Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზელანდიური ღვინო - შეუძლებელი არაფერია

 
ნუკრი ქურდაძე
 
  რაგბი, მარმარილოს ხორცი, კაპიტან გრანტის შვილები, მაორი - ალბათ დამეთანხმებით, ეს ის ასოციაციებია, რაც უნებლიედ ამოტივტივდება გონებაში ახალი ზელანდიის გახსენებაზე. მეტ- ნაკლები ცნობადობის გათვალისწინებით ეს ჩამონათვალი შეიძლება განვავრცოთ, მაგრამ თუ გამოვტოვებთ ღვინოს, იგი ვერ მიიღებს დასრულებულ სახეს. ეს ფაქტი განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სულ რაღაც 30-40 წლის წინ ძნელად მოინახებოდა უფრო შეუთავსებელი სიტვები, ვიდრე „ახალი ზელანდია“ და „ღვინო“. ამ ფაქტს დარგის სპეციალისტებმა უკვე მოუნახეს სრულიად დამსახურებული ტერმინი „ახალ ზელანდიური საოცრება.“ როცა ვკითხულობთ სტატიებს ახალზელანდიურ ღვინოზე, ხშირად ვხვდებით სიტვებს „ყველაზე“, „ უფრო“, „განსაკუთრებული“ და ა.შ. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ახალი ზელანდიის ღვინის თვითმყოფად ხასიათს, მოკლე ისტორიული ექსკურსის გარეშე გაგვიჭირდება მისი „დაჭაშნიკება“. 
  აოტეაროა (Aotearoa) - გრძელი თეთრი ღრუბლის მიწა, ასე პოეტურად მოიხსენიებს თავის სამშობლოს ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობა მაორი. ახალი სახელი აოტეაროამ მიიღო ჰოლანდიელი ექსპედიტორის, აბელ ტასმანის წყალობით, რიმელმაც 1643 წელს აღმოაჩინა ეს ტერიტორია და თავისი სამშობლოს, ჰოლანდიის ერთ-ერთი პროვინციის ზელანდის საპატივცემულოდ დაარქვა ახალი ზელანდია. 
  1840 წელი შევიდა ისტორიაში როგორც ახალი ზელანდიის დაბადების წელი - მაორის ტომების ბალადებმა ბრიტანეთის იმპერიასთან გააფორმა სუვერენიტეტის დათმობის ხელშეკრულება. 1907 წელს ახალი ზელანდია იღებს დომინიონის სტატუსს, ხოლო 1931 წელს საბოლოოდ სრულდება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესი, თუმცა დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობის ორბიტაზე დღემდე რჩება (რა თქმა უნდა თავისი სურვილით). 
  ისევე როგორც ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაშიც ევროპელების დასახლებისთანავე იყო ვენახის მოშენებისა და კარგი ღვინის დაყენების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ბრიტანეთის მთავრობა ხშირ შემთხვევაში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აგზავნიდა კატორღელებს, რომელთა შენახვა მეტროპოლიაში საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. მათი ნაწილი ვერ უძლებდა მძიმე პირობებში ხანგრძლივ მოგზაურობას და ძალიან ხშირად ზელანდიის, ისევე როგორც ავსტრალიის პორტებში მგზავრებისგან განახევრებული გემები შედიოდა. „იღბლიანი ჯენტლმენების“ უმეტესი ნაწილი რა თქმა უნდა აგრძელებდა ჩვეულ „საქმიანობას“, მაგრამ ენერგიული და შეუპოვარი ხასიათის ემიგრანტებიც საკმაოდ იყვნენ, ვინც დაიწყო ახალი სამყაროს მშენებლობა. 
  იმ პერიოდის მოსახლეობა სასმელსაც თავიანთი ცხოვრების სტილის მიხედვით ირჩევდა, პირველ რიგში ეს იყო უხარისხო სპირტი და სითხე, რომელიც მდარე ხარისხის პორტვეინს წააგავდა. მართალია იწარმოებოდა (მზადდებოდა) მშრალი ღვინოც, მაგრამ მცირე რაოდენიბით. 
  იმის გამო, რომ 20-იან წლებში ქვეყანაში გაჩნდა ფილოქსერას დაავადება, მევენახეებმა ისედაც მცირე რაოდენობის ევროპული ჯიშები გაჩეხეს და იზაბელას (საქართველოში მას ხშირად ადესას ეძახიან) მოშენება დაიწყეს, ამიტომაც გასაგებია, რომ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ღვინის წარმოებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. 
  პირველი მნიშვნელოვანი ძვრა მოხდა 40-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ამ ქვეყანაში დიდი რაოდენობით ამერიკელი ჯარისკაცები გამოჩდნენ, რომლებიც ასევე არ გამოირჩეოდნენ ნატიფი ენო-გასტრონომიული კულტურით, მაგრამ ღვინოს დიდი რაოდენობით სვავდნენ. რაც შეეხება ხარისხს, საკმარისია მოვიყვანოთ 1946 წელს ბრიტანეთის სამეფო კომისიის დასკვნა: „ახალი ზელანდიის შიდა ბაზარზე გაყიდული ღვინის 60% მოხმარებისთვის საერთოდ უვარგისია“.
  მე-20 საუკუნის ოთხმოციან წლებამდე ახალი ზელანდიის მეღვინეობაში ძირითადად სამი კომპანია ფიგურირებდა: Cooks, Corbans და Montana. 1987 წელს კომპანია Cooks -მა შემოიერთა Corbans. ცოტა ხნის შემდეგ ორივე გახდა Montana-ს საკუთრება. საბოლოოდ Montana-ს მფლობელი გახდა ფრანგული მულტინაციონალური კომპანია Pernod Ricard (ალკოჰოლური ინდუსტრიის გლობალური ლიდერი). სწორედ Montana-იყო ის გაბედული მეწარმე, ვინც 70-იან წლებში გარისკა და დაიწყო ექსპერიმენტები სამხრეთ კუნძულზე, მარლბოროს რეგიონში სოვინიონ ბლანის მოშენებით. ეს კომპანია (რომელიც დღეს უკვე იწოდება Brancott Estate) დღემდე რჩება ახალი ზელანდიის მეღვინეობის ლიდერად: იგი შიდა ბაზარზე მოხმარებული ღვინის 60% -ს ფლობს, და ექსპორტირებული ღვინის 30%-ს. საერთაშორისო კონკურსებზე პირველი სერიოზული გამარჯვებაც ამ მწარმოებელთან არის დაკავშირებული – 1990 წელს International Wine and Spirit Challenge -ზე წარმოდგენილმა Montana Sauvignon Blanc’89-მ ფაქტობრივად მონოპოლიზირება გაუკეთა მთავარ ჯილდოებს. 
  ახალი ზელანდიის ტერიტორია შედგება ორი მოგრძო ფორმის კუნძულისგან 
ჩრდილოეთის (North island) და სამხრეთის კუნძული (South island). შესაბამისად, ძალიან დიდია ოკეანის გავლენა ამ ტერიტორიაზე კლიმატის ფორმირების თვალსაზრისით. თუ შევადარებთ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, ახალი ზელანდია სიმეტრიულად იგივე განედზე იმყოფება, როგორზეც მაგალითად იტალია, თუმცა ტემპერატურული რეჟიმი აქ გაცილებით დაბალია, იგი უფრო ჩრდილოეთ საფრანგეთს და სამხრეთ გერმანიას მოგვაგონებდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - მაღალი ნესტიანობა, რის გამოც ტერიტორია ხასიათდება საკმაოდ ინტენსიური ფლორით. 
  ნესტიანი გარემო, გაუვალი ტყის მასივები, ცივი კლიმატი - კლასიკური მეღვინეობის თვალსაზრისით ეს ყველაფერი შეუთავსებელია ხარისხიან მეღვინეობასთან, ასე იტყოდა ნებისმიერი მეღვინე ძველი სამყაროდან. საჭირო იყო ალბათ ავანტურიზმის ზღვრამდე მისული გამბედაობა, რომ ეს სტერეოტიპი დანგრეულიყო. 
  1975 წელს შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია „ახალი ზელანდიის ღვინის ინსტიტუტი“ (WINZ), რომელმაც დიდი როლი შეასრულა ქვეყანაში ღვინის ინდუსტრიის ჩამოსაყალიბებლად. 80-იან წლებში რევილუციური და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა მევენახეობაში დაკავშირებულია დოქტორ რიჩარდ სმარტის სახელთან, რომელსაც ეკავა მევენახეობის დარგში სახელმწიფო მრჩეველის პოსტი. 
  როდესაც მრავალსაათიანი გადაფრენის შემდეგ (ძველი სამყაროდან დაახლოებით 22-24 საათი) ადამიანი პირველად მოხვდება ახალ ზელანდიაში, უცნაურობის შეგრძნება აუცილებლად გაყვება ამ საოცარ ქვეყანაში მოგზაურობის დროს: სამხრეთ პოლუსთან ახლოს ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანული სტილი ორგანულადაა შერწყმული ულტრა თანამედროვე დიზაინთან და ეს ყველაფერი გაზავებულია მაორის ესთეტიკით. უცნაურობის და აღტაცების შეგრძნება გიძლიერდებათ, როდესაც მევენახეობის რეგიონებში მოხვდებით, განსაკუთრებით ახალ ზელანდიური სოვინიონ ბლანის სამშობლი მარლბოროში. მთავარი გზის ორივე მხარეს შეგხვდებათ თანამედროვეობის ისეთი ლეგენდა-მწარმოებლები, როგორიც არიან Brancott Estate (Montana), Cloudy Bay, Villa Maria Estate, Stoneleigh, Nautilus და ა.შ. 
  პირველი, რაც თვალში გეცემათ, ეს არის ხშირ შემთხვევაში ქვებით ხელოვნურად დამუშავებული ვენახები. ეს ტექნოლოგიაც ახალ ზელანდიური ინოვაციაა (თუმცა შეზღუდულად საფრანგეთშიც იყენებდნენ), იგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნესტიანობას, ამასთანავე დღის პერიოდში ქვაში აკუმულირდება სითბო და ვენახში ტემპერატურულ რეჟიმს ზევით წევს. აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას ვაზის სიმაღლეს - დაახლოებით 2,5-3 მეტრი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ხელს უწყობს ფოტოსინთეზს და საკმაო მანძილით აშორებს ვაზს ნოტიო მიწიდან. და რა თქმა უნდა, აღტაცებაში მოყავხართ ბრიტანულად მოწესრიგებული ვენახის მწყობრ რიგებს. ყოველივე ამის შემდეგ სულ არ გიკვირს, რომ ტერმინი „მეღვინეობა - ცხოვრების წესი“ სწორედ ამ ქვეყანაში დაამკვიდრეს. სავსებით ბუნებრივად გეჩვენებათ, როცა ახალი ზელანდიის მეღვინეები (და არა მარტო ისინი) თავიანთ ნაშრომს თვლიან უახლესი და არა ახალი სამყაროს ღვინოდ (New New World). 
  საკმაოდ ხშირად ვახსენეთ სტატიაში რეგიონი მარლბორო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ახალ ზელანდიური ღვინის 65%-ზე მეტი და სოვინიონ ბლანის 75% ამ რეგიონზე მოდის. არა ნაკლებ მნიშვნელოვან რეგიონებად - განსაკუთრებით ბოლო წლებში ითვლებიან ჰოკ’ს ბეი და გისბორნი. ეს სამივე რეგიონი აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე არიან განლაგებული. ჰოკ’ს ბეი და გისბორნი ჩრდილოეთის კუნძულზე, მარლბორო - სამხრეთის. სამივე რეგიონში ერთად იღებენ ახალზელანდიური ყურძნის მოსავლის 87% -ს (მარლბორო-72%, ჰოკ’ს ბეი -11%, გისბორნი-4%). ჯამში, 2012 წელს ახალ ზელანდიაში მიიღეს 269 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი.
  ამ ქვეყანაში სოვინიონ ბლანის გარდა, რა თქმა უნდა, სხვა უყრძნის ჯიშებსაც აშენებენ და საკმაო წარმატებით. მნიშვნელობით მეორე თეთრი ყურძნის ჯიშად ითვლება შარდონე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიულერ-ტარგაუ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის სამშობლო გერმანიაა, ზელანდიური მიულერ-ტარგაუ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. გვხვდება ასევე რისლინგი, გევურცრამინერი, სემილიონი და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის კლიმატს, სავსებით ბუნებრივად გვეჩვენება გერმანული ყურძნის თეთრი ჯიშების სიმრავლე. 
  გარკვეული პერიოდის განმავლიბაში ითვლებოდა, რომ ახალ ზელანდიაში შეიძლება მხოლოდ ხარისხიანი თეთრი ღვინის წარმოება, მაგრამ ეს მითიც დაიმსხვრა და პირველ რიგში ასევე Brancott Estates–ს წყალობით. მხოლოდ პინო ნუარს შეუძლია ქონდეს ინტენსიური არომატი და ამავე დროს დარჩეს ელეგანტური, შეუძლია იყოს ერთდროულად რთულიც, და ამავე დროს მსუბუქი, ცოცხალი ხასიათის მატარებელი. ალბათ ამ თვისებების გამო მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ყურძნის ჯიშების არისტოკრატს. ეს არის ურთულესი ჯიში, რომელიც ყველგან ვერ იძლევა კარგ შედეგს, რა თქმა უნდა თავისი სამშობლოს, ბურგუნდიის გარდა, სადაც კოტ დ’ორის ვენახებში მაქსიმალურად ახდენს თვითრეალიზაციას. რამდენადაც უცნაური არ უნდა მოგეჩვენოთ, სამხრეთ პოლუსთან ახლოს მდებარე შორეულ ახალ ზელანდიაში პინო ნუარი მეორედ იბადება. 1995 წლიდან 2004 წლამდე ამ ჯიშით მოშენებული ვენახის ფართობი 700%-ით იზრდება. დღეს პინი ნუარი ახალი ზელანდიის მთავარ წითელ ყურძნის ჯიშად და №2 (სოვინიონ ბლანის შემდეგ) ყურძნის ჯიშად ითვლება 
  წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა და აქვს სტრატეგიული ბაზრების არჩევას. ზელანდიელი მეღვინეები ითვალისწინებდნენ პირველ რიგში აშშ, ინგლისის და ჩრდილოეთ ევროპის მომხმარებლის გემოვნებას, ბოლო წლებში მათ სიას ჩინეთიც შეუერთდა.
  ილუსტრაციისთვის მოვიყვანოთ რამოდენიმე ციფრი, 2003 დან 2012 წლამდე:
  დიდი ბრიტანეთი: ახალზელანდიური ღვინის მოხმარების მოცულობა გაიზარდა 278%-ით (საშუალო წლიური გეომეტრიული ზრდა 15%) და მიაღწია 46 მლნ. ლიტრს. იგივე პერიოდში იტალიური ღვინის საშუალი წლიური ზრდა იყო 5,8%, ესპანურის 6,4%, ხოლო ფრანგული ღვინის მოხმარება ბრიტანეთის ბაზარზე შემცირდა 4,8%-ით. 
  აშშ: აღნიშნულ პერიოდში ახალზელანდიური ღვინის მოხმარება გაიზარდა 375%-ით, (საშუალო წლიური გეომეტრიული ზრდა 18,9%), ხოლო ფრანგული ღვინო გაიზარდა მხოლოდ 0,4%-ით. აღსანიშნავია, რომ იგივე პერიოდში ადგილობრივი, კალიფორნიული ღვინის წლიურმა მაჩვენებელმა შეადგინა მხოლოდ 2,7%. საინტერესოა ავსტრალიის მაგალითიც, სადაც ადგილობრივი, ავსტრალიური ღვინის მოხმარების წლიური ზრდა აღნიშნულ პერიოდში შეადგენდა 1,5%-ს, ხოლო ახალ ზელანდიერი ღვინის 33,9%-ს.
  და ბოლოს ჩინეთი: 2003 წელს ახალზელანდიური ღვინის მოხმარება შეადგენდა მხოლოდ 4,5 ათას ლიტრს, ხოლო 2012 წელს უკვე 2,5 მილიონ ლიტრს. ზრდის პროცენტის ჩვენებას აზრი არ აქვს - იგი მრავალნულიანია. რაც შეეხება ამ პერიოდში საშუალო წლიურ ზრდას მან 101,8% შეადგინა. მართალია, ჩინეთის ბაზარი ყველა უცხოური ღვინისთვის კარგად იზრდება, მაგრამ უახლეს ისტორიულ პერიოდში მსგავსი შედეგი არც ჩინეთში და არც სხვა ბაზარზე არცერთ ღვინის კატეგორიას არასდროს არ უჩვენებია (ზოგიერთ შემთხვევაში არგენტინის გარდა). მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს, რატომ არ არის ქართული ღვინისთვის ასე აქტუალური რუსული ბაზარი ახალზელანდიური ღვინის სტრატეგიული ბაზრების სიაში. ეს არც არის გასაკვირი: თუ შევადარებთ თუნდაც ჩინეთს, 2003 წელს რუსეთში დაახლოებით 9 ათასი ლიტრი (2-ჯერ მეტი ვიდრე ჩინთში), ხოლო 2013 წელს კი მხოლოდ 342 ათასი ლიტრი (7,3-ჯერ ნაკლები ვიდრე ჩინეთში) ახალ ზელანდიური ღვინო მოიხმარებოდა.
  დღეს ახალი ზელანდიის ღვინის ექსპორტი შეადგენს 179,8 მლნ ლიტრს; ყოველწლიური ზრდა 15%-ს (2006/2012წწ). შევადაროთ ეს მაჩვენებელი არც თუ ისე შორეულ წარსულს: 1963წელი - ექსპორტის პირველი წარუმატებელი მცდელობა; 1986წ. – 1 მლნ. ლიტრი; 1991წ.- 5 მლნ. ლ; 2005 წელი-51 მლნ. ლიტრი. დამეთანხმებით, აქ კომენტარი ზედმეტია. 
ახალ ზელანდიას მოცულობით მსოფლიო ღვინის ინდუსტრიის მხოლოდ 0,05% უკავია. თუ შევადარებთ ისეთ გიგანტებს, როგორიც არიან საფრანგეთი, იტალია ან თუნდაც ავსტრალია, დავინახავთ მოცულობის მიხედვით საკმაო დიდ სხვაობას, მაგრამ მგავსი შედარება არ იქნება კორექტული თუნდაც იმის გამო, რომ ახალი ზელანდიის ფართობი სულ 268 ათას კვ. კმ-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა მხოლოდ 4,5 მილიონს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თანამედროვე გლობალურ სამყაროში მცირე ქვეყნებს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ უფრო მოზრდილებს და არა მხოლოდ მეღვინეობის დარგში. 
  მკითხველს შეიძლება პარადოქსული მოეჩვენოს მოსაზნება იმის შესახებ, რომ ახალი ზელანდიის ღვინის წარმატება შეიძლება კარგი მაგალითი იყოს ქართველი მეღვინეებისთვის. ვფიქრობ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. ქვეყანა, რომელიც ფაქტიურად ყოფილმა კატორღელებმა ააშენეს, დღეს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი ადგილია მსოფლიოში (ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოების რეიტინგით, 21-ე საუკუნის საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქვეყნების სია იწყება ახალი ზელანდიით). 
  ქვეყანა, რომელსაც მევენახეობა- მეღვინეობის არავითარი ტრადიციები არ გააჩნდა, ხარისხიანი მეღვინეობის თვალსაზრისით დღეს ერთ-ერთ მომხიბვლელ რეგიონად ითვლება. ღვინო, რომელიც იწარმოება (მზადდება) ამ შორეულ ქვეყანაში, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოთხოვნად კატეგორიად. 
  ქართულ ღვინოს არ აკლია არც ათასწლოვანი მეღვინეობის კულტურა, არც ორიგინალური ავტოხთონური ყურძნის ჯიშები, არც ყველასგან გამორჩეული ქვევრის ტექნოლოგია, მაგრამ დღევარდელ ღვინის სამყაროში ზელანდიურ და ქართულ ღვინოს შორის დისბალანსი სახეზეა. ეს არც არის გასაკვირი. ახალი ზალანდია არ იყო ჩაკეტილი ქვეყანა საბჭოთა  საქართველოსგან განსხვავებით, ზელანდიელი მეღვინეები ჩართულნი იყვნენ მსოფლიო მეღვინეობის სისტემაში, არ იყო ინფორმაციის დეფიციტი და ზუსტად იცოდნენ, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს მეღვინეობაში წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი მხოლოდ ნორმალური, ტექნოლოგიურად უნაკლო ღვინის შექმნა, აუცილებელია საკუთარი ხელწერის მონახვა, რაც წარმატებით განახორციელეს ახალი ზელანდიის მეღვინეებმა. 
  ის სასიკეთო ძვრები, რაც მოხდა ბოლო პერიოდის ქართულ მეღვინეობაში ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო ღვინის ინდუსრტრიაში თავისი ორიგინალური სტილის დამკვიდრების მცდელობით, არ შეიძლება არ აღინიშნოს. რა წარმატებას მიაღწევს ქართული ღვინო უახლოეს პერიოდში - ძნელი სათქმელია, თუმცა ვიყოთ ოპტიმისტები და იმედი ვიქონიოთ - ისევე როგორც რაგბიში, მეღვინეობაშიც ქართული ღვინო ღირსეულ მეტოქეობს გაუწევს ზელანდიურს. ჯერ კიდევ არავინ იცის რა პოტენციალს ფლობს მივიწყებული ქართული ყურძნის ჯიშები, აუთვისებელი უნიკალური მიკროზონები და ქვევრის მაგია.        
  „შეუძლებელი არაფერი არ არის“- ეს ახალ ზელანდიელი მეღვინეების დევიზია.
 
ნუკრი ქურდაძე მუშაობს Pernod Ricard-ის აღმოსავლეთ ქვეყნების ფილიალში ღვინის ამბასადორის თანამდებობაზე. გავლილი აქვს პრაქტიკა მეღვინეობის სხვადასხვა წამყვან ცენტრებში, მათ შორის ახალ ზელანდიაში.
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.