Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოჯალეშის ნერგების ბუმი

მევენახეობით დაინტერესებულ პირთა რიცხვი საქართველოში წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად, მოიმატა ვაზის ნერგებზე მოთხოვნამაც და მათი წარმოება, განსაკუთრებით კი - იშვიათი ჯიშის ვაზის ნერგების მიღება, არაერთი გლეხისთვის საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესის წყარო გახდა. ვაზის ნერგებთან დაკავშირებული საკითხები მუდამ იყო „საქართველოს ღვინის კლუბის“ განსაკუთრებული ინტერესის საგანი და მომავალშიც ამ საკითხებს არაერთხელ შევეხებით. ამჯერად, ყურადღება შევაჩერეთ ოჯალეშის ჯიშის ვაზის ნერგებზე, რაზედაც წელს განსაკუთრებული მოთხოვნა გამოიკვეთა.  

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშის  მიხედვით, აგროსასურსათო ექსპორტში ლიდერულ პოზიციებზე წარმოდგენილია თხილი და ღვინო, სადაც პირველი მათგანი მხოლოდ 2 მლნ ლარით უსწრებს მეორეს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ისევე, როგორც საქართველოს სხვა არაერთ სოფელში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. თარგამეულში, ოჯალეშის ჯიშის ყურძნის მიკროზონაში, შემოსავლის უმთავრეს წყაროდ ადგილობრივი გლეხებისთვის, ჯერ კიდევ, თხილი რჩება. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში საგრძნობლად გამოცოცხლდა ოჯალეშის ყურძნისა და ვაზის ნერგების წარმოება. 

ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან სპეციფიკურ მიკროზონაში, მდინარე ტეხურის ხეობის მიმდებარედ, ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს მამათა მონასტერში დიდი ხანია, მონასტრის ბერები ღვინოს აწარმოებენ. თუმცა ბოლო წლებში გაყიდვების განვითარება უკავშირდება სოფ. თარგამეულში, 2012 წელს მცირე საწარმოს - „Vino M’artville“-ის მიერ ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი, ½ ტ. ყურძნით მეგრული ოჯალეშის წარმოების დაწყებას. მისმა პროდუქციამ მოკლე დროში გაიკვალა გზა და ორ წელიწადში მან უკვე დაიმკვიდრა თავი მაღალი საფასო სეგმენტის ღვინოებში, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, ლონდონში, რამდენიმე მაღალი კლასის რესტორანში. „Vino M’artville“-ის მაგალითმა აჩვენა, რომ მოთხოვნა ოჯალეშის ჯიშის ყურძენზე მაღალია შინ და გარეთ. 

2014 წელს ოჯალეშის ჯიშის ყურძნით „მეღვინეობა ხარება“ დაინტერესდა, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა იქაური მევენახეები. საჭიროების ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახა ფასზე და 2013 წელთან შედარებით, როცა  ყურძნის ღირებულება 3.00 ლარს შეადგენდა, 2014-ში ის 100 %-ით მოიმატა.  

ოჯალეშის ღვინოებისადმი განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს მისი რარიტეტულობა, რასაც ვენახების ფართობისა და ყურძნის რაოდენობრივი სიმცირე იწვევს.  გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია ჯიშის ცნობადობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. ეს ღვინო თავისი გემოვნური თვისებებით საინტერესო აღმოჩნდა ევროპელი ენოლოგებისა და ამერიკელი ღვინის მწერლებისთვის. 

მევენახე ნიკა ფარცვანია, სოფ. თარგამეულიდან, აღნიშნავს, რომ წელს მოთხოვნა დიდია არამხოლოდ ოჯალეშის ჯიშის ყურძენზე, არამედ - მის ნერგებზეც. ამის გამო 26-მა მევენახემ აპრილის დასაწყისში 100 000-მდე ნერგი დაამყნო. მისი ინფორმაციით, ოჯალეშის ნერგები მცირე რაოდენობით ყოველწლიურად გადიოდა აფხაზეთში, თუმცა საჭიროებას ვერ აუდიოდა მიწოდება. წელს კი უპრეცედენტოდ დიდია მოთხოვნა აფხაზეთიდან, წინასწარი შეთანხმება ითვალისწინებს, დამკვეთის მიერ, დაახლოებით, 60 000 ნერგის შეძენას.

საკუთარი ვენახების გაფართოებას გეგმავს „Vino M’artville“-ც. მათ უკვე 2013 წელს შპს „აგრომ“ - ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნულმა ცენტრმა - ოჯალეშის 1500 ნერგი უსასყიდლოდ გადასცა,  ვენახების გაფართოების პირობით. მცირე საწარმოს ინტერესია, ჰქონდეს ყურძნის ნედლეულის საკუთარი მიწოდება და არ იყოს დამოკიდებული ოჯალეშის მიკროზონაში მსხვილი მოთამაშის მიერ ფორმირებულ  მარკეტინგულ გარემოზე. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა მიკრო- და მაკროეკონომიკური ფაქტორები იქონიებს ზეგავლენას 2015 წლის რთველში ოჯალეშის ყურძნის გაყიდვებზე. რუსეთისა და უკრაინის ეკონომიკური კრიზისის ფონზე ექსპერტები საქართველოში ყურძნის ფასის შემცირებას მოელიან, თუმცა ეს ტენდენცია, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად გადაფაროს რეგიონში ღვინის მწარმოებლებს შორის შიდა კონკურენციამ. ადგილობრივი გლეხები, ამ ეტაპზე, მოთხოვნას ვერ აუდიან და ფიქრობენ, რომ უფრო მეტი რესურსები მოახმარონ სარფიანი ბიზნესის განვითარებას. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გამარჯობათ,კიდე გაქვთ ოჯალესის ნერგები?ან სად შეიძლება მოვიძიო


მინდა ვიყიდო ნერგები. რა ნომერზე დაგიკავშირდეთ


რა ნომრზე დაგირეკოტ, გთხოვთ მომწეროთ

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული