ალეკო ცქიტიშვილი
„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ოჯალეში და ორბელური ოჯალეში ვაზის ორი სხვადასხვა ჯიშია. კანონის III თავში მოცემულია საღვინედ რეკომენდებული ვაზის ჯიშების სტანდარტული სორტიმენტი, სადაც ფერადყურძნიან საღვინე ჯიშების ჩამონათვალში ოჯალეში და ორბელური ოჯალეში ცალ-ცალკეა აღნუსხული. მიუხედავად ამისა, ლეჩხუმში გავრცელებული ორბელური ოჯალეშისგან დაყენებულ ღვინოებს მწარმოებელი კომპანიები ოჯალეშის სახელით ყიდიან. თავის ოფიციალურ განცხადებებში ვაზის ამ ჯიშს ასევე ოჯალეშის სახელით მოიხსენიებს ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია მეღვინეობაში ჯიშური სიწმინდის დაცვაზე.
„დროა, ოჯალეშს დაერქვას ოჯალეში!“ - ამბობს მცირე მარნის Vino Martville-ს წარმომადგენელი ზაზა გაგუა, რომელიც სამი წელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თამაკონსა და თარგამეულში მევენახე-გლეხებისგან ოჯალეშს იბარებს და მისგან წითელ მშრალ ღვინოს აწარმოებს. შეზღუდული რაოდენობის მიუხედავად, ამ ღვინომ მალე გაითქვა სახელი არა მარტო ხარისხით, არამედ პირველ რიგში იმით, რომ „ოჯალეშის“ სახელწოდებით ბოთლში ჩამოსხმული პირველი მშრალი ღვინოა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გამოჩნდა. საბჭოთა პერიოდში ნახევრადტკბილი „ოჯალეში“ იყო პოპულარული და მას სტილი არასოდეს შეუცვლია. ზაზა გაგუას მშრალმა „ოჯალეშმა“ არა მხოლოდ ქართველი გურმანების, არამედ უცხოელი ნეგოციანტების ყურადღება მიიპყრო. Vino Martville-ს 2013 წლის მოსავლის „ოჯალეშის“ ორასამდე ბოთლი თვით ყველაზე პრეტენზიულ ლონდონის ბაზარზეც მოხვდა. ამ წარმატების პარალელურად, ზაზა გაგუამ თარგამეულში ოჯალეშის საკუთარი ვენახი გააშენა და მომავალში სხვა აბორიგენული იშვიათი ვაზის ჯიშების გაშენებასაც აპირებს.
მოთხოვნას, რომ ოჯალეშს თავისი სახელი დაერქვას და ორბელური ოჯალეშისგან გაიმიჯნოს, „მეღვინეობა ხარებას“ მეღვინე, ლადო კუბლაშვილიც ეთანხმება: „ჩვენი კომპანია ყოველთვის მკაცრად იცავს ჯიშურ სიწმინდეს და გარდა ამისა, ჩვენი ღვინოები ჩამოსხმულია ამა თუ იმ ჯიშის მშობლიურ სპეციფიკურ მიკროზონებში. მიგვაჩნია, რომ როგორც, მაგალითად, „უსახელოური“ უნდა იყოს დაყენებული ლეჩხუმში, ოყურეშის სპეციფიკურ მიკროზონაში დაკრეფილი იშვიათი ვაზის ჯიშის - უსახელოურის ყურძნისგან, ასევე ოჯალეში უნდა დაიკრიფოს სამეგრელოში და თანაც ისტორიულად ყველაზე ცნობილ მიკროზონაში - მდინარე ტეხურის ხეობაში“.
ორნაირი ოჯალეში ორნაირი ფასით
ოჯალეშსა და ორბელურ ოჯალეშს შორის განსხვავება წლევანდელი რთველის დროს დაფიქსირებულმა ფასებმაც წარმოაჩინა - ოჯალეში მარტვილის მუნიციპალიტეტში 6 ლარი ღირდა, ხოლო ორბელური ოჯალეში ცაგერის მუნიციპალიტეტში - 2,5 ლარი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორბელურ ოჯალეშზე კომპანიების მიერ შეთავაზებულ ფასზე (2,5 ლარი) მევენახე გლეხებმა თავდაპირველად უკმაყოფილება გამოხატეს. მათ პროტესტს ღვინის ეროვნული სააგენტო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა: „დღეს, როცა რთველი, ფაქტობრივად, მთავრდება, ცაგერის მუნიციპალიტეტში გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ხელი შეუშალონ ყურძნის ჩაბარების პროცესს. ღვინის კომპანიები შეუფერხებლად განაგრძობენ ყურძნის მიღებას და მზად არიან, ოჯალეშის ჯიშის ყურძენში გადაიხადონ მაქსიმალური ფასი (2.50 ლარი), რაც კი ცაგერში ოდესმე დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე, მევენახეების მხრიდან ფასის გაპროტესტება და რთველის პროცესის შეფერხება გაუმართლებელია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა. ფასს არეგულირებს ბაზარი“.
განსხვავებული ვითარება იყო სამეგრელოში, სადაც წელს ასევე რეკორდული ფასი დაფიქსირდა ოჯალეშზე - 6 ლარი. ეს არის ზუსტად ორჯერ უფრო მაღალი ფასი, ვიდრე აქაურ მევენახეებს წინა წლებში სთავაზობდნენ. ფასის ასეთი ზრდა განაპირობა ოჯალეშით „მეღვინეობა ხარებას“ დაინტერესებამ. ამ კომპანიამ წელს მევენახე გლეხებისაგან პირველად შეიძინა ოჯალეში ყველაზე საუკეთესო სპეციფიკურ ზონაში - მდინარე ტეხურის ხეობის სოფლებში (სალხინო, თამაკონი, თარგამეული). როგორც ლადო კუბლაშვილმა გვითხრა, მიღებული ყურძნისგან კომპანია ორი სახის ღვინოს შექმნის - ნახევრადტკბილს და მშრალს. გარდა ამისა, მშრალი ოჯალეში ტრადიციული წესით ქვევრებში იქნება დაყენებული.
ზაზა გაგუას თქმით, „ხარებას“ გამოჩენამდე იგი უკვე შეთანხმებული იყო მევენახეებთან, რომ ოჯალეშს წინა წლების მსგავსად, 3 ლარად შეიძენდა. „ხარებას“ წარმომადგენლებმა კი მათ ჯერ 5 ლარი, ხოლო ბოლოს 6 ლარიც კი შესთავაზეს: „ფაქტობრივად, კომპანიამ ჩემთან აუქციონი გამართა. ჯერ 5 ლარზე აწია თამასა, ხოლო როცა მეც გამოვთქვი მზაობა, კილოგრამ ოჯალეშში 5 ლარი გადამეხადა, მათ კიდევ ერთი ბიჯი გააკეთეს და საბოლოოდ ყურძენი 6 ლარად იყიდეს. ასეთი კონკურენცია და მოთხოვნის ზრდა ვაზის ამ იშვიათი ჯიშის ყურძენზე, ერთი მხრივ, კარგია, რადგან აქაურ გლეხებს სტიმული მიეცემათ, ოჯალეში გააშენონ. ბოლო წლებში მე მათაც და ადგილობრივ თვითმმართველობასაც მივმართავდი თხოვნით, რომ ყურადღება მიექციათ უნიკალური სავენახე ადგილების ათვისების პროცესისათვის, სადაც ვენახების ნაცვლად მასობრივად თხილის პლანტაციების გაშენება მიმდინარეობს. იმედია, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ ოჯალეშისა და სხვა არანაკლებ ღირსეული აბორიგენული ვაზის ჯიშების გაშენება უფრო მომგებიანი და ამავე დროს პატრიოტული საქმეა. მეორე მხრივ, „ხარებამ“ ადგილობრივ მევენახეებს უკვე მოლოდინი შეუქმნა, რომ მომავალ წელსაც იქნება ასეთივე ინტერესი მათ ყურძენზე და იმედია, კომპანიის ვიზიტი მდინარე ტეხურას ხეობაში ერთჯერადი აქცია არ იქნება“.
ლადო კუბლაშვილის თქმით, ფასი კომპანიას ადგილობრივმა მევენახეებმა უკარნახეს და საბოლოოდ კომპანიამ ყურძენი შეიძინა იმ ფასად, რა ფასიც მოითხოვეს მევენახეებმა: „წელს გაზაფხულზე სამეგრელოში, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებში, ყინვისგან ვაზი ისე დაზიანდა, რომ მევენახეებმა მოსავლის მხოლოდ მესამედი მიიღეს. ამიტომ, როგორც მათ გვითხრეს, ფასზე ამანაც იმოქმედა. რა თქმა უნდა, ჩვენ მომავალ წელსაც შევიძენთ აქაურ ყურძენს, მაგრამ იმ ფასად, რა ფასსაც გვიკარნახებს მომავალი რთველი და სხვა ფაქტორები. სამომავლოდ ასევე ვეცდებით ამ რეგიონში სავენახე ნაკვეთი შევიძინოთ და ოჯალეშის საკუთარი ვენახი გავაშენოთ. ასევე ველით, რომ სხვა კომპანიებიც მოგვბაძავენ და დაინტერესდებიან ნამდვილი ოჯალეშით. ასეთ შემთხვევაში, ამ ჯიშის ყურძენზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ადგილობრივი გლეხებისთვის და ამ ჯიშის გადარჩენისათვის საუკეთესო მომავალია“.
„ოჯალეში 100%“... „ზღვის დონიდან 1700 მეტრზე“
ლეჩხუმში მიმდინარე რთველის თემაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებებში ხაზგასმული არ არის, რომ ორბელურ ოჯალეშზეა საუბარი, რაც ცოტა არ იყოს, დამაბნეველია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ალბათ უფრო კარგად უნდა დაეზუსტებინა, რომ საუბარი ორბელურ ოჯალეშზეა.
რა თქმა უნდა, პრობლემაა ისიც, რომ ორბელური ოჯალეშის წარმომავლობისა და რაობის საკითხზე ამპელოგრაფები ჯერ კიდევ არ არიან შეთანხმებული. გასულ საუკუნეში გამოცემულ ფუნდამენტურ ნაშრომს „საქართველოს ამპელოგრაფია“ (ავტორები: ნიკო კეცხოველი, დიმიტრი ტაბიძე, მაქსიმე რამიშვილი) თან ერთვის საქართველოს ვაზის ჯიშების სია, სადაც ცალკე არის ნახსენები ვაზის შავყურძნიანი ჯიში „ორბელურის“ სახელწოდებით (რაჭა-ლეჩხუმი, მცირე გავრცელებით) და ცალკე ასევე შავყურძნიანი „ოჯალეში“ (სამეგრელო, საკმაო გავრცელებით). იქვე ნახსენებია კიდევ ერთი შავყურძნიანი ოჯალეში - „ოჯალეში გურიის“ (გურია, მცირე გავრცელებით). ავტორები აღნიშნავენ, რომ საქმე გვაქვს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ და განსხვავებულ ვაზის სამ ჯიშთან.
ორბელური ოჯალეშის წარმომავლობის საკითხზე ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ეს ჯიში მე-19 საუკუნეში სამეგრელოდან შევიდა ლეჩხუმში და დამოუკიდებლად განვითარდა ისე, რომ განსხვავებულ გეოგრაფიულ გარემოში ჯიშის გარკვეული ნიშან-თვისებები შეიცვალა. არის სხვა ვერსიაც, რომ ორბელური ოჯალეში შესაძლოა, სინამდვილეში იყოს ვაზის ფრანგული ჯიში მერლო, რაზეც „საქართველოს ამპელოგრაფიის“ ერთ-ერთი ავტორი, მაქსიმე რამიშვილიც გამოთქვამს ვარაუდს. მართალია, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გასარკვევია და ამპელოგრაფებს სამუშაო აქვთ, მაგრამ ფაქტია, რომ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით დადგენილ ვაზის ჯიშების ეროვნულ სორტიმენტში ცალ-ცალკეა მოხსენიებული - ოჯალეში და ორბელური ოჯალეში. კანონს კი დაცვა სჭირდება.
კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას, დაბნეულობას და კითხვებს იწვევს რამდენიმე კომპანიის მიერ უკვე ჩამოსხმული „ოჯალეშის“ ეტიკეტები. საილუსტრაციოდ კრიტიკულად განვიხილავთ რამდენიმე ეტიკეტს.
„თელავის მარნის“ მიერ 2010 წელს ჩამოსხმული ღვინის ეტიკეტზე აღნიშნულია, რომ ეს არის „ოჯალეში“ (და არა „ორბელური ოჯალეში“). იქვე დაკონკრეტებულია - „წარმომავლობა: რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე“. ეს მაშინ, როცა ოჯალეში „წარმომავლობით“ სამეგრელოდანაა და ამაზე არავინ კამათობს. კომპანია ეტიკეტზე ასევე უთითებს „ადგილწარმოშობას“ და წერს, რომ ეს არის „ოჯალეშის მევენახეობის სპეციფიკური ზონა“. ასევე უთითებს ცალკე „ღვინის კატეგორიას“ – „ადგილწარმოშობის ღვინო“ და ცალკე „ღვინის ტიპს“ – „წითელი ნახევრადტკბილი ადგილწარმოშობის“. საინტერესოა, რომ საქართველოში სულ 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოა და მათ შორის ოჯალეში არც ერთი არ არის, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან „ოჯალეში“ არის ვაზის ჯიშის სახელი და არა გეოგრაფიული ადგილის. დასასრულს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „თელავის მარანი“ წერს, რომ 2010 წელს მის მიერ „რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარეში“ დაკრეფილი ყურძნისგან ჩამოსხმული ღვინო არის „ოჯალეში 100%“.
შედარებით ლაკონურია და შესაბამისად, შეცდომებისგან უფრო მეტად არის დაზღვეული კომპანია „თბილღვინოს“ 2006 წელს ჩამოსხმული „ოჯალეშის“ ეტიკეტი. ამ შემთხვევაში კომპანია გასაგებად უთითებს, რომ ღვინო „დაყენებულია ლეჩხუმის რეგიონში მოყვანილი ორბელური ოჯალეშის ყურძნიდან“. ამის მიუხედავად, ღვინის სახელწოდებაში დიდი ასოებით მაინც გამოტანილია „ოჯალეში“, რაც მომხმარებლისთვის ისევე დამაბნეველია, როგორც მაგალითად, მცენარეული ცხიმებით დამზადებულ სპრედზე გამოტანილი წარწერა - „კარაქი“.
ასეთივე ლაკონური აღწერილობა აქვს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დისლოცირებული კომპანიის - „ჭრებალოს ღვინის ქარხნის“ „ოჯალეშს“. მის ეტიკეტზეც მოკლედ არის მითითებული, რომ „ოჯალეში არის წითელი, ბუნებრივად მოტკბო ღვინო. მზადდება ამავე სახელწოდების ჯიშის ყურძნისაგან“. თუმცა, რაჭაში როგორ მოხვდა სამეგრელოს აბორიგენული ჯიში „ოჯალეში“, ამაზე მომხმარებელმა უნდა იფიქროს.
ორიგინალური და საინტერესოა „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ ეტიკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს „წითელ ნახევრადტკბილ“ და თანაც „ნატურალურ“ ღვინოს „ოჯალეშის“ სახელწოდებით. იქვე კომპანია ამტკიცებს, რომ ასეთი ღვინო „იწარმოება 1933 წლიდან“ და „მზადდება „ოჯალეშის“ ყურძნის ჯიშისაგან, რომელიც გაშენებულია ორბელში, დასავლეთ საქართველოში (ზღვის დონიდან 1700 მეტრზე)“.
დასასრულს, ოჯალეშის შესახებ ერთ აბზაცს დავესესხებით მაქსიმე რამიშვილს ნაშრომიდან „გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები“, რათა ამ ლეგენდარულ ჯიშზე მკითხველს უფრო სრული წარმოდგენა ჰქონდეს: „სამეგრელოს წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებს შორის ოჯალეში ძველთაგანვე ცნობილია. როგორც წარსულში, ისე ამჟამადაც მისი პროდუქცია განკუთვნილია მაღალხარისხოვანი წითელი სუფრის ტიპის ღვინოების დასამზადებლად. ადგილობრივი შესწავლის საფუძველზე და აგრეთვე ლიტერატურული წყაროების მიხედვით დასტურდება, რომ ოჯალეში სამეგრელოს უძველესი ჯიშია და თავისი ბოტანიკური და აგრობიოლოგიური ნიშანთვისებებით პონტოს მხარის ვაზის ჯიშთა წყებას ეკუთვნის. ამის დამამტკიცებელია აგრეთვე, როგორც აკად. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, მისი სახელწოდებაც - „ოჯალეში“, ე.ი. ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინი“.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი