Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მატარებელი

გიორგი ბარისაშვილი

ქართული რკინიგზის საწყისად 1872 წელი ითვლება. იმჟამინდელი სარკინიგზო ხაზი თბილისსა და ფოთს აკავშირებდა. აღნიშნული დროიდან რამდენიმე წელში დაიწყო კახეთის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც 1915 წელს დასრულდა. ის ბაკურციხიდან ლილოს მიმართულებით მოძრაობდა და როგორც ამბობენ ამ მონაკვეთის დაფარვას ორთქლმავალი თითქმის მთელი დღე ანდომებდა... დიდად სავარაუდოა, რომ მატარებლის დანიშნულება ტვირთის კახეთიდან თბილისამდე ჩამოტანა იქნებოდა და არა პირიქით. მაინც რა უნდა ყოფილიყო ის ძირითადი ტვიერთი, რაც კახეთიდან დედაქალაქში ჩამოვიდოდა თუ არა უპირატესად ღვინო? უნდა ითქვას, რომ პურთან ერთად ძირითადად ეს მართლაც ღვინო იყო! თუკი ამ დრომდე დედაქალაქში ღვინო მხოლოდ ურმებით ჩამოჰქონდათ, რკინიგზის ხაზის გაყვანამ ეს პროცესი დიდად გააიოლა. ცნობილია, რომ, როგორც ამჟამად, ისე იმ დროშიც თბილისი ქართული ღვინის ძირითადი მომხმარებელი იყო, ამიტომ აქ არა მარტო კახეთიდან, არამედ საქართველოს მევენახეობის თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოჰქონდათ ღვინო. მაინც უნდა აღინიოშნოს, რომ დედაქალაქში ყველაზე მეტად კახურ ღვინოსა და ჭაჭას მოიხმარდნენ.

რკინიგზის ხაზის გაყვანა ცხადია ერთბაშად მთელი კახეთის პრობლემას ვერ გადაჭრიდა, ამიტომ იმხანად კაცი მაინც მრავლად შეხვდებოდა შორიდან მომავალ ქართულ ურმებს, რომლებზეც ღვინით სავსე რუმბები ელაგა. ამგვარი კადრები არაერთჯერ აღუბეჭდავს ფირზე საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვს (1846-1916 წწ). რაც შეეხება კახეთის რკინიგზასა და ამ მხრივ დედაქალაქში ღვინის ტრანსპორტირების საკითხს, უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე თვალნათლივ აისახება ნიკო ფიროსმანის (1862-1918 წწ) ცნობილ ნამუშევარში - „კახეთის მატარებელი“. ნახატი შესრულებულია მუყაოზე და ის ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. ნახატზე ღამის პეიზაჟია გამოსახული. მთვარით განათებული კავკასიონის დათოვლილი მთების ფონზე ვხედავთ კახეთის მატარებელს. ორთქლმავალი გასასვლელად ემზადება. გარეთ მდგომი ერთადერთი მამაკაცი მატარებელში მყოფ მგზავრს აწვდის სავსე ტიკს, ხოლო ორთლქმავალთან ახლოს აწყვია საღვინე ჭურჭელი, რაც მეორე მხრივ ნახატის შინაარსს წარმოადგენს. ვხედავთ სამ საღვინე რუმბს, სამ მოზრდილ ქვევრსა და სამ კასრს. მთვარის შუქით განათებული საღვინე ჭურჭელი და უპირატესად კი ქვევრები განსაკუთრებული სილამაზისაა...

 თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კახეთის რკინიგზის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა, ხოლო ფიროსმანი 1918 წელს გარდაიცვალა მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ „კახეთის მატარებელი“, რასაც „ღვინის მატარებელიც“ შეიძლება ეწოდოს, ნიკალას ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია. ფიროსმანის ეს ნახატი ბრწყილვალედ გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის ვაზისა და ღვინის ისტორიას. სურათზე გამოსახული სამი ტიპის საღვინე ჭურჭელი ქართული მეღვინეობის, ანუ ღვინის გზის სამ ეტაპს გამოხატავს. ქვევრი - ღვინის დასაყენებელი და შესანახი ჭურჭელი; რუმბი - ღვინის ტრანსპორტირების ჭურჭელი და კასრი - „სირაჯხანის“, ღვინის გასაყიდი ადგილის მაშინდელი ჭურჭელი. ხოლო მარნისა და ღვინის ბაზრის დამაკავშირებელ ტრანსპორტად ნიკალა იმჟამად ძალზე პოპულარულ ტრანსპორტს - „ღვინის მატარებელს“ ხატავს.

მცხეთა, 2017 წ.   

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.