Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რატომ გაჩეხა კახელმა გლეხმა ვენახი და რატომ ენატრება თბილისელ კაცს ღვინო?!

ბადრი გურგენიძე

საოცარი რამ ხდება საქართველოში - სოფლად მევენახეებმა ყურძენი არ იციან, სად წაიღონ; კახეთში, როგორც ამბობენ, ვაზიც კი გაჩეხა ერთ-ერთმა; ქალაქად კი, კაცმა არ იცის, ღვინო სად იშოვოს. როცა ვამბობ ღვინო, იგულისხმება ნამდვილი ღვინო - მხოლოდ ყურძნის წვენი და მეტი არაფერი - ნამდვილი, ალალი, გემრიელი ქართული ღვინო.

უცნაურია, როგორ ახერხებს ქართული მეღვინეობა, როგორც სისტემა, რომ გააიაფოს და განადგურებისაკენ უბიძგოს იმ პროდუქტის ნედლეულს, რომელიც დეფიციტურია იმ ბაზარზე, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე საათის სავალზეა პროდუქტის წარმოშობის ადგილიდან?! ეს ნამდვილი პარადოქსია. ეწინააღმდეგება არა მარტო საბაზრო კანონებს, არამედ უბრალო საღ აზრს. ყველაფერი რომ ჩემს გარშემო არ ხდებოდეს, ამ ამბის დაჯერება ნამდვილად გამიჭირდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რეალობაა და მე შევეცდები, აქ, ამ სტატიაში დაგანახოთ, რომ ღვინო დეფიციტური პროდუქტია საქართველოს ბაზარზე. და, ამასთან, იმის მიზეზებიც დაგანახოთ, თუ რატომ იაფდება ღვინისათვის აუცილებელი ნედლეული - ყურძენი, და მევენახეობა მუდმივ კრიზისში იმყოფება, იმის მაგივრად, რომ ყვაოდეს.

დავიწყებ იქიდან, რომ სხვადასხვა საერთაშორისო წყაროების მიხედვით, მსოფლიოში ღვინის მოხმარების ზრდის უცვლელი ტენდენციაა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ბიზნესი განუწყვეტლივ იზრდება. სხვადასხვა ქვეყანაში ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში (per capita) სხვადასხვაა და ლიდერები ამ მხრივ იტალია და საფრანგეთია, სადაც წელიწადში სულზე დაახლოებით 50 ლ ღვინო მოიხმარება. ისეთი ქვეყნები, როგორიც დანია, ბელგია, გერმანია და დიდი ბრიტანეთია, რომლებიც ძნელად თუ ჩაითვლებიან ღვინის დიდად მოყვარულ ქვეყნებად, დახლოებით 30 ლ ღვინოს მოიხმარენ სულზე. ამასთან, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სულზე მოიხმარენ დაახლოებით 125 ლ ლუდს და 2.5 ლ სპირტიან სასმელს (მოცემულია მაგარ სასმელებში სუფთა სპირტის შემცველობა - LPA). საქართველოსთვის სამწუხაროდ, მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მე ხელი არ მიმიწვდება. ამიტომ შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ პოტენციურად, საქართველოში ღვინის მოხმარება სადღაც იტალია-საფრანგეთსა და ბელგია-დანიას შორის მაინც უნდა მოხვდეს, რაც დაახლოებით 35-40 ლ იქნება სულზე წელიწადში. სხვათა შორის, ეს ციფრი უახლოვდება ღვინის მოხმარებას შვეიცარიისათვის და მეც ავიღებ 35 ლ-ს, როგორც გონივრულ მინიმუმს საქართველოსთვის, და გამოვიყენებ მას როგორც ორიენტირს.

სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს მოსახლეობა ამჟამად დაახლოებით 4.5 მილიონი ადამიანია, თავშენახულობის მიზნით ჩავთვლი, რომ მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონია.

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე რთველი საქართველოში რეკორდული იქნება ბოლო რამდენიმე წლისათვის. ვარაუდობენ, რომ კახეთში 200,000 ტონა ან ცოტა მეტი ყურძენი მოიკრიფება. ასევე თავშენახული ანგარიშისათვის ჩავთვლი, რომ მთლიანად საქართველოში წელს 250,000 ტონა ყურძენი მოიკრიფება, თუმცა რეალურად, ალბათ, ნაკლები იქნება.

ამ დაშვებების შედეგ ძალინ მარტივი ანგარიში გვიჩვენებს, რომ 250,000 ტონა ყურძნისაგან დაახლოებით 125,000,000ლ ღვინო დადგება (ყურძნის წონის 50%). აქედან გამომდინარე, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 31ლ ღვინო იქნება ნაწარმოები.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის მოსავლის თეორიული მაქსიმუმი და მოსახლეობის მინიმალური რაოდენობა იქნა აღებული საანგარიშოდ, ქართული ღვინის დეფიციტი შიდა ბაზარზე მაინც არსებობს (31ლ საჭირო 35ლ-ის ნაცვლად). ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ღვინის ნაწილი კონიაკად უნდა იქცეს, ნაწილი კი, როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ მიდის ექხპორტზე, დეფიციტი უკვე მნიშვნელოვანი ხდება.

ჩემთვის უცნობია, თუ ქართული ღვინის რა ნაწილი გადის უცხო ბაზრებზე. თუ ჩავთვლით, რომ ეს, სულ მცირე, 30% მაინც იქნება, მივიღებთ, რომ სულზე 21ლ ღვინო დაგვრჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ქართული ღვინის მძიმე დეფიციტი იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართულ მეღვინეობას არ გააჩნია ღვინის წარმოების საკმარისი რესურსი საიმისოდ, რომ ადგილობრივი ბაზარიც გააჯეროს და საზღვრებს გარეთაც გაიტანოს, მაშინაც კი, როცა არსებული ვენახებისთვის რეკორდული მოსავალია მიღებული. არსებული რესურსი გაჭირვებით აკმაყოფილებს შიდა ბაზარს. ეს გარემოება ქართული მეღვინეობის ბაზარს ყურძნის გაძვირებისკენ და, როგორც შედეგი, ვენახების მოშენებისაკენ უნდა უბიძგებდეს. სინამდვილეში კი პირიქით ხდება - რატომ..!?

იმისათვის, რომ სრულფასოვანი პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რატომ დაუშვა ბაზარმა ეს პარადოქსი, უფრო დაწვრილებითი ანალიზი და, რაც მთავარია, გაცილებით მეტი ინფორმაციაა საჭირო, ვიდრე მე მიმიწვდება ხელი. თუმცა იმ ინფორმაციით, რომელიც ზედაპირზეა, და ზერელე ანალიზით, რაც მე ამ სტატიაში შემიძლია გავაკეთო, მაინც შეიძლება იმ მთავარი მიზეზების ჩამოყალიბება, რომელიც ხსენებული პარადოქსალური მდგომარეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

პირველი და, ალბათ, ყველაზე მთავარი:

ფალსიფიკაცია

მიუხედავად ბოლო დროის გარკვეული მცდელობებისა, ფალსიფიკაციას კვლავ ტოტალური ხასიათი აქვს. ჩვენი მაღაზიები, მარნები და რესტორნები სავსეა სხვადასხვა დასახელების სითხეებით, რომელთაც ან სულ არა აქვთ არაფერი საერთო ღვინოსთან ან აქვთ ძალიან მცირე. თუმცა მათ ასაღებენ, როგორც ღვინოს და ხშირად საკმაოდ ძვირადაც. ცხადია, ამგვარი ტოტალური ფალსიფიკაციის პირობებში ყურძენი მაინცადამაინც არც არავის სჭირდება. ეს გარემოება ქართული მეღვინეობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ავადმყოფობას ააშკარავებს.

არასწორი მარკეტინგი

ნახსენები ტოტალური ფალსიფიკაცია იწვევს იმას, რომ მომხმარებელი ერიდება ან საერთოდ აღარ ყიდულობს ღვინოს მაღაზიაში, მარანში ან რესტორანში, ან ყიდულობს ძალიან ცოტას, ისიც ძვირიანს იმის იმედით, რომ "...ასეთი ძვირია და ცუდი ხომ არ იქნებაო". თუმცა ეს იმედი ხშირად არ ამართლებს. ჩვენს ყოველდღიურობაში ღვინო თითქმის მთლიანად ჩანაცვლდა ლუდითა და მაგარი სასმელებით. ანუ, ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს ფალსიფიცირების, როგორც ბიზნესის, წარმოების ჯერ კიდევ ურყევი ტრადიცია; მეორეს მხრივ, ეს ფალსიფიცირებული პროდუქტი ვერც შიდა ბაზარზე საღდება და გარეთ გასვლაც უჭირს. მეღვინეობამ ვერ მოახერხა, სუფთა პროდუქტი შეექმნა და გაეტანა ის ბაზარზე, იქ არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ქართული მეღვინეობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ცდილობს გააგრძელოს ათეულ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მახინჯი მარკეტინგით მუშაობა - ანუ, შექმნას ფალსიფიცირებული პროდუქტი და გაასაღოს ის საზღვარგარეთ, ოდესღაც ავტორიტეტული, ქართული ღვინის ბრენდს ამოფარებული. ეს ყოველთვის იყო შეცდომა, რამაც მიიყვანა კიდეც მეღვინეობა იქამდე, სადაც ახლა არის. და მით უმეტეს შეცდომაა დღეს, როცა ქართული ღვინის ავტორიტეტი თითქმის აღარ არსებობს არა მარტო საზღვარგარეთ, არამედ თვით საქართველოშიც კი. საზოგადოება ღვინის გემოს ივიწყებს.

თანამედროვე მარკეტინგი უნდა იყოს სრულიად საპირისპირო - სუფთა პროდუქტი და მთავარი სამიზნე შიდა ბაზარი.

ერთ უბრალო და რეალურ მაგალითს მოვიყვან - რაჭაში ერთ-ერთმა ქარხანამ ვერ მოახერხა გაესაღებინა შარშანდელი მოსავლის ალექსანდრეული (როგორც მითხრეს, ნამდვილი ღვინოა) და ახლა საშუალება არა აქვს, რომ წლევანდელი მოსავალი მიიღოს. როგორც მითხრეს, ელოდებოდნენ კონტრაქტს, თითქოსდა კანადიდან და ამასთან, წუხან, რომ ღვინოს ვერ ასაღებენ. კლასიკური შეცდომაა - ვის რად უნდა ალექსანდრეული კანადაში, თუ ის ჯერ ქართველებმა არ დალიეს, არ შეაფასეს, არ მოიწონეს, არ შეიყვარეს? ვის გაუგონია ფრანგული ღვინო, რომელსაც ფრანგები არ სვამენ...? ხსენებულ ქარხანას რომ სწორი მარკეტინგი ჰქონოდა და შიდა ბაზარზე ემუშავა, არსებულ ღვინოს (თუ ის მართლაც ღვინოა) ძალიან ნორმალური მოგებით მარტო თბილისში გაასაღებდა და ახალ მოსავალსაც სიამოვნებით მიიღებდა - რომელი თქვენგანი იტყოდა უარს ნამდვილი ალექსანდრეულის (ცნობისათვის, ეს იგივე ხვანჭკარაა) დალევაზე.

ქართული მეღვინეობის დღევანდელი უსუსური მარკეტინგი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას აშიშვლებს.

- განათლებისა და ეთიკის დეფიციტი

განათლებისა და ეთიკის დეფიციტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად ქვეყანაში. და არა მარტო მეღვინეობაში. თუმცა, რაც შეეხება მეღვინეობას, ამ დეფიციტით გამოწვეულ პრობლემებს სრულიად დამღუპველი შედეგები მოსდევს. ის, ვინც მეღვინეობის სისტემაში მუშაობს, დაწყებული მევენახიდან, ღვინის გამყიდველით დამთავრებული, არ ფლობს ინფორმაციას და გამოცდილებას თანამედროვე ბიზნესის წარმოების საწყისებზე. ისინი ინერციით ცდილობენ, ისევ ფალსიფიკაცია და ტყუილი დაუდონ საფუძვლად საკუთარ შემოსავალს - ეს გზა, რასაკვირველია, დამღუპველია. კიდევ ერთი უბრალო და რეალური მაგალითი: ერთი-ორი კვირის წინ, ჩემი ახლობლის მეშვეობით, რომელიც კახეთიდანაა, შევეცადე მის სოფელში მომენახა ერთი კარგი მევენახე და მეღვინე გლეხი, რომელსაც ასე 200ლ გლეხურ ღვინოს დავუკვეთდი, რაც, ჩემი ანგარიშით, მთელი წელი უნდა მყოფნოდა. ჩემდა სამწუხაროდ და გასაკვირად, იმ სოფელში (ერთი ჩვეულებრივი კახური სოფელი) კაცი ვერ მირჩიეს, ვისი ნდობაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ ღვინო სუფთად და პატიოსნად დაეყენებინა. ფასის შესახებ საუბრამდე საქმე არც მივიდა, უბრალოდ, წესიერი კაცი ვერ მოინახა. სამწუხაროდ, არსებობს უნდობლობის უფსკრული მეღვინეებსა და მომხმარებლებს შორის, განათლებისა და ეთიკის დეფიციტი კი ამ უფსკრულს კიდევ უფრო აღრმავებს და მის ამოვსებას უიმედოს ხდის.

- უნდობლობა

უნდობლობა მეღვინეებსა და მომხმარებლებს შორის მრავალი ათეული წლის განმავლობაში ყალიბდებოდა. დღეს ის კატასტროფულად ღრმაა. თითქმის არ არსებობს მეტ-ნაკლებად პოპულარული ან თუნდაც უცნობი მწარმოებელი, რომელსაც მომხმარებელი ენდობა. ამას გარდა, ქართული ღვინის წარსულში სახელოვანი ბრენდები (ხვანჭკარა, ქინძმარაული, წინანდალი და სხვა) სრულიად დისკრედიტირებულია. სხვადასხვა კომპანიები უშვებენ პროდუქციას ერთი და იგივე ცნობილი ბრენდის ქვეშ. ამ მხრივ სრული არეულობაა, მომხმარებელი დაიბნა და ამ ბრენდების გროვაში გარკვევას უკვე არც ცდილობს - რა აზრი აქვს...? ეს ბრენდები უკვე არაფრის მთქმელია, მათ უკან კარგი ღვინო აღარ დგას.

- ბრენდების აღრევა

სრულიად არანორმალური მდგომარეობაა ბრენდების კუთვნილების, მათი გამოყენებისა და სიწმინდის კონტროლის თვალსაზრისით. სიტუაცია, როდესაც, ვთქვათ, ხვანჭკარა შეუძლია გამოუშვას რამდენიმე სხვადასხვა კომპანიამ, რომელთაც შესაძლებელია ხვანჭკარის წარმოების არეალთან არანაირი კავშირიც კი არ ჰქონდეთ, სრულიად მიუღებელია. ღვინის ცნობილი ბრენდებისა და, ზოგადად, დასახელებების მოწესრიგება უნდა მოხერხდეს ერთხელ და სამუდამოდ.

ბუნებრივია კითხვა - სად არის გამოსავალი?

გასულ წელს, როცა ქართული ღვინისთვის რუსული ბაზარი დაიკეტა, მე იმდენად გამახარა ამ მოვლენამ, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი და დავწერე სტატია "გაუმარჯოს რუსეთს, ანუ ეს ჭირი ნამდვილად მარგებელია". (თუმცა, სამწუხაროდ, გაზეთმა, რომელსაც მაშინ მივმართე, დაპირებების მიუხედავად, სტატია არ დაბეჭდა). ხსენებული სტატია იმ იმედებით იყო გამსჭვალული, რომ რუსეთის ბაზრის დაკეტვა ის ნანატრი ბიძგი აღმოჩნდებოდა, რომელიც ქართულ მეღვინეობას ერთხელ და სამუდამოდ სწორი მიმართულებით შემოაბრუნებდა და ბაზარზე ნამდვილი ქართული ღვინო გაჩნდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა, ამ იმედებმა არ გაამართლა და, შედეგად, ქართული მეღვინეობა, როგორც სისტემა, კვლავ უსუსური ხვდება მორიგ რთველს. საბედნიეროდ, რუსეთი ბაზრის გახსნას არ ჩქარობს. აქედან გამომდინარე, ქართულ მეღვინეობას კიდევ აქვს შანსი, რომ მრავალი წლის ავადმყოფობა მოიცილოს და საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს. საამისოდ კი იმ დაავადებების მკურნალობაა საჭირო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე. ანუ, მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ:

- უნდა მოხდეს მეღვინეობის სისტემური რეგულირება, რომლის მიზნებიც იქნება: მთლიანად დაიკეტოს ბაზარი ფალსიფიცირებული ღვინისათვის; გამკაცრდეს პასუხისმგებლობა ღვინის ფალსიფიცირებისათვის; განხორციელდეს 3-5 წლიანი პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება ჩამოსასხმელი ღვინით ვაჭრობის აკრძალვა; მოწესრიგდეს ღვინის ბრენდების და, ზოგადად, დასახელებების კუთვნილებისა და გამოყენების წესები; უფლებები ბრენდებზე და იმ სიტყვებზე, რომლებიც ღვინის წარმოშობის ადგილს გასაზღვრავენ, მტკიცედ უნდა იქნას დაცული, დაუშვებელია ერთი და იგივე ბრედის სხვადასხვა კომპანიის მიერ გამოყენება; შეუძლებელი შეიქნას მეღვინეობის მონოპოლიზაცია მის ნებისმიერ ნაწილში - წარმოებიდან გასაღებემდე.

- დანარჩენმა საზოგადოებამ (სახელმწიფო, საფინანსო, არასამთავრობო ორგანიზაციები) სპეციალური საგანმანათლებლო და პროპაგანდისტული პროგრამებით უნდა წაახალისოს ნამდვილი ღვინის წვრილი მწარმოებლები - საოჯახო და გლეხური ამხანაგობის მარნები, რათა მათ დაინახონ ღვინის ბიზნესის ახალი შესაძლებლობები და მისი წარმოების თანამედროვე გზები.

- ყველა ზომა თუ ქმედება, გაწეული მეღვინეობის რეფორმირებისათვის, უნდა გულისხმობდეს, რომ ქართული მეღვინეობის პირველი სამიზნე ჩვენი შიდა ბაზარია.

ნამდვილი ქართული ღვინის და ჯანმრთელი მეღვინეობის შექმნა ღირსების საქმეა. ეს უბრალო ბიზნესი არ არის. მე ერთი წლის წინ ჩემს გამოუქვეყნებელ სტატიაში ვწერდი და მინდა გავიმეორო: "...ღვინო არის, ალბათ, ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც შეიძლება სუფთა ქართული ეწოდოს. ანუ, არაფერია ამქვეყნად უფრო ქართული, ვიდრე ქართული ღვინო. ღვინო ჩვენია, ის ღმერთმა გვაჩუქა. აქედან გამომდინარე, თუ საქართველო ვერ შეძლებს შექმნას კარგი ქართული ღვინო, ის ვერასოდეს შექმნის თუნდაც რამდენადმე ღირებულ ვერანაირ პროდუქტს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ქართული. ანუ, თუ სიტყვებს "გაკეთებულია საქართველოში" საერთოდ უწერია, რომ ის ოდესმე მიაღწევს საკუთარ ღირსეულ ადგილს და მოიპოვებს პატივისცემას მსოფლიოში, მაშინ ეს რთული მოგზაურობა ამ სიტყვებმა აუცილებლად ღვინოსთან ერთად უნდა დაიწყოს. სხვა გზა-გამოსავალი არ არსებობს - თუ საქართველო ვერ გააკეთებს ღვინოს, ესე იგი ის ვერაფერს გააკეთებს - ეს ძალიან მარტივია."

24 საათი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული