Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველის დასაწყისი იმერეთისა და რაჭა ლეჩხუმის „ღვინის სოფლებში“

ლევან სეფისკვერაძე

„USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერილი „ღვინის კლუბის“ საგანმანათლებლო პროექტი „ღვინის სოფელი“ გრძელდება. როგორც იცით, აღნიშნული ერთწლიანი პროექტი მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. პროექტი ღვინო და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.

აღნიშნული პროექტის სამუშაო ჯგუფი მესამედ ეწვია იმერეთს, რაჭასა და ლეჩხუმს და 3-6 ოქტომბერს არაერთი ახალი მარანი მოინახულეს. პროექტის ფარგლებში „ღვინის სოფლის“ ერთ-ერთმა ექსპერტმა, მეღვინე ვანო შიუკაშვილმა 3 ოქტომბერს ქუთაისში მდებარე ღვინის ბარ „საფერეში“, იმერელი მევენახე-მეღვინეებისთვის, ხოლო 4 ოქტომბერს ამბროლაურის სოფელ ბუგეულში, საოჯახო მარან „ქვე შენი ჭირიმეს“ სივრცეში რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონის მეღვინეებისთვის შეხვედრა-ტრენგები ჩაუტარა. ტრენინგების ძირითადი თემა იყო: „მცირე მარნებში რთველის დაგეგმვა და მიმდინარეობა“.

როგორც იცით, ოქტომბრის დასაწყისი ის პერიოდია, როდესაც დასავლეთ საქართველოში არსებული მცირე მარნების უდიდესი ნაწილი რთველისწინა სამზადისშია და სწორედ ამის გამო შეირჩა ტრენინგს თემაც და ის მევენახე-მეღვინეებიც, რომლებმაც ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ორივე შეხვედრის ბოლოს, კითხვა-პასუხის რეჟიმში ვანო შიუკაშვილმა კოლეგების დასმულ არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ კითხვას უპასუხა.

ვანო შიუკაშვილი, მეღვინე, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ექსპერტი: „დღეს ვისაუბრეთ სასურველი ღვინის სახეობებისა და რაოდენობების განსაზღვრაზე, წარმოების მომზადებაზე რთველისათვის, ჭურჭლის დასუფთავებაზე, საჭირო ინვენტარის შეძენაზე, ყურძნის მოკრეფის დროის განსაზღვრაზე. ბევრი კითხვა დაისვა ყურძნის სიმწიფესთან, რთველისთვის საუკეთესო ამინდთან და ყურძნის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.  ასევე განვიხილეთ ყურძნის მაცერაციის პრობლემები, დურდოს დამუშავება, ღვინის ბუნებრივი და ხელოვნური საფუვრების რაობა და სხვა... შეიძლება ვთქვათ, რომ ქუთაისსა და ბუგეულში ჩატარებულმა ამ ორმა ლექციამ ძალიან კარგად ჩაიარა და მახარებს, რომ ჩვენს პროექტში ასეთი უნარიანი და ინტერესიანი ადამიანები არიან ჩართული. სხვათაშორის კითხვა-პასუხის რეჟიმმა რაჭა ლეჩხუმსა და იმერეთში მეღვინეობის კუთხით არსებული ბევრი პრობლემა წარმოაჩინა. იმედია, ჩვენი შემდგომი ლექცია-სემინარებიც ასეთი საინტერესო და ინტერაქტიული იქნება“.

პროექტის სამუშაო ჯგუფი „ღვინის სოფელში“ ჩართულ მცირე მარნის წარმომადგენლებთან ერთად იმერეთში, მინაძეების საოჯახო მარანს ეწვია, სადაც ვანო შიუკაშვილმა ღვინის დუღილის სწორად წარმართვასთან დაკავშირებით მეღვინეებს კონკრეტული რჩევები მისცა. პროექტის ბენეფიციარებმა გასინჯეს მინაძეების დაყენებული ღვინის რამდენიმე ნიმუში და აზრი გამოთქვეს ღვინოების გემოსა და ტიპურობასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე ჭიჭინაძე, მოყვარული მეღვინე: „მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ღვინის დაყენება უკვე ვიცოდით, დღეს ბევრი სიახლე გავიგეთ და ლექციის თავისუფალმა რეჟიმმა მრავალი საინტერესო აზრი და იდეა წარმოშვა. მე ძალიან მაინტერსებდა თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება დუღილის პროცესში, როგორ წარიმართება ე.წ. მეორადი დუღილი, მოსავლის წლის მიხედვით როგორი ღვინო შეიძლება დავაყენოთ და სხვა... მსგავსი ლექცია-სემინარები ქუთაისში სულ უნდა იმართებოდეს“.

შმაგი ავალიშვილი, „ავალიშვილის მარანი“, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი: „შეხვედრა იყო ძალიაან საინტერესო და მადლობლები  ვართ კიდევ ერთხელ, რომ მოგვეცა ამგვარ ფორმატში შეხვედრის საშუალება. დღევანდელი ლექციიდან გამოვარჩევდი მეორადი (ვაშლ-რძემჟავა) დუღულის წარმართვის ხერხების მშვენივრად აღწერას. ჩვენ ახლა გვეწყება რთველი, არის რთველისწინა პერიოდი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ როგორ განვსაზღვროთ ყურძნის სიმწიფე დურდოთი, წიპწით, კანით და სხვა.. ასევე მნიშვნელოვანია ბაქტერიების განსაზღვა ღვინოში და ამაზეც საკმაოდ ამომწურავად ვისაუბრეთ“.

სევერიან ღამბაშიძე, მევენახე-მეღვინე, პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარი: „დღევანდელი ლექცია მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი დონის და ხარისხის ცოდნას ბევრგან ვერ მიიღებს ადამიანი. მეღვინეობაში ახალ-ახალი მეთოდების და მიღწევების გაცნობა ქართველ მეღვინეებს მეტად გვჭირდება და რომ არა „ღვინის კლუბის“ პროექტები, უკეთესი და უკეთესი ღვინის დაყენების გზებს ნამდვილად ვერ ვიპოვიდით. წინსვლა ცოდნის გარეშე ვერ მოხერხდება“.

სამუშაო ჯგუფმა რაჭაში, სოფელ წესში მდებარე  მაისაშვილების საოჯახო მარანი, „ღვინუკაც“ მოინახულა, სადაც თვალნათლივ გამოჩნდა ქართული მეღვინეობის გენეტიკური უწყვეტობა. ერთი სახელის და გვარის მქონე ბაბუა-შვილიშვილმა - დიდმა და პატარა ზურაბ მაისაშვილებმა გადაწყვიტეს რაჭაში წინაპრების დანატოვარი მარანი და ვენახი განეახლებინათ და რაჭული ტრადიციული ვაზის ჯიშებისგან საინტერესო ღვინოების დაყენება ამ ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ღვინის დაყენების გარდა, დიდი და პატარა მაისაშვილები მსხლისგან სიდრს და რამდენიმე სახის ხილის არაყსაც ამზადებენ.

თამაზ თამაზაშვილი, სომელიე: „ღვინის ტურზე კოლეგებთან ერთად რაჭაში პირველად ჩამოვედით. გუშინ რთველში მივიღეთ მონაწილეიბა და რთველითაც კარგად გამოჩნდა რეგიონალური ტიპურობა და განსხვევებულობა. დღეს ვანო შიუკაშვილის ლექციას ვესწრებით. ვანო ჩვენი მეგობარია, მის დაყენებულ ღვინოებს ხშირად ვსინჯავთ. ძალიან კარგია, რომ  ასეთი საჭირო პროექტი გაქვთ და ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს აწყობთ. ეს პირველ რიგში ქართული მეღვინეობისთვისაა სასიკეთო. ამ პროექტით მიღებული ცოდნით მეღვინეები მჯერა, რომ ბევრ რამეს ისწავლიან და  ღვინის ხარისხის ვენახიდანვე მიაქცევენ ყურადღებას. ეს ყოველთვის არგებს არამარტო კონკრეტულ რეგიონს, არამედ მთლიანად ქართულ მეღვინეობას“.

ლეჩხუმში რაჭველი და ლეჩხუმელი მეღვინეები პროექტის ორგანიზატრორებთან ერთად ეწვივნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მდებარე ამირან მეგრელის მარან „ჩერალს“ და ორბელის ვენახების მონახულების შემდეგ მეგრელების მარანში დაყენებულ ლეჩხუმურ  ღვინოებსაც გაუსინჯეს ჭაშნიკი.

იაკობ მაისურაძე, მოყვარული მეღვინე: “ დავრწმუნდი, რომ ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც რაჭას მხოლოდ ხვანჭკარით და ლეჩხუმს მხოლოდ უსახელაურით იცნობენ. ამ მხარეს აქვს უდიდესი პოტენციალი და ამაზე ლექციის დროსაც ვისაუბრეთ. მთავარი კი ისაა, რომ დამწყებ მეღვინეებს გვაქვს საშუალება ასეთი ლექციები მოვისმინოთ და მუდმივად განვვითარდეთ. დაახლოებით 10 წლის წინ ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი მეღვინეობით ასე თუ დავინტერესდებოდი. ღვინო ისეთი რამაა, შეუძლებელია საბოლოოდ მაინც არ ჩაგითრიოს“.

ცაგერში, ადგილობრივმა მევენახე ზაზა მუშკუდიანმა „ღვინის სოფელის“ წარმომდგენლები დაბა ცაგერის გვერდით მდებარე მთაზე შეფენილ სოფელ გვესოს წვერში აიყვანა, სადაც მის მიერ გაშენებული ცოლიკოურის ახალშენი ვენახი და მშენებარე სახლი და მარანი აჩვენა. ბატონ ზაზას სურს პანდემიის დასრულების შემდეგ  ტურისტულ ბიზნესში ჩაებას და იმედი აქვს, რომ ამაში პროექტი „ღვინის სოფელი“, საკუთარი ხელით დაყენებული ლეჩხუმური ცოლიკოური და  მისი ვენახების და მარნის უნიკალური მდებარეობა დაეხმარება.

პროექტის სამუშაო ჯგუფის აღნიშნულ სამ რეგიონში შემდეგი ვიზიტი 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული