Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"ახალი ღვინის ფესტივალის" ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

ნანა კობაიძე      

სამშაბათს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში "ახალი ღვინის ფესტივალის" ფოტოკონკურსის დაჯილდოება გაიმართა. "ღვინის კლუბის" მიერ ორგანიზებული ღონისძიება 5 წლის ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში უკვე მოასწრო ერთგული მეგობრებისა და გულშემატკივრების შეძენა, რომლებიც ქართული ღვინის დღესასწაულს წლიდან წლამდე ელოდებიან.

დღესასწაულის იმიჯი კი ამ ფესტივალმა უკვე დაიმკვიდრა, რადგან ეს ერთადერთი ღონისძიებაა, სადაც ყველას ეძლევა მონაწილეობის შესაძლებლობა - ღვინის დიდი საწარმოებიდან, ოჯახური მარნების ჩათვლით. მთავარი პირობა ხარისხიანი ღვინოა, რომელსაც ფესტივალზე წარსადგენად კომპეტენტური ჟიური არჩევს. ამ ღვინოთა დასაგემოვნებლად ერთი დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმს უამრავი ადამიანი სტუმრობს. შარშან დამთვალიერებლთა რიცხვმა 20 ათასი შეადგინა. მათი უმეტესობა სრულიად ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომელთაც სურდათ, უკეთ გაცნობოდნენ თანამედროვე ქართულ ღვინის ბაზარზე არსებულ ვითარებას ან უბრალოდ, დაეგემოვნებინათ კარგი ღვინო. ვიზიტორთა რაოდენობა წელს მეტი იყო. სასიამოვნოა, რომ მათ შორის ახალგაზრდები ჭარბობდნენ, რაც მომავალ თაობაში ღვინის კულტურის მიმართ ინტერესის ზრდაზე მეტყველებს. სწორედ მათი და ზოგადად, ფესტივალის სტუმრების უფრო მეტად დაინტერესებას ემსახურება ფოტოკონკურსი, რომელიც "ახალი ღვინის ფესტივალის" ფარგლებში წელს პირველად გაიმართა.

წინასწარ დაანონსდა ოთხი ნომინაცია, რომელთა შორისაც ორგანიზატორებს საუკეთესო უნდა შეერჩიათ. აი, ჩამონათვალიც: "საუკეთესო ფოტო ფეისბუქ-მოწონების მიხედვით"; "ყველაზე ფხიზელი"; "ყველაზე გიჟური სელფი" და "ღვინის კლუბის" რჩეული." პირველი ნომინაციის გამარჯვებული ფეისბუქის საშუალებით გამოვლინდა. ყველაზე მეტი, 645 "ლაიქი" დავით ხაჩატურიანის ორიგინალურმა ფოტომ დაიმსახურა.

"ღვინის კლუბის" რჩეული გახდა თეკა ჯამაკაშვილი, ყველაზე ფხიზელი ფოტოს ავტორი - ვანიჩკა სტეფანიშვილი, რაც შეეხება ყველაზე გიჟურ სელფს, სელფის არა, მაგრამ სელფის გადაღების მცდელობისთვის ორგანიზატორებმა თიკო გოგიშვილი გამოარჩიეს. თითოეულ მათგანს საჩუქრად კომპანია "ღვინის კერას" მიერ ჩამოსხმული თითო ყუთი ღვინო გადაეცა. ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იაგო ბიტარიშვილმა, რომელსაც საღამო მიჰყავდა, დამსწრეთა წინაშე "დაუგეგმავი" ნომინაციის მფლობელიც წარადგინა, რომლისთვისაც ეს ამბავი სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. "ღვინის კლუბის" გადაწყვეტილებით, "2014 წლის ფესტივალის მემატიანის" ტიტული ფოტოგრაფ გივი ტუხაშვილს ერგო. ბატონი გივი "ახალი ღვინის ფესტივალს" წელს პირველად სტუმრობდა და ძალიან ნასიამოვნები დარჩა, რისი დასტურიც მის მიერ გადაღებული უამრავი ფოტო გახლავთ. სწორედ ამ ფოტოებისთვის გამოარჩიეს იგი ორგანიზატორებმა. 

დაჯილდოების ბოლოს წამყვანმა დამსწრე საზოგადოებას წლევანდელი ფესტივალის ყველაზე საინტერესო მომენტების ამსახველი ვიდეორგოლის შავი მასალა უჩვენა, რომელსაც ამიერიდან ყოველწლიურად გადაიღებენ. თავად ვიდეორგოლი მალე იქნება მზად. ტრადიციად იქცევა ფოტოკონკურსიც, რომელიც, ორგანიზატორთა თქმით, სამომავლოდ კიდევ უფრო დაიხვეწება, მასშტაბიც გაიზრდება და პრიზების რაოდენობაც. ერთი სიტყვით, "ახალი ღვინის ფესტივალს" ყველაფერი წინ აქვს. ვიმედოვნებთ, გაისად ღვინის მოყვარულები კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი სანახაობის მომსწრენი გახდებიან და, რაც მთავარია, კიდევ უფრო კარგი ღვინის დაგემოვნებას შეძლებენ. ღვინის, რომელიც მთელი ამ ისტორიის სულისჩამდგმელია.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული