Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი რაჭა-ლეჩხუმში – მოსალოდნელი ლპობის ქრონიკა

ალეკო ცქიტიშვილი

რაჭველი და ლეჩხუმელი მევენახეები წელს გულგატეხილები არიან – რთველმა მათი მოლოდინი არ გაამართლა. ზაფხულის გვალვებისა და შემოდგომის წვიმების მიუხედავად, ამ ორ რეგიონში მოსავალი მაინც იმაზე მეტი მოვიდა, ვიდრე ყურძნის პოტენციურ მყიდველებს სჭირდებოდათ. ბოლოს მევენახე გლეხები საკუთარ თავთან და ვენახთან მარტონი დარჩნენ. ლეჩხუმის რეგიონის სოფელ ორბელში, რომელიც ყურძნის განსაკუთრებული ჯიშით – ლეჩხუმური ოჯალეშით არის განთქმული, ისინი ჯერ კიდევ ელიან მყიდველს და ყურძენს არ კრეფენ. მყიდველი კი, როგორც ირკვევა, აღარ გამოჩნდება.  

იმერეთის მსგავსად, სახელმწიფო სუბსიდიები წელს არც რაჭა-ლეჩხუმის რთველისთვის ყოფილა გათვალისწინებული. ამან კიდევ უფრო დაამძიმა ამ რეგიონების მევენახეთა მდგომარეობა. ამავე დროს, როგორც ჩანს, წარმატებული რთველი სუბსიდიებზე მეტად ღვინის კომპანიების მარკეტინგულ ინტერესებზეა დამოკიდებული. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გლეხების მოსავლის დაბინავების პრობლემა მარტივი მოქმედებით - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფით წყდებოდა.

როგორც "თელავის ღვინის მარნის" გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ჯავახიშვილმა გვითხრა, სუბსიდირება წელს რომც ყოფილიყო, "თელავის ღვინის მარანი" რაჭა-ლეჩხუმში მაინც იმდენივე ყურძენს შეისყიდდა, რამდენიც სუბსიდირების არარსებობის პირობებში შეიძინეს: "არასოდეს ვყიდულობთ იმაზე მეტს, რაც გვჭირდება. გადაწყვეტილებას ღვინოების ნაშთების მიხედვით ვიღებთ. შარშან, მაგალითად, არც ალექსანდრეული, არც მუჯურეთული და არც ორბელური ოჯალეში არ გვიყიდია. წელს კი რაჭაში გლეხებისგან 20 ტონა ალექსანდრეული და მუჯურეთული შევიძინეთ (1 კგ - 3 ლარად). ასევე შევიძინეთ 10 ტონა ოჯალეში ლეჩხუმში (1 კგ - 1,2 ლარად). სუბსიდირება რომც ყოფილიყო, ამდენივე ყურძენს ვიყიდდით, რადგან უკვე ვიცით, წლიდან წლამდე რამდენი ღვინო სჭირდება ბაზარს და რამდენით უნდა შევავსოთ ჩვენი მარაგი".  

რაჭა-ლეჩხუმში შექმნილი ვითარება კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ დღეისათვის აუცილებელია სახელმწიფოს, კერძო კომპანიებისა და მევენახეების კოორდინირებული თანამშრომლობა, რათა ბოლოს არც ერთი მხარე არ დარჩეს უკმაყოფილო. მევენახე გლეხების დახმარება თუ გვინდა, რთველის სუბსიდირების დღევანდელ მოდელზე უფრო ეფექტური იქნება მათთვის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება და რჩევების მიცემა; პარალელურად - საოჯახო მარნების დაფინანსება, ტრადიციული მეღვინეობისა და ღვინის ტურიზმის განვითარება. საბჭოური ყაიდის მეყურძნეობას ეტაპობრივად, მაგრამ რაც შეიძლება სწრაფად ბოლო უნდა მოეღოს და ქართველი გლეხი დაუბრუნდეს თავის უძველეს საქმიანობას - მეღვინეობას, რაც საკუთარ თავში ვენახების მოვლა-პატრონობასაც მოიცავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხები რთველის სეზონს ყოველ წელს ყურძნის მყიდველის ამაო მოლოდინით ჩაათავებენ.

"ორბელში და მიმდებარე სოფლებში ძალიან დიდი პრობლემაა ოჯალეშის ჩაბარება. მართალია, ყურძნის ეს ჯიში საგვიანოა, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანდება მისი დაკრეფა. გლეხები დღემდე ელიან მყიდველებს. მყიდველი კი არ ჩანს", - ამბობს კომპანია "უსახელაურის ვენახების" მფლობელი, პაატა შარაშენიძე, – "ზუსტად ასევე ელოდნენ თეთრი ყურძნის კლიენტსაც და საბოლოოდ ცხენისწყლის ხეობის ვენახებში თეთრი ყურძენი - ცოლიკოური და წულუკიძის თეთრა დაუკრეფავი დალპა. მხოლოდ მცირე ნაწილი დაიწურა ოჯახებში. ამ უღარიბეს მხარეში გლეხებისთვის ყურძნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ წლევანდელი ზამთარი მათთვის ძნელი გადასატანი იქნება".  

როგორც იმერული რთველის მიმოხილვიდან გაცნობეთ, იმერელმა მევენახეებმა მოსავლის ბაზარში გატანა და წვრილ-წვრილი კერძო კლიენტების მოძებნა მაინც მოახერხეს, დარჩენილი ყურძენი კი სახლში დაწურეს. რაჭა-ლეჩხუმში კი გლეხებს ეს შესაძლებლობაც არ ჰქონიათ. უგზოობისა და შორი მანძილის გამო, ამ მთიან რეგიონებში მცირე პარტია ყურძნის საყიდლად მხოლოდ ღვინის თავგადაკლული გურმანები ადიან.

პაატა შარაშენიძის თქმით, წინა წლებში ლეჩხუმში ყურძენს ღვინის კომპანიები ყიდულობდნენ. თავის მხრივ, ისინი სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობდნენ, რაც მათ გადაწყვეტილებაზე გარკვეულ გავლენას მაინც ახდენდა: "წელს რა მოხდა, არავინ იცის. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღვინის ქარხნებს სახელმწიფო ფინანსურად შეეშველებოდა. ზოგიერთმა კომპანიამ წინასწარ შეიგულა კიდეც ვენახები, მაგრამ როცა გაირკვა, რომ სუბსიდიები აღარ იქნებოდა, ლეჩხუმურ ყურძენზე ინტერესი ერთიანად გაქრა".

პაატა შარაშენიძის ინფორმაციით, ლეჩხუმური ყურძნით სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კომპანიები ინტერესდებოდნენ, მათ შორის - "თელიანი ველი", "ჯი ვი ესი", "თელავის ღვინის მარანი", "მეღვინეობა ხარება" და სხვები. წელს ამ კომპანიებმა, სხვადასხვა მიზეზების გამო, რაჭა-ლეჩხუმის ნედლეულისადმი ნაკლები ინტერესი გამოავლინეს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, როგორც ჩანს, იყო ერთთვიანი გადაუღებელი წვიმა ორივე რეგიონში, რის გამოც ყურძენი ისე დალპა, რომ მზე აღარ უნახავს.

"კარგა ხანს ველოდით მზის გამოსვლას, მაგრამ ბოლოს ყურძენი ვენახში დაგვილპა. არა და არ გამოიდარა. მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი ჩავაბარეთ კერძო კლიენტს და ცოტა სახლისთვის დავწურეთ", - გვითხრა მხცოვანი რაჭველი მევენახის, კოწია რატიანის მეუღლემ. რატიანების ოჯახი ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინის - "ხვანჭკარას" მიკროზონაში, სოფელ ჩორჯოში ცხოვრობს.

შედარებით გაუმართლა მოწონელიძეების ოჯახს სოფელ ბაჯში. "ერთი-ორი დღით ამინდი გამოვიდა და იმ დროს მოვასწარით დაკრეფა. გვალვების გამო ზაფხულში ვენახს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გახმობასაც გადარჩა და მოსავალიც კარგი მოგვცა", - ამბობს ნანული მოწონელიძე სოფელ ბაჯიდან. მათ საოჯახო ვენახში რამდენიმე ჯიშის ყურძენია - ალექსანდრეული, მუჯურეთული, ძველშავი, სურამულა, წულუკიძის თეთრა, საფერავი, რქაწითელი. პარალელურად, მოწონელიძეები გარკვეული ანაზღაურებით ერთ-ერთი მსხვილი მევენახის ვენახებს უვლიდნენ. "ხვანჭკარის" მიკროზონის სოფლებში რამდენიმე ასეთი მსხვილი მევენახეა, რომლებმაც წინა წლებში ალექსანდრეული და მუჯურეთული გააშენეს, მაგრამ რუსული ემბარგოს შემდეგ "ხვანჭკარაზე" შემცირებული მოთხოვნის გამო, ჭარბწარმოების კრიზისი დაუდგათ.

"ჩვენ ვისთანაც ვმუშაობთ, იმ კაცმა რამდენიმე წლის წინ რიონის პირას ალექსანდრეული და მუჯურეთული გააშენა. წელს 4 ტონა დავკრიფეთ, მაგრამ დატვირთული მანქანა უკან დაუბრუნეს – ამდენი ყურძენი არ გვჭირდებაო. ისე შეგვეცოდა ეს კაცი და ყურძენიც, რომ ვიტირეთ. ასე გააშენებინეს ვენახები წინა წლებში ხალხს და ახლა აღარ იბარებენ. გლეხობასაც ძალიან გაგვიჭირდა, რადგან ყურძენი თუ არ გაიყიდა, ხელფასს საიდან მოგვცემენ?!" - ჩივის ნანული მოწონელიძე.

ეს მაგალითიც მეტყველებს, რომ მცირე და საშუალო მევენახეები მარტო ყურძნის ჩაბარებაზე კი არ უნდა იყვნენ ორიენტირებული, არამედ მეღვინეობაშიც უნდა სცადონ ბედი. სახელმწიფომაც ამ საქმეში უნდა გაუწიოს მათ დახმარება. ასეთი მიდგომა მით უფრო საშურია, რომ ყველა წამყვანი კომპანია სხვადასხვა მიკროზონაში საკუთარ ვენახებს აშენებს და მალე სხვა ვენახებიდან ყურძენს საერთოდ აღარ ჩაიბარებენ.

"რაჭა-ლეჩხუმში გლეხებისგან ყურძენი ბოლოს 2005 წელს ჩავიბარეთ. წელს ოყურეშში 700 კგ უსახელოური დავკრიფეთ ჩვენსავე ვენახში, რომელსაც პირველი ნიშანი შარშან ჰქონდა, ახლა კი სრულყოფილი მოსავალი მოგვცა. რაჭაშიც გვაქვს ვენახები, მაგრამ ჯერ ახალშენია და მოსავალს მომდევნო წლებში ველით", - გვითხრა "მეღვინეობა ხარებას" მეღვინემ, ლადო კუბლაშვილმა.

რაღა თქმა უნდა, მკითხველს დააინტერესებს, ყველა პრობლემის მიუხედავად, ვინც წელს რაჭა-ლეჩხუმში ყურძენი დაკრიფა და ღვინო დააყენა, რას გვპირდება სამომავლოდ. "უსახელაურის ვენახების" მფლობელი პაატა შარაშენიძე აცხადებს, რომ მისმა კომპანიამ ყველაფერი იღონა ნედლეულის ხარისხის გადასარჩენად: "წელს 4000-მდე ბოთლ "უსახელაურს" ჩამოვასხამთ. ყველაფერი რომ კარგად ყოფილიყო, ორჯერ მეტ ღვინოს ჩამოვასხამდით. წვიმების გამო მოსავლის დიდი ნაწილი გაგვიფუჭდა. კიდევ კარგი, ბოლოს ამინდი გამოვიდა და რთველიც ჩავატარეთ. ხარისხს რაც შეეხება, ყურძენი ჯერ ვენახებში ავარჩიეთ და მარტო საღი დავკრიფეთ, მერე დაწურვის წინ ხელახლა გადავარჩიეთ. ჩვენი ღვინო მაღალ საფასო სეგმენტს განეკუთვნება და ხარისხს განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით".

საუკეთესო ღვინოებს გვპირდებიან ჩვენი რესპოდენტები "თელავის ღვინის მარნიდან" და "ხარებადან". ცხადია, მათ ნამუშევარს "ღვინის კლუბი" მომავალი წლების დეგუსტაციებზე შეაფასებს. მანამდე კი რაჭველ და ლეჩხუმელ მევენახეებს გამძლეობა ვუსურვოთ. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ პატარა რეგიონში სამი ელიტური ქართული აპელასიონია – ხვანჭკარა და ტვიშის და უსახელოურის ღვინისთვის. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მიკროზონების მომავალი ახლიდან დაიწერება და რაჭასაც და ლეჩხუმსაც დოვლათი არ მოაკლდება, როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ღვინოების მხარეებს ეკადრება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.