გუშინ, 14 ივლისს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ღვინის კლუბმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად იზრუნებენ მევენახეობის, მეღვინეობისა და, ზოგადად, ქართული ალკოჰოლური სასმელების კვლევასა და პოპულარიზაციაზე. ეროვნული ბიბლიოთეკისა და ღვინის კლუბის მიერ მომზადდება და გაიმართება ლექციები, სემინარები და კონფერენციები. ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთ სამკითხველო დარბაზში ღვინის კლუბის კუთხე გაიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კვლევით დაინტერესებულები ერთ ადგილზე მოიძიებენ ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. გარდა ამისა, ღვინის კლუბი და ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალი კვირიდან დაიწყებს ქართული ღვინის სრული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნას, რომელიც ღვინის შესახებ არსებული ყველაზე ფუნდამენტური ქართული ტექსტების გაციფრულებას გულისხმობს.
მეღვინეობა და მევენახეობა საქართველოს კულტურისა და ეკონომის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ გადაწყდა, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ქართველსა და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს, შეიქმნას ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კოლექცია. „ღვინის კლუბი“ ეროვნულ ბიბლიოთეკას დაეხმარება ამ კოლექციის შექმნაში და მუდმივად გაუწევს კონსულტაციას მისი შევსებისა და სწორად შენახვის საკითხებში.
© vinoge.com
თქვენი კომენტარი