Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ქართულსა და ფრანგულ ფრაზეოლოგიზმებში

ცისანა ბიბილეიშვილი
 
1. ღვინის ხარისხის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები
            აქ გამოიყოფა რამდენიმე ქვეჯგუფი:
            ა) წყალნარევი ღვინის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები: bouillon de canard (იხვის ნახარში), sirop de grenouille (გომბეშოს სიროფი), jus de parapluie (ქოლგის წვენი) აღნიშნავენ ღვინოს, რომლის შემადგენლობაშიც 85% წყალია; petit vin (პატარა ღვინო) წყალზე დაყენებული ღვინოა, რაც სავარაუდოდ, ქართული ,,წყალ-ღვინოს’’ შესატყვისი უნდა იყოს. Un vin arrosé (მორწყული ღვინო) - წყალნარევი  ღვინოა, ასევე, ზმნური ფრაზეოლოგიზმები tremper/couper le vin (ღვინის დალბობა/კუპირება) ღვინის წყლით გაზავებას  ნიშნავს. Noyer son vin (ღვინის დახრჩობა) ღვინის წყლით ზედმეტად გაზავებას აღნიშნავს.
            ქართულ ენაში წყალნარევი ღვინის აღსანიშნავად იხმარება გამოთქმები ,,სახარჯო ღვინო’’, ,,წყალ-ღვინო’’. საინტერესოა ქიზიყურ დიალექტში გავრცელებული, წყალნარევი ღვინის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმი ,,ტოპრიკა ღვინო’’.
            შესადარებელ ენებში გვხვდება იდენტური ლექსიკური შედგენილობისა და სემანტიკის მქონე გამოთქმები – le vin acqueux - ,,წყალწყალა ღვინო’’, le vin baptisé - ,,მონათლული ღვინო”, le vin  d’opération /vin sophistiqué -,,გაკეთებული ღვინო”, le vin de dépense -,,სახარჯო ღვინო’’.
            ) უხარისხო ღვინის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები:
Le vin à laver  les pieds des cheveux (ცხენის ფეხის საბანი ღვინო), le vin commun (საზოგადო ღვინო), le vin à chasser les cousins (ბიძაშვილების გასაყრელი ღვინო), le vin de comptoir (დახლის ღვინო), le vin de deux oreilles (ორი ყურის ღვინო). ქართულში - ,,აჭრილი ღვინო’’, ,,გადაბრუნებული ღვინო’’ კლიმატური პირობების გავლენით ამღვრეული, გაფუჭებული ღვინოა. რაჭული დიალექტის ,,მზისნაქცევი ღვინო’’- მზისგან გამთბარ ქვევრში გაფუჭებულ ღვინოს აღნიშნავს. საინტერესოა გურული დიალექტის ,,ნადური ღვინო’’ და იმერული დიალექტის ,,ჭყლიპურტა ღვინო’’. ხოლო გამოთქმა ,,მომბალი ღვინო’’ცუდად გარეცხილ ჭურში შენახული ღვინის აღმნიშვნელი გამოთქმაა.
            ამ ქვეჯგუფში ვხვდებით პარალელურად წარმოქმნილ ისეთ გამოთქმას, როგორიცაა le vin battu - ,,გალახული ღვინო’’, რაც შორ გზაზე გადატანით შელახულ ღვინოს აღნიშნავს.
            ) სუსტი ღვინის აღსანიშნავად ფრანგული ენა იყენებს ფრაზეოლოგიურ შესიტყვებებს le vin catholique (კათოლიკე ღვინო), un vin petit (პატარა ღვინო), il a peu de vin (ცოტა ღვინო აქვს), le vin lavé (გარეცხილი ღვინო). ქართული ენის გურულ დიალქტში გავრცელებულია გამოთქმები ,,გალა ღვინო’’, ,,ღვინის გაგალება’’, რაც ღვინის სიმაგრის მოკლებას ნიშნავს.
             ამ ქვეჯგუფში არსებული პარალელიზმებია le vin mou -,,დუნე ღვინო’’, le vin léger ,,მსუბუქი ღვინო’’, le vin des dames ,,საქალებო ღვინო’’.
            ) მაგარი ღვინის აღმნიშვნელი და მასთან დაკავშირებული ფრაზეოლოგიზმები: ფრანგულში – le vin qui donne sur le casacin (ღვინო, რომელიც ურტყამს), le vin qui a du gilet (ჟილეტიანი ღვინო), le vin couvert (დახურული ღვინო), le vin capiteux (მათრობელა ღვინო), le vin ferme / ardent (მტკიცე /მწველი ღვინო) და იმერული დიალექტის ,,მძიმე ღვინო’’.
            გვაქვს ორი პარალელიზმი – le vin qui porte/tape à la tête (ღვინო,რომელიც თავში ადის /ურტყამს) და le vin dur /fort (მაგარი ღვინო).
            ) ხარისხიანი ღვინოების აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმებია le vin d’une oreille (ერთი ყურის ღვინო), le vin de derrière les fagots (ფიჩხსუკანა ღვინო), le vin de café (კაფეს ღვინო), vin complet (სრული ღვინო), le vin de la comète (კომეტის ღვინო), jus d’octobre (ოქტომბრის წვენი) ან jus de la treille (ტალავერის ღვინო). ქართულში - ,,თავი ღვინო’’, ,,ნოეს ვაზის ღვინო’’, ქიზიყური ,,თავანკარა ღვინო’’, იმერული ,,შუმი ღვინო’’, რაჭული ,,ნაყენები ღვინო’’ (იგულისხმება ტკბილის დაყენების შედეგად მიღებული ღვინო), ,,მოგუდული ღვინო’’ და ,,თავკვერა ღვინო’’, რომელიც, შესაძლოა, თაკვერის ჯიშის ყურძნიდან დაყენებული ღვინის დასახელებიდან, ,,თაკვერი’’ მომდინარეობდეს.  განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ზედაშე ღვინო’’, რაც საუკეთესო ხარისხის ღვინოს აღნიშნავს და რომელიც ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს გამოიყენება. საინტერესოა, რომ ძველ ქართულ კარაბადინებში საუკეთესო ხარისხის მაგარი ღვინის აღსანიშნად გვხვდება გამოთქმა ,,ძნელი ღვინო’’.
            პარალელური ფორმებიდან გვხვდება le vin distingué ,,გამორჩეული ღვინო’’, le vin limpide ,,კამკამა ღვინო’’, და le jus de la vigne ,, ვაზის ნაჟური’’. 
 
2. ღვინის სისქის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები
         ა) სქელი ღვინის აღმნიშვნელი გამოთქმებიდან ფრანგულ ენაში გვხვდება un vin charnu (ხორციანი ღვინო), le vin gras (ცხიმიანი ღვინო), ხოლო ქართული ენის რაჭულ დიალექტში ,,მოლეღვილი ღვინო’’.
            პარალელური ფორმებიდან გვხვდება un gros vin და ქართულის ,,ბლანტე ღვინო’’ ასევე, le vin à couper au couteau ,,დანით გაიჭრება’’.
            ) ფრანგულ ენაში თხელი ღვინის აღმნიშვნელი გამოთქმაა un vin décharnu (უხორცო ღვინო), un vin amaigri (გამხდარი ღვინო), ქართულში კი - ,,წყალწყალა ღვინო’’.  
 
3. ღვინის ფერის აღმნიშვნელი შესიტყვებები
             ჟარგონული un gros qui tache (ბლანტე, რომელიც ლაქას ტოვებს) და vin bleu (ლურჯი ღვინო) აღნიშნავენ უხარისხო შავ ღვინოს; vin de carafe (გრაფინის ღვინო) იხმარება იაფფასიანი ჩამოსასხმელი თეთრი ღვინის აღსანიშნად, le vin couvert (დახურული ღვინო), გარდა იმისა, რომ მაგარი ღვინოა, მუქი ფერისაცაა, dame blanche (თეთრი ქალბატონი) სასაუბრო ენაში ერთ ბოთლ თეთრ ღვინოს მიუთითებს, ხოლო kil de rouge (კილოგრამი წითელი) (აქ kil kilogramme-ის აბრევიაციაა) ბოთლი წითელი ღვინოა. Vin jaune (ყვითელი ღვინო) იურას რეგიონში მოყვანილ ღვინოს აღნიშნავს (შდრ. ,,მანავის მწვანე’’); შავი ღვინის აღსანიშნავად ფრანგული ენა იყენებს გამოთქმას vin rouge (წითელი ღვინო), მაშინ, როცა ქართული უპირატესობას ,,შავ ღვინოს’’ აძლევს, რაც გამოწვეულია ერთი და იმავე ხატის განსხვავებულად გადააზრებით, თუ ქართული იყენებს ,,შავს’’б ფრანგი მიმართავს ლექსემას rouge (წითელი) (შდრ. რუსული красное вино. ფერებთან მიმართებაში, გარდა თეთრისა და შავისა, ქართულში გვაქვს ,,ლალისფერი ღვინო’’, ,,ბატის ჭუკისფერი ღვინო’’, ,,ქარვისფერი ღვინო’’. საინტერესოა ქართული ფრაზეოლოგიზმი ,,გადაბრუნებული ღვინო’’, რაც ქვევრიდან ამოღების შემდეგ ფერნაცვალ ღვინოს აღნიშნავს.
            პარალელური ფორმებია le vin ambré ,,ქარვისფერი ღვინო’’, le vin rouge ,,წითელი ღვინო’’ და le vin blanc ,,თეთრი ღვინო’’.
 
4. ღვინის გემოსა და სურნელის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები
 
ეს ჯგუფი განსაკუთრებით პროდუქტულია ორივე ენაში.
            ) მჟავე ღვინო ფრანგულ ენაში აღინიშნება შესიტყვებებით vin aigrelet / aigre / nerveu / acerbe (მომჟავო / მჟავე / ძარღვიანი /მჭახე ღვინო),  du vin pour la salade (სასალათე ღვინო); ქართულში გვაქვს იმერული დიალექტის ,,ჩმახი /ჭმახე /კოწმახი ღვინო’’, ,,ღვინოს ჭანგი მისცემია’’, რაჭულ დიალექტში გავრცელებული ,,მოჭვანგული ღვინო’’, ,,ღვინოს კანჭი შეჰპარვია’’ და გურული ,,ბჟუქურაი ღვინო’’.
            თუ ქართველისთვის მჟავე ღვინო ,,კაჭკაჭს / ყვავს დააჭყავლებს’’ ფრანგისთვის იგი ,,თხებს ააცეკვებს’’ – vin à danser les chevres; შემჟავებული ღვინისთვის ქართული ენა იყენებს გამოთქმას ,,ნაკბენი ღვინო”, ხოლო ფრანგული გამოთქმას - vin piqué (ნაჩხვლეტი ღვინო).
            ) მომჟავო-მომწარო გემოს აღსანიშნად ფრანგული ენა იყენებს გამოთქმას vin acre (მწკლარტე ღვინო), იმერულ დიალექტში კი გვაქვს ,,ძელგი ღვინო’’, ,,შლატე ღვინო’’.
            ) ტანინიანი ღვინო ფრანგულ ენაში აღინიშნება გამოთქმებით avoir le goût de cuve (როფის გემოს ქონა), le vin charpenté (აშენებული ღვინო), un vin qui accroche (ღვინო, რომელიც ებმის), vin rapeu (ხაოიანი, მქისე ღვინო). ქართულში კი გვაქვს ,,დედაზე დაყენებული ღვინო’’.
           ) ღვინის შესანახი ჭურჭლიდან აღებულ გემოს უკავშირდება გამოთქმა vin fatigué (დაღლილი ღვინო). კასრისგან აღებულ გემოს მიუთითეს გამოთქმა goût de bois (ხის გემო), ხოლო goût de lumière (სინათლის გემო) ითქმის ბოთლის ღვინოზე, რომელსაც სინათლემ შეუცვალა გემო; იმერულში გვაქვს ,,ხელიანი ღვინო’’, რაჭულში კი ,,ნახმელარი ღვინო’’. ,,ქვევრის დახედვა’’ ნაკლულ ქვევრში ღვინის ამჟავებასა და გემოს მიცემას მიუთითებს, ,,მომბალი ღვინო’’ კი ცუდად გარეცხილ ქვევრში შენახული ღვინოა. ამ გამოთქმებში კარგად მოჩანს ღვინის შენახვის ტრადიციაც, თუ ქართველები ღვინოს ქვევრში ინახავენ და გამოთქმა ,,ქვევრის დახედვა” ქვევრს უკავშირდება, ფრანგისთვის, რომელიც ღვინოს კასრში ინახავს, ღვინო ხის გემოს იღებს, როგორც ამას ვხვდებით გამოთქმაში goût de bois.
            ) ღვინის სხვა გემოების აღმნიშვნელი გამოთქმები უხვადაა ფრანგულში:
            Vin ayant goût de vert (სიმწვანის გემოს მქონე ღვინო) გულისხმობს ბალახისა და ფოთლების გემოს, vin fruité (ნაყოფის გემოშენარჩუნებული ღვინო) – ყურძნის ან სხვა ხილის გემოს მქონე ღვინოს, goût de bock (ტოლჩის გემო) - გოგირდის  გემოს, vin usé (გაცვეთილი ღვინო) - სიძველისგან გემოდაკარგულ ღვინოს, vin muet / plat (მუნჯი / გლუვი ღვინო) – უგემურ, ჩალასავით ღვინოს, goût de moisi (ობის გემო) - ბრკის გემოს, goût d’évent (სუფთა ჰაერის გემო) – ჟანგის გემოს, goût de rôti (მწვადის გემო) – გადამწიფებული ყურძნის გემოა, ხოლო vin de mouchoir (ცხვირსახოცის ღვინო) – მეტად სურნელოვანი ღვინო.
 
5. ღვინის დაყენების ტექნოლოგიასთან დაკავშირებული შესიტყვებები
         ძირითადად, ასეთი გამოთქმები ქართულ ენაში გვხვდება. ასეთებია, მაგალითად, ,,ღვინის გადაღება’’ - ერთი ჭურიდან მეორეში გადატანა დაწმენდის მიზნით, ,,ღვინის დაწყვეტა’’ (ქიზიყური) მისი წვრილ-წვრილ ჭურჭელში ჩასხმაა, ,,ღვინის გადაწმინდავება’’ (რაჭული) ადრე გაზაფხულზე ხელმეორედ გადაღება, ,,ღვინისათვის ძირის გამოცვლა’’ (რაჭული) – ახალი ღვინის პირველი გადაღება, ღვინის მიერ ,,ადუღების მოხდა’’, ,,ღვინის მოგუდვა’’ (იმერული) – დუღილის შეწყვეტა, ,,ღვინის განარვა’’ (გურული) – ჭურიდან ამოღების დროს ჭურჭლით ღვინის ზედაპირის შენძრევა, ბრკემ რომ გვერდზე მოიყაროს თავი და ღვინო სუფთად ამოიღონ.
 
6. ღვინის რაოდენობის აღმნიშვნელი ფრაზეოლოგიზმები
            ,,ღვინოში ცურავს /ბანაობს’’ – ღვინო უხვად აქვს, ,,საბანე ღვინო’’ – ერთი სუფრის სამყოფი ღვინო, ,,შემღერება ღვინო’’ – სულ ცოტა ღვინო, ,, თითო ჭიქა ღვინის დალევა’’ – ცოტა ღვინის დალევა, ხოლო ,,ორ წვეთ ღვინოს ‘’ შეესაბამება ფრანგული un doigt de vin ( ერთი თითი ღვინო).
         ცალკე გამოვყოფთ ფრაზეოლოგიზმებს, რომლებშიც გვხვდება ლექსემა ,,ღვინო’’, თუმცა სემანტიკურად გამოთქმა ღვინოს არ უკავშირდება. ასეთებია, მაგალითად, ფრანგული ჟარგონული გამოთქმა vin de la Vierge (ღვთისმშობლის ღვინო), რაც რეალურად ,,რძეს’’ აღნიშნავს, ხოლო ფრაზეოლოგიზმი s’enhivrer de son vin (თავისი ღვინით დათრობა) საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონაზე მიუთითებს. ,,არც წყალია, არც ღვინო’’- უხეირო, უგერგილო კაცია; ,,ცხრილით ღვინის დალევა’’ შეუძლებლის გაკეთებას ნიშნავს, ,,პურ-ღვინოზე ფეხის დადგმა’’- პატივისცემის დავიწყებას.; ,,უღვინოდ დათრობა’’- გამხიარულებაა, ,,ხატის ღვინის დალევა’’ კი გაგიჟება. ყველა ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში საქმე გვაქვს ლექსემის ,,ღვინო’’ დესემანტიზაციასთან.
         როგორცშედარებამდაგვანახა,ღვინოსთანდაკავშირებულ გამოთქმებს გარკვეულწილად უნივერსალური ნიშნები აქვთ, რაც არც გავლენით აიხსნება, არც ნასესხობით, თუნდაც შუალედური ენიდან. არაფერს ვამბობთ უშუალო გავლენაზე, რადგან ისტორია ამას არ ადასტურებს. რაც შეეხება ნასესხობას, ფრანგული ფრაზეოლოგიზმი ქართულში მხოლოდ რუსული ენის გავლით შეიძლებოდა შემოსულიყო, მაგრამ, რადგან რუსეთში მეღვინეობა განვითარებული არაა, რუსულ ენას, შეიძლება ითქვას, რომ არ გააჩნია ღვინოსთან დაკავშირებული გამოთქმები. სავარაუდოა, რომ ფრანგული და ქართული ენების პარალელური გამოთქმები ამ ენებში დამოუკიდებლად წარმოიშვა. საერთო საფუძველმა, ცხოვრებაზე დაკვირვებამ, ყოფაში არსებულმა რეალიებმა და საერთო ლოგიკამ ამ გენეტიკურად არამონათესავე და გეოგრაფიულად დაშორებულ ენებში წარმოქმნა პარალელური გამოთქმები. მიუხედავად ამისა, თითოეულ შესადარებელ ენას თავისი სპეციფიკა გააჩნია. ეს სპეციფიკა ძირითადად გამოიხატება ერის მიერ განვლილი ისტორიის ენაზე გავლენაში, მის ადათებში, თითოეული ენის მიერ გარკვეული ცნების გადმოსაცემად გამოყენებულ ხატებში, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ფრაზეოლოგია ენათმეცნიერების ის დარგია, რომელშიც ყველაზე ნათლად აირეკლება ენის და, შესაბამისად, მისი მატარებელი ხალხის ეროვნული თავისებურებები. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად შეხების წერტილებისა, ორი ენის ფრაზეოლოგიური სისტემები სრული სახით არასოდეს ემთხვევა ერთმანეთს.  
 
© კავკასიის უნივერსიტეტის შრომები/vinoge.com
 


მოკანჭული ღვინო -რაჭულიდან, ღვინო რომელიც ოდნავ დაძმარებულია, მაგრამ ისმევა. და ასევე, ღვინის გემოს აღსანიშნავად იყენებენ "თაგვია", ანუ ცუდად გარეცხილი ქვევრის გემო აქვს გამოყოლილი...


ცუდი ღვინის სახელები იმერულ (ქუთაისურ) დიალექტში - „შვლაპი“, „კრანჭა“ („კრანი“-დან ჩამოსხმული წყლით გაკეთებული). ბოლო დროს განაგონი - „უტური“, ალბათ „ნატურის“ (ბუნებრივის, კარგის) საპირისპიროდ ნათქვამი - „... ჰმ, ნატური! შენი ღვინო ნატური კი არა, უტურია! უტური!“


უტური არ ვიცოდი :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული