ლევან სეფისკვერაძე
ჩვენში ხშირად მოისმენთ შორსმიმავალ დასკვნებს, რომ თითქოს საქართველოს შავიზღვისპირეთში საღვინე ვაზის ჯიშები არ ხარობს და კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთი ტერიტორია მევენახეობისათვის გამოუსადეგარია. ამ შეხედულებას პირველ რიგში აფხაზური ვაზის ჯიშების სიმრავლე აბათილებს. როგორც ცნობილია აფხაზეთში 30-მდე ვაზის ადგილობრივი ჯიში არსებობდა და ამ მხარეში ღვინოს ჯერ კიდევ ძველი კოლხეთის ეპოქიდან მოყოლებული აყენებდნენ.
აფხაზური ვაზის ჯიშებს შორის ფლანგმანად ავასირხვა ითვლებოდა, რომლისგანაც თეთრი მშრალი, თეთრი ტკბილი და ცქრიალა ღვინოების დამზადებაა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც აფხაზეთი ცნობილ საკურორტო რეგიონად იქნა აღიარებული, სოხუმის წვენის ქარხნებმა ამ ჯიშის ყურძნისგან გაზირებული ტკბილი უალკოჰოლო წვენების წარმოებაც დაიწყეს და ადგილობრივ სასტუმროებში ავასირხვას უალკოჰოლო წვენები დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ვაზის ჯიშის სახელწოდება - “ავასირხვა” მეცნიერებში და ამპელოგრაფებში დღემდე კამათის საგანია. ჯიშის სახელწოდების ენობრივი ანალიზის კვლევით, გასული საუკუნის 30-იან წლებში, მეცნიერი კ. მაჭავარიანი ვარაუდობდა, რომ აფხაზეთში არის ინალიფების გვარის კუთვნილი შემაღლებული ადგილი სახელწოდებით “ვასა”, შესაბამისად, ”ავასირხვა(ვიჟი)” ნიშნავს ვაზს, რომელიც მთა “ვასაზე” იყო გაშენებული. პროფესიით ეკონომისტი, ტ. ტარკალი კი განმარტავდა, რომ ”ავასა” აფხაზურად ცხვარს ჰქვია, “ახვა” კი მთის მწვერვალს ნიშნავს. შესაბამისად, ეს ადამიანი ასკვნიდა, რომ ავასირხვა მთის საძოვრებიდან წამოღებული ჯიშია და ჯიშმა ეს სახელწოდება მთიდან წამოღების, ანუ გაკულტურების შემდეგ მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ავასირხვა აფხაზეთში ადგილობრივი ვაზის წამყვან ჯიშად ითვლება, მისი ფართობები შემაშფოთებლად მცირეა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯიში დღეს ფაქტობრივად მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებშია შემორჩენილი. ათწლეულების წინ, როდესაც საქართველოში ვენახების საერთო აღწერა ჩატარდა, ავასირხვას ჯიშის ვაზისგან გაშენებული ვენახების ფართობი სულ რამდენიმე ჰექტარს შეადგენდა. დღეს კი კონკრეტულ აფხაზურ ოჯახებში ცალკეული ნიმუშების სახითღაა შემორჩენილი.
ავასირხვას ფუძე აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში, გუდაუთის, სოხუმისა და გაგრის რაიონებში უნდა ვეძებოთ, სადაც კირნარ და ქვათიხნარ ნიადაგიან ფერდობებზე ავასირხვა განსაკუთრებულ თვისებებს ავლენს. ადგილობრივები ამ ჯიშს, როგორც წესი, მაღლარად აშენებდნენ. ავასირხვა განსაკუთრებით კარგად, გუდაუთის რაიონის სოფლებში: ნაფცხეში, ახალ სოფელში, აჭანდარასა და დურიპში ხარობდა. როგორც ამპელოგრაფები ირწმუნებიან, ავასირხვა ზემოთაღნიშნულ სოფლებში საუკუნეების მანძილზე ე.წ. ერთიანი ნარგავების სახით იყო გაშენებული. ადგილობრივი გლეხები საუკუნენახევრის წინ საქართველოში შემოჭრილ სოკოვან დაავადებებს მოუმზადებლები შეხვდნენ და ე.წ. მწარე საძირეზე ვაზის გადამყნობა მაშინ დაიწყეს, როდესაც ვენახების აბსოლუტური უმრავლესობა უკვე თითქმის ბოლომდე იყო განადგურებული. მიუხედავად ამისა, შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ავასირხვას სხვა დასავლურქართული ვაზის ჯიშებისაგან განსხვავებით, ჭრაქისა და ნაცრის მიმართ უფრო კარგი გამძლეობა აქვს და მთლიანობაში, ამ ჯიშს დაავადებების მიმართ სუსტ ვაზად ნამდვილად ვერ ჩავთვლით. ავასირხვა ასევე კარგად იტანს ნესტიან ჰავას და ნოტიო ნიადაგსაც, რაც ჯიშის ადგილობრივმა კლიმატთან საუკუნეების მანძილზე შეგუებამ განაპირობა.
გასაგები მიზეზების გამო, აფხაზ მევანახეებთან კონტაქტი ვერ ხერხდება. ავასირხვას ჯიშზე მუშაობისას, გადავწყვიტეთ ინტერნეტით გვესარგებლა და რამდენადაც რეალობამ ამის შესაძლებლობა მოგვცა, რამდენიმე აფხაზი გამოვკითხეთ. სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ინტერნეტით გამოკითხული აფხაზების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ან მხოლოდ გადმოცემით იცის ამ ჯიშის არსებობის შესახებ, ან საერთოდ არაფერი სმენიათ ავასირხვაზე. ამჟამად მოსკოვში მცხოვრებმა, წარმოშობით გაგრელმა ოლეგ დ-მ (საკუთარი გვარის გამხელა არ ისურვა) გვითხრა, რომ მამამისს აფხაზეთში ადესა და ცოლიკოური აქვს გაშენებული. ავასირხვას შესახებ ადრე, ბავშვობაში სმენია, თუმცა თავად ეს ჯიში არასოდეს უნახავს. გუდაუთელმა ელენმა კი გვითხრა, რომ ორი წლის წინ, სოხუმის ერთ-ერთ მაღაზიაში მისმა მეუღლემ პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული ავასირხვა შეიძინა, რომელიც გემოთი ტკბილი ღვინო იყო და განსაკუთრებული შთაბეჭდლება არ დაუტოვებია.
უცნაურია, მაგრამ მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნებით, ავასირხვა აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან უფრო ახლოს დგას, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ჯიშებთან. ავასირხვას მტევანი კი, გარეგნულად ძალიან ჰგავს რქაწითელის მტევანს. თუმცა ეს მსგავსებები ვიზუალურ და მორფოლოგიურ მსგავსებას არ ცდება.
ავასირხვა საშუალო მოსავლიანობის მქონე ვაზის ჯიშია და როგორც ამ ჯიშზე დაკვირვებებმა აჩვენა, კარგი მოსავლის პირობებში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 5-8 ტონა ყურძნის მიღებაა შესაძლებელი. საბჭოთა ამპელოგრაფები ავასირხვას გაშენების მსურველ აფხაზეთის კოლმეურნეობებს, ჯიშის მოსავლიანობის ხელოვნარად გაზრდას ურჩევდნენ. თუმცა, სამწუხაროდ ბევრს არაფერს ამბობდნენ იმაზე, რომ მოსავლიანობის ხელოვნურად გაზრდა ყურძნის და შემდეგში ღვინის ხარისხზე აუცილებლად უარყოფითად აისახებოდა.
ამპელოგრაფი და მეღვინეობა-მევენახების სპეციალისტი ვაჟა გოცირიძე, აფხაზეთში ათწლეულების მანძილზე მუშაობდა და იკვლევდა ადგილობრივ ვაზის ჯიშებს. მან თავის კოლეგებთან ერთად არაერთი აფხაზური აბორიგენული ვაზის ჯიშის მოძიება და გადარჩენა შეძლო. ბატონი ვაჟა ავასირხვას წარმოშობის შესახებ სრულიად განსხვავებულ მოსაზრებას გვთავაზობს და აცხადებს, რომ სახელი ”ავასირხვა” ერთ-ერთი ძველი აფხაზური სოფლის სახელწოდებიდან მოდის.
ვაჟა გოცირიძე, ამპელოგრაფი: ”ამასწინათ ერთ-ერთი ჩვენი ისტორიკოსი წერდა, რომ თითქოს აფხაზებს არა აქვთ საკუთარი ვაზის ჯიშები. მინდა გითხრათ, რომ ეს არის დიდი ტყუილი და არ უნდა დაიჯეროთ. დიახ, აფხაზებს აქვთ აბორიგენული აფხაზური ვაზის 30-მდე ჯიში და მათ შორის გამორჩეულია თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, ავასირხვა. აფხაზეთში არსებობს ღვინის მოხმარების მაღალი კულტურა და ავასირხვა შედის კოლხეთის ჯიშთა წარმოქმნის კერაში. აფხაზებს საკუთარი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ვაზის ჯიშების შექმნაში.
ავასირხვა სახელი სოფელ ავასირხვადან წარმოსდგება. ჯიში იძლევა მაღალხარისხოვან თეთრ ღვინოს და იგი თავის დროზე გავრცელებული იყო მთელს აფხაზეთში. საბჭოთა კავშირის პერიოდში, მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის თანამშრომლების მუშაობის შედეგად, ეს ჯიში დარაიონდა. ჩვენ შევისწავლეთ სამეურნეო-ტექნიკური თვისებები სხვა ჯიშებთან შედარებით და ავასირხვამ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა ქართული ვაზის გენოფონდში. ავასირხვასგან თავისუფლად შეიძლება სამარკო ღვინის წარმოებაც.
ჩვენ გავაშენეთ სადედე ნაკვეთები და იმედი გვქონდა, რომ სამეურნეო წარმოებაში ფართოდ გავრცელდებოდა. ბოლო წლებში, ომის შემდეგ მომიწია აფხაზეთში წასვლა და სამწუხაროდ, ვერც ერთი ძირი ავასირხვა ვერ ვიპოვნეთ. ამიტომ, ჩვენი კოლექციიდან რამდენიმე წლის წინ, აფხაზ კოლეგებს 15 აფხაზური ვაზის ჯიშის ნერგები გადავეცით. მათ შორის ავასირხვაც. სამწუხაროა, რომ აფხაზეთში ამ ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინო დღეს პრაქტიკულად არ იწარმოება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი უკვე აფხაზეთში ჩასვლასაც ვეღარ ვახერხებ, რომ ჩვენს მიერ აფხაზი მეგობრებისათვის გადაცემული ნერგების მდგომარეობა ვნახო და გავიგო”.
საუკუნეების წინ, სანამ ზოგადად მსოფლიოში ღვინო ტექნოლოგიურად დაიხვეწებოდა, ავასირხვას გვიან შემოდგომაზე კრეფდნენ და ძველკოლხური ტიპის მოტკბო, სქელ ღვინოებს აყენებდნენ. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი, სოხუმის ღვინის ქარხანაში ავასირხვასგან თეთრი სუფრის ღვინოები მზადდებოდა და ხშირ შემთხვევაში ცოლიკოურთან აკუპაჟებდნენ. სხვათა შორის, ცოლიკოური ჰიმბრიდული ადესას შემდეგ, აფხაზეთში დღემდე რაოდენობრივად ყველაზე ფართოდაა გაშენებული. განსაკუთრებით გალისა და ოჩამჩირის რაიონებში.
ავასირხვას ღვინო გამორჩეულია იმითაც, რომ ნაადრევად ძველდება. დაახლოებით ორი წლის ღვინო, უკვე ძლიერ ბუკეტს იკეთებს და ორი წლის ღვინის კვალობაზე, როგორც ვიზუალურად, ასევე სურნელებითა და გემოთი, ბევრად ძველ ღვინოდ გამოიყურება. ამპელოგრაფები ავასირხვას ღვინის ასეთ თვისებებს ჯიშის უნიკალურობითა და გამორჩეულობით ხსნიან.
ავასირხვა შესანიშნავია სასუფრე ყურძნადაც. მისი მარცვლები მკვრივია და გამორჩეულად ლპობაგამძლეა. როგორც აფხაზეთიდან დევნილი, იოსებ ბელქანია ამბობს, აფხაზეთში ცხოვრების დროს, სათანადო პირობებში შენახული ავასირხვას და მეორე აფხაზურ ვაზის აბორიგენულ ჯიშის ყურძენს – წითელმტევნიან ამლახუს წინასწარ შერჩეულ ჩხებს შობისა და ახალი წლის დღესაწაულებამდე ინახავდნენ.
ქართული ღვინის ბაზარზე ავასირხვას ღვინო ფაქტობრივად არ არსებობს. მხოლოდ ღვინის კომპანიების მიერ წარმოებულ ბოთლირებული სახის ღვინოზეც არ არის საუბარი... გლეხის მიერ დაყენებული ავასირხვას შოვნა თბილისში კი არა, სოხუმშიც ძალზედ რთული საქმეა. ქართველი ღვინის მოყვარულების მეხსიერებიდან თანდათან ქრება უძველესი აფხაზური ვაზის ჯიშები და ამ ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები. მომავლის იმედს მხოლოდ ის გვაძლევს, რომ ჯიღაურას საცდელ-საკოლექციო ვენახებში დღემდე არსებობს ავასირხვას ვაზის ნიმუშები და ჯიშის საერთოდ გაქრობის საშიშროება ამ ეტაპზე საბედნიეროდ ჯერჯერობით არ არსებობს.
ღვინო და მეღვინეობა ის ფენომენია, სადაც პოლიტიკას დიდი გასაქანი არასოდეს ჰქონია. კარგი ღვინო ყველა ადამიანს უყვარს და ღვინის სიყვარულს ვერც ბლოკპოსტები შეაფერხებს და ვერც მავთულხლართები. ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოებაც იმედია სწორედ ღვინით, უპირველესად კი ავასირხვათი უნდა დაიწყოს!
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი