Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვენახი - ქართველი კაცის სამოთხე

ავთო ბიბიჩაძე


რატომ არის საქართველოში ვაზის ბევრი ჯიში



ვაზის გავრცელების არეალი

ვაზი ვაზისებრთა ოჯახის გვარია და 70-მდე სახეობას აერთიანებს, რომლებიც უმეტესად დედამიწის თბილი და ზომიერი ჰავის ქვეყნებშია გავრცელებული. მისი წარმოშობის ადგილად მიჩნეულია დასავლეთი აზია, კერძოდ, შავი და კასპიის ზღვების სამხრეთით მიმდებარე ტერიტორიები - ამიერკავკასია, შუა და მცირე აზია. გავრცელების არეალიც გარკვეულწილად შეზღუდულია და ჩრდილოეთ განედის 51 გრადუსს არ სცილდება, ისიც გოლფსტრიმის თბილი დინების წყალობით. სამხრეთით იგი ვრცელდება სამხრეთ განედის 39 გრადუსამდე ჩილეში და სამხრეთ განედის 43 გრადუსამდე ახალ ზელანდიაში.

მევენახეობის ყველაზე მაღალმთიანი რაიონებია ბოლივიაში (2500-3000 მეტრი ზღვის დონიდან), დაღესტანში (1400 მ), აზერბაიჯანში (1300 მ). ტროპიკულ სარტყელში ვაზის ვეგეტაცია უწყვეტად მიმდინარეობს, რაც წლის განმავლობაში ორი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მთელ მსოფლიოში ვაზის ნარგავების ფართობები სტაბილური სახით 10 მლნ ჰექტარს აღწევდა, რაც სოფლის მეურნეობისათვის გამოყენებული ფართობის 0,7% შეადგენდა.

მსოფლიოში ვაზის 4000-მდე ჯიშია ცნობილი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბოტანიკური, აგრონომიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით. მათი კლასიფიკაციის დროს ითვალისწინებენ ზრდის სიძლიერეს, ყურძნის შეფერილობას, სიმწიფის პერიოდს, მოსავლიანობას და სამეურნეო მიმართულებას.

საქართველოში, თვალსაჩინო მეცნიერთა აღწერით, ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია: საღვინე ჯიშებიდან - საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩინური, გორული მწვანე, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, თეთრა, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვ. სუფრის ჯიშებიდან - გორულა, წითელი ბუდეშური, თითა, კლარჯული და სხვ. ჩვენში ვაზის სამრეწველო ნარგავები ზღვის დონიდან 600-700 მეტრამდეა გავრცელებული და მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 225-260 დღემდე აღწევს. მისი ზრდა-განვითარება 8 გრადუს ცელსიუსის ქვევით ჩერდება, 25-30 გრადუს ცელსიუსზე ნორმალურად მიმდინარეობს, 40 გრადუს ცელსიუსის ზევით კი კვლავ წყდება. ვაზის ჯიშების უმრავლესობა 14-15 გრადუს ყინვას იტანს.

მრავალთათვის უცნობი მეცნიერება - ამპელოგრაფია

ერთ-ერთი ძველბერძნული მითის თანახმად, დიონისემ თავის სატრფოს - ამპელოსს (ყურძენი, ყურძნის ჩხა) ყურძნის აკიდო აჩუქა და მაღალ თელაზე ჩამოუკიდა. ამპელოსმა ყურძნის ჩამოღება მოინდომა, მაგრამ ფეხი დაუცურდა და სასიკვდილოდ დაიმტვრა. შეწუხებულმა დიონისემ თავისი სატრფო ცაში წაიყვანა და ვარსკვლავად აქცია, რომელსაც ვინდემიატრიკსის (მევენახე, მეზვრე) ან ვინდემიტოსის (ყურძნის მკრეფავის) სახელით იცნობენ და მისი მოძებნა ადვილად შეიძლება ქალწულის თანავარსკვლავედში. ხოლო მეცნიერებას, რომელიც ვაზის სახეობებსა და ჯიშებს შეისწავლის, ამპელოგრაფია ეწოდება.

ყურძნის ჯიშების ძირითად ნიშან-თვისებათა დახასიათებას და შესწავლას ადამიანმა მრავალი საუკუნის წინ მოჰკიდა ხელი. პირველი ასეთი მცდელობა II საუკუნის მოღვაწის - კახიანე ბასას აგრონომიულ თხზულებაში ჩანს. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ამპელოგრაფია გამოყენებითი ბოტანიკის დამოუკიდებელ დარგად ჩამოყალიბდა. ზოგადი ამპელოგრაფია შეისწავლის ვაზისებრთა ოჯახის სისტემატიკის საკითხებს, გვარების, სახეობების, ჯიშების და ველურად მზარდი ვაზის ფორმების წარმოშობას, გავრცელებასა და ცვალებადობას. კერძო ამპელოგრაფია კი სწავლობს ჯიშებისა და პოპულაციების ბოტანიკურ, ბიოლოგიურ და სამეურნეო ნიშან-თვისებებს, ჩვენი განსაზღვრული ეკოლოგიური პირობებისთვის ჯიშების შერჩევასა და დარაიონებას.

საქართველოში პირველი ამპელოგრაფიული კოლექცია 1931 წელს შეიქმნა თელავის მევენახეობა-მეღვინეობის საცდელ სადგურში, სადაც დაცული იყო 1000-მდე ჯიში. 1947 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის კათედრის ინიციატივით სოფელ დიღმის ტერიტორიაზე საფუძველი ჩაეყარა მაშინდელი საკავშირო მნიშვნელობის კოლექციას (1200-მდე ჯიში). 1957 წელს მის ბაზაზე შეიქმნა უფრო სრულყოფილი კოლექცია და კომპლექსური ლაბორატორია, რომელიც 2500-მდე ჯიშსა და სახეობას შეიცავდა. მათ შორის მრავლად გახლდათ ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილი ვაზის ახალი ჯიშებიც. რესპუბლიკური და რაიონული მნიშვნელობის საკმაოდ კარგი და მდიდარი კოლექციები ჰქონდათ საქარაში, ქედაში, გუდაურსა და მაშინდელ ცხაკაიაში.

ბუნებისა და ისტორიული ძნელბედობის კარნახით

ისტორიულმა ძნელბედობამ და სავარგულების სიმცირემ ქართველი მეურნე აიძულა, ისეთი ჯიშები გამოეყვანა, რომლებიც საღვინეს გარდა სხვა მიზნებისთვისაც იქნებოდა გამოსაყენებელი. ამას ქართველ კაცს კარნახობდა მთელი ჩვენი წარსული, გარემო და ეკონომიკა. შემოსეული მტერი ჩვენს ქვეყანას ხშირად აოხრებდა. სახლ-კართან ერთად იჩეხებოდა ვენახიც და მტრის განდევნის შემდგომ, რასაც ქართველი კაცი ყოველთვის ახერხებდა, საჭირო ხდებოდა სოფლის მეურნეობის სწრაფი აღდგენა. ამან წარმოშვა აუცილებლობა, გვქონოდა ისეთი ვაზი, რომელიც სწრაფად შეავსებდა ადამიანის ყველა მოთხოვნას - ერთსა და იმავე დროს იქნებოდა საღვინეც, საჩამიჩეც, საბადაგეც და საჭმელადაც კარგი.

ყველასთვის ცნობილია, რომ ომიანობის დროს ჩვენი ჯარი თავისი საგზლით იკვებებოდა, ამიტომაც საგზალი ადვილად სატარებელი და ამასთან, ნოყიერიც უნდა ყოფილიყო. ასეთად მიიჩნეოდა ხმიადი, სულგუნი, ქუმელი და ჩურჩხელა. ეს უკანასკნელი კალორიულობით არაფრით ჩამოუვარდება შოკოლადს, ზოგიერთი თვისებებით კი მასზე მაღლაც დგას, რადგან ჩურჩხელის გულში ნიგოზი, თხილი, ჩამიჩი და ჩირი ვიტამინების მნიშვნელოვან რაოდენობას ინარჩუნებს. ამიტომაც კარგი ბადაგის გაკეთებას და მის შენახვას დიდი ყურადღება ექცეოდა ყოველთვის. საერთოდ, მიჩნეულია, რომ რქაწითელის ბადაგს და თათარას სხვა ჯიშის ბადაგი და თათარა ვერ შეედრება. ამ მიმართებით რქაწითელის მსგავსად მნიშვნელოვანი ჯიშებია: საფერავი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, კრახუნა, ხიხვი, ჩხავერი, ოჯალეში, ალექსანდროული და სხვ.

პირველი მოსავლის მოცემის ვადის მიხედვითაც ჩვენი ვაზის ჯიშები, მართალია, მცირედ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ შედარებით ადრე, მე-3, მე-4 წლიდან იძლევიან პირველ მოსავალს, რითაც საგრძნობლად გამოირჩევიან თუნდაც ჩვენი ახლო მეზობელი სომხური თუ შუა აზიის ვაზის ჯიშებისაგან, რომლებიც მოსავალს მე-5 ან მე-6 წელს იძლევიან. ჩვენი ვაზის ჯიშების ეს თვისებაც ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნეოდა გაპარტახებული მეურნეობის სწრაფად აღდგენის საქმეში.

ბუნებრივია, იბადება კითხვა, თუ ჩვენმა ხალხმა რამდენიმე უნივერსალური ჯიში შექმნა, რაღა საჭირო იყო ჩვენში ვაზის ჯიშების ასეთი მრავალფეროვნება და სიმრავლე.

საქმე ისაა, რომ საქართველოში ვენახი მარტო საწარმოო დანიშნულებას არ ასრულებდა. იგი ოდითგან ქართველ კაცს სამოთხედ ანუ დასასვენებელ ბაღადაც მიაჩნდა. მას შემდეგ, რაც მტერი ქვეყნიდან განიდევნებოდა და სიმშვიდე ისადგურებდა, მეურნეც ვენახს გააშენებდა, ცხვარ-ძროხას მოამრავლებდა და შეიქმნიდა საარსებო საფუძველს, იწყებდა ვაზის თითო-ოროლა სხვა ჯიშების დარგვასაც. მაგალითად, ბუდეშურს რგავდა ადრეულობისთვის, ღრუბელას - სილამაზისათვის, გორულას - შესანახად და სხვა.

ჯიშების მრავალფეროვნებას ღვინის დაყენების დროსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც აქვს, რადგან რამდენიმე ჯიშის ტკბილის შერევას განსაზღვრული შეფარდებით შეუძლია ღვინო გააკეთილშობილოს და მას განსაკუთრებული ბუკეტი, არომატი და თვისებები შესძინოს.

ქართველი კაცის ვენახში ტრადიციულად გაშენებული იყო ორი ან სამი ძირითადი ჯიში. კახეთში ძირითადი ჯიშები იყო - რქაწითელი და საფერავი, ქართლში - მწვანე, ჩინური და შავკაპიტო, იმერეთში - ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, კაპისტონი, რაჭაში - ალექსანდროული, ნაკუთვნეული და უსახელოური. სწორედ ამ ძირითადი ჯიშების გვერდით მეზვრე თავის ვენახში რგავდა რამდენიმე სხვადასხვა ჯიშის ვაზს, რომელიც ვენახის პატრონს გარკვეული მოსაზრებებით მოსწონდა - ზოგი სილამაზის, ზოგი გემოსა და ზოგიც ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

© "ახალი ვერსია"
 

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული