Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შიდა და ქვემო ქართლში 2022 წლის რთველი დასრულდა

ლევან სეფისკვერაძე

ქართლში რთველი ძირითადად დასრულდა. 2022 მთლად კახეთივით რთული არა, მაგრამ მაინც უჩვეულო წელი იყო როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლში. თუკი მაგალითად მტკვრის ხეობაში ზომიერად თბილ ზამთარს სუსხიანი გაზაფხული და წვიმიანი მაისი მოჰყვა, ლიახვის და დასავლეთ ფრონეს ხეობის სოფლებში მთავარი პრობლემა მთელი წლის მანძილზე კვლავინდებურად გვალვა იყო. გვალვა აწუხებდათ თეძამისა და ლეხურას ხეობელებსაც. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის კი გვალვა და მისი თანმდევი ვენახის ხმობა, წლების მანძილზე ცხოვრების თანმხლები და რაც მთავარია მოუგვარებელი პრობლემაა.

საქართველოში 21-ე საუკუნეშიც კი არის ადგილები, სადაც წყალი არათუ მცენარეებისთვის, მოსახლობისთვისაც კი ფუფუნებად ითვლება. ამის გამო, დღეს, ქართლში მრავალი ვენახი ხმება და ნადგურდება. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში სარწყავი სისტემების მოშლამ განსაკუთრებით ქართლ-კახეთი და ამ რეგიონების მევენახეობა დააზიანა.

ივნისში კასპის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცირე სეტყვაც მოვიდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სეტყვამ განსაკუთრებით დააზიანა ჯავის რაიონი, სადაც საქართველოს იურისდიქცია დროებით არ ვრცელდება. მოგეხსენებათ, ეს მხარე მევენახეობისთვის უინტერესოა. მთელი ზაფხულის მანძილზე ქართლელი მევენახეები ჭრაქს და ნაცარს ებრძოდნენ. ვენახები წელს განსაკუთრებით ჭრაქმა შეაწუხა. იშვიათად იყო ვენახის სიდამპლე.

რაც შეეხება საკუთრივ ყურძენსა და მოსავლის ხარისხს, ქართლელები ამბობენ, რომ ამ კუთხით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოსავლის რაოდენობა საშუალოდ შეიძლება შეფასდეს, საღვინე ყურძნის ხარისხის კი მევენახე-მეღვინეებს ძალიან ეიმედებათ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარდახში მდებარე მარან „ბეას-ნების“ წარმომადგენელის, არსენ ასლანიშვილის თქმით, გვალვის მიუხედავად, მიღებული მოსავლის ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

არსენ ასლანიშვილი, მარანი „ბეას-ნები“: „რთველი დაიგეგმა ოქტომბრის დასაწყისში, ერთი კვირით ადრე წინა წელთან შედარებით, გამომდინარე იქიდან რომ წელს დაემთხვა გვალვიანი ამინდები. ასეთი ამინდებიდან გამომდინარე მოსავალიც იყო ნაკლები სხვა წლებთან შედარებით, ხოლო ყურძნის ხარისხი იყო მაღალი. ჩვენს შემთხვევაში როგორც მევენახეობა-მეღვინეობა, ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რაოდენობა, ხარისხზე კი დიდ გავლენას ახდენს ჩატარებული ოპერაციები და წამლობა. ამიტომაც, ჩვენ დავიცავით ბუნებრივი ღვინის დაყენების ყველა წესი და შესაბამისად ჩატარდა წამლობა და ყველა ოპერაციები. ამ წესების ზედმიწევნით შესრულებამ ჩვენს მოსავალზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა და მივიღეთ მაღალი ხარისხის მოსავალი. ღვინოს ვაყენებთ ქვევრში  100%-ით ჭაჭაზე და ნაწილობრივ კლერტზე“.


ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილმა როგორც იცით, ვენახები სწორედ ქართლში, ატენის ხეობაში გააშენა და მარანიც იქვე მოაწყო. ნიკა წლებია ქართლის ცნობილი ჯიშებისგან სხვადასხვა ტიპის ღვინოებს აყენებს და საკმაოდ პოპულარული ბრენდიც ჩამოაყალიბა. ნიკა ამბობს, რომ ატენში უცნაური წელი იყო, რადგან გაზაფხულიდან ზაფხულის დასაწყისამდე გაგრძელებულ სიცივეები უცებ მცხუნვარე დღეებმა შეცვალა, რამაც გარკვეული პრობლემები შექმნა და ამის გამო რთველი ცოტა დაგვიანდა.    ნიკა ვაჩეიშვილი, „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი“: „უჩვეულო გაზაფხული გვქონდა. თოვლიანი ზამთრის  სიცივე არა მხოლოდ აპრილში, მაის- ივნისშიც გაიტანა. ზაფხულის დამდეგს სქლად ჩაფუთნულები მტევნის გათხელებას ვუჩიოდით და უცებ ისე დააცხუნა, ვენახის მორწყვა სასწრაფო გახადა. მე არ მქონდა ეს გამოცდილება, არ ვიცოდი - სიცივის მომყოლი სიცხე რა შემოდგომას მოიტანდა.

მოსავალიც არაორდინალური გამოვიდა - თხელი, მაგრამ ტკბილი მარცვლები. რთველი ოქტომბრის შუაში, ახლახანს გვქონდა, მაგრამ ატენელების უმრავლესობა არ ჩქარობს და ყურძნის დაკრეფას ოქტომბრის თვის ბოლოსკენ გეგმავს. ჩვენ თვითონ გვაინტერესებს ამ უმაგალითო წლის მოსავალი რა ღვინოდ იქცევა“.


როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქარელის მუნიცალიტეტისთვის წელს მთავარი პრობლემა ურწყავობა და გვალვა იყო. ამ მხარეში ბოლო წლებში დაიწყო მევენახეობის გამოცოცხლება და ბევრმა ადგილობრივმა დაიწყო ვენახების აღდგენა. დასავლეთ და აღმოსავლეთ ფრონეს, ძამას და ლოპანისწყლის ხეობის
სოფლებში ბოლო დროს ფასი დაედო მიწას და ეს დადებითად აისახა მევენახეობის განვითარებაზე. იგივე ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტში. როგორც იცით ამ მხარეში საბჭოთა კავშირის ეპოქიდან მოყოლებული ძირითადად ჰიბრიდულ ვაზის ჯიშს - დირბულას აშენებდნენ და და ეს ხელს უშლიდა კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის განვითრებას. იაკობ ქიმერიძე თბილისელი კაცია, რომელმაც ფრონეს ხეობაში მიწა შეიძინა და უკვე მეორე წელია ახალშენ ვენახს უვლის.

იაკობ ქიმერიძე, მევენახე:შარშან ნახევარ ჰექტარზე ჩინური, გორული მწვანე და შავკაპიტო გავაშენე. პირველ ნიშანს მომავალ წელს ველოდები. მთელს ჩემს თავისუფალ დროს ვენახში ვატარებ და როდესაც სრულ მოსავალს მივიღებ, საბოლოოდ სოფელში დასახლებას ვაპირებ. წელსაც, როგორც შარშან, მთავარი პრობლემა სარწყავის არქონა და ვაზის ხმობაა. ადრე ქარელის სოფლებში თითქმის ყველგან იყო სარწყავი სისტემა გაყვანილი. 90-იან წლებში სარწყავის მილები მოიპარეს და ამის მერე ხალხი უწყლობით იტანჯება, მიმხედავი კი სამწუხაროდ არავინაა. ამის მიუხედავად, მაინც ვხედავ, რომ  ბევრი ადგილობრივი კაფავს დირბულას და მის მაგივრად ნამდვილ (მე ასე ვეძახი) ვაზს აშენებს. შაქარსაც სულ უფრო ცოტა ადამიანი ხმარობს ღვინის დასაყენებლად და ეს უკეთესი მომავლის იმედს მაძლევს“.    

2022 წელს არ უჩივიან გორის მუნიციპალიტეტის ბარის სოფლებში. ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე თენგიზ დვალიშვილი ამბობს, რომ სოფელ ხიდისთავში როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძენი სათანადოდ დამწიფდა და ზოგადად მაღალი ხარისხის ყურძენი დაკრიფეს.

თენგიზ დვალიშვილი, TDWinery: „პაპისეული ძველი ვენახი დამრჩა დასაკრეფი, რომელსაც უახლოეს დღეებში დავკრეფ. ჩემი გაშენებული ახალშენი ვენახი კი დავკრიფე მთლიანად. მოსავალს რაც შეეხება, ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან მაღალი ხარისხის ყურძენი მივიღეთ. ყურძენში შაქრიანობაც ნორმალური იყო. გორული მწვანე და ბუდეშური, ასევე შავი ჩინური 22% შაქრის შემცველობაზე დავკრიფე. დანახარული 21%-ზე თავკვერი და ჩინური კი 20%-ზე.

მოლოდინები იმედია გამიმართლდება როგორც აქამდე მიმართლებდა, მაგრამ შორსმიმავალ დასკვნებს არ გავაკეთებ და ღვინოზე საუბრისგან მაინც თავს შევიკავებ იქამდე, სანამ ახალ ღვინოს არ გავსინჯავ. ისე კი ვფიქრობ წლევანდელი ღვინო წინა წლებზე უკეთესი იქნება,  რადგან ასეთი კარგი ზაფხული მე რაც მევენახეობაში ვარ ჩართული - არ ყოფილა“.


დუშეთის მუნიციპალიტეტი მცხეთის სოფლების მსგავსად, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციულად შიდა ქართლს არ ეკუთვნის, მევენახეობის თვალსაზრისით ქართლის ნაწილად მოიაზრება. ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში აქვს ვენახი და მარანი ახალგაზრდა მევენახე-მეღვინეს, სანდრო ბუაძეს. სანდრო წლებია დაინტერესებულია
მეღვინეობით და  მამასთან ერთად აყენებს ღვინოს როგორც კახურ, ასევე ქართლის ვაზის ჯიშებიდან. სახლთან ახლოს ქართლის ცნობილი ჯიშებით საკუთარი ხელით გააშენა ვენახი.

სანდრო ბუაძე, „ბუას მარანი“: „ადრეული წვიმების და დაგვიანებული წამლობის გამო მოსავლის დიდი ნაწილი ჭრაქმა შეიწირა, თუმცა სიდამპლე არ ჰქონია ყურძენს. ამიტომ მარტივად გადავარჩიეთ დაკრეფის პროცესში და ისე დავწურეთ. შაქრიანობა მოულოდნელად დაბალი იყო 17 სექტემბრისთვის. წელს გადავწყვიტეთ მაცერაციის გარეშე ვინიფიკაცია. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია და ვნახოთ რა გამოვა“.

რთველის შედეგებს დადებითად აფასებენ ქვემო ქართლში. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხატისოფელში დებმა მოსიაშვილებმა მამის გარდაცვალების შემდეგ არ მიატოვეს მევენახეობის საქმე, დააარსეს მარანი სახელად „მამისეული მარანი“ და აგრძელებენ საოჯახო ტრადიციას. თამარ მოსიაშვილის თქმით, 2022 წელი შარშანდელზე უკეთესი იყო.

თამარ მოსიაშვილი, „მამისეული მარანი“: „წლევანდელი მოსავლის ხარისხი მაღალი იყო,  ჯანსაღი ყურძენი გვქონდა,  თითქმის არ იყო გაფუჭებული მარცვლები.  შაქრიანობაც კარგად ჰქონდა. შაქრიანობის 23%-ზე დავკრიფეთ რქაწითელი. ფაქტია, რომ წლევანდელი მოსავალი შარშანდელზე უკეთესია. შარშან სექტემბერის ბოლოს და ოქტომბერში  წვიმამ დააზიანა მოსავალი.

- თქვენი აზრით, ბოლო დროს ქვემო ქართლში რამდენად წინ წავიდა მევენახეობა-მეღვინეობა?

- დიახ, ბოლო წლებში ქვემო ქართლი ძალიან გააქტიურდა. ახალი ვენახებიც გაშენდა,  ყურძნის ფასიც გაიზრდა. მაგალითად წელს ქართლის ჯიშებს საკმაოდ კარგი ფასი ჰქონდა (მეღვინეებისთვის ცოტა ძვირი) თუმცა მევენახეებისთვის სასარგებლო. ქართლის ღვინოების მიმართ ინტერესი იზრდება. მაგალითად, თავკვერი და შავკაპიტო ძალიან პოპულარული გახდა“.

როგორც კიდევ ერთი ქვემო ქართლელი (ბოლნისელი) მევენახე-მეღვინე, ლევან ბანძელაძე აცხადებს, წელს ბოლნისში იმდენად ხარისხიანი ყურძნის მოსავალი მოვიდა, რომ მისი საბაზრო ღირებულება კახურ ყურძნისას არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ლევან ბანძელაძე, მარანი „მარბანო“: „ 2022 წლის მოსავალი გაცილებით მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე 2021 წლის. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან  ბოლნისში წელს ამინდები გვქონდა ძალიან კარგი და ვენახისთვის საჭირო. ზოგ ადგილებში კი გადაიწვა ყურძენი, თუმცა ბოლნისში მოსავლის ხარისხით, მისი სიტკბოთი და მჟავიანობით ძალიან კმაყოფილები ვართ. წელს ქვემო ქართლში ყურძენზე ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა. შავკაპიტო 4 ლარი ღირდა, ბუდეშური საფერავი - 3 ლარი, რქაწითელი 1,20 ლარი, გორული მწვანე და ჩინური -  1.5-2 ლარამდე, თავკვერის ფასი 2.5 ლარი იყო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ წელს ქვემო ქართლში ყურძნის ფასი კახეთს არაფრით ჩამოუვარდებოდა“.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული