Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია - ესპანური მეღვინეობის გენიოსები და ბოროტმოქმედები

ოდესღაც, ძალიან დიდი ხნის წინათ, უძველეს დროში, მდინარე ებროს ზემო წელის ღვინოები განთქმული იყომთელი რომის იმპერიაში. ამ ღვინოებით მოხიბლული იყვნენ ანტიკური ხანის პოეტები, მათი მხურვალეთაყვანისმცემელი იყო მარკ ტულიუს ციცერონი. ჩვენს დროში ესპანური ღვინოები, ალბათ, არანაკლებპოპულარულია და არც ნაკლებად უყვართ. მაგრამ ამ ორი ეპოქის შუაში იყო დიდებისა და თავდავიწყებისსაუკუნეები. ვინ მიათრევდა განუწყვეტლივ უფსკრულისკენ ესპანელ მეღვინეებს? ვინ არ აძლევდა მათ თითქმის ასიწლის განმავლობაში წელში გამართვის საშუალებას? დაბოლოს, მაინც ვისი წყალობით მოახერხეს ესპანელებმაღვინის ოლიმპზე ასვლა?

დიდების 15 საუკუნე

            როდესაც ესპანეთის დედაქალაქი ვალიადოლიდი იყო, ხოლო ძველი კასტილია - ქვეყნის გული, მედინა-დელ-კამპოს დუერასა და რუენდას აუზის ღვინოების შესახებ სიმღერებს თხზავდნენ. კარლოს V-ის მმართველობის ეპოქაში, როდესაც ესპანეთი თავისი ძლევამოსილების პიკზე იმყოფებოდა, მთელი ჩრდილოეთ ევროპა მოხიბლული იყო ალიკანტეთი და კანარის კუნძულების ღვინოებით.

     მთელი ევროპის არისტოკრატები ჭკუას კარგავდნენ ძველ კეთილ მალაგაზე. მას, ასეთ მუქსა და ტკბილს, მუდმივი, "სახომალდე ფისის" ძალზე სპეციფიკური არომატი ჰქონდა, რომელიც 100 წელზე მეტ ხანს ინახებოდა ისე, რომ არ კარგავდა თავის ღირსებებს. აბა ხერესი?! მიჩნეულია, რომ XIV საუკუნეში, ბრიტანელებმა პირველად გაუსინჯეს გემო კადისურ ღვინოს, რომელსაც მათზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ასე იყო მანამ, სანამ ერთხელ მამაცმა მეკობრემ, სერ ფრენსის დრეიკმა ბრიტანეთის მახლობლად ესპანური არმადა არ ჩაძირა და ინგლისის ნაპირზე 3000 კასრი ხერესი არ ამოათრია. ეს მოხდა 1588 წელს. მას შემდეგ ხერესის პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა, და XIX საუკუნეში მას უპირობოდ ეკავა ესპანური ექსპორტის უმთავრესი პოზიცია. სწორედ მაშინ, წინდახედული ინგლისელების მონაწილეობით, რომლებიც ხერესის წარმოების სფეროში შეიჭრნენ, საკუთარ ვენახებს აშენებდნენ და აქტიურად ყიდულობდნენ ძველ მამულებს, ინდუსტრიამ ძალზე აქტიურად დაიწყო განვითარება და, სულ რაღაც 50 წელიწადში, საუკუნის ნახევრის გასვლამდე გაუსწრო პორტვეინის წარმოებას.

     ბევრი საქმეში ჩახედული კაცის (განსაკუთრებით ბრიტანელის, თუმცა არა მხოლოდ იქაურის) აზრით, ხერესი მსოფლიოში საუკეთესო ღვინო იყო. მაგრამ XIX საუკუნეში ესპანურ სიამაყეთა ჩამონათვალში წითელი ღვინოები უბრალოდ არ იყო.

მადრიდის სასახლის საიდუმლოებანი

XVIII საუკუნეში ესპანეთმა ცუდი დღეები გადაიტანა. ასწლეული ომით დაიწყო: ჩრდილოეთ ევროპას არ მოეწონა, რომ უშვილო მეფის, კარლოს II-ის შემდეგ ესპანეთის ტახტზე ავიდა ფრანგი - ლუდოვიკო XIV-ის ახალგაზრდა შვილიშვილი, ფილიპ V.

სანამ ევროპის მონარქები ეგრეთ წოდებული ესპანეთის მემკვიდრეობისთვის იბრძოდნენ, მათი ნახევრადმშიერი და საომარ პირობებში გაველურებული ჯარისკაცები დაეხეტებოდნენ იბერიის სივრცეებში, ძარცვავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ფეხით ქელავდნენ ადგილობრივ ვენეხებს, რომლებიც ისედაც ცუდ დღეში იყო.

საქმე იმაშია, რომ მადრიდში 1561 წელს გადასული სამეფო კარის მთავარი მიმწოდებელი გახდა ქალაქის სამხრეთით მდებარე ლა-მანჩის პლატო. ვალიადოლიდის უძველეს ლეგენდარულ ვენახებსა და ახალ დედაქალაქს შორის გაწოლილი იყო სიერადე-გუადარამას მთების ჯაჭვი, რომელმაც სატრანსპორტო სიძნელეები შექმნა. დუეროს ხეობის ცნობილი ვენახები, რომლებიც ვალიადოლიდში დედაქალაქს ამარაგებდნენ, ერთიანად განადგურდა, მადრიდელები კი ზედიზედ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მართალია ზიზღის გარეშე, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისე დიდი ენთუზიაზმით სვამდნენ ლამანჩის ღვინოებს.

     ლა-მანჩაში ღვინის წამყვან მწარმოებლებად ითვლებოდნენ ქალაქები ვალდეპენიასი და მანსანარესი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აქაც ჰყავდათ თავიანთი ვარსკვლავები. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ვალდეპენიასის საუკეთესო ღვინოებს, ხშირად ფრანგებიც კი ბურგუნდიულს ადარებდნენ, ხოლო მანსანარესში, ჰერცოგ სან-კარლოსის განიერი ღვინის სარდაფები განთქმული იყო თავისი "მდიდრული და გამამხნევებელი" ღვინოებით.

     თუმცა, ამ ღვთაებრივი სასმელებით ნეტარების მსურველებს, ხანგრძლივად უნდა ემოგზაურათ ლა-მანჩის გადახრუკულ ველებზე. მადრიდის ტავერნებში კი, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ნიუანსების გამო, უკვე სულ სხვაგვარი ღვინო დაგხვდებოდათ.

     ყველაზე სუსტი რგოლი

     მაგრამ რა ბედი ეწია დიდებული იმპერიისდროინდელ სახელგანთქმულ ესპანურ ღვინოებს? ისინი ხომ ჯერ კიდევ XVI საუკუნეში არავის ეჩვენებოდა ასეთ საზიზღრობად. პასუხი მარტივია: გზების არარსებობა და ესპანეთში ღვინის ტიკებში შენახვის ტრადიციული მეთოდი.

როგორც ცნობილია, რომაელმა ლეგიონერებმა ისე დატოვეს პირინეები, რომ თავიანთი ჩვეულების საწინააღმდეგოდ, აქ დატოტვლილი გზების ქსელი არ გაუყვანიათ. მხოლოდ რიოხის ვიწრო შენაკადი აღწევდა გარე სამყარომდე. თავად ესპანელებს კი მხოლოდ ათასზე მეტი წლის შემდეგ მოუვიდათ თავში აზრად ლოგრონოში ებროს ხეობის გავლით გზის გაყვანა, რომლის მახლობლადაც გადიოდა სანტიაგო-დე-კომპოსტელასკენ მიმავალი მომლოცველთა გზა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე ღვინოები აქ ჩვეულებრივ, ჯორებზე გადაკიდებული ტიკებით გადაჰქონდათ, რომლებიც მათ სიმყრალეს აძლევდა. ევროპელები, რომლებიც ესპანეთში მოგზაურობდნენ, რაღაც "კულტურული შოკის" მაგვარს განიცდიდნენ. ის შესანიშნავი ესპანური ღვინოები, რომლებსაც ისინი სახლში სინჯავდნენ, თავად ესპანეთში "მღვრიე და გულის ამრევი" აღმოჩნდებოდა ხოლმე. საექსპორტო და ქვეყნის შიგნით ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილ ღვინოებს შორის განსხვავება იტალიაშიც კი არ იყო ასეთი განსაცვიფრებელი და აშკარა. იმის შესახებ, თუ როგორ ღვინოებს სვამდნენ თავად ესპანელები, წერდა ალექსანდრე ჰენდერსონი (Henderson) "ძველი და თანამედროვე ღვინოების ისტორიაში" (1824):

"ესპანეთის უმეტეს ნაწილში გლეხები თავიანთ ღვინოებს ინახავენ ფისით გაჟღენთილ საქონლის ტიკებში; მათგან ღვინომ შეიძლება უსიამოვნო სპეციფიკური გემო აიღოს, რომელსაც olor de bota-ს უწოდებენ, და მღვრიე და  გულისამრევ სითხედ გადაიქცეს. ბოთლები და კასრები იშვიათად გვხვდება, და მონასტრებისა და მსხვილი სავაჭრო ქალაქების სარდაფების გარდა, სხვა მიწისქვეშა ღვინის სარდაფები პრაქტიკულად უცნობია. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ასეთი შენახვის პირობებში ჩვეულებრივი ესპანური ღვინოები ასე შორსაა სრულყოფილებისგან... ან ის, რომ ჩინებული ვენახის ცენტრში მყოფი მოგზაური ხშირად აღმოაჩენს, რომ მისი პროდუქცია სრულიად გამოუსადეგარია მოხმარებისთვის".

ამ სიტყვების სისწორე საკუთარ თავზე შეგიძლიათ გამოსცადოთ. ესპანეთში ჩასული (განსაკუთრებით, თუ თქვენ სოფლად აპირებთ დარჩენას), თუ იქაურ დიასახლისებს დააკვირდებით, უთუოდ შენიშნავთ, რომ ყოველთვის, როცა მაგიდას ალაგებენ, ისინი წყლის დოქს მაცივარში დგამენ, ხოლო წითელი ღვინის ნარჩენებს, უბრალოდ, ღვრიან.

როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო ესპანური ღვინოები, ისინი შეუმჩნეველადვე დარჩებოდა, უცხოელ მოვაჭრეებს ანდალუსიაში ხერესისა და მალაგასთვის, გალისიაში Ribadavia-სთვის და, ვალენსიაში, იაფასიანი Benicarlo-სთვისაც კი, კასრები რომ არ გამოეყენებინათ, რომლებსაც ბორდოში კუპაჟირებისთვის აგზავნიდნენ. ღმერთმა არ ქნას და, ბორდოს შარტრონულ კვარტალში ხარის ტყავი რომ გამოჩენილიყო, მიმწოდებლები ვერსად გაექცეოდნენ იქედნურ კომენტარებს.

ტყავის ბოთლების, ბოტების დასაცავად, ვიტყვით იმას, რომ ასეთი ჭურჭელი, თუკი ის სწორადაა დამზადებული და კარგადაც არის მოვლილი, მოსახერხებელი და სასარგებლო ნივთია, რომელითაც ესპანელებს ნებისმიერ პირობებში (მათ კი ღვინის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენიათ) შეუძლიათ წყურვილის მოკვლა. რაღა თქმა უნდა, ეს სულაც არ ჰგავს ბროლის თასს. მაგრამ ესპანელების ცხოვრებაში, სწორედ ბოტა გამოხატავს ღვინის მნიშვნელოვნებას და, ამიტომაც არ გაქრა იგი მას შემდეგ, რაც მინა ხელმისაწვდომი გახდა. სინამდვილეში, საყვედურს ბოტა კი არა, ცხოველის მთლიანი ტყავისგან გაკეთებული ბორაჩა იმსახურებდა.

დაცემულს წაუჯიკავე!

ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ატეხილი ომის დასრულებისთანავე, საფრანგეთში დაიწყო ღვინის ბუმი. ახლა ძნელია იმის თქმა ზუსტად, თუ რამ გამოიწვია იქ ფასების მოულოდნელი მკვეთრი დაცემა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ღვინო საგრძნობლად გაიაფდა, რამაც ხალხი, ეს ყბადაღებული სანკლიულოტები, აღტაცებაში მოიყვანა. იმისათვის, რომ ბოლომდე გასაგები იყოს, უფრო დაწვრილებით განვმარტავ: უბრალო ხალხმა დაიწყო არა რაღაცა ვაშლის სიდრის, არამედ ნამდვილი ყურძნის ღვინის დალევა და, თანაც განუსაზღვრელი რაოდენობით.

ბუნებრივია, რომ ასეთი მოთხოვნილების დროს, და თანაც ფრანგული კანონმდებლობის პირობებში, რომელიც ზღუდავდა ყურძნის დარგვას და ღვინის წარმოებას, ფრანგი ნეგოციანტების მზერა პირენეის მეორე მხარეს იყო მიპყრობილი. იქ კი, თითქმის აღარ დარჩა წითელი ღვინოები, რომლებსაც ხერესთან და მალაგასთან ჭიდილი შეეძლოთ. ის წითელი, რომლის ექსპორტსაც ესპანეთი ახდენდა საფრანგეთში, ზედმეტად მუქი იყო და, მხოლოდ კუპაჟისთვის თუ გამოდგებოდა. ფერი ხომ სწორედ ის იყო, რაც ყოველთვის აკლდა ფრანგულ ღვინოებს.

მაგრამ XVIII საუკუნეში საუბარი უკვე არა მხოლოდ ფერს შეეხებოდა, არამედ იმასაც, რომ ღვინით გაეძღოთ მოულოდნელად საგრძნობლად გაღატაკებული  ფრანგული ბაზარი და, ბურჟუებისთვის იმის შესაძლებლობა მიეცათ, რომ დამტკბარიყვნენ თუმცაღა იაფი, მაგრამ მაინც ყურძნის ღვინით.     ვინაიდან მსხვილი მომარაგებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ყურძნის ფერსა და არომატს, ბევრი ესპანელი მევენახე ყურძნის უფრო ნაზი ჯიშიდან, ტემპრანიიოდან (ეს სახელწოდება ითარგმნება როგორც "ადრეული") ნაკლებად ჭირვეულ ჯიშზე გრანაჩაზე (ფრანგულად გრენაში) გადავიდა, რომელიც ზედმეტად გულმოდგინე შრომას არ საჭიროებს. თუმცა, რიოხას ღვინოების არომატულობისა და ენერგიის საიდუმლო, სწორედ ტემპრანიიოში ინახება. მაგრამ ბილბაოში, სანამ გემს რიოხას ღვინოებით დატვირთავდნენ, მათ მაინც ურევდნენ დუეროსა და ლა-მანჩის ღვინოებს.

და ასე გრძელდებოდა რამდენიმე ათეული წელიწადი. ნაცრის შემოტევის წლებშიც კი, როდესაც ჯერ რკინიგზა არ არსებობდა, რაც შეიძლება მეტი იაფი ღვინის შესყიდვის მიზნით, ფრანგებმა მევენახეებს კარის ზღურბლი აუტალახეს. და ამის შემდეგ ვინ მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ ესპანელი მეღვინეები ყველაფერში ფრანგებს უნდა უმადლოდნენ?

ახ, დრონი! ახ, ზნე-ჩვეულებანი!

XVII და XVIII საუკუნეებში ბასკურ პროვინციებში ინტენსიურად იზრდებოდა როგორც მოსახლეობა, ისე სავაჭრო ბრუნვა, რაც რიოხას მცხოვრებლებს მეტი და მეტი ღვინის წარმოებას აიძულებდა. სანაპიროსთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქ მირანდე დე ებროში საქმე ცუდად არ მიდიოდა, მაგრამ ლოგრონო აწარმოებდა იმაზე მეტ ღვინოს, ვიდრე გაყიდვა შეეძლო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ღვინოში თანდათან როგორ ძლიერდებოდა საქონლის ტიკის სუნი მანამ, სანამ ადგილობრივ მცხოვრებლებს არ მოუწევდათ შიგნით დატოვებული ნარჩენის გადაღვრა.

პირველად ნერვებმა ბურგოსის დეკანს, რიოხას მკვიდრს, დონ მანუელ კინტანოს (Quintano) უმტყუნა. 1780-იან წლებში ის ბორდოში გაემგზავრა ისეთი ღვინის დამზადების საიდუმლოს შესატყობად, რომელიც დიდხანს ინახებოდა. მის მიერ რიოხაში ჩამოტანილმა ბორდოულმა ტრადიციებმა, პირველ რიგში ღვინის მუხის კასრებში დაძველების მეთოდმა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. სარდაფში დაძველებული ღვინოების ექსპორტირება წარმატებით ხორციელდებოდა კუბასა და მექსიკაში და ისინი თავიანთ თვისებებს ხანგრძლივი საზღვაო გადაზიდვის დროსაც ინარჩუნებდნენ.

ეს იყო რიოხას მოდერნიზების პირველი და, სამწუხაროდ, წარუმატებელი მცდელობა. ნაცვლად იმისა, რომ ჩასჭიდებოდნენ ამ იდეას, ხელისუფლებამ შესაშური მეწვრილმანეობა გამოიჩინა. რატომაც არა! აქამდე მუხის კასრებში დაძველებული ღვინო, კეთილშობილი დონების პრივილეგია იყო, ახლა კი მასზე ამერიკული კოლონიების ბურჟუებსა და ველურებსაც მიუწვდებოდათ ხელი. და ამასთან, რამდენ ფულს გამოიმუშავებს ეს დონ კინტანო? საფრანგეთში რაღა ხდება ამ დროს, ესპანელი მეფეების ისტორიულ სამშობლოში? და ხელისუფლებამ დაადგინა, რომ რიოხას მთელი ღვინო ერთსა და იმავე ფასად უნდა გაყიდულიყო. კასრების ღირებულება და სარდაფში სამწლიანი დაძველების ხარჯები კასტილიის საბჭოში აპელაციის შემდეგაც კი არ მიიღებოდა მხედველობაში.

      რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც რეგიონში ნაპოლეონის ჯარები შეიჭრნენ, კინტანოს გეგმები დავიწყებას მიეცა. გზის მშენებლობა 20 წლით გადაიდო, ხოლო კასრებში ღვინის დაძველება - მთელი ნახევარი საუკუნით. და ამ ყველაფერზე თვალწინ წარმოგიდგება დონ მანუელის სარკასტული ჩაცინება!

     მაგრამ ესპანეთში ნაპოლეონის შეჭრას ერთი დადებითი შედეგი მაინც მოჰყვა: ფრანგ და ესპანელ მეღვინეებს შორის მჭიდრო კავშირები დამყარდა და მათ შორის გამოცდილების ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა დაიწყო. XIX საუკუნის შუა ხანებისთვის ესპანელმა მეღვინეებმა შეიძინეს იმ უნარ-ჩვევების უმრავლესობა, რომლებსაც ისინი დღემდე იყენებენ.

     ღვინის ტიკები

     მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ბოტას შესახებ, რომლის გარეშეც მხედარს ისევე არ შეუძლია მოგზაურობა, როგორც უნაგირის გარეშე. ეს აზიური და იმავდროულად ესპანური სულის მქონე ნივთი, ნახევარკუნძულის იმ მცოვრებთათვის, რომლებიც სამოგზაუროდ დადიან, ერთდროულად ბოთლიც არის და ბოკალიც. ესპანელი ქალი უფრო წავა ეკლესიაში მარაოს, ხოლო ესპანელი კაცი ბაზრის მოედანზე - დანის გარეშე, ვიდრე მოგზაური დაადგება გზას ბოტას გარეშე. ტვირთი, ბებერი, გამოცდილი მეგზური, რომელიც სიცხეში გზის სიძნელეს აიოლებდა, ახლა კი პატივისცემას იმსახურებს როგორც იბერიული ბახუსისთვის მსხვერპლად მიტანილი რელიკვია. ამჟამად მისი ზედაპირი სიძველისა და გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო უკვე დახეთქილია, მაგრამ იგი კვლავინდებურად სავსეა ლალისფერი სითხით, იქნება ეს უხვი Valdepenas-ი თუ ნატიფი Vino de toro; და ჩვენ ვგრძნობთ, თუ როგორი მაცოცხლებელია მისი ნახვრეტიდან ამოსული სუნიც კი. სწორედ იქ ინახება პიკანტური არომატი, რომელიც ენზე ნერწყვს მოგიყვანს და თვალებსაც კი აგიცრემლებს. აი, ესპანეთის სუნების შესახებ როგორ მოგონებებს აღძრავს მისი ცნობილი ბოტა: სასიამოვნოს, უსიამოვნოს და ყველაზე ჩვეულებრივს!

     ბოტა არ უნდა აგვერიოს ბორაჩაში ან კუეროში, ღვინისთვის განკუთვნილ ესპანურ ტიკში, რომელიც მთლიანი ტყავისგან მზადდება და იგივე დანიშნულება აქვს, როგორიც სხვა ქვეყნებში კასრებს. ბოტა არის საცალო ტევადობა, ხოლო კუერო - საბითუმო. იგი მზადდება ღორის ტყავისგან და მის მიმართ სიყვარული პირენეის ნახევარკუნძულზე მეტოქეობას უწევს სიგარის, დოლარისა და ღვთისმშობლის მიმართ თაყვანისცემასაც კი. კუეროს დასამზადებელ სახელოსნოებს ესპანეთის მრავალ ქალაქში შეხვდებით; იქ ტალახში ამოსვრილი ცხოველთა ტყავები მწკრივში ისე კიდია, როგორც ჩვენთან გატყავებული და გამოშიგნული ცხვარი - საყასბოებში. გამოყვანილი და მოსახმარებლად გამზადებული ტიკი, ჩლიქებითა და ყველა სხვა დანარჩენით, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, ინარჩუნებს ღორის ფორმას: ტყავს სწორი პირიდან უკუღმა გადააბრუნებენ, ისე, რომ ჯაგარი შიგნითა მხრიდან ექცევა, ამასთან, ტყავს, როგორც გემის ძირს, შიგნიდან გულმოდგინედ ფისავენ, რომ თავიდან აიცილონ გაჟონვა; აქედან მოდის ფისისა და ტყავის სპეციფიკური სუნიც და სწორდ მას ეწოდება ბორაჩა. ეს სუნი ახასიათებს ესპანური ღვინოების უმრავლესობას, გარდა ხერესისა, რომელსაც უცხოელები ამზადებენ და, ამიტომაც ინახება ის უცხოურ კასრებში.

კართაგენი უნდა დაინგრეს!

     ჩრდილოეთ ესპანეთი საღათას ძილისგან ნაცარმა გამოაფხიზლა. ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე ჯერ კიდევ აგრძელებდა თავისი ღვინის, Ribadavia-ს ექსპორტირებას, მაგრამ ლეონის, დუეროსა და რიოხას ღვინოებს იშვიათად შეხვდებოდით ჩრდილოეთ სანაპიროს ქალაქების ფარგლებს გარეთ. 1850-იანი წლების დასაწყისში პორტუგალიიდან ამერიკული ვაზით შემოტანილმა ფხვნილის ობმა გააჩანაგა ესპანეთის ყველაზე უფრო ტენიანი რეგიონები. გალისია, თავისი მუდმივი ღრუბლიანობის გამო, უბრალოდ გაპარტახდა: რეგიონს, სადაც მთელი ზაფხულის განმავლობაში გადაუღებლად წვიმს, თუ მცირე შესვენებებს არ ჩავთვლით, გოგირდმაც ვერაფერი უშველა - ის მხოლოდ ძვირადღირებულ ნახევრად დამხმარე საშუალებას წარმოადგენდა. ძალიან ბევრი მევენახე უბრალოდ გაიქცა აქედან.

     მაგრამ ის, რაც გალისიამ ნაცრის გამო დაკარგა, ერთიასად აინაზღაურა რიოხამ. უცებ ის ბილბაოს მძლავრად განვითარებადი პორტის ერთადერთ მიმწოდებლად გადაიქცა. და ახლა, პრაქტიკულად ერთადერთი იყო, ვინც საფრანგეთს კუპაჟებისთვის საჭირო ნედლეულს აწვდიდა. უცებ ცხადი გახდა, რომ ფრანგები მზად არიან რიოხაში წარმოებული მთელი ღვინის შესასყიდად, და მალე მთელი ხეობა მეღვინეობის ციებ-ცხელებამ მოიცვა.

     თუმცა, შორსმჭვრეტელ მევენახეებს (მართალია ასეთები ცოტა იყვნენ), არ აწყობდათ პერსპექტივა, რომლის მიხედვითაც, ფრანგული ბაზრის უცაბედი გაღატაკების ხარჯზე, რიოხა საფრანგეთის ხასად უნდა ქცეულიყო. მათ შესანიშნავად იცოდნენ, რომ, როგორც კი ფრანგები თავიანთ ვენახებს აღადგენდნენ, რიოხა დავიწყებას მიეცემოდა. და მაშინ, ნათელი გახდა, რომ საფრანგეთთან ვაჭრობის შედეგად მიღებული ფული, საკუთარი მეღვინეობის განვითარებაში უნდა დაებანდებინათ, რათა ესპანურ ღვინოს ოდესმე მაინც შესძლებოდა ფრანგულისთვის კონკურენციის გაწევა.

მსგავსი იდეები ესპანელებს ნაცრის შემოტევამდეც მოსდიოდათ თავში აზრად, მაგრამ მათთვის ხორცშესხმა, სწორედ რიოხაში მოხდა.

გენერალი და მისი არმია

     გარდაქმნების სულის ჩამდგმელი გახდა ესპანეთის ექსპრემიერ-მინისტრი (1841-1843; 1854-1856), გენერალი ბალდომერო ესპარტერო (Espartero), ლა-ვიქტორიას ჰერცოგი, რომელიც მშობლიურ ქალაქ ლოგრონიოში საკუთარ ბოდეგას ფლობდა.

     სოფლელი ხელოსნის ვაჟი, ბალდომერო ესპარტერო, რომელიც ლათინურ ამერიკაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ ომის მონაწილე იყო და, რომელმაც, 1839 წელს ქვეყნის შიგნით ატეხილი სამოქალაქო ომი ჩამოგდებული კარლოს მეფის არმიაზე გამარჯვებით დაასრულა, ნაციონალურ გმირად იქცა და თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. 1840-იან წლებში, კარლოსელების მიერ ჩამოგდებული გენერალი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო ინგლისში.

     იმ დროს მისი ადიუტანტი იყო ახალგაზრდა პოლკოვნიკი ლუსიანო მარკიზ დე მურიეტა-ი-გარსია-ლემუანი (Murrieta y Garcia-Lemoine), რომელიც დაიბადა და გაიზარდა პერუში, ვერცხლის მაღაროს მფლობელის ოჯახში. როგორც ჩანს, მეღვინეობის საკითხებით ის სწორედ ლონდონში დაინტერესდა, სადაც ლუსიანო დე მურიეტამ გენერალთან ერთად ხუთი წელი გაატარა. შესაძლოა სწორედ ჰერცოგთან სადილის დროს, მათ ორივეს ერთდროულად მოუვიდა აზრი რიოხას მოდერნიზების თაობაზე.

სახლისკენ მიმავალ გზაზე, მურიეტა ბორდოში მეღვინეობის შესასწავლად გაჩერდა. 1850 წელს იგი ლოგრონიოში დაბრუნდა და ბორდოული ტექნოლოგიების დახმარებით, ჰერცოგის ვენახებსა და ბოდეგაზე დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება. ის საერთოდ უარის თქმას აპირებდა ტრადიციულ მეთოდებზე. რიოხაში ყურძენს წურავდნენ და მის ფერმენტირებას ძველებურად, არც ისე ღრმა ლაგოსის როფებში ახდენდნენ, რომლებიც ჩამოჰგავდა პორტუგალიურ ლაგარეს დორუს ხეობიდან. მარცვლების უმეტესობა დაუჭყლეტელი რჩებოდა და ფერმენტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. მურიეტას ახალი მეთოდის მიხედვით, დაჭყლიტილი ყურძენი სწრაფად ჩაედინებოდა ფერმენტაციისთვის განკუთვნილ მაღალ როფებში - ეს გახლავთ ბორდოული შატოს კიუვეს წარმოების კლასიკური მეთოდი.

ისე როგორც კინტანო, მურიეტა, ღვინის უბრალოდ კასრებით გადატანას კი არა, საკუთარ სარდაფებში მის დაძველებასაც აპირებდა. მაგრამ რიოხაში ბორდოული კასრები (რიოხაში არც არანარი კასრები არ ყოფილა) არ იყო. მათი შოვნა ბილბაოშიც კი ჭირდა: იმას კი, რასაც ნავსადგურში ყიდდნენ, ბორდოულზე გაცილებით მომცრო იყო. თავდაპირველად, ოღონდაც კი თავისი სიმართლე დაემტკიცებინა და, მურიეტა მეოთხედ კასრებსაც სჯერდებოდა. დაძველებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ, უხეში ახალგაზრდა ღვინო უფრო იწმინდებოდა და მისი ბუკეტი ახალ, დიდი იმედის მომცემ ელფერს იძენდა. მომავალში რიოხა თავის სახასიათო გემოს არა მხოლოდ ტემპრანიიოს არომატიდან, არამედ მუხაში გაცილებით ხანგრძლივი დაძველებისგან მიიღებს. სწორედ მუხა, და არა ყურძენი აგებს პასუხს რიოხას ადვილად საცნობ არომატზე, და მისი ბუკეტისთვისაც კი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რიოხამ ხორცი შეასხა მდიდარი ესპანელების წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კარგი წითელი თუ თეთრი ღვინო: გამჭვირვალე და ცოცხალი, სუფთა და ნათელი, და მას ბორაჩას გემოს ნასახიც არ უნდა ჰქონდეს.

მურიეტას 1850 წლის პირველი მოსავლის ღვინის ნახევარი, რომელიც ექსპერიმენტის წესით ორი წლის განმავლობაში ძველდებოდა კასრებში, კუბაზე მოხვდა და ის აღტაცებით იქნა მიღებული; მისი მეორე ნახევარი გაიგზავნა მექსიკაში და ხომალდის დაღუპვის დროს ჩაიძირა. ახლა მურიეტას წამოწყების წარმატება თავიდან ბოლომდე იმაზე იყო დამოკიდებული, შეძლებდნენ თუ არა ხომალდები დანიშნულების ადგილამდე მისვლას.

ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური

ლუსიანო მურიეტა პირველი არ ყოფილა, ვინც საკუთარი ბოდეგა მოაწყო; ეს პატივი წილად ხვდა დონ კამილო ურტადო დე ამესაგა (Hurtado de Amezaga) მარკიზ დე რისკალს (Riscal), ბორდოს ღვინოების  მხურვალე თაყვანისმცემელს, უდიდესი ამბიციებისა და უზარმაზარი შეძლების მქონე ადამიანს. ბედმა ისე ინება, რომ მარკიზ დე მურიეტა და დონ კამილო დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იმყოფებოდნენ ბორდოში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ჩამოდის ის კიდევ ერთხელ ბორდოში მატარებლით, როგორ ჰაერშივე გრძნობს გამოცოცხლებას, უკვეთავს მოწყობილობას და გემოს უსინჯავს უკანასკნელი მოსავლის ღვინოებს. და სწორედ მაშინ ჩაიფიქრა მან ბორდოელებისთვის წარედგინა ღვინო, რომელსაც ისინი საკუთარისგან ვერ განასხვავებდნენ.

1850 წელს ალავის პროვინციაში, ლოგრონოს მოპირდაპირე მხარეს, ებროს ნაპირზე, მან დაიწყო ბორდოს მსგავსი "ნამდვილი შატოს" მშენებლობა. მაგრამ მისი სარდაფები მთლად "მედოკური" არ გამოვიდა. ცხელი ესპანური ზაფხულის გათვალისწინებით, მიწისქვეშა ღვინის საცავების სათხრელად მან დაიქირავა გალისიელი მიწის მთხრელები, და შემდგომში, სწორედ ეს საცავები იქცა ესპანური მეღვინეობის განვითარებაში რისკალის მიერ შეტანილ წვლილად. ღვინის ქარხნისა და ვენახის მოწყობას მთელი ათი წელი დასჭირდა.

თავისი 500 აკრის (ბორდოში არც ერთ შატოს არ ჰქონდა ასეთი სამფლობელოების ნახევარიც კი) სამ მეოთხედზე მან დარგო რიოხას ჯიშები, ერთ მეოთხედზე - ბორდოული ჯიშები და ცოტა პინო ნუარიც დაამატა. მმართველად დაიქირავა ვინმე ბორდოელი  ჟან პინო (Pineau), რომელიც ადრე, პროვინციის მთავრობის თხოვნით, ადგილობრივ მევენახეებს შორის უშედეგოდ ატარებდა ახსნა-განმარტებით სამუშაოებს. ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე პირველი მოსავლის ღვინო გაყიდვაში გავიდოდა, რისკალმა თავისი უზარმაზარი, ქვისგან აშენებული ღვინის ქარხნის გაფართოება და მოდერნიზება დაიწყო. 

დაბოლოს, 1862 წელს ღვინო მზად იყო. იგი მავთულით შემოწნულ ბორდოულ ბოთლებში ჩამოასხეს (უკანასკნელი ბორდოული მოდის მიხედვით, დიდებული ღვინო - ესპანური ტერმინოლოგიაში reserve - კასრებით არ იყიდებოდა), და დაბეჭდეს (საბაზრო სვლა, რომელიც მედოკშიც მოახდენდა შთაბეჭდილებას). სიმართლე 1865 წელს გაირკვა, როდესაც რისკალმა ღვინო თვით ბორდოში გამოიტანა ღია კონკურსზე). ექსპერიმენტის სისუფთავისთვის, ის მხოლოდ ტემპრანიიოსგან იყო დამზადებული: კაბერნე მის თვალში ძალიან უბრალოდ მოჩანდა. მან პირველი პრემია დაიმსახურა, თუმცა, თავდაპირველად არავის სჯეროდა, რომ მსგავსი შედევრი ესპანეთში იყო დამზადებული.

დადგა რიოხას ოქროს საუკუნე.

 მონასტრები და ციხე-კოშკები

 1864 წელს ესპანეთის ახალ დიდებულ ღვინოებს მესამეც შეემატა. ეს მოხდა არა რიოხაში, არამედ ოდესღაც თავისი ღვინოებით განთქმულ დუეროს ხეობაში.

დიდი ხნის წინ ამ მიწაზე იდგა წმინდა რობერტის მიერ დაფუძნებული ორდენის საძმოს მიერ აშენებული რამდენიმე მონასტერი. მათი ცხოვრების პრინციპი უბრალო იყო - "ილოცე და იშრომე". ისინი მიჰყვებოდნენ ამ პრინციპს: ამუშავებდნენ ვენახებს, ამზადებდნენ ღვინოს და მათ წმინდა მარია დე ვალბუენის სააბატოს ფუნდუკში ყიდდნენ. მაგრამ XIX საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც ესპანეთი ანტიკლერიკალურმა განწყობამ მოიცვა, სამონასტრო მიწების ნაწილი "დეზამორტიზაციის შესახებ" კანონის (1854) შესაბამისად გაიყიდა, ნაწილი კი განადგურდა. და ვალბუენი-დე-დუეროს მონასტრის მიწების ნაწილი უსათუოდ დაკნინდებოდა, რომ არა ერთი გარემოება.

1848 წელს მარკიზ დე ვალბუენისგან ისინი გამოისყიდა ეროვნებით ბასკმა, ტორიბიო ლეკანდამ (Toribio lecanda). 1859 წელს მისი სიკვდილის შემდეგ ვენახი მემკვიდრეობით გადაეცა მის შვილს, ელოი ლეკანდა-ი-ჩავესს (Lekanda y Chaves), რომელმაც აქ ბოდეგა Vega Sicilia დაარსა.

ბორდოსთვის მიბაძვის სურვილი ამ რეგიონის მრავალ მევენახეს გაუჩნდა. მაგრამ მხოლოდ ერთმა მათგანმა გაბედა ბორდოული ყურძნის 2000 ფუტის სიმაღლეზე დარგვა, მხარეში, რომელიც ცხელი ზაფხულითა და ზამთრის ყინვებით გამოირჩეოდა და საერთოდ არ ჰგავდა მედოკს.

არაკეთილმოსურნე მეზობლების თვალთვალსა და ბოროტი ენების ქვეშ მყოფი უშიშარი დონ ელოი გაემგზავრა ბორდოში, სადაც შეიძინა 18 000 საჟენი კაბერნე სოვინიონი, მალბეკი და პინო ნუარი და გაურკვეველი რაოდენობის მუხის კასრები. და მაინც, თუ Vega Sicilia ფლობს კიდევაც საიდუმლო თვისებებს, რომელზეც ხელი არანაირ სხვა ღვინოს არ მიუწვდება, მაშინ ამას ის თავის განსაკუთრებულ გეოგრაფიულ მდებარეობას უნდა უმადლოდეს (არც ისე დიდი ხნის წინ, ზღვის დონიდან ზუსტად ასეთსავე სიმაღლეზე მდებარე უახლოეს ბოდეგამდე მანძილი აქედან 100 მილი იყო).

უკვე 1876 წელს ლეკანდა სამეფო კარის მიმწოდებელი ხდება, 1880 წელს კი, მეფის ხელით მას გადაეცა იზაბელა კასტილიელის დიდი ჯვარი.

premier cru-ს ანალოგიურად, ბორდოს შეიძლება ვუწოდოთ ესპანური  Lafites-ს Riscal-ი: თავის საუკეთესო გამოვლინებებში - ერთიანი აბრეშუმისებრი არომატი. Murrieta, ცხადია, Mouton-ია: ღრმა, ჟღერადი და ინტენსიური. Vega Sicilia - ეს Latour-ია, მაგრამ ისეთი მოსავლის Latour-ი, როდესაც ყურძენი ვაზებზევე გადაიქცევა ქიშმიშად, ხოლო მკრეფავები გაშავებამდე იწვებიან.

ენთუაზიასტების მარში

რიოხას პირველი ორი ბოდეგა მცირე ხნით რჩებოდა მარტოობაში. 1860-იანი წლების დასასრულს მურიეტამ მიატოვა ჰერცოგი და თავისი საკუთარი ბოდეგა დააარსა. სამწუხაროდ, ამ მოვლენის თარიღი უცნობი დარჩა. მაგრამ სამაგიეროდ, მომდევნო ათწლეულში, 1872 წელს, მან იყიდა 600-აკრიანი ვენახი Ygay ლოგრონიოს მახლობლად (ჩვენს დროში იგი კომპანიის ცენტრად იქცა). იმ დროისათვის ესპანელი მეღვინეები ეიფორიაში იყვნენ. ფილოქსერა მთელს ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელდა, და ფრანგები მზად იყვნენ დაეჩოქათ ერთი ბოკალი ღვინისთვის. რა თქმა უნდა, რიოხა უარს არ ეუბნებოდა მათ მოწყალების გაღებაზე - უსახელო მუქ სითხეზე, რომელსაც ფრანგები, ვითომ დაცინვით, "ესპანურ ღვინოს" უწოდებდნენ. ამ სასმელის მიმწოდებელი გახდა ნავარას მოსაზღვრე, ებროს ხეობის ყველაზე თბილი, აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც რიოხა ბახა (ქვემო რიოხა) ერქვა. სწორედ იქ იზრდებოდა ამტანი ჯიში - გარნაჩა.

მაგრამ მეღვინეების უმრავლესობამ აიტაცა რისკალისა და მურიეტას ინიციატივა. მათ მიზნად დაისახეს მუხაში დაძველებული ღვინის გაყიდვა და რეგიონის ხარისხიანი ღვინოებისთვის გასაღების ბაზრის შექმნა.

1870-იან წლებში რიოხას დასავლეთ, უფრო ნოტიო და ზღვის დონიდან უფრო მაღლა მდებარე ნაწილში - რიოხა ალტაში (ზემო რიოხაში) დაფუძნდა ორი ბოდეგა. უინტერესო არ უნდა იყოს შემდეგი წვრილმანი: ერთ-ერთი მათგანი დააფუძნა ჩილეში დაბადებულმა ოცი წლის ყმაწვილმა, რაფაელ ლოპეს დე ერედიამ (Lôpez de Heredia), ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ესპანეთის ღვინის კომპანიამ (Compania Vinicola do Norte de Espana), რომელიც ეკუთვნოდა ბილბაოელ ძმებს რაიმუნდოსა და ეუსებიო რეალ დე ასუებს (Real de Asua)  და მათ პარტნიორებს შამპანიდან. ამ დროიდან მოყოლებული, პატარა ქალაქი არო რეგიონის ღვინის დედაქალაქად იქცა.  

     1880-იანი წლების ბოლოს, აქ უკვე ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აშენებული და ეკიპირებული ექვსი მსხვილი ბოდეგა იყო, რომლებიც მზად იყვნენ ესპანელების ღვინოსთან დაკავშირებული ნებისმიერი ფანტაზია რეალობად ექციათ. მათი უმრავლესობა ფრანგების კონსულტაციით აშენდა, რამდენიმე კი - მათი პირდაპირი პატრონატით. მაგრამ, რისკალისგან განსხვავებით, ისინი "ფრანგული" ღვინის წარმოებას არ აპირებდნენ, მათ უფრო მეტად ადგილობრივი ხარისხიანი ღვინოების წარმოება აინტერესებდათ.

     რიოხა საკუთარი რეცეპტების მომხრე იყო, რომელთა შესახებ იდეა, შესაძლოა, მან ხერესში ისესხა. ჩვეულებრივ საქმედ იქცა 20-25 წლის მანძილზე კასრში ღვინის დაძველება, მათ შორის თეთრისაც - და საერთოდაც, არა იმიტომ, რომ მას მყიდველები არ ჰყავდა. უბრალოდ, მოულოდნელად გაირკვა, რომ თეთრი ყურძნის ადგილობრივი ჯიში, ვიურა, კასრში დაძველების შემდეგ წითლებზე არანაკლებ ჩინებულ თვისებებს ავლენს. ამასთან, ის ცინცხალია იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია ხარისხიანი ცქრიალა ღვინის წარმოებისთვის.

     ამგვარად, ესპანეთში ყველა აუცილებელი საშუალება გამოიძებნა საკუთარი ბორდოს, ბურგუნდიულისა და შამპანურის შესაქმნელად. დიდებულად ითვლებოდა ვინტაჟი, რომელიც მუხის კასრებში ხანგრძლივი დაძველების შემდეგაც ინარჩუნებდა ბუკეტის სიტკბოს. სხვა არც ერთ ღვინოს არ ჰქონდა თითქმის უსასრულოდ ხანგრძლივად ცხოვრების ისეთი უნარი, როგორც ამ ღვინოებს, მაგრამ ეს ხდებოდა არა სიმკვრივის (როგორც ვინტაჟური პორტვეინი) გამო, არამედ განსაკუთრებული ძალისა და ენერგიის წყალობით. 1890-იანი წლებისთვის ესპანელმა მეღვინეებმა შეწყვიტეს ფრანგულ ბაზარზე ორიენტირება. ესპანეთი თავადაც აღარ იტყოდა უარს ასეთ ღვინოზე. მადრიდი და ბილბაო, და ოკეანის მეორე მხარეს მდებარე მექსიკა კუბასთან ერთად, მზად იყვნენ მთელი მათი პროდუქციის შესასყიდად.

     კიდევ ასი წლის შემდეგ რიოხამ ახალი ტექნოლოგიური რევოლუცია გამოიარა, როდესაც ახალი მოწყობილობითა და იდეებით აღჭურვილი ბოდეგების ახალმა თაობამ, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო მასშტაბებამდე გააფართოვა გასაღების ბაზარი.

 ძეგლი ავაგე

გასაოცარია, მაგრამ პირველი თაობის ბოდეგების ნახევარი დუჟინი, განლაგებულია აროს რკინიგზის სადგურის სათადარიგო გზების გარშემო,  როგორც რიოხას გვიანი ხანის ვიქტორიანული მეღვინეობის ტრადიციების ცოცხალი განსახიერება. მათ შორის ყველაზე ექსტრავაგანტული, ალბათ, ლოპეს დე ერედიას (de Heredia) ბოდეგაა: ზღვისპირა ვილის მყვირალა ფასადის უკან ქვაში გამოთლილ საფეხურებს მნახველი სიღრმეში, დროის დინებას მოწყვეტილ სამყაროში  მიჰყავს. ღვინო აქ კასრებში ათწლეულობით ინახება, ბოთლებში - თაობათა განმავლობაში. წყაროს გამოქვაბულში სიგრილე მოაქვს, სადაც თეთრი ღვინის ძველებური ბოთლების შტაბელები, როდესაც მათ გვერდით ჩაუვლი, კედელზე ძველებურად მკრთალ-ყვითლად ირეკლება.

ლოპეს დე ერედიას გარეგანი ეფექტები უყვარდა. მისი სადეგუსტაციო ოთახი წარმოადგენს გამოქვაბულს ისეთი მაღალი კამარებით, რომ ხედავ მხოლოდ ჭერიდან მაგიდაზე დაშვებულ ობობის ძველ ქსელებს, რომლიც თითქმის ავსებს მთელ სათავსს. მის გარშემო კედლებზე თაროები ერთიანად სავსეა ბოთლებით, რომელთაგან ზოგიერთს თვით დონ რაფაელიც კი ახსოვს: ნახევარი ან მთელი საუკუნის დაძველება, როგორც ჩანს, მხოლოდ ხაზს უსვამს ამ ღვინოების, როგორც წითლების, ისე თეთრების ღირსებას, რომელთა მკაცრი წონასწორობა რიოხას კვინტესენციას წარმოადგენს.

რაც შეეხება Castillo Ygay-ს, ინდუსტრიის დამფუძნებლის სამემკვიდრეო მამულს, ის მხოლოდ ახლახან გადავიდა 1934 წლის Reserva-ს წითელი ღვინიდან 1942 წლის მოსავალზე; ამჟამად გაყიდვაშია თეთრი ღვინის 1970 წლის ვინტაჟი (მანამდე იყიდებოდა 1962 წლის მოსავალი). არაფერია უფრო არაპრაქტიკული და ნაკლებად მოდური, ვიდრე მომავალი თაობებისთვის სუფრის ღვინის შემნა. და მაინც, თუ მეღვინეს ამის უნარი შესწვს, (ამას ბორდოს გამოცდილებაც ადასტურებს), მას არ შეუძლია უარის თქმა თავისი ღვინის უზარმაზარი ბუნებრივი პოტენციალის გამოყენებაზე. 

ქება რიოხას

bევრი მიიჩნევს, რომ რიოხას ოქროს ხანა დადგა ფილოქსერის ეპიდემიის დროს, და მისი დიდების დასაწყისს პირენეის გადაღმა ფრანგი მევენახეებისა და მეღვინეების პანიკურ გაქცევას უკავშირებენ. ამ "ბევრს", იმედი უნდა გავუცრუო: პირენეის გადაღმა ფრანგების გადასვლით, უბრალოდ, რიოხას განვითარების სრულიად სხვა ეტაპი იწყება.

ესპანეთმა ჯერ კიდევ ეპიდემიამდე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია ხარისხით საუკეთესო ფრანგული ღვინოების მსგავსი ღვინის წარმოება. რაც 1873 წელს დაადასტურა ბეჯითმა ექიმმა ტუდიკუმმა (Thudicum): ებროს ხეობაში ღვინის მნიშვნელოვანი ნაწილი იწარმოება ძალზე გულმოდგინედ და, შეიძლება ჩვენ მალე დავტკბეთ კიდეც ხელმისაწვდომი და ნატიფი ღვინოებით, რომლებიც წარმოშობით რიოხას სახელწოდების მქონე რაიონიდანაა".

თუ არ ჩავთვლით შორეულ Vega Sicilia-ს, რომლის ღვინოებიც დიდ იშვიათობას წარმოადგენს, რიოხა თითქმის ასი წლის განმავლობაში რჩებოდა ესპანეთიდან ხარისხიანი ღვინის ერთადერთ მიმწოდებლად. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა კუპაჟისთვის ღვინის ყიდვა შეწყვიტა, ფრანგი ღვინით მოვაჭრეები და მეღვინეები, რომლებმაც რეგიონის ღირსება აღმოაჩინეს, ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში, კიდევ მრავალი წლის მანძილზე აგრძელებდნენ მისთვის გასაღების ბაზრის შექმნას.

     ფილოქსერამ რიოხამდე 1894 წელს ჩააღწია, და ბევრს მოეჩვენა, რომ ეს იყო სასჯელი იმ განუკითხაობისთვის, რომელიც საფრანგეთში ეპიდემიის დროს მოაწყვეს თანხებში გაურკვეველმა ღვინით მოვაჭრეებმა. სარგებლობდნენ რა რეგიონის კეთილგანწყობით, მათ ხელი მიჰყვეს გერმანული ტექნიკური სპირტისგან დამზადებული უხეში ნაყალბევით ვაჭრობას. მაგრამ ბასკების ინვესტიცია (ბილბაოს ბურჟუაზია რიოხას უპირველეს ყოვლისა უყურებდა როგორც საკუთარ ვენახს) და ფრანგების მუდმივი იქ ყოფნა, რეგიონს გაპარტახების საშუალებას არ აძლევდა. რიოხას სტაბილურობა ნაწილობრივ იმას ეფუძნებოდა, რომ მისი ღვინო არასოდეს იყო განკუთვნილი უწინარეს ყოვლისა ექსპორტისთვის - ესპანეთი მისი გასაღების ბაზრის 80%-ს შეადგენდა, ნაწილობრივ კი, მისი ღვინის ინდუსტრიის სტრუქტურაზე, რომელიც თავიდან ბოლომდე კაპიტალისტური იყო. თავდაპირველად, წვრილი მევენახეები თავს ღვინის დაძველების უფლებას ვერ აძლევდნენ და ყურძენს დაკრეფისთანავე მიჰყიდიდნენ ხოლმე მსხვილ ბოდეგებს. ახლანდელი კანონები მხოლოდ ადასტურებს მრავალწლიანი პრაქტიკით დადგენილ წესებს: მეღვინეობის საკითხების მარეგულირებელი საბჭოს, Consejo Regulador-ის მოწონების ბეჭდით დამოწმებული საექსპორტო ღვინო, შესაძლოა გამოუშვან მხოლოდ იმ ქარხნებში, რომელთა ტევადობა 750 000 ლიტრიდან, ან უკიდურეს შემთხვევაში 500 კასრიდან იწყება.

რიოხას მიმართ ფრანგების ინტერესი არც ფრანგული ვენახების აღდგენისა და, ესპანეთში არც ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებების გამოჩენის შემდეგ დაკარგულა. და მრავალი ბოდეგა 1936-1939 წლების სამოქალაქო ომამდე ქირაობდა ფრანგ სპეციალისტებს.

 

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული