Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლომისობა 2010

300 ცხვარი ქვეყნის სამსახურში

გიორგი მერაბიშვილი
 
მაშინ როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ზეიმობდა და რუსთაველზე აღლუმი იმართებოდა, ახალგორის რაიონის აღმოსავლეთით მდებარე პოსტზე მდგარ რუს ჯარისკაცებს დურბინდები მოემარჯვებინათ და გაოგნებულები იცქირებოდნენ დუშეთის მხარეს, სადაც მთის წვერზე უამრავი ადამიანი მოგროვილიყო და ისეთი გნიასი იდგა, შეფუცხუნებული რუსები დურბინდს ერთმანეთს ხელიდან გლეჯდნენ, რათა უკეთ გამოერკვიათ, რა ხდებოდა მათსა და ქართველების თავს.
 
ხევისბერი და მტლაშა-მტლუში
 
ლომისობის დღესასწაული, რომელიც დუშეთის რაიონში, კონკრეტულად კი სოფელ მლეთაში იმართება, მოძრავია და აღდგომიდან 7 კვირის გასვლის შემდეგ იწყება. წლევანდელ ლომისობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, წინა წლებზე ბევრი მომლოცველი ჩავიდა, თუმცა განსხვავება ის გახლდათ, რომ მთიულები, მოხევეები, ფშავლები და ხევსურები (რომლელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავი სწორედ ლომისაა) მომლოცველთა უმცირესობას წარმოადგენდნენ. თუმცა, სულ ადვილად გაარჩევდით ზურგზე ცხვარმოკიდებული ადამიანი ხევსური იყო თუ თბილისელი. ლომისის სალოცავი, რომელიც მთის წვერზეა აშენებული, ცენტრალური გზიდან 7 კილომეტრშია. მაგრამ გზაც არის და გზაც... ძნელია გზა დაარქვათ იმ უშველებელი კლდეებს შორის ამოჭრილ მცირე ბილიკს, რომელზეც 1 კაციც კი ძნელად გაივლის.
ადგილობრივებისათვის ხატში ასვლის დროს წუწუნი დიდ სირცხვილად ითვლება და მიუხედავად იმისა, რომ ხატამდე სავალ გზაზე უამრავი დაბრკოლებაა, ფშაველი ან მოხევე არასოდეს დაიჩივლებს, აქაოდა აქ რა მინდოდა და ეს რა ცუდი გზა ყოფილაო. არამთიელები კი იცოცხლეთ, ისე გემრიელად წუწუნებდნენ, სპარტანელსაც კი წუწუნის საღერღელი აეშლებოდა. სწორედ ამ წუწუნის მოსმენის გამო იყო, რომ ლომისობის ერთ-ერთმა ხევისბერმა, ქართლიდან ჩასული მომლოცველი ყმაწვილკაცები კინაღამ მთისწვერიდან დააგორა. არც სხვა ხევისბრები იყვნენ მომლოცველთა სიჭრელით მაინცა და მაინც გახარებულნი.
ლომისის ხატის კარზე მთავარი ხევისბერი – ნოდარ ბურდული, რომელსაც შესაწირი ცხვრის დაკვლა, ანდა სისხლის დადინება ევალა (იმის გამოისობით, რომ დაკლული ცხვრის მთიდან უკან ჩატანა ძალიან ძნელია, ბევრი მომლოცველი ხევისბერს მხოლოდ ცხვრის ყურს აჭრევინებს, რათა ძველი წარმართული რიტუალის თანახმად, მთავარი ზვარაკის სისხლის გამოსვლაა) უზარმაზარ სისხლიან ხანჯალს ატრიალებდა და ნაცნობებს აფრთხილებდა, “მოკოცნავე ბალღებს თუ დაინახამთ, აქამდე არ ამოუშოთ, თორემ მერე მე ვიცი მაგათ რასაც ვუზამო”. ხვისბერი იმ გულაჩქროლებულ და უცნაურ ახალგაზრდებს გულისხმობდა, რომლებსაც არად ჩაეგდოთ ადგილობრივი წესები, სალოცავის ადათი და სალოცავამდე ერთურთს ხვევნა კოცნითა და მტლაშა-მტლუშით ამხნევებდნენ.
ხევისბერებთან გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ წლევანდელ ლომისობაზე დაახლოებით 300-მდე ცხვარი დაიკლა. შესაწირის ეს რაოდენობა ძალიან მცირეა თუნდაც 25 წლის წინანდელთან შედარებით, თუმცა საკმაოდ ბევრია იგივე შარშანდელთან შედარებით, რადგან 2 წლის წინანდელი ომის გამოისობითა და ეკონომიკური კრიზისის მიზეზით, შარშან შესაწირი 100-მდე ცხვარი თუ იქნებოდა.
 
ოსები ლომისაში
 
ლომისობაზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები ხატს როგორც წესი მხოლოდ ცხვარსა და კურატს სწირავენ. ყველა მთიელი გეტყვით, რომ ლომისობაზე შესაწირი მამლით ასული ადამიანები ახალგორელი ოსები არიან. ოსების მთავარი სალოცავიც ლომისა გახლავთ. ოსებმა, მიუხედავად რუსების მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისა, მაინც მოახერხეს ახალგორიდან დუშეთში შემოღწევა და ხევისბერმა ხატს მათი ზვარაკიც შესწირა. რამდენიმე ქართველს მოგვეცა საშუალება ოსური ლუდის თანხლებით ხაბიზგინები და მხლიანი ქადები ახალგორელ ოსებთან ერთად დაგვეგემოვნებინა, რომლებმაც გაგვიმხილეს, რომ ერთ-ერთი რუსი ოფიცერი საზღვარზე გამოშვების სანაცვლოდ 2 ლიტრ არყად ჰყავდათ მოსყიდული, მხოლოდ იმ პირობით, რომ საღამოს ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ.
მომლოცველთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, ღამისთევით იყო ლომისაში მოსული და ხატისკენ სვლის რიტუალიც შუაღამით, მთვარის შუქზე სრულდებოდა. რთული გზის ბოლომდე დაძლევას ხშირად ახალგაზრდებიც ვერ ახერხებდნენ და უკან, სოფელ ქვემო მლეთაში ბრუნდებოდნენ, სადაც ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ახლადაშენებულ ტაძარში წირვაზე დასწრებას არჩევდნენ. ამ დროს კი, არაერთ მოხუც ქალს ნახავდით, რომლებიც ხატთან სათხოვარის გამო, მთის წვერზე ფეხშიშველა ადიოდნენ. საკუთრივ ხატში თითქმის არავინ ჩერდებოდა დიდი ხანი და მოლოცვის შემდეგ, ყველა დაბლა ჩამოსვლასა და კარგი დასაჯდომი ადგილის დაკავებას ესწრაფვოდა, რადგან უკვე გარიჟრაჟი იყო და არავის სურდა მთელი დღის განმავლობაში უჩრდილო ადგილში მზის გულზე ჯდომა და საჭმელზე დახვეული მწერების მოგერიება.
თუკი სალოცავიდან მომავალი სოფელ მლეთას ზემოდან გადახედავთ, ავტომანქანების უზარმაზარი რიგებსა და უამრავ ხალხს უცნაურად წითელ ფონზე დაინახავთ. ეს არც “კრწანისის ყაყაჩოებია” და არც ისეთ რამ, პოეტს მხატვრულ სახედ წარმოჩინება რომ მოუნდება. ეს გახლავთ სალოცავამდე ვერამსვლელი, ანდა არამსვლელი ხალხის მიერ დაკლული ცხვრების სისხლი, რომელიც ლომისობას, ცუდ ტრადიციად ქცეულ ჩხუბებთან ერთად, ძალიან არ უხდება.
ცხვრის ხორცი ჰკიდია სადაც კი ხესა თუ ბოძს ნახავთ, ნამუსრევი კი ირგვლივ იმდენია, მლეთელებს ალბათ ერთკვირინიანი შრომა უნდა დასჭირდეთ აქეთ-იქით დაყრილი დაკლული ცხვრის თავ-ფეხის მოსაგროვებლად და დასამარხად, რადგან ძალზედ დიდია იმის საფრთხე, რომ სისხლისა და ხორცის სუნზე მლეთელებს სულ მალე გარეული ცხოველები “ესტუმრონ”.
როგორც ერთ-ერთმა მლეთელმა გლეხმა გვითხრა, რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივები ლომისობის დღეს სპეციალურ სატვირთო მანქანასაც კი ქირაობდნენ ხოლმე და მომლოცველებს სთხოვდნენ, საკლავის ნამუსრევი სოფელში არ დაეტოვებინათ და მანქანაზე დაეწყოთ, მაგრამ მათ თხოვნას შედეგი ხშირად არ გამოჰქონდა და ამის გამო ადგილობრივებსა და სტუმრებს შორის შეხლა-შემოხლაც ხდებოდა. ბოლოს მლეთელებმაც ხელი ჩაიქნიეს და ისევ საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს ნადღესასწაულები სოფლის დასუფთავება.
 
კულინარიული ცდუნებანი
 
როგორც მთიულები და ხევსურები ამბობენ, ლომისობას დაკლული ცხვრისაგან მხოლოდ ერთი სახეობის კერძი უნდა მომზადდეს. ზვარაკის ხორცი უბრალოდ უნდა მოიხარშოს, მარილი დაეყაროს და ამ სახით მიიტანონ სუფრაზე. ამ წესს ადგილობრივების დიდი ნაწილი ისევ მტკიცედ იცავს, რადგან მიაჩნიათ, რომ შეწირული ცხვრის ხორცით კულინარიული ფანტაზიების ფრთაგაშლა არ არის სწორი საქციელი. თუმცა, ბოლო დროს ეს ძველი წესი ხშირად ირღვევა და როდესაც ლომისობას მლეთაში გაივლით, აუცილებლად ნახავთ უზარმაზარ ქვაბებს, სადაც ჩაქაფული ქშინავს და თუხთუხებს, ხინკალი ქვაბის ყელიდან გადმოხტომას აპირებს და რომ არა მომხარშავის გაწაფული ხელი, რომელიც ცხელ ხინკალს ქვაბიდან შიშველი ხელით იღებს და პირისაკენ მიაქანებს, ვინ იცის, რამდენი მთიულური ძაღლი ჩაიკოკლოზინებდა ხინკლით პირს.
ასვეე ნახავთ ცეცხლზე დაწყობილი მწვადის შამფურების გარშემო შემომსხდარ თბილისელ ბიჭებსაც, რომლებიც მწვადის შეწვის მოლოდინში გიტარაზე ძველმოდურ ფსევდოქალაქურ სიმღერებს უკრავენ და 5 ლიტრიანი პლასტმასის ჭურჭელით თბილისში ნაყიდ ღვინოს ჭიქებში ანაწილებენ. ოსები სამ დიდ მამალს სპილენძის ქვაბში ათუხთუხებენ, თან ხილის არაყს სვამენ და მათ სუფრაზე თამადად დამდგარ მოხევე – გიორგი ჩქარეულს კოკოითის ოჯახის წევრების ხშირად ხსენებაში ეჯიბრებიან.
თუ ლომისობაზე გაშლილ რომელიმე სუფრაზე ეკალა ფხალსა და მრავალი სუნელით შეზავებულ ლობიოს დაინახავთ, უმალ მიხვდებით, რომ ლომისას იმერლებიც სწვევიან და ამას ჩრდილში სათუთად ნაჭერგადაფარებული ციცქაც მეტყველებს. ზესტაფონელ ლევან ბერიძეს და მის ცოლს - ანას შვილი 12 წელი არ ჰყოლიათ, ბერიძეებს ლომისის ხატისთვის შვილის მიცემა ჯერ კიდევ შარშანწინ უთხოვიათ და რაკი ახლა ანას ხელში პატარა ლიზი უჭირავს, იმასაც მიხვდებით, ლევან ბერიძე და მისი ჯალაბი რატომაა ასე გახარებული.
იმერლები ღვინოს ყველა გამვლელ-გამომვლელს სთავაზობენ. ერთი ჭიქა ღვინის დალევაზე უარს თითქმის არავინ ამბობს, მაგრამ შარშანდელი ციცქას გასინჯვის შემდეგ, ყველაზე საინტერესო რეაქცია ერთ მთიულ წვერმოშვებულ კაცს აქვს. “რა უცნაური ღვინოა ბალღო? თითქო ატამსა ვჭამდეო” ამბობს ხანში შესული მთიული და “აბა ერთი კიდევ გამიმსეთო” - სთხოვს ბერიძეებს.
ლომისობის დადგომამდე 2 დღით ადრე სალოცავში ამოსული თიანელები უკვე ისე დამთვრალან, რომ გარშემომყოფებს აღარ ერიდებიან და ფანდურზე მოლექსე ბეჟან წიკლაურს ისეთ უწმაწურ კაფიებს ამღერებენ, გვერდით მჯდომი თბილისელი ცოლ-ქმარი შვილებს ყვირილით ელაპარაკებიან, რომ ბავშვებმა სიმღერის უწმაწური ტექსტები არ მოისმინონ. მაგრამ მთვრალი თიანელების ხმის გადაფარვა არც ასე ადვილია.
საღამოს დადგომისთანავე ხალხი ნელ-ნელა იშლება. ზოგი ქალაქში ჩქარა ჩასვლას ესწრაფვის, სხვა სუფრასაც რომ მიუსწროს, ანდა მეორე დღეს სამსახურში მწყაზარი სახით რომ მივიდეს. ხევსურები და მთიულები ახლადგაცნობილ ქალაქელებს დარჩენას ეხვეწებიან და აქა-იქ გაჯიუტებული ქალაქელებისადმი ასეთ მიმართვასაც გაიგონებთ: “ვინც არ წამოიდეს ჩემსა, დავიგონოო?.. დავიგინოო?” ბოლოს ხევისბერებიც წმენდენ სისხლიან ხანჯლებს და ისინიც ავტომანქანებში სხდებიან. მათაც ხომ დაიმსახურეს დასვენება და სადმე ღელისპირას ორიოდე ჭიქის გადაკვრა... სოფელში მხოლოდ მლეთელები რჩებიან და კარგად იციან, რომ მოქეიფეთა ნამუსრევი წელსაც მათი გადასაყრელი უნდა გახდეს. რას იზამენ? ასეთია მათი ხვედრი...
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული