Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო დედაქალაქსა და რეგიონებში

ქეთო ნინიძე

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მეღვინეობის ინდუსტრიაში გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი, როგორც წესი, ექსპორტზე მოდის, თუმცა, საგარეო ვაჭრობის გვერდით, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს ქმნის ლოკალური ბაზარიც. შიდა გაყიდვების დინამიკა დამოკიდებულია ადგილობრივი მომხმარებლებისა და უცხოელი ტურისტების მოთხოვნაზე, ეს უკანასკნელი კი დღესდღეობით მსოფლიოში ღვინის ტურიზმის განვითარების პირდაპირპროპორციულად იზრდება. როგორც „ღვინის დიდი ქალაქების გლობალური ქსელის“ (Great Wine Capitals Global Network) 2013 წლის კვლევა ცხადყოფს, ტურისტული ღონისძიებები ღვინის ბიზნესს მნიშვნელოვან ბენეფიტებს სთავაზობს. 

ღვინის შიდა გაყიდვების წარმატებულ მაგალითს ქმნის ხორვატია, სადაც წარმოება, თითქმის, მთლიანად შიდა ბაზრის მოთხოვნაზეა ორიენტირებული. მართალია, ხორვატია, საქართველოსგან განსხვავებით, უკანასკნელი წლების არაერთი სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში ღვინის მომხმარებელი ქვეყნების ათეულში მოიაზრება, საქართველოს აქვს შიდა ბაზრის განვითარების სხვა პერსპექტივა, რაც, უპირველეს ყოვლისა, ენოტურიზმის აღორძინებაში მდგომარეობს. 

საინტერესოა, როგორ პასუხობს საქართველოში მეღვინეობის სფერო ღვინის ადგილობრივი მომხმარებლებისა და უცხოელი ტურისტების მოთხოვნებს იმ ფონზე, როცა ქართული ღვინისადმი ინტერესი მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება. ამ შემთხვევაში ყურადღებას შევაჩერებთ ღვინის ობიექტებზე, რომლებიც მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით სთავაზობს ღვინოს - საწარმოში / მარანში პირდაპირი გაყიდვის გზით, სპეციალიზებულ კაფე-ბარებსა და ღვინის რესტორნებში, ან გარკვეული სახის ტურისტულ აქტივობებზე პროდუქტის მიწოდების საშუალებით. 

თბილისი, საქართველოს სხვა ქალაქებთან შედარებით, მართლაც, გამორჩეულია ღვინის სპეციალიზებული ობიექტების რაოდენობითა და ხარისხით. ამ თვალსაზრისით დედაქალაქის ცენტრად შეიძლება მოვიაზროთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი, სადაც წარმოდგენილია როგორც ღვინის კომპანიების (შატო მუხრანი, მეღვინეობა ხარება, შატო მანავი, შატო თელავი, ენისელი, შუმი, შუხმანი, მილდიანი) -  საფირმო ობიექტები, ასევე, დამოუკიდებელი მაღაზიები: Georgian Accent, ალკორუმი, ღვინის სახლი, ვინომანია, ვინოთეკა, ძველი ხიდი, დივაინი, რთველი და სხვ.; ღვინის ბარები: Wine Shop and Bar Mukuzani, კონკა, VINOGROUND და სხვ. ნატურალური ღვინის სპეციალური ბარ-რესტორნები - Vino Underground, აზარფეშა, Organique; ღვინოზე ორიენტირებული სასტუმრო Vinotel. აღნიშნული ობიექტები ღვინის მოყვარულებს პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანსა და მაღალი კლასის მომსახურებას სთავაზობს. ღვინის მაღაზიებისა და ბარების მნიშვნელოვან ნაწილს შეხვდებით თბილისის ცენტრალური უბნების მიღმაც  („ღვინის გალერეა“ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, Shabo Georgia ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ალკორიუმის მაღაზიათა ქსელი ვაჟა-ფშაველას გამზირსა და  ვეკუას ქუჩაზე, „ძველი მარანი“  ნუცუბიძის ქუჩაზე, ბარ-რესტორანი „ტერასა“ - წერეთლის გამზირზე და სხვ.). 

ღვინის მაღაზიების, ბარ-რესტორნებისა და საწარმოების უმეტესობა (50 ობიექტი) დედაქალაქში იყრის თავს, ობიექტების რაოდენობის მიხედვით თბილისის მომდევნო პოზიციებს იკავებს თელავი (და მისი შემოგარენი) (11 ობიექტი), მცხეთა (7 ობიექტი) და ბათუმი (6 ობიექტი), ახალციხე (2 ობიექტი), თერჯოლის მუნიციპალიტეტი (1 ობიექტი). წარმატებულ პროექტების უმეტესობა აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ქართლისა და კახეთის რეგიონებშია წარმოდგენილი კერძო კომპანიების ბრენდული ობიექტებისა და მცირე საოჯახო მარნების სახით. 

კახეთის მხარეში წარმოდგენილია ღვინის სპეციალიზებული ობიექტების მრავალფეროვნება - კომპანია „შუხმანის“კომპლექსი კისისხევში, „ვინივერიას“ მასშტაბური პროექტი - „შატო მერე“ ქ. თელავის მიმდებარედ და „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ „ველისციხის ვერანდა“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ქ. თელავსა და მის სიახლოეს შეხვდებით კომპანიების - „თელიანი ველი“, GWS, „თელავის მარანი“, „კახური“, „შუმი“ და „კახეთის მეღვინეთა გილდიის“ სპეციალიზებულ ობიექტებსაც. ყვარლის მუნიციპალიტეტში კი - კომპანიების - „ქინძმარაულის მარანი“, კორპორაცია „ქინძმარაული“ ღვინის საწარმოებს, რომლებიც მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს სთავაზობს ვიზიტორებს. გარეკახეთში წარმოდგენილია  სასტუმრო „ამბასადორი“, რომელიც საინტერესო ეთნოგრაფიულ კუთხესა და ღვინის გარკვეულ არჩევანს გვთავაზობს. 

წარმატებულ პროექტებს შორის, ასევე, გამოირჩევა „მეღვინეობა ხარებას“ ყვარლის „გვირაბი“, „ხოხბის ცრემლების“ საწარმო და მარანი, რომელიც ქ. სიღნაღში მდებარეობს, თუმცა იგი მსურველებს ღვინის ტურს მთელი საქართველოს მასშტაბითაც სთავაზობს. აღსანიშნავია ალავერდის მონასტრის მარანი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც მსურველები დააგემოვნებენ და შეიძენენ ბერების მიერ დაყენებულ მონასტრის ღვინოს. 

ქართლის რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანია „შატო მუხრანის“ ენოტურისტული კერა, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის გარემოში - ივანე მუხრან-ბატონის სასახლეში სტუმრებს მრავალფეროვან მომსახურებათა პაკეტებს სთავაზობს. გარდა ამისა, ქართლის მხარეში, კონკრეტულად კი - ქ. მცხეთაში წარმოდგენილია ღვინის რამდენიმე სპეციალიზებული ობიექტი - „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ „ქართული ღვინის პალატა“, „მეღვინეობა ხარებისა“  და „მილდიანის“  საფირმო მაღაზები და სხვ. საოჯახო საწარმოებიდან ყურადღებას იმსახურებს იაგოს მარანი, მცხეთის მიმდებარედ, სოფ. ჩარდახში, რომელმაც უკვე სახელი გაითქვა მსოფლიოს მასშტაბით და დღესდღეობით ტურისტების საკმაოდ დიდ რაოდენობას მასპინძლობს. 

ღვინის მაღაზიებისა და საწარმოების გარკვეული ნაწილი წარმოდგენილია ქ. ბათუმშიც („ენისელი-ბაგრატიონის“, „მეღვინეობა ხარებასა“ და „ქინძმარაულის მარნის“ ღვინის მაღაზიები), აგრეთვე ახალციხეში, რაბათის ტურისტული კომპლექსის ტერიტორიაზე („კახური ტრადიციული მეღვინეობისა“ და „მესხური ბრენდის“ ღვინის მაღაზიები). 

აღსანიშნავია, რომ ისეთი ტურისტული დანიშნულების ქალაქებში, როგორებიცაა: მესტია, ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ვანი და სხვ. - არც ერთი ღვინის სპეციალიზებული რესტორანი, კაფე-ბარი, ან მაღაზია არ არის წარმოდგენილი. მოთხოვნა-მიწოდების ამ ხარვეზს საქართველოს მუნიციპალურ ცენტრებსა და დიდ ქალაქებში მხოლოდ საოჯახო მარნების არსებობა თუ შეავსებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საოჯახო ტიპის მარნების უმრავლესობა, ამ ეტაპზე, დიდ ტურისტულ ნაკადებს ვერ დააკმაყოფილებს. 

იგივე პრობლემა იჩენს თავს საქართველოს კურორტებზეც – ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში და სხვ. აქ რთულად საპოვნელია ღვინის მაღალი კლასის ობიექტი, ხარისხიანი პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანითა და კვალიფიცირებული კონსულტანტებით.

მნიშვნელოვანია, რომ წელს ტურისტულ სეზონს ღვინის მსხვილი კომპანიები და მცირე მეწარმეები მომზადებულები შეხვდნენ - უზრუნველყონ როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ღვინის სპეციალურ ობიექტებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე,  ადეკვატურად უპასუხონ საქართველოში ენოტურიზმის აქტუალურ გამოწვევებს. ამისთვის აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი თანამედროვე ტიპის ღვინის მაღაზია და ბარი გაჩნდეს საქართველოს სხვადასხვა მხარეში, განსაკუთრებით კი ტურისტულად დატვირთულ ქალაქებსა და სოფლებში.

საქართველოს ღვინის მაღაზიებისა და ბარების სრული ნუსხა იხილეთ აქ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული