საქართველოში საფერავის მეხუთე საერთაშორისო კონკურსი 6-7 ივლისს ჩატარდება. ნიმუშების ჩაბარების ბოლო ვადა კი 21 ივნისია. კონკურსის მისია ყველაზე ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის, ცნობადობის ამაღლებაა მთელს მსოფლიოში. მიზანი კი, როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, საფერავის ღვინოების წარდგენაა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრებიდან.
კონკურსში, როგორც ვკითხულობთ, უნდა წარადგინონ 100%-ით საფერავის ვაზის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა წითელყურძნიანი ჯიშის საფერავში შერევით დაწურული ღვინო მსოფლიოს ნებისმიერი რეგიონიდან ან ქვეყნიდან. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ღვინის საწარმოებს, ინდივიდუალურ მეღვინეებს, კოოპერატივებსა და მეღვინეთა გაერთიანებას. კონკურსში მონაწილე კომპანიამ ან კერძო პირმა ნიმუში შემდეგი სახით უნდა წარმოადგინოს.
ღვინო გასაყიდად ბოთლში ჩამოსხმული უნდა იყოს. მინიმალური დარჩენილი რაოდენობა 400 ბოთლს უნდა აღემატებოდეს.
ბოთლის ეტიკეთზე უნდა იყოს დატანილი მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება, ბრენდისა და ღვინის დასახელება, ჩამოსხმის წელი, ვაზის ჯიში, რეგიონი/ქვეყანა, მოცულობა.
უნდა წარმოადგინონ ერთი დასახელების ღვინის 3 ნიმუში. ასოციაცია “ქართული ღვინო” მიღებულ ნიმუშებსა და თანდართულ დოკუმენტაციას შეამოწმებს. წესების დარღვევით წარდგენილი ნიმუშები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. ორგანიზატორები ნიმუშებს უსაფრთხო ადგილას შეინახავენ ღვინის შენახვის ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფით.
საკონკურსო ნიმუშებს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გასინჯავს. როგორც ვკითხულობთ, ჟიურის წევრების რაოდენობა მიღებული ნიმუშების რაოდენობით განისაზღვრება. ნიმუშების მოტანამდე მეღვინეებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. ორგანიზატორები გვატყობინებენ, რომ ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
საფერავი საქართველოს სტანდარტული, ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, იგი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ვაზის მსოფლიოს სხვა წითელ ვაზის ჯიშებს შორის. განსაკუთრებით მაღალი ღირსების სუფრის წითელ ღვინოს საფერავი იძლევა კახეთში. საფერავისგან მზადდება საყოველთაოდ აღიარებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები: „მუკუზანი“, „ნაფარეული“(წითელი), „ახაშენი“, „ქინძმარაული“, ასევე ჯიშური დასახელების „საფერავი“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი