Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თადეოზ გურამიშვილის მარანი საგურამოში

გიორგი ბარისაშვილი

მარნებისა და ქვევრების ძველ ნაშთებს ჩვენში თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ძველ მარნებს შესაძლოა შევხვდეთ ასევე ისეთ მაღალმთიან რეგიონებშიც, სადაც ქართველ კაცს ვენახის გასაშენებლად ბუნების მკაცრი პირობები არ უწყობდა ხელს, მაგრამ იგი ყურძენსა თუ ტკბილს ბარიდან ეზიდებოდა და ამგვარ რთულ ვითარებაში ეწეოდა მეღვინეობას.

საქართველოში ყველგან ერთნაირი მარნები როდი იყო გავრცელებული, დასავლეთ საქართველოს მარნები და თავად ღვინის დაყენების წესი, შეიძლება ითქვას, რადიკალურად განსხვავდება, მაგალითად, კახური მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებისაგან. განსხვავდება კლიმატი, ვენახის მოვლის წესები, ღვინის ტექნოლოგია და მისი ტიპი, ყურძნის ხარისხი და შემადგენლობა, მარნის ტიპი, და სხვ. მარანს ძველ საქართველოში, გარდა ტექნიკურისა, ზოგ შემთხვევაში რელიგიური დატვირთვაც კი ჰქონდა. იგი წარმოადგენდა წმინდა სახლს და იმ დროს, როდესაც საქართველოში მტერი შემოვიდოდა, ეკლესია-მონასტრებს დაარბევდა და გაანადგურებდა, ზოგიერთი საეკლესიო რიტუალი, მაგალითად ჯვრისწერა, ნათლობა და სხვ. სწორედ მარანში აღესრულებოდა.

აღმოსავლეთ საქართველოს მარნები ძირითადად მთლიანად დახურულია და ზოგიერთ შემთხვევაში სარდაფული ტიპისაა, დასავლეთში უფრო ღია ცის ქვეშ გამართულ ან ნახევრად ღია მარნებს ვხვდებით. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული მარნების ტიპის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს სოფელ საგურამოში თადეოზ გურამიშვილისეული მარანი, რომელიც ამავდროულად ხუროთმოძღვრული ძეგლიცაა. აღსანიშნავია ამ მარნის ჩუქურთმები და მორთულობა, სიდიდე. ამ მარანში მიმდინარეობდა ყურძნის გადამუშავებისა და ღვინის ტექნოლოგიის ყველა პროცესი: ყურძნის შემოზიდვა, გადარჩევა, გადამუშავება (დაჭყლეტა), დადუღება, გადაღება, დაღვინება და შენახვა. ამ მარნის შემხედვარე, ალბათ, ადვილი სავარაუდოა მევენახეობა- მეღვინეობის საერთო დონე იმდროინდელ საქართველოში. მარანი XIX საუკუნეში ილია ჭავჭავაძის სიმამრს, თადეოზ გურამიშვილს აუშენებია იმ ადგილას, სადაც ამჟამად სოფელი საგურამოა. ეს ადგილები ძველად მთლიანად ვენახებით ყოფილა დაფარული. მარანი აგებულია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით. შენობა სიგრძით 25, ხოლო სიგანით 16 მეტრია. ამ ადგილებისათვის დამახასიათებელი ყოფილა და არის ყურძნის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, შავკაპიტო და სხვ.

თავად სოფელი საგურამო, რომლის პირვანდელი სახელი გურამიანთკარი ყოფილა, ახლანდელი სოფლის შემაღლებულზე ყოფილა განლაგებული, იმ ადგილებში, სადაც ახლა წმინდა ილია მართალის სახელზე ახლად აშენებული ტაძარი დგას. იქვეა დავით გურამიშვილის ნამოსახლარი და მარანი (შემორჩენილია მარნის კედლები, ორიოდე დაზიანებული ქვევრი და კარგად შემონახული ქვითკირის მოზრდილი საწნახელი). თადეოზ გურამიშვილის მარანში ამჟამად 17 დიდი ქვევრია, თითო დაახლოებით 1-1.5 ტონის ტევადობისა, ამის გარდა, მარანში მოწყობილია სამი საწნახელი, ერთი მოზრდილი (შუაში) და ორი მომცრო, და სამი მდიდრულად მოჩუქურთმებული ბუხარი. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ ილია ჭავჭავაძეც ამ მარანში აყენებდა ღვინოს, რომელიც შემდეგ გადაჰქონდა თავის საკუთარ სარდაფში, სადაც იგი ამ ღვინოს მუხის კასრებში ასხამდა. მარანი დღესდღეობით ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის განკარგულებაში იმყოფება, თუმცა მას ძალიან აკლია მზრუნველი ხელი, რის გამოც იქაურობა დაბინძურებული და მოუვლელია. იმედი ვიქონიოთ, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ითავებენ ამ უნიკალური ძეგლის პატრონობასა და ამავდროულად ჭეშმარიტად ეროვნულ საქმეს, რადგან, როგორც უკვე ითქვა, თადეოზ გურამიშვილის მარანი ქართული კულტურული მეღვინეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლია, რომელმაც ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში თავისი სიტყვა კიდევ ერთხელ უნდა თქვას.

© “ბიომეურნე”

თემა:


თადეოზ გურამიშვილზე ვეძებდი ინფორმაციას და გზამ ისევ რომში მომიყვანა. მახო შენ ხარ პელე, გარინჩა და პროგრესი ჩემს თვალში!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.