Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს

ლევან სეფისკვერაძე

“როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს” – ამ და ღვინოსთან დაკავშირებულ სხვა საინტერესო საკითხებზე, 21 სექტემბერს, რესტორან “აზარფეშა”–ში ქართული მედიის წარმომადგენლებისათვის საინტერესო სწავლება-სემინარი გაიმართა. ღონისძიება USAID-სა და EPI-ს (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) სპონსორობით ჩატარდა, ორგანიზატორი კი ღვინის კლუბი იყო. სემინარს ღვინის კლუბის წევრები მალხაზ ხარბედია და გიორგი ბერიკელაშვილი უძღვებოდნენ.

“მედიას ძალიან დიდი როლი აკისრია ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. მას ძალიან ბევრი სქმის გაკეთება შეუძლია. მედიის ნებისმიერ სფეროში საჭიროა ღვინოსთან დაკავშირებული გარკვეული ცოდნა. ასეთი სემინარების გაკეთების იდეა ამ ზაფხულს იშვა. წლის დასაწყისში საქართველოში ჩამოვიდა ძალიან კარგი ადამიანი, ღვინის ექსპერტი, ჯესიკა ბელი, WSET-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელი და My Wine School-ის დამფუძნებელი. საქართველოდან 15 სტუდენტმა დავასრულეთ კურსი და მივიღეთ შესაბამისი სერტიფიკატები, რომელიც საშუალებას გვაძლევდა ჩვენვე გვეზრუნა ღვინის განათლების ამაღლებაზე საქართველოში და უკვე რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ამ მიმართულებით.” –ამ სიტყვებით გასხნა სემინარი მთავარმა მომხსენებელმა, მალხაზ ხარბედიამ.

სამსემინარიანი ციკლის პირველი კურსი უკვე ჩატარდა ყვარელში, მეღვინეობა “ხარებას” გვირაბში, რესტორან "საფერავში", სადაც კახელმა სომელიეებმა და მეღვინეებმა მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად კი სპეციალურად მასმედიისთვის გაკეთდა ეს ღონისძიება. დასკვნითი სემინარი Expo Georgia-ში ჩატარდა ორშაბათს, 24 სექტემბერს და მას 40-მდე მონაწილე ესწრებოდა. მომავალში ასევე დაგეგმილია, ღვინის კლუბში გაკეთდეს სხვადასხვა ხანგრძლივობის კურსები, რაც კიდევ უფრო დახვეწს დაინტერესებული მომხმარებლის გემოვნებას და მეტ ინფორმაციას მიაწვდის მას.

მედიისთვის ჩატარებული კურსის (სემინარის) პირველი ნაწილი დაეთმო ზოგად საუბარს ქართული ღვინის შესახებ. შემდეგ იყო დეგუსტაცია, რომელიც ყველაზე სახალისო მონაკვეთი იყო, სადაც მონაწილეებმა ღვინის გასინჯვის პარალელურად მრავალი საინტერესო რამ გაიგეს. ამას გარდა, სემინარის წამყვანებს ჟურნალისტების ბევრ კითხვაზე მოუხდათ პასუხის გაცემა. კითხვების დიდი უმრავლესობა ქართული ღვინის დღევანდელ მდგომარეობას და ხარისხს უკავშირდებოდა. სემინარის დასკვნით ნაწილში კი გაიმართა საკვანძო სწავლება – კერძისა და ღვინის შეხამების სავარჯიშოები. ჟურნალისტებმა სხვადასხვა კერძი ქართულ ღვინოებთან შეახამეს.

გიორგი ბერიკელაშვილი, სემინარის თანამომხსენებელი, ღვინის კლუბის წევრი: “როგორ წარმოვუდგინოთ ქართული ღვინო უცხოელებს ისე, რომ მათ არამხოლოდ მოეწონოთ ქართული ღვინო, არამედ თავიანთ მეგობრებსაც გააცნონ? ყველა პროდუქტს გააჩნია თავისი ობიექტური მახასიათებლები, ღვინოსაც გააჩნია თავისი ფიზიკური მახასაითებლები, რაზეც პასუხისმგებლები არიან მეღვინეები და სწორედ მეღვინეები აკეთებენ ისეთ ღვინოს, როგორიც ღვინის კომპანიებს სურთ. თუმცა, თანამედროვე კონკურენციის ასეთ მძაფს პირობებში შეუძლებელია მხოლოდ ფიზიკური მახასიათებლებით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. მაგალითად, ბევრი კარგი ღვინო იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ ის სათანადოდ და ღირსეულად ვერ წარადგინეს საზოგადოების წინაშე. აუცილებლია, რომ ტურისტს ქართული ღვინის ისტორია გავაცნოთ დადებითად და ღირსეულად.

ქართულ ღვინოს როგორც შორ, ასევე უახლოეს წარულში საკმაოდ ბევრი წარმატება აქვს მოპოვებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ჩვენ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ საფუძველზე და ისტორიაზე, რომელსაც სტუმარი ყველაზე კარგად დაიმახსოვრებს. ერთი ძალიან კარგი ფრაზაა, რომლითაც ქართველებმა სტუმართან საუბარი უნდა დავიწყოთ. ეს ფრაზაა: “საქართველო, ღვინის სამშობლოა.” ეს არის ძალიან მარტივი, მაგრამ ზუსტი ფრაზა. ამაში დევს ის სამი დებულება, რომელიც გზავნილის სახით უნდა ავუხსნათ სტუმარს. 1. საქართველო მსოფლიოში პირველია ღვინის წარმოებაში. 2. საქართველო პირველია ღვინის დაფასებაში. 3. საქართველო პირველია ღვინის მრავალსახეობაში. ამ სამი “მესიჯით” სტუმარს ღვინო ისე უნდა დავამახსოვროთ, რომ არამხოლოდ კარგი განწყობა შევუქმნათ, არამედ რეალურად დავაინტერესოთ ქართული ღვინით”.

არქეოლოგების მიერ დადასტურებული ფაქტია, რომ ღვინის უძველესი ჭურჭელი და გაკულტურებული ვაზის წიპწები (ძვ. წ. VI ათასწლეული) სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ეს სათანადო ანალიზითაც დასტურდება. ამას გარდა, როგორც აღნიშნულ სემინარზე ითქვა, უცხოელ სტუმარს ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ საქართველოში რთველი 8 ათასჯერ ჩატარებულა. ანუ, საქართველო არის დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა, სადაც 8 ათასი წლის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა მეღვინეობის პროცესი.

ასევე მნიშვნელოვანია სტუმარს ავუხსნათ, რომ საქართველოში ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდნენ. სემინარის წამყვანებმა, მონაწილეებს წარუდგინეს კონკრეტული ისტორიული წყაროები და მასალები, სადაც ასახულია ძველი ქართული სუფრა, ნადიმები, დღეობა და სხვა... ყველა ამ მაგალითიდან ჩანს, თუ როგორ განსაკუთრებულად ექცეოდნენ ღვინოს ძველ საქართველოში და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ქართველებისათვის ღვინო და ღვინის სმის კულტურა. უცხოელი სტუმრებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილიც სწორედ ის უნდა იყოს, რომ მათ დაინახონ, თუ როგორ აფასებდნენ ქართულ ღვინოს ღვინისავე სამშობლოში – საქართველოში.

ათასწლეულების მანძილზე, საქართველოს ტერიტორიაზე 500-ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიში შეიქმნა და ჩამოყალიბდა. ეს ჯიშური მრავალფეროვნება რასაკვირველია ღვინოშიც გამოიხატება და როდესაც უცხელ სტუმრებს ქართულ ღვინოზე ვესაუბრებით, აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას და აქედან, ქართული ღვინის მრავალფეროვნებასაც.

საქართველოში თითქმის ყველა ტიპისა და სახეობის ღვინო ისხმება და იწარმოება, რაც კი მსოფლიოში არსებობს: თეთრი, წითელი, ვარდისფერი, მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი, ცქრიალა, თანამედროვე, ტრადიციული, შემაგრებული და სხვა... აქედან კი მარტივი შემაჯამებელი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ მოკლე წინადადების სახით და ეს დასკვნა რასაკვირველია უცხოელებსაც უნდა გავუზიაროთ. მაგალითად ასე: “საქართველო არის ღვინის სამშობლო, სადაც დაახლოებიოთ 8 ათასი წლის მანძილზე, რთველი ყოველთვის ტარდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ ქვეყანაში ძალიან აფასებენ ღვინოს და ქართველებისათვის ღვინო განსაკუთრებული სასმელია. გარდა ამისა, საქართველო გამორჩეულია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, რაც თავის მხრივ იმაზე მეტყველებს, რომ ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპისა და ხასაითის ღვინო იწარმოება. 500-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიში, ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა!”

სემინარის მონაწილეებმა სპეციალური სავარჯიშოები გააკეთეს და შეიმუშავეს ის მთავარი გზავნილები, რითაც უცხოელ სტუმრებს ქართულ ღვინოზე ყველაზე სწორი კუთხით შეგვიძლია მივაწოდოთ ინფორმაცია. მაგალითად, სტუმრებისათვის საინტერესო უნდა იყოს, ის ცნობილი ვარაუდი, რომ “ღვინის” აღმნიშვნელი სიტყვები სწორედ ქართველური ენებიდან გავრცელდა მსოფლიოში, სემინარზე ასევე ხაზი გაესვა ცნობილი ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის ცნობილ სიტყვებს: “არსად, საქართველოს გარდა, არ ისმევა ამდენი და ასე კარგი ღვინო.” ასეთი ამბები და ისტორიები ბევრ უცხოელს მოსწონს და იზიდავს. ამიტომ, როდესაც ღვინით დაინტერესებულ სტუმრებს ქართველი მასპინძელი ხვდება, მასპინძელი ღვინოსთან დაკავშირებული გარკვეული ცოდნითა და საინტერესო ისტორიებით უნდა იყოს “აღჭურვილი”, ლეგენდარულით თუ რეალურით.

სემინარის - “როგორ გავაცნოთ ქართული ღვინო სტუმარს” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, საქართველოში არსებული ღვინის რეგიონებისა და მიკროზონების გაცნობა. სამწუხაროა, რომ დღეს ეკონომიკაზე და არამხოლოდ ეკონომიკურ თემებზე მომუშავე ქართველი ჟურნალისტების ნაწილი სტატიების წერისა თუ ტელე-რადიო სიუჟეტების კეთების დროს, უშვებენ არაერთ შეცდომას. იყო შემთხვევები, როდესაც ქართლის ვაზი “ჩინური”, ჩინეთიდან ჩამოტანილ ჯიშადაც კი გამოაცხადეს. ამიტომ, სემინარის მომხსენებლებმა, გიორგი ბერიკელაშვილმა და მალხაზ ხარბედიამ, დეტალურად აღწერეს, თუ რას ნიშნავს მიკროზონა, ადგილწარმოშობის დასახელება, რომელი ჯიშია გავრცელებული ამათუიმ რეგიონში და სხვ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინოზე ისე ვისაუბროთ, რომ კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდოთ სტუმარს და არ შემოვიფარგლოთ ფრაზებით: “კარგი ღვინოა”, “მომწონს ეს ღვინო” და სხვა...

როგორც დასაწყისში ვთქვით, ჟურნალისტების განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია ქართული ღვინისა და კერძის შეხამებებმა. მონაწილეებმა ნიმუშის სახით გასინჯეს ხუთი დასახელების თეთრი და ოთხი დასახელების წითელი ღვინო. ღვინისა და კერძის შეხამების დროს კი დამატებით 5 ღვინოს შეუხამეს კერძები. გაირკვა, თუ რომელი კერძი შეიძლება მოუხდეს კონკრეტულ ღვინოს და რატომაა მნიშვნელოვანი, ღვინისა და კერძის “იდეალური წყვილების” პოვნა. რატომ უხდება წითელი მშრალი ღვინო შემწვარ ხორცს და რატომ არის მსუბუქ სალათებთან სასურველი თეთრი კლასიკურად (ევროპულად) დაყენებული ღვინოები.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, მალხაზ ხარბედიამ ვრცლად ისაუბრა ევროპულ ღვინოზე და როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე. როგორც აღმოჩნდა, ქართულ ღვინოს დღეს არსებული საკმაოდ მცირე წარმოების მიუხედავად, დიდი შანსი აქვს, რომ მსოფლიო ღვინის წარმოებაში და ღვინის გაყიდვებში თავისი ადგილი დაიკავოს. ქართული ღვინის შემდგომი პოპულარიზაცია და უცხოელი სტუმრებისათვის დაინტერესება კი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ერთგვარი ვალია. ქართული ღვინო უფრო დიდ წარმატებებს ნამდვილად იმსახურებს!

© ღვინის კლუბი/Weekend



დღეს სამსახურში ვკითხულობდი ამას. 30 გვერდიანი ბროშურა იყო ამობეჭდილი მაგრამ იქ დამრჩა. შეგიძლიათ ამ სტატიის მთლიანი ტექსტი დადოთ? რაღაც ნაწილი მაინტერესებდა რომელიც აქ არ წერია. ისე კი მინდა აღვნიშნო რომ ძალიან საინტერესო და სასარგებლო ნაშრომია. არ ველოდი არაქართველისგან ასეთი ვრცელი სტატიის შეკვრას ქართულ ღვინოზე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.