Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის პრეზენტაცია შვედეთში

19 თებერვალს შვედეთში, გეტებორგში, დიკსონის ისტორიულ სასახლეში ბიზნესისა და კულტურის სფეროების წარმომადგენელთა ელიტური წრეებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია და ახლადდაარსებული ორგანიზაცია „მარანის“ პრეზენტაცია მოეწყო. ღვინის კლუბ „მარანს“ მართავს  გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობს წარსულში Volvo-ს ბრენდის მარკეტინგის მენეჯერი, მერილ ბუმანი. ღვინის კლუბი „მარანი“ „საქართველოს ღვინის კლუბის“ ხელშეწყობით შეიქმნა და ის ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. 

ამჯერად ქალაქ გეტებორგში „ვილა ოვერომ“ 70-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა. წარმომადგენლობითი აუდიტორია მოიცავდა შვედ ბიზნესმენებსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის მედიის წარმომადგენლები. „მარანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მათიას კნუტსონმა (Mattias Knutsson) სტუმრებს საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ მოუთხრო, გააცნო ახლადდაარსებული ორგანიზაციის ხედვა და სტრატეგიები, რასაც მოჰყვა ქართული ღვინის დეგუსტაცია და საზეიმო მიღება. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო „ხოხბის ცრემლების“ საფერავი და რქაწითელი, რომელიც სტუმრებს წარუდგინა კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა - ერიკ ანდერმომ (Erik Andermo). საღამოზე, ასევე, წარმოდგენილი იყო „თბილღვინო“–ს საფერავი.

შვედეთში მცხოვრები ქართველი ეკონომისტის, ღვინის კლუბ „მარანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლისა და სააქციო საზოგადოება „ქართული სახლის“ პრეზიდენტის, გიორგი სხირტლაძის თქმით, ღონისძიებამ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მათ გამოთქვეს საქართველოსა და ქართული ღვინის უკეთ გაცნობის სურვილი. მისივე ინფორმაციით, შვედეთის ბიზნეს წრეებში საკმაოდ დაბალია ქართული ღვინისა და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს ცნობადობა. სწორედ ამ მიზნით დაარსდა ღვინის კლუბი „მარანი“, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით შორსმიმავალ გეგმებს სახავს. აპრილისა და სექტემბრის თვეებში „მარანი“, საქართველოს ღვინის კლუბთან ერთად, ჩაატარებს ორ მნიშვნელოვან დეგუსტაციას ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთათვის, სადაც, ასევე, ქართული სამზარეულოც იქნება წარმოდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ შვედეთში ქართული ღვინის ექსპორტი 2014 წელს წინა წელთან შედარებით, თითქმის, ორნახევარჯერ გაიზარდა. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს შვედეთში ბიზნეს-სექტორის ქართული ღვინით დაინტერესებას და აღნიშნულ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდას. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.