Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მარანი

ნინო თოფურია
ძეგლის მეგობარი - 1968, N16
ს. ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით "მარანი - საღვინე სახლი"-ა. ქართულ მეღვინეობასთან დაკავშირებული ტერმინი მარანი ისტორიულ წყაროებში VIII-IX სს. მოიხსენიება.
საქართველოს ყველა კუთხეში დღესაც - "მარანი" ღვინის დაყენების და მისი მოწყობილობის შესანახი ნაგებობის მნიშვნელობით იხმარება.
ქართველ მევენახეს სამარნე ადგილის მდებარეობისა და ნიადაგის შერჩევისთვის ხანგრძლივი დაკვირვება უწარმოებია.
ნიადაგ-გრუნტის თვისებები სხვადასხვაგვარია. სახელდობრ: იგი შეიძლება იყოს კარგი, ან პირიქით - ცუდი, წყალგამტარი, წყალტევადი, ჰაერგამტარი და ჰქონდეს სხვადასხვა თვისებები, ე.ი. ზოგი უფრო ადრე თბებოდეს, ზოგი კი დიდხანს ინახავდეს სიგრილეს. ყველა ზემონათქვამი დაკავშირებულია ნიადაგ-გრუნტის ფიზიკურ თვისებებთან, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია ძირითადად ნიადაგ-გრუნტის მექანიკურ შედგენილობასთან, ნიადაგის შედგენილობაში ქვიშისა და თიხის ნაწილაკების ოდენობასთან და ურთიერთშეფარდებასთან.
ამრიგად, მარნის ასაშენებლად საჭირო იყო ნიადაგ-გრუნტის ამორჩევა, რასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ღვინის შესანახავად და მისი ხარისხის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად. ნოტიობის სიჭარბის გამო დასავლეთ საქართველოში, - განსაკუთრებით გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში სამარნედ მშრალ, მაღლობ ადგილს ირჩევდნენ, სადაც წყალი ახლოს არ უვლიდა - ნესტიანი მიწა ღვინოს აფუჭებსო. ხოლო ზემო იმერეთში, რაჭასა და აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგისა და ჰავის შედარებით სიმშრალის გამო აქ სამარნედ ნიადაგს ჰქონდა უპირატესობა მინიჭებული. რაჭაში "თირ მიწაზე მარანი უკეთესია, გრილია და ღვინოც ინახებოდა". იმერეთში ფიცხ ნიადაგიან ადგილზე მარნის აგება არ იყო სასურველი. "ფიცხი ნიადაგი ღვინოზე მოქმედებდა, ღვინო თხელდებოდა და კანჭი - ჭანგი ეძლეოდა. ქართლში მარანს ქვიშნარ ადგილზე აშენებდნენ. ნიადაგად ქვიშნარი ჯობდა, უფრო გრილი იყო, თიხნარი არ ვარგოდა. თიხა მიწა მალე შრებოდა, ქვიშნარი კი სინესტეს ინახავდა, ღვინო სიგრილეში უკეთესად ინახებოდა.
საქართველოში ღვინის წარმოებას, მის მოწყობილობას ორგვარი ტიპის მარანი ემსახურებოდა. ერთი ღია ცის ქვეშ ჩაყრილი ქვევრები ხეებით ან ღობით შემოზღუდული, რასაც იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ჭურის თავს უწოდებდნენ, ხოლო სამეგრელოში - ოლაგვანეს, გურიაში, სამეგრელოში, ქართლში - მარანსაც ეძახიან. მეორე ტიპისა კი, ქართველ ტომებში მარნად წოდებული - დახურული შენობაა. დასავლეთ საქართველოში ის ხის ნაგებობაა, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ქვის.
პროფ. ვ. ბარდაველიძის აზრით საკულტო მარანი თავისი ძირითადი ელემენტებით გურულ მარანსა და იმერულ ჭურისთავს უკავშირდება.
არმაზში აღმოჩენილი II-III საუკუნით ჩ.წ.ა. დათარიღებული ქვევრებით ღია ცის ქვეშ მარნის არსებობა დასტურდება (ა. აფაქიძე, ფ. გობეჯიშვილი, ა. კალანდაძე და გ. ლომთათიძე - არქეოლოგიური ძეგლები არმაზისხევის შესართავთან).
ვაშნარში გათხრების დროს აღმოჩენილი ქვევრები ღია ტიპის მარნად არის მიჩნეული. (V-VII სს). ღია მარნის არსებობა საქართველოში ეთნოგრაფიული მასალებით ძველი დროიდანვე მოწმდება.
ქართველ მევენახეს ხანგრძლივი დაკვირვებისა და გამოცდილების საფუძველზე ქვევრი მიწაში ღრმად მოუთავსებია, რომ დუღილის პროცესისთვის საჭირო სითბო-სიგრილის თანაბრობა ყოფილიყო და ამასთანავე ღვინის ცის ქვეშ შენახვას უპრატესობას ანიჭებდა. მათი გადმოცემით - "ღვინოს სუფთა ჰაერი უხდება" - "ღვინო გარეთ სუფთა ჰაერზე კარგად ინახებოდა". "ღია ადგილზე ჭური ჰაერს შოულობს, ღამის ჰაერის სიგრილე ხვდება". "ჭურს თუ არ აწვიმს არ ვარგა, ჭურის გვერდი არ უნდა გაშრეს, გრილი და ნოტიო უნდა იყვეს". "მაგრამ არც მზის სხივ-სინათლე არ უნდა სწვდებოდეს ჭურჭელს, ვინაიდან მზის სხივი ათბობს და ღვინოს აფუჭებს. ამიტომ ზაფხულში ჭურის თავი გადახურულია ჩეროთი ან შემორაგულია ხეებით, მზე არ აჭერს".
1897 წლის გაზეთ "ივერიის" ფურცლებზე ი. ჭავჭავაძე შენიშნავდა "ჩვენში უფრო ბევრგან ფარღალალა მარნებია, ხშირად მარტო წალმით დახურული, ბევრგან უკედლებოცა... დახურულს, ყოველის მხრით შეკრულ მარანს, თუ სარდაფს დუღილის დროს დიდი სიფრთხილე უნდა, თორემ შეიძლება კაციც შეიწიროს... ჩვენებურ კაცს გამოცდილებით უცვნია ეს ვითარება დუღილისა და რომ მეტი ჯაფა და სიფრთხილე არ აეკვიატებინა, სამჯობინარად დაუნახავს ღია მარანი, საცა ყოველთვის ნახშირმჟავასაც გამოსავალი აქვს და წმინდა ჰაერსაც შესავალი"...
ამ ღონისძიების განხორციელებისათვის საუკეთესო საშუალებას ღია მარანი იძლეოდა, სადაც ჰაერის მუდმივი მოძრაობა ხდებოდა. ამგვარ პირობებში ღვინო არ დამჟავდებოდა. ქვევრი მუდამ სიგრილეში იქნებოდა.
ქართლი და კახეთი ხასიათდება შედარებით მკაცრი კლიმატით. საკმაოდ ცივი ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ცივი ზამთრის პირობებში ღვინოს გარეთ შენახვა შეუძლებელი იყო. ცხელი ზაფხულის გამო კი ღვინო შენობაში უნდა ყოფილიყო შენახული. ტემპერატურის ასეთი მკვეთრი სხვაობა ღვინის დუღილის პროცესზე მოქმედებდა, ვინაიდან, ხალხის დაკვირვებით, დუღილის პროცესისათვის სითბო-სიგრილის თანაბრობა იყო საჭირო და ამიტომაც ქართლში და კახეთში ღვინო შენობაში უნდა ჰქონოდათ.
თანამედროვე ტექნოლოგიური წესით ახალგაზრდა ღვინოები ისეთ შენობაში თავსდება, სადაც დაბალი ტემპერატურაა. დიდ საწარმოებში კი დაბალი ტემპერატურა ხელოვნურად იქმნება და ამით ჩქარდება ღვინის დავარგების პროცესი. დაბალი ტემპერატურის შემწეობით ტკბილის დუღილის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
ეთნოგრაფიული მონაცემების და არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებულ მასალათა საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული დროისთვის მარნის ტიპების საწყისი ფორმა ერთნაირი უნდა ყოფილიყო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოსთვის. შესაძლებელია, ღვინის კარგად დაყენებისა და შენახვის საჭიროებამ ადამიანის ყურადღება წარმართა ნაგებობა-მარნის წარმოშობისკენ. მართალია, მას შეგნებული ჰქონდა ღვინის გარეთ შენახვის უპირატესობა შენობასთან შედარებით, მაგრამ იქ, სადაც ბუნებრივი პირობები ამის საშუალებას არ იძლეოდა, ცივი ზამთრისა და ხშირი ნალექების გამო, ხოლო ცხელი ზაფხულის შემთხვევაში, დუღილის პროცესის ნორმალურად წარმართვის მიზნით ღვინო შენობაში უნდა ჰქონოდათ.
ბუნებრივი პირობების გამო ქართველი მეურნე იძულებული იყო ღია ცის ქვეშ ჩაყრილ ქვევრებთან ერთად დახურული ნაგებობაც ჰქონოდა.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ძველს საისტორიო ძეგლებში, მრავალი შეწირულების საბუთსა და წყალობის თუ ნასყიდობის წიგნში და სიგელსა და გუჯარში "ჭურ-მარანი" ანუ ქვევრ-მარანია მოხსენებული. წრილობით წყაროებში მოცემული ჭურ-მარანი და ქვევრ-მარანის ქვეშ შეიძლება ორი მატერიალური ცნება იგულისხმებოდეს: ღია ცის ქვეშ ჩაყრილი ჭურები და დახურული ნაგებობა მარანი, როგორც დღევანდლამდე ეთნოგრაფიულ სინამდვილეში გვაქვს შემონახული.
ქართველ ტომებში დაცული ნაგებობა მარნის ძირითადი დანიშნულება ღვინის შენახვაა. ამაზე მიუთითებს სამარნე ნიადაგის შერჩევა, რაც მხოლოდ ღვინის შენახვის პირობების გასაუმჯობესებლადაა გამიზნული. ღვინისთვის სინოტივეა საჭირო. ასეთი ნაგებობა სხვა სურსათ-სანოვაგის შესანახად ვერ გამოდგებოდა. მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის ხანაში, ვენახების აოხრების გამო, მარნებს სხვა დანიშნულებისთვისაც იყენებდნენ. მარანი თავის დანიშნულებით ღვინის მეურნეობასთანაა დაკავშირებული და ამ მეურნეობის მოთხოვნილებებს ემსახურება.
ღვინისთვის ცალკე ნაგებობის არსებობა არქეოლოგიური მონაცემებითაც მტკიცდება. ამიერკავკასიის ერთ-ერთი ურარტული ცენტრის ადგილას კარმირ-ბლურში წარმოებულ გათხრების შედეგად ბ. პიოტროვსკის ცნობით (№25 სათავსოში ჩაყრილი 82 კარასიდან (ქვევრი) 6 კარასი გამოყენებული ყოფილა მარცვლეულისა და ფქვილის ჭურჭლად, მისივე ვარაუდით) კარასების ფსკერზე ჭუჭრუტანების უქონლობა, რომელიც მარცვლეულისთვის ჩასაყრელ ჭურჭელს უნდა გააჩნდეს და ამ ჭურჭლებზე სითხის ტევადობის ურარტული ზომის აღნიშვნა იმის საფუძველს იძლევა, რომ ეს სათავსო განკუთვნილი ყოფილა ღვინის შესანახად. ეს ვარაუდი მტკიცდება აგრეთვე თიხის ძაბრით, რომელიც ნაპოვნი იქნა ღვინის სათავსში.
მარანთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ბარაქიანობისა და მოსავლიანობის გადიდების მიზნით რელიგიური წესების დაცვას: ახალწელიწადს მარანს მიულოცავდნენ, რომ მარანი მუდამ სავსე ყოფილიყო. ახალწელიწადს და ნათლისღებას სავსე ქვევრთან მაგიურ სიტყვებს წარმოთქვამდნენ - ასე სავსე გვამყოფე, ასე მთელი გვამყოფე - ბარაქიანობისა და სიმართლის დაბევების მიზნით, გურიაში მოსავლიანი წელიწადის მიზნით საკალანდო ქვევრის თავზე კალმახს დაკლავდნენ. მარნის ირგვლივ ეკლისა და ტყემლის ტოტებს შემოალაგებდნენ, ხალხის თქმით ავ თვალს რომ არ შეეხედა და დოვლათი არ გაეუბარაქებინა. "უწმინდურ ქალს" მარანში არ შეუშვებდნენ, ხალხის რწმენით ბარაქა გაწყდებაო. ოჯახის უფროსის და დოვლათიანი კაცის სიკვდილის შემთხვევაში მიცვალებულის თმას და ფრჩხილს მარანში შეინახავდნენ, რომ ბარაქა არ გაეყოლებინა. საოჯახო დღეობა სახელთანგელოზობა, რომელიც ოჯახის ბარაქისადმი, მის მფარველ ანგელოზისადმი იყო მიძღვნილი - მარანში სრულდებოდა.
კარმირ-ბლურის № 25 ღვინის სათავსში აღმოჩენილი იქნა ღვთაების ფიგურები. ამ ღვთაებების თავი და ზურგი დაფარული იყო თევზის ქერცლით. თევზის თავი გამოყენებული იყო თავსაბურავად. ბ. პიოტროვსკის შეხედულებით ეს ქანდაკებები ჯანმრთელობის დამცველ-მფარველს ღვთაებებს ანსახიერებდნენ, ავადმყოფობის მომტან ბოროტ სულებს დევნიდნენ.
თევზის ქერცლით დაფარული ღვთაებების გამოსახულებები შესაძლებელია აგრეთვე ნაყოფიერების მიმნიჭებელ ღვთაებებად მივიჩნიოთ, ვინაიდან ქართველ ტომებში თევზი ნაყოფიერების მომნიჭებელ ძალად ითვლებოდა.
საქართველოში მარანი წმინდა ნაგებობად იყო მიჩნეული. ზოგიერთი რელიგიური წეს-ჩვეულება სწორედ მარანთან იყო დაკავშირებული. ახალწელიწადს დილით ოჯახი მარანს მიაშურებდა, სანთელს აანთებდა და მარანს მსხვერპლს სწირავდა. შეწირული საკლავი მარანში იკვლოდა. აქვე სრულდებოდა ქორწილი, ბავშვის მონათვლა. მარნის მარჯვენა კუთხეში მოთავსებული იყო საზედაშე ქვევრები, სადაც იმართებოდა ლოცვა-ვედრებისა და შეწირვის რიტუალი, საოჯახო დღეობა სახელთანგელოზობა. მარანი თაყვანისცემის ობიექტად იყო ქცეული. ხალხის გადმოცემით, მას როგორც ღვთის სახლს ისე უყურებდნენ.
ამგვარად, ქართველ ტომებში დადასტურებული მასალების მიხედვით მარანი წმიდათა-წმინდა, ბარაქიანობისა, ნაყოფიერების ძალის შემცველ ობიექტად და საკულტო ნაგებობად ისახება.
მეორეს მხრივ, ჩვენ საქმე გვაქვს მეტად საყურადღებო ნაგებობასთან, რომელშიც მხოლოდ სხვადასხვა ღვთაებისადმი შეწირული ღვინის ზედაშეები ინახებოდა. იგი სამეგრელოში "საჯვარეს" ან "ოხვამერის" სახელით იყო ცნობილი. საჯვარე ან ოხვამერი პატარა ნაგებობა ყოფილა. ჩარდახული ტიპის, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი და ხშირად ოთხივე მხრიდან ამოშენებული. იგი სახლიდან მოშორებით იდგა. ხალხის რწმენით, ხატზე უფრო მეტად მისი მორიდება და შიში ჰქონდათ. ქიზიყში არა მარტო შესაწირავი ღვინოა ზედაშე, არამედ ქვევრიც და შენობაც ზედაშეს სახელით არიან სახელდებული. საზედაშე ნაგებობაში ღვინის ზედაშეები ყოფილა მოთავსებული. საზედაშე შენობა საოჯახოც იყო და საგვაროც. ადგილობრივ მოსახლეთა ძველი წარმოდგენით ნაგებობა ზედაშეს ეკლესიაზე მეტი ძალა ჰქონდა. ქართლში ხატი წარმოდგენილია მარნის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში ყოფაში (ფშავი, ხევსურეთი) დასტურდება კონკრეტული ღვთაებებისადმი განკუთვნილი საგანგებო მარნების არსებობა, რომელსაც ღვთაების სახელით მოიხსენიებდნენ: იახსრის მარანი, თამარის მარანი.
მარნის, როგორც საკულტო ნაგებობის, შესახებ მეტად საყურადღებო მასალას კარმირ-ბლურის გათხრები იძლევა. ბ. პიოტროვსკის ცნობით, კარმირ-ბლურში წარმოებული გათხრების შედეგად №25 ღვინის სათავსში სამსხვერპლოს არსებობა დგინდება. სამსხვერპლოს დანიშნულება მსხვერპლის შეწირვაა, რომელსაც სათავსის გვერდით №26 პატარა ოთახში აღმოჩენილი სხვადასხვა ახალშობილი ცხოველების ძვლების არსებობა მოწმობს. სამსხვერპლოს ახლოს აგრეთვე აღმოჩენილ იქნა ღვთაებების გამოსახულებები.
ღვინის სათავსში სამსხვერპლოს არსებობა და მსხვერპლის შეწირვა შეპირობებულია ღვინის სათავსთან, როგორც საკულტო ნაგებობასთან. სამსხვერპლოსთან ღვთაებების გამოსახულებების არსებობაც ამასვე ადასტურებს.
პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში



1.მარანი იმ ნაგებობას, სადაც ღვინის დასაყენებლად საჭირო ყოველგვარი მოწყობილობა და ჭურჭელი იყო მოთავსებული, მარანი ეწოდება. ნიკორწმინდელს X I ს. თავის სიგელში აღნიშნული აქვს: ‘ნიკოლაოსწმიდას შევქმენ... მარანი ქვიტკირი : ა: (1) და დავფალ შიგან ჭური’ 16-ი, ამნაირადვე ‘ შევქმენ საწირეს მარანი მუხისაჲ --- ა ’ (1-ო; ქკ՜ბი, II, 46 და 48). გიორგი III-საც შიომღვიმისადმი 1170 წ. ბოძებულ ერთიან სიგელში ნათქვამი აქვს ‘ ოთხთა ჭურის მრეცხელთა სხალტბელთა მარანსა ჩუენსა ტყეკორდთა მისცემდნენ სამსა კუირასა ’-ო (სქ՜ს სძვ՜ლნი, IV, 5). 2.მარანი ანუ საღჳნე სახლი საბას განმარტებით მარანი ‘საღჳნე სახლი’ იყო (ლექსიკ.), მაგრამ ეს განმარტება მხოლოდ იმდენად არის სწორი რამდენადაც მარანში მართლაც ღვინოს აყენებდნენ. მაგრამ მაინც მარანი და საღვინე მეღვინეობის სხვადასხვა მოთხოვნილებისათვის ყოფილა განკუთვნილი, რა თქმა უნდა, მსხვილ მეურნეობაში. 3.მარნების სახესხვაობანი და ზომა ‘ ზნაკუას... დავფალ მარანსა შიგა ჭური : გ: ’ (ნიკორწმ. X I ს. სიგ.,ქკ՜ბი, II, 46) ‘ ნიკოლაოს-წმიდას შევქმენ... მარანი ქვიტკირი : ა: და დავფალ შიგან ჭური ნავარძული : ივ: (იქვე). ‘ შევქმენ საწირეს... მარანი მუხისაჲ :ა: და დავფალ შიგან ჭური :ი: და დავდგი ზედა ბეღელი ხერხული :ბ:’ (იქვე, II, 48). ამგვარად, მარანი ხისაც, მუხისაც კეთდებოდა და ქვითკირისაც. მარნები სიდიდითაც განსხვავდებოდნენ: ერთში 3 ჭური ყოფილა, მეორეში 10, მესამეში 16 ჭურიც კი. ნიკორწმინდელს თავის ზეობაში ორი მარანი აუგია, რომლებლშიაც 26 ჭური ჩაუდგამს და ერთ წინათ აგებულ მარანში კიდევ 3 ჭური ჩაუფლავს. სულ, მაშასადამე, 29 ჭური ჩაუდგამს. ივანე ჯავახიშვილი, ტომი V, მეღვინეობა გვ.650-651

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.