Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნაოტარი, კობა ქვაჭრელიშვილი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (5)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

– ჩვენი მამაპაპისეული სახლი 80-იანი წლების დასაწყისში აღვადგინეთ და დავსახლდი ოჯახთან ერთად. ამ სახლს ოდითგანვე ჰქონდა მარანი და ძველისძველი ქვევრებიც. მოგვიანებით აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთ ქვევრს ერეკლე II-ს დროინდელი მეთუნის ბეჭედიც აქვს ქვევრის ტუჩზე. მარანი სრულად 90-იან წლებში აღვადგინეთ და ქვევრებში ღვინის დაყენებაც მალევე განვაახლეთ.

– ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

– სანამ მარანს აღვადგენდით, ძირითადად რქაწითელის ვენახები გვქონდა, მცირე რაოდენობით მწვანე და საფერავიც ერია. 90-იანების მიწურულს ძველი კახური ჯიშების, ქისის და ხიხვის გაშენებაც დავიწყეთ. ალბათ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ამ ჯიშებიდან ღვინის დაყენება და მოგვიანებით მისი ბოთლში ჩამოსხმა დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ საფერავიც მივამატეთ.  დიდი სურვილი გვაქვს, რომ სიმონასეული და კახური მცივანიც გავაშენოთ მომავალში.

– რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

– ჩვენი ვენახები ყვარლის რაიონის სოფელი ჭიკაანის ჩრდილოეთით არის გაშენებული. ეს ნაკვეთები "ნაოტრების" სახელითაა ცნობილი და ქვა-ღორღიანი ნიადაგით გამოირჩევა, სადაც შედარებით მცირე რაოდენობით, მაგრამ ხარისხიანი ყურძენი მოდის. ბოთლში ღვინო პირველად 2012 წელს ჩამოვასხით; ცალკე ქისი და ასევე ქისის, რქაწითელის და ხიხვის ნარევი, ანუ კიუვე (Cuvée). შარშან რქაწითელი და საფერავიც მივუმატეთ ჩამონათვალს.

– გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

– პირველად ჩვენი ღვინის გაყიდვა ღვინო ანდერგრაუნდში, ვინომანიაში და ვინოთეკაში დავიწყეთ. შემდეგ მათ ღვინის სხვა მაღაზიები და ბარები მოჰყვნენ. 

– გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– კი, უკვე გაგვაქვს ჩვენი ღვინო ავსტრიაში, შვეიცარიაში, სლოვენიაში, იაპონიაში, გერმანიასა და აშშ-ში.

– რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

– ტექნიკური თვალსაზრისით, დასახვეწია აგრო-დაზღვევის სისტემა, პრობლემებია იაფ კაპიტალთან ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ ჩვენი მარანი და ვენახები გავაფართოვოთ. ასევე პრობლემაა შესაწამლი პრეპარატების ხარისხი. ზოგადად, ცოდნის დეფიციტია, მომხმარებლებშიც და მეღვინეებშიც. ბოლო წლებში გაიზარდა ენთუზიასტი მეღვინეების რაოდენობა, რომლებიც ძირითადად ნატურალური ქვევრში დაყენებული ღვინის წარმოებით არიან დაინტერესებული. სწორედ ეს განაპირობებს თბილისის ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეთა მუდმივ ზრდასაც. ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუმცა აუცილებელია საჭირო განათლება და პროფესიული გამოცდილება ამ დამწყებმა მეღვინეებმა ტრენინგებით და გამოცდილ მეღვინეებთან ურთიერთობით მიიღონ. ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული ლექცია-სემინარები ამის კარგი მაგალითია.

– თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

– აუცილებელია ცოდნის გაღრმავება, მეღვინისთვის და მომხმარებლებისთვისაც. მეღვინისთვის აუცილებელია ვენახის სიყვარული; როგორც მოგეხსენებათ, კარგი ღვინო მხოლოდ კარგად მოვლილი ვენახიდან დგება, რომელიც წელიწადის ოთხივე დროს ყოველდღიურ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, მეღვინე ვენახში ყოველდღე უნდა შედიოდეს. ქართველი მომხმარებელი კი უფრო მეტად უნდა დავაინტერესოთ ჩვენი მრავალფეროვანი ქართული ჯიშებით და მათგან დაყენებული ღვინოებით, ქვევრის თუ უქვევრო ღვინოებით. ასევე სასურველია, რომ მომხმარებელი ღვინის სმის დროს უფრო მეტ ყურადღებას ღვინის ხარისხს და მის მახასიათებლებს აქცევდეს, ვიდრე მისი დიდი რაოდენობით სმას.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახე–მეღვინეებს?

– დამწყებმა მევენახე–მეღვინეებმა უნდა შეითავისონ, რომ იშრომონ მოთმინებით. ამ საქმეს სჭირდება თავდაუზოგავი შრომა, რომ ჯერ კარგი ყურძენი მოიყვანო და შემდეგ კარგი ღვინო დააყენო. ეს გულისხმობს კარგი სავენახე ნიადაგის შერჩევას, ხარისხიანი ნერგის ჩაყრას. თუ ქვევრის ღვინის ჩამოსხმას აპირებს, კარგი ქვევრების შერჩევას და რაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარია, ქვევრების და ზოგადად მარანის ჰიგიენას. სასურველია გამოცდილ მევენახე-მეღვინეებთან ხშირი ურთიერთობა და კონსულტაციებიც. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!

 © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული