ფოტო: სარა მეი გრუნვალდი
23 ივლისს ამერიკელი სომელიეს, სარა მეი გრუნვალდისა და კომპანია Blue Danube Wines-ის ორგანიზებით, ლოს ანჯელესის ლუდისა და ღვინის მაღაზიაში, Bazz Beer Wine Shop, ქართული ღვინის საჯარო დეგუსტაცია ჩატარდა.
სომელიე სარა მეი გრუნვალდი ტურისტული კომპანიის, Taste Georgia-ს დამფუძნებელია და ქართული ღვინის ენთუზიასტი. Blue Danube Wines (ლურჯი დუნაის ღვინოები) კი წამყვანი კომპანია, რომელიც ამერიკაში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ღვინოების პოპულარიზაციას ეწევა.
სარა მეი გრუნვალდის თქმით, დეგუსტაცია მომხმარებელზე ორიენტირებული იყო. რაც შეეხება, ღონისძიებას, რომელიც სან დიეგოში, ღვინის ბარ The Rose-ში, 13 აგვისტოს ჩატარდება, უფრო მეტად პრესის წარმომადგენლებზე იქნება გათვლილი. დეგუსტაცია გაიმართება, ასევე, უოლნათ ქრიქის რუსულ რესტორანში Babushka Russian Restaurant, 15 აგვისტოს.
ლოს ანჯელესის დეგუსტაციაზე დააგემოვნეს შუხმან ვაინს ჯორჯიას მწვანე, ფიროსმანი, მათივე ვინოტერას ბრენდის ქისი, ორგოს (თელედა) ქისი და თელიანი ველის სფერავი. დეგუსტაციის მხარდამჭერი იყო ღვინის ეროვნული სააგენტო.
ივლის-აგვისტოს თვეში სარა მეი გრუნვალდი კალიფორნიაში სამ დეგუსტაციას გაუძღვება. ზაფხულის ბოლოს კი ის გეგმავს თბილისის წყალდიდობით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებას.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
ფოტო: სარა მეი გრუნვალდი
თქვენი კომენტარი