ლევან სეფისკვერაძე
ჰიბრიდული ვაზის საძირეები, რომლებმაც თავის დროზე ქართული მევენახეობა სრულ განადგურებას გადაარჩინა, დღესაც ფართოდ გამოიყენება და თავის დაზღვევის მიზნით, მევენახეთა უმეტესობა ახალშენ ვენახს ჰიბრიდულ საძირეზე, ანუ ე.წ. მწარეზე აშენებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდული (ამერიკული) ვაზი ქართულ მევენახეობას თავის დროზე გადარჩენაში დაეხმარა, დღეს სწორედ ჰიბრიდული ვაზის ჯიშები ითვლება ქართული მევენახეობა–მეღვინეობს ერთ–ერთ ყველაზე დიდ პრობლემად და ეს პრობლემები განსაკუთრებით თავს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში იჩენს ხოლმე.
ჰიბრიდული ყურძენი მიღებულია გენეტიკურად განსხვავებული მშობელი ფორმებისაგან (სახეობა, ჯიში რიგი). წარმოშობის მიხედვით ჰიბრიდი არსებობს სპონტანური – წარმოქმნილი შემთხვევით ბუნებრივი შეჯვარების შედეგად და ხელოვნური – მიღებული მიზანმიმართული შეჯვარებით.
ევროპული კულტურული ჯიშების უმეტესობა წარმოადგენენ ბუნებრივ ჰიბრიდებს. რთული და ხანგრძლივი ევოლუციური პროცესების გავლის შემდეგ ბუნებრივი და ხელოვნური გადარჩევის შედეგად მათ შეიძინეს მთელი რიგი სამრეწველო ნიშნები, რითაც ისინი განსხვავდებიან ბუნებრივი ჰიბრიდებისგან. ჰიბრიდული ყურძნის მთავარი დადებითი მხარე ის არის, რომ მას შეუძლია სხვადასხვა მავნე დაავადებას გაუწიოს წინააღმდეგობა, მაგალითად როგორიცაა ფილოქსერა.
ყურძნის ჰიბრიდიზაციის გზით მიღებულ ჯიშებს, არა აქვს მნიშვნელობა ისინი ევროპაში, აზიაში თუ ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზეა გამოყვანილი, გამოჰყვებათ მშობელთა წყვილის ძლიერი თვისებები. საქართველოშიც გვხვდება ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი, ესენია – ვაქირულა, იზაბელა, დირბულა და ა.შ.. აქედან ყველაზე გავრცელებულია იზაბელა, რომელიც “ადესის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი.
თუკი პრაქტიკურად მთელს დასავლეთ საქართველოში: გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, ლეჩხუმში და სხვა... ჰიბრიდულ ადესას და იზაბელას ადგილობრივი გლეხები ძირითადად საკუთარი მოხმარებისათვის იყენებენ და ამ ჯიშებისგან დაწურული ღვინით დიდი შემოსავლის მიღების იმედი ნაკლებად აქვთ, კახეთში არსებელი ვაზის ჰიბრიდული ჯიში ვაქირულა ხშირად სოციალური უკმაყოფილების მიზეზიც კი გამხდარა. კახელი გლეხების ნაწილი დღემდე ვერ ეგუება იმას, რომ ღვინის კომპანიები რთველის დროს ვაქირულას ჩაბარებისაგან თავს იკავებენ და სოფელი ვაქირი და მისი მიმდებარე რამდენიმე სოფელი შემოდგომობით სოციალური უკმაყოფილების ცენტრებად გვევლინება ხოლმე.
“ჰიბრიდი და მიბრიდი არ ვიცი მე. ჩვეულებრივი ყურძენია ეს ვაქირულა და ღვინოც ძალიან კარი დგება. აბა ერთი ამ მტევნებს შეხედეთ. რა აქვს ამ მტევნებს ქარხნების დასაწუნი? მოიგონებენ ხოლმე რაღაცეებს და გამომივიდნენ ყველა ღვინის მცოდნეები. თუკი ადრე იბარებდნენ ქარხნები ამ ვაქირულას, ვითომ ახლა რატომ არ იბარებენ?“ – ეს სიტყვები კახელ ცირა გუნსაშვილს ეკუთვნის, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა 2012 წლის 20 სექტემბერს ჩაწერა. სამწუხაროდ, ჟურნალისტს ქალბატონი ცირასათვის არ დაუსვამს ჩვენის აზრით უმთავრესი კითხვა: ადრე კონკრეტულად რომელი ღვინის ქარხნები თუ მარნები იბარებდნენ ვაქირულას? ამგვარ ძიებას შესაძლებელია იმ ხალხამდეც კი მივეყვანეთ, რომლებიც ჰიბრიდული ყურძნისგან დაწურულ ღვინოს ცნობილ ქართულ ჯიშებად ასაღებენ და ღვინის ფალსიფიცირებული ეტიკეტებით ასე ყალბდებოდა ქართული ღვინო წლების მანძილზე.
ვაქირულა მართლაც რთული და მნიშვნელოვანი თემაა და კახური რთველის ერთ–ერთ ყველაზე უსიამოვნო და “ბნელ მხარეს“ წარმოადგენს. წლევანდელი რთველი უპრეცედენტოდ მშვიდად ჩატარდა, თუმცა ხელისუფლებამაც უპრეცედენტოდ დიდი ფული დახარჯა და თითქმის ყველა კახელი გლეხი დააკმაყოფილა. მაგრამ ვაქირულას ბედი მაინც გაურკვეველი რჩება. ბევრმა მევენახემ ვაქირულას გაჩეხვა და მათ ადგილზე სხვა, ცნობილი ქართული ვაზის ჯიშების გაშენება დაიწყო. თუმცა, იმის გამო, რომ ჰიბრიდულ ჯიშს ნაკლები შრომა სჭირდება და დაავადებების მიმართ გამძლეა, ბევრ გლეხს ვაქირულა გასაჩეხად ენანება, რადგან უშრომელი მოსავალი (თუნდაც ეს ჰიბრიდული ვაზის მოსავალი იყოს) თავის მხრივ ერთ–ერთი დიდი ცდუნებაა.
თუკი დასავლეთ საქართველოში ადესა და იზაბელა, კახეთში კი ვაქირულა ბობოქრობს, ქართლში ჰიბრიდი სახელად დირბულაა გავრცელებული. დირბულას სახელწოდებას ქარელის რაიონის სოფელ დირბთან მივყავართ, სადაც გაშენებული ვენახების თითქმის 100%–ს სწორედ ეს წითელყურძნიანი წვრილმარცვალა ჰიბრიდული ვაზის ჯიში წარმოადგენს. დირბულა მთლიანად მოდებულია ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის რაიონებს. იგი ასევე გვხვდება გორის რაიონშიც. მთელს შიდა ქართლში გამონაკლისი მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებია, სადაც ზოგადად ჰიბრიდული ჯიშები ძალიან ცოტაა.
თენგიზ ლურსმანაშვილი: “ქარელის რაიონში, ნახევარ ჰექტარზე გვაქვს მე და ჩემს ძმას დირბულა გაშენებული. ღვინოც ძალიან მომწონს და ყურძენიც. ვერ ვხვდები რას უწუნებთ ამ დირბულას. ჩვენსკენ მაღლობ ადგილებზე მარტო ეს ჯიში ხარობს კარგად და დირბულათი უკმაყოფილო კაცი მე არ მინახავს.
– ქარელის მუნიციპალიტეტში დირბულას გარდა გორული მწვანე და თავკვერიც აქვს ხალხს გაშენებული. ანუ გამოდის რომ, თქვენსკენ სხვა, უფრო კარგი ჯიშებიც ხარობს...
– თუ მოინდომებ, შეიძლება ბანანიც კი გაახარო საქართველოში კაცმა, მაგრამ ასეთი წვალებით გაშენებულ ყურძენს რა აზრი აქვს? საშუალება რომ იყოს, ბევრნაირი ჯიშის გაშენებას რა სჯობია, მაგრამ ჩვენს სოფელში ახალი ვენახების გაშენების შესაძლებლობა თითქმის არავის აქვს.
– როგორც ვიცი, ადრე დირბულას ღვინოს ხაშურის ბაზარშიც ყიდდი...
– ახლაც გავყიდდი ადრინდელივით კარგი მოსავალი რომ მომდიოდეს, მაგრამ ახლა რაც მოდის, ჩემს ოჯახს ძლივს ყოფნის. დაბერდა ვენახი და ბევრი ძირი გახმა. მათ ადგილზე ახალი ვაზის ჩაყრას კი ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. თუმცა მომავალში მინდა, რომ განვაახლო ვენახი“.
მხოლოდ თენგიზ ლურსმანაშვილის ქართლურ სიჯიუტეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ იმას, რომ საქართველოში ჰიბრიდის, ანუ უწამლი ვაზის კულტი გაჩნდა. თუკი ვაზს შეწამვლა და შესაბამისად ბევრი შრომა არ სჭირდება, ეს ბევრი ქართველი გლეხისათვის უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამას გარდა, ხალხში გაჩნდა ცრუ მითი ჰიბრიდული ვაზისგან დაწურული ღვინის განსაკუთრებულობაზე და დღეს ბევრი გურული ან მეგრელი გლეხი ადესაზე, იგივე იზაბელაზე აუგის თქმას პიროვნულ შეურაწყოფადაც კი იღებს.
და მაინც, რა არის ეს იზაბელა ისეთი, რომ პრაქტიკულად მთელს დასავლეთ საქართველოს მოედო... იზაბელა არის ბუნებრივი ჰიბრიდი, რომელიც ნაპოვნია სამხრეთ კაროლინის შტატში უილიამ პრაისის მიერ, ვინაც, თავისი მეგობრის ცოლის, ვინმე იზაბელა გიბსის პატივსაცემად, იზაბელა დაარქვა. კულტურაში შეტანილია 1816 წელს უილიამ პრინსემის მიერ. ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.
ევროპაში იზაბელა გავრცელდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან (1820 წ.). საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ასევე საქართველოში, კერძოდ დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში – სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და აფხაზეთში. იზაბელა ასევე ცნობილია ,,ადესის“ სახელწოდებით. აღნიშნულ მხარეში თავისი განვითარებისათვის ჯიშმა ჰპოვა ხელშემწყობი პირობები, განსაკუთრებით ფილოქსერის მიერ ადგილობრივ ვაზის ჯიშთა განადგურების შემდეგ. იზაბელა გამოირჩევა ყინვაგამძლეობით, სოკოსა და ფილოქსერასადმი მდგრადობით, რამაც ხელი შეუწყო მის გავრცელებას.
ელდარ გაგუა, სამტრედიის მკვიდრი: “ჩემს სოფელში, რომელიც სამტრედიასთან ახლოს მდებარეობს, ვენახებში (როგორც ხეივნად, ისე ჩვეულებრივ დაბლარ ვენახად) უმეტესწილად ადესაა გაშენებული. დასავლეთში, მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ცივი და ნესტიანი ზამთარი იცის და ყინვას ეს ჯიში ძალიან კარგად უძლებს. ჩემს ბევრ მეგობარს უყვარს ადესას ღვინო და სამტრედიაში ხშირად გაიგებთ, რომ ზამთარში, შეციებულზე, ბუხრისპირას ადესის სმას არაფერი სჯობსო. ამ ხალხის კულტურაში ადესა უკვე იმდენად არის ფესვგადგმული, რომ დასახელებასაც აღარ აქცევენ ყურადღებას და ქართული წარმოშობის ჯიში ჰგონიათ. არადა, როგორც ვიცი, ამერიკული ჯიშია და ადესა იმიტომ ქვია, რომ თავის დროზე ოდესის პორტიდან შემოიტანეს“.
საქართველოში, გარდა ღვინის კომპანიებისა, უპირველეს ყოვლისა არსებობს ოჯახური ღვინის წარმოების ტრადიცია, რომელიც სტატისტიკურად ზუსტად არ აღირიცხება და საკმაოდ დიდ მოცულობას აღწევს ღვინის მთლიანი წარმოების მოცულობაში. მარკეტოლოგების აზრით, ქართული მეღვინეობის ორიენტაციას შიდა ბაზარზე აფერხებს, ერთი მხრივ, ოჯახური ღვინის წარმოების ტრადიცია და, მეორე მხრივ, ე.წ. “პიკეტი“, ანუ ხელოვნური ღვინო. ორივე სახის სასმელის მოხმარება საქართველოში საკმაოდ დიდი მასშტაბით ხდება და შეადგენს ადგილობრივი ბაზრის დიდ სეგმენტს. ბევრი პატიოსანი მეღვინე დღემდე ითხოვს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მუშაობის გააქტიურების შედეგად შემცირდეს ჰიბრიდული ან ხელოვნური ე.წ. “ღვინის“ გაყიდვა, რაც ადგილობრივ ბაზარზე გზას გაუხსნის ნატურალური ღვინის რეალიზაციას. ამ მომენტისთვის სექტორის მოსამზადებლად საჭიროა ჩამოსასხმელი ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის დახვეწა და სარეალიზაციო ქსელის გაფართოვება.
ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი: “ჰიბრიდული ჯიშები მიღებულია სახეობათშორისი შეჯვარების შედეგად. ეს შეჯვარება ზოგ შემთხვევაში მოხდა ვინიფერას კულტურულ ჯიშებთან. ჰიბრიდების გავლენა ქართულ მეღვინეობა და მევენახეობაზე საკმაოდ დიდია და ვაქირულას, ჰიბრიდულას, ქიწნურას, დირბულას, ფრანგულასა და სხვა ჰიბრიდული ჯიშების სამეურნეო მაჩვენებელი მეღვინეობის კუთხით ძალიან დაბალია. აქვს არასასურველი გემო და ხარისხოვანი მეღვინეობის კუთხით არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. ამ ჯიშების მთავარი პლიუსი არის დაავადებებისადმი გამძლეობა და ამის გამო მოიკიდა ფეხი როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. გამოსავალი ისაა, რომ ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი გამოყენებული უნდა იქნას საბრენდო სპირტებისა და ზოგადად სპირტების დასამზადებლად. ესეც უკიდურეს შემთხვევაში..“.
ალბათ არავინ დავობს იმაზე, რომ ადამიანი მევენახეობის საქმეში (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ სფეროში) არჩევანში თავისუფალი უნდა იყოს და თავად წყვეტდეს როგორი ჯიშების გაშენება ურჩევნია. ალბათ ისიც ცხადია, რომ ჰიბრიდული ყურძნის მოხმარება ბევრ რამეში (კომპოტებში, მურაბებში, თათარად, ჩურჩხელად, ლიმონათის ესენციისათვის და სხვა...) შეიძლება და გონიერი ადამიანი ჰიბრიდულ ყურძენსაც კარგად გამოიყენებს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში არსებული ჰიბრიდული ვაზის განსაკუთრებული სიმრავლე ქართულ მევენახეობა და მეღვინეობას ნამდვილად არ წაადგება და ნაკლები შრომა ბედნიერებას ნამდვილად არ ნიშნავს!
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი