რომელმაც აღნიშნულ პროექტში მიიღო მონაწილეობა და ჩამოასხა ღვინო „განსხვავებული“, გვიამბობს, თუ რა პრობლემები შეიძლება შეხვდეთ დამწყებ მეღვინეებს, თუკი ისინი მარტონი აღმოჩნდებიან ქართული ღვინის მარკეტინგის ქაოტურ ლაბირინთებში.
რეზო გეთიაშვილი: „ღვინის ჩამოსხმისკენ კაჭრეთის პროფესიული ცენტრის მიერ განხორციელებულმა პროექტმა მიბიძგა, რომელმაც, გაეროს დაფინანსებით, ღვინის ჩამოსხმის ხარჯების 70% დაფარა. პროექტი გულისხმობდა სპეციალისტების ზედამხედველობით ღვინის დამზადებას საოჯახო მარნებში, რათა გლეხებს წარმოების ინტერესი გასჩენოდათ და ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიაც ესწავლათ. გამოცდილების მხრივ, მართლაც საინტერესო პროექტი გამოვიდა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე თუ საჭიროებებზეც დავფიქრდი.
წარმოებაზე ორიენტირებული მევენახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი კონსულტანტის საჭიროებაა, ვინც დამწყებ მეღვინეს სწორ რჩევებს მისცემს. ვთქვათ, ზუსტად აუხსნის, რეგისტრაციის რა ფორმა უფრო მოსახერხებელია წარმოების მიზნებისთვის. ამით დამატებით ხარჯებსაც აარიდებს და იმ შეცდომებისგანაც დააზღვევს, რაც შეიძლება ახალბედა მეწარმეს ძალიან ძვირი დაუჯდეს. წარმოების დაწყება იმდენად რთულია, წარმატებამდე კი იმდენად შორი, რომ ამას დღევანდელი გლეხის კონპეტენცია და ფინანსები ნამდვილად ვერ გაუძლებს.
უფრო კონკრეტულად: თუკი მევენახე გადაწყვეტს, რომ 1000 ბოთლი ღვინო ჩამოასხას, ჩემი გამოცდილებით, ერთი ბოთლის ჩამოსხმის ღირებულება (ბოთლი, საცობი, ეტიკეტი, სხვა ხარჯი) 2,5 ლარი იქნება. ამას ვენახისა და ღვინის დაყენების ხარჯებს თუ დაამატებს, ჩამოსხმული ბოთლის თვითღირებულება 4 ლარამდე მიაღწევს. მცირე შემოსავალი მაინც რომ დარჩეს, ერთი ბოთლი ასეთი ღვინო6 ლარად მაინც უნდა მიაწოდოს მაღაზიას. იქ ამას დაემატება დღგ – 18 % და მაღაზიის 25 %. საბოლოოდ, გლეხის ჩამოსხმული ღვინო მაღაზიაში 9 ლარამდე ეღირება და მას არავინ იყიდის, რადგან ფასი ზოგიერთი ცნობილი კომპანიის ვინოებს გაასწრებს.
პრობლემატურია საშემოსავლო გადასახადიც, რომელიც მოგების 20 %–ს შეადგენს. პრობლემა ისაა, რომ მეწარმეს ჩამოსხმის ხარჯთან ერთად ვენახის, ღვინის დაყენებისა და კიდევ სხვა ხარჯების ჩვენება უწევს და თუ ვერ აჩვენა, ეს ხარჯიც მოგებად ეთვლება და შესაბამისად – იბეგრება. ქიმიკატების, საწვავის, ტრაქტორის და ყველა სხვა ხარჯის ჩვენების გარეშე აღმოჩნდება, რომ საგადასახადოსთვის 40 თეთრის ნაცვლად (2 ლარის 20 %) 70 თეთრის გადახდა გიწევს (3,5 ლარის 20 %) და მოგებაც ორი ლარიდან 1.3 ლარამდე მცირდება. ამას დაემატება ტრანსპორტირება, ბანკი, მაღაზიებისთვის და სარეკლამო მიზნებისთვის უფასოდ გასასინჯი ღვინოების რაოდენობა და ბოლოს მოგება ერთ ბოთლზე 50–60 თეთრამდე დაიწევს. თუ ბუღალტერსაც დაიქირავებ და ხელფასს გადაუხდი, მაშინ ჩამოსხმული ღვინიდან ხარჯის გასტუმრებასღა შეძლებ. მთელი ეს პროცესი კი, ფაქტობრივად, სამი წელი გაგრძელდება (ყურძნის მოყვანა, ღვინის დამზადება, ჩამოსხმა და გაყიდვა).
ცალკე პრობლემაა ღვინის მაღაზიები, რომლებიც წვრილ მარნებს დიდადარ სწყალობენ. ერთ–ერთ მაღაზიაში მითხრეს – აქ ერთდა ორბოთლს არავინ დაგადებინებთ, მთელი დახლი უნდა აიღოთო.
შესაძლოა, სხვა გამოცდილებაც არსებობს, რაც პირადად, ძალიან მჭირდება, თორემ ასე წვრილი მარნების განვითარების იმედი ნუ გვექნება“.
ამ კალკულაციის შემდეგ გასაგები ხდება, რატომ ყიდიან გლეხები ყურძენს მიზერულ ფასში და რატომ არ ვითარდება ოჯახური მეღვინეობა. რეზო გეთიაშვილის თქმით, კარგი მოსავლის პირობებში ყურძნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ხარჯებს ფარავს. პირადად მისი ოჯახი ნახევარ ჰექტარზე მეტი ვენახიდან ყურძნის დიდი ნაწილის გაყიდვით მთელი წლის ხარჯებს ისტუმრებს, დარჩენილი ნაწილით კი ღვინოს აყენებს და ეს ღვინო ოჯახს ერთი წლის განმავლობაში ყოფნის.
ალბათ, სწორედ ეს ღვინო რჩება კახელ კაცს იმედად, რის გამოც იგი ვაზის გაჩეხვისგან თავს იკავებს.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი