Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალექსანდროული რიონის აქეთ და იქით

გურამ წიბახაშვილის ფოტო

ლევან სეფისკვერაძე

რაჭული მეღვინეობა ალექსანდროულის გარეშე ისევე წარმოუდგენელია, როგორც სამეგრელო ოჯალეშის, იმერეთი ცოლიკოურისა და კახეთი რქაწითელის გარეშე. ალექსანდროულისაგან დგება„ხვანჭკარად“ სახელდებული ცნობილი ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც გასულ საუკუნეში მთელს საბჭოთა კავშირში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა.

სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროში ალექსანდროული კაბისტონის სახელითაც მოიხსენიება. თუმცა ვაზის ამ უძველეს ჯიშს რაჭაში და მთელს საქართველოში ძირითადად ალექსანდროულად იცნობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ჯიშს კლონები პრაქტიკულად არ გააჩნია. ათწლეულების წინ ქართველი ამპელოგრაფები ფიქრობდნენ, რომ რაჭაში სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიში – მუჯურეთული შესაძლოა ალექსანდროულის კლონი ყოფილიყო. ამ საკითხზე ახლაც კამათობენ, თუმცა საბოლოო ჯამი, დღეს მუჯურეთილი მაინც ცალკე ჯიშადაა მიჩნეული. ალექსანდროული განსაკუთრებით გავრცელებულია ქვემო რაჭის სოფლებში: ხვანჭკარაში, ჩორჯოში, ბოსტანაში, პირველ და მეორე ტოლაში, სადმელში, ჭრებალოში, ღვიარაში, ქვედა ქვაშარში და სხვა...  

არსებობს მოსაზრება, რომ ალექსანდროულის სახელწოდება ბატონიშვილ ალექსანდრესთან არის დაკავირებული, რომელმაც თითქოს ვაზის ეს ჯიში საბერძნეთიდან შემოიტანა. თუმცა, ჯიშის მორფოლოგიური თვისებებით დასტურდება, რომ ალექსანდროული რაჭის აბორიგენული ჯიშია და შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშებს განეკუთვნება. მიუხედავად ალექსანდროულის უცხოური წარმომავლობის საეჭვოობისა, ფაქტია, რომ სახელწოდება „ალექსანდროული“ ბატონიშვილ ალექსანდრესთან გარკვეულწილად მართლაც არის დაკავშირებული. ქართველი აპელოგრაფების ნაწილი ფიქრობს, რომ ჯიშს თავიდან შესაძლებელია კაბისტონი ერქვა და ალექსანდროულად ამ სახელით ბატონიშვილის განსაკუთრებული დაინტერესების შემდეგ გადაინათლა.

ალექსანდროულისგან დამზადებულ „ხვანჭკარას“, საქართველოში წლების მანძილზე „ყიფიანის ღვინოდაც“ მოიხსენებდნენ. როგორც ცნობილია, მემამულე ყიფიანმა, მეფის რუსეთის დროს ალექსანდროულისაგან დაყენებული ნახევრადტკბილი ღვინო პირველად გააცნო ღვინოს მოყვარულებს და შესაბამისად ღვინოსაც მისი სახელი ეწოდა.

ალექსანდროულის გავრცელების ძირითადი არეალი ძველადაც და ახლაც, იყო და რჩება რაჭა–ლეჩხუმი. თუმცა, გასული საუკუნის 60–იან წლებში, ქართველი ამპელოგრაფების ერთი ნაწილი, საბჭოთა სახელმწიფოს მესვეურებს რეკომენდაციას აძლევდა, რომ კარგი იქნებოდა ეს ჯიში, მეღვინეობით ცნობილ საქართველოს სხვა კუთხეებშიც (კახეთი, იმერეთი, ქართლი და სხვა...) თუ გავრცელდებოდა. უფრო მეტიც, გაიცა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც, ენდემური რაჭული ჯიში ფართოდ გაშენდა ყირიმში, მოლდოვეთსა და უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში. ამ გადაწყვეტილების უმთავრესი მოტივი ის იყო, რომ ნახევრადტკბილ ღვინოებზე მოთხოვნა საბჭოთა კავშირის დროს წლიდან–წლამდე იზრდებოდა, რაჭისა და ლეჩხუმის ფართობები კი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ნამდვილად არ იყო.

საბჭოთა კავშირში 1953 წელს ჩატარებული ვენახების დიდი აღწერის დროს დადგინდა, რომ იმ პერიოდისათვის მთელს საქართველოში ალექსანდროულის ჯიშის ვაზს 637,59 ჰაქტარი ეჭირა. ეს ის პერიოდია, როდესაც საბჭოთა მეღვინეობა ახალ სიმძლავრეებზე გადადიოდა და აქცენტი სწორედ ალექსანდროულის ტიპის ჯიშებზე კეთდებოდა. ამ პერიოდში ქართული ვაზის სხვა იშვიათი ჯიშები, მაგალითად: ხიხვი, ქისი, ჩხავერი, კრახუნა, შავკაპიტო და სხვა... ერთად აღებულიც კი ვერ გაუტოლდებოდა ალექსანდროულის ვენახების გაშენების მასშტაბებს. წინა საუკუნის 50–იანი წლებში, ალექსანდროულის ვენახების ყველაზე დიდი ნაწილი ამბროლაურის რაიონში იყო გაშენებული და დაახლოებით 534 ჰექტარს მოიცავდა.

ალექსანდროული მრავალ დადებით თვისებებთან ერთად გამორჩეულია იმითაც, რომ ეს ჯიში ძალიან ადრე იწყებს პირველი მოსავლის მოცემას. დარგვიდან მეორე–მესამე წელს, ალექსანდროული გარკვეული რაოდენობის მოსავალს უკვე იძლევა. დარგვიდან ხუთი წლის შემდეგ კი, რაჭველები ამ ჯიშისაგან სრულ მოსავალს ელოდებიან. ერთ ჰექტარზე ალექსანდროული საშუალოდ 50 ცენტნერ ყურძენს იძლევა, რაც საშუალო მოსავლიანობად შეგვიძლია ჩავთვალოთ. სოკოვანი დაავადებებიდან, ალექსანდროული საკმაოდ გამძლეა ნაცრის მიმართ. თუმცა, ჭრაქის მიმართ, ისევე როგორც სხვა რაჭული ვაზის ჯიშები - ალექსანდროულიც ძალიან სუსტია. ეს ჯიში რაჭა–ლეჩხუმის კლიმატისათვის დამახასიათებელ მკაცრ ზამთრებსა და ყინვებს კარგად უმკლავდება და ამ მხრივ, რაჭველ  მევენახეებს ნაკლები პრობლემები ექმნებათ.

მურთაზ ვაწაძე, რაჭველი მევენახე და მეღვინე: “რაჭაში, სოფელ ჩორჯოში ფერდობზე, საკმაოდ დიდი საკუთარი ვენახი აქვს ჩემს ოჯახს და ღვინოს კუთვნილ მარანში ვაყენებ. თითქმის ყველა ცნობილი რაჭული ჯიში მაქვს გაშენებული. თეთრა, ალექსანდროული, მუჯურეთული და სხვა... ალექსანდროულისა და მუჯურეთულისაგან “ხვანჭკარას” მთლიანად ქვევრში ვაყენებ და ჩამოსახმელი ღვინის სახით ვყიდი. დაახლოებით 10 ტონა “ხვანჭკარა” გამომდის ყოველ წელს. ალესანდროულისგან ქვევრში მშრალ ღვინოსაც ვაყენებ. ახლობლებმა და მეგობრებმა მირჩიეს, რომ ბოთლშიც ვაწარმოო ღვინო. კარგად იცით, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვნახოთ, როგორ წავა საქმე. იმედია მოხერხდება ბოთლებში ჩამოსხმაც.”

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, სოფლებში: ტოლაში, ჭრებალოსა და ხვანჭკარაში მოწეული ალექსანდროული საუკეთესოდ ითვლება. ადგილობრივ ფერდობებზე ხირხატ, თიხნარ–კირიან ნიადაგებზე ვაზი კარგად მწიფდება და მისი შაქრიანობა ხშირად 30%–მდეც კი ადის.

ალექსანდროულისაგან ნახევრადტკბილი ღვინის გარდა, წითელი მშრალი სუფრის ღვინოც მზადდება. იმისათვის, რომ ალექსანდროული კარგად დაიწუროს, რაჭველები წურვის პროცესში ტკბილს აცლიან და დროებით ასხამენ ქვევრში. წურვის დასრულების შემდეგ კი, ტკბილს ქვევრიდან კვლავ საწნახელში აბრუნებენ. ამის მერე, ტკბილსა და ჭაჭას ერთად ურევენ და დასადუღებლად საწნეხელშივე ტოვებენ. ერთი კვირის შემდეგ, როდესაც პირველადი დუღილი დასასრულისაკენ წავა, ღვინო ქვევრებში გადააქვთ. მეღვინეები ჩვენს მიერ მრავალგზის ხსენებულ ნახვერადტკბილ „ხვანჭკარას“ ხშირად სამი რაჭული ყურძნის ჯიშის: ალექსანდროულის, მუჯურეთულისა და შავი კაბისტონის შერევით ამზადებდნენ. ითვლება რომ, ასე დამზადებული „ხვანჭკარა“ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ღვინოა.

წითელ სუფრის ღვინოს ალექსანდროულიდან რაჭველი მეღვინეები ძირითადად მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მოწეული ყურძნისგან აყენებენ. ამ მიკროზონაში ყურძენი შედარებით მცირე რაოდენობის შაქარს აგროვებს და ამ ტერიტორიაზე ძირითადად ალექსანდროული და წულუკიძის თეთრაა გაშენებული. რაჭველები ალექსანდროულს უჭაჭოდაც, ე.წ. „ჩქეშად“ აყენებენ. ამგვარი მეთოდით დაყენებული ალექსანდროული ოქროსფერი შეფერილობით და სასიამოვნო გემოთი ხასაითდება.

ბოთლირებული სახით ალექსანდრეულს საქართველოში საკმაოდ ბევრი ღვინის კომანია აწარმოებს. გამორჩეულია შპს „ალექსანდრეული“, რომელიც ვენახების მდინარე რიონის ორივე ნაპირზე, სოფლებში – ბუგეულში და ჟოშხაში ფლობს. კომპანიის მთავარი მეღვინე, კახა გორდეზიანი ამბობს, რომ დღეს რაჭაში სავენახე ფართობების თითქმის 80% ათვისებულია და ახალი ვენახების გაშენება ძირითადად მეპატრონეების მიერ მიტოვებულ კარ-მიდამოებებზეა შესაძლებელი.

კახა გორდეზიანი, შპს „ალექსანდროულის“ მთავარი მეღვინე:„ალექსანდროული ისეთი ჯიშია,რომელიც რაჭის პირობებს ძალიან კარგად არის მორგებული და შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად საშუალო მოსავლიანობისა, ალექსანდროული რაჭაში წამყვან ჯიშად ითვლება. ჩვენს კომპანიას ალექსანდროული 20 ჰექტარზე აქვს გაშენებული და საკმაოდ კარგ მოსავალს ვიღებთ. იმის გამო, რომ ამ ჯიშისაგან ბუგეურის ქარხანაში ვაყენებთ როგორც ნახევრად ტკბილ „ხვანჭკარას“, ასევე მშრალ ღვინოს, ყოველ წელს ვაწარმოებთ ე.წ. შერჩევით რთველს. ჯერ მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე გაშენებულ ყურძენს ვკრეფთ მშრალი ღვინისათვის და გვიან შემოდგომაზე კი, უკვე „სახვანჭკარე“ ყურძნის რთველი გვაქვს

წელიწადში საშუალოდ 150 ათასი ბოთლ „ხვანჭკარას“ და 40 ათას ბოთლ მშრალ ღვინოს ვაწარმოებთ. სულ ახალგაზრდა, 10 წლის ვენახები გვაქვს. ასევე გაგვაჩნია დაახლოებით 5 ჰექტარი ცარიელი ტერიტორია და მომავალში ამ ტერიტორიაზეც ვაპირებთ ვენახის გაშენებას. რაჭაში სავენახე ფართობების 80% ათვისებულია და ახალი ვენახების გაშენება ძირითადად მეპატრონეების მიერ მიტოვებულ კარ-მიდამოებზეა შესაძლებელი. ღვინოს საქართველოს გარდა, უკრაინაში, პოლონეთსა და ბელორუსში ვყიდით. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნება და ჩვენს ღვინოს ამ ქვეყანაშიც შევიტანთ.“

საბჭოთა კავშირის პერიოდისგან განსხვავებით, ამჟამად სამწუხაროდ დაუზუსტებელია რაჭა–ლეჩხუმში დღეს არსებული ალექსანდროულის ვენახების ფართობები. ასევე პრაქტიკულად არ არსებობს მონაცემები, თუ ყოველწლიურად ბოთლირებული სახით რა რაოდენობის ხვანჭკარა იყიდება როგორც საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ. ზუსტი მონაცემების არარსებობა ხშირად ღვინის გაყალბებისა და ფალსიფიკაციის მიზეზიც ხდება და ბევრ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ხვანჭკარად სახელდებული ბოთლის ღვინის ნაცვლად, ყოვლად გაურვეველი გემოს მქონე და გაურკვეველი წარმოშობის ღვინოები იყიდება. დამოუკიდებელი საქართველოს 23 წლიანი ისტორიის მანძილზე ალექსანდროულის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა, ცნობადობას ყოველთვის კარგი შედეგები როდი მოაქვს...

© ღვინის კლუბი/Weekend



რა 10 ტონა? 10 ტონა რომელ გლეხს მოდის ხვანჭკარა? :))))))))))


მოსდის ბიძია მოსდის

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული