Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ გადავარჩინოთ ისტორიული მარნები

ალეკო ცქიტიშვილი

საქართველოში ღვინის ტურიზმი ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება, თუკი ხელისუფლება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად აირჩევს ისეთი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების აღდგენას და ამოქმედებას, სადაც ტრადიციული ქართული მარნებია შემორჩენილი. ამავე დროს, საჭიროა დამატებითი კვლევების ჩატარება და ძეგლის სტატუსის მინიჭება ასობით ისეთი საერო შენობისათვის, რომელსაც ასეთი სტატუსი ჯერ კიდევ არა აქვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს ძვირფასი რესურსი უგულვებელყოფილია და ჩვენს თვალწინ ნადგურდება უნიკალური შენობა-ნაგებობები.

მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ, ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს - ქვევრს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასეთივე სტატუსი ქვევრს საქართველოს პრეზიდენტის 2012 , წლის 8 თებერვალის № 91 ბრძანებულებითაც მიენიჭა. აღარაფერს ვამბობ UNESCO-ს შარშანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. ამ საკანონმდებლო გარღვევის შემდეგ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრაქტიკულად აღარაფერი გაუკეთებია აღნიშნული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციისათვის. არადა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე უძველესი ქვევრები სწორედ იმ ისტორიულ მარნებშია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი ძალიან დაზიანებულია და რამდენიმე წელიწადში მოუვლელობისგან და უყურადღებობისაგან დაინგრევა.

საილუსტრაციოდ მოვიხმობ რამდენიმე მაგალითს წიგნიდან „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ (ტომი 5), სადაც ქართლის რეგიონის ძეგლებია აღწერილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მეჯვრისხევში შემორჩენილია ერისთავების საცხოვრებელი სახლი, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს. თავდაპირველი ნაგებობა თარიღდება მე-17-მე-18 საუკუნეებით, გვიანდელი კი - მე-19 საუკუნით. სახლი რამდენჯერმეა გადაკეთებული. მარანში (ზომით - 10,4 X 15,5 მ.) მოხვედრა ამჟამად ვესტიბიულიდან არის შესაძლებელი. მარნის შეისრულთაღებიანი შესასვლელის ორივე მხარეს თითო სარკმელია. კედლებში სხვადასხვა ზომის სწორკუთხა და თაღოვანი ნიშებია. რამდენიმე ნიშში კი სათოფურია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შენობის ეს ნაწილი თავდაპირველად სამეურნეო და თავდაცვითი დანიშნულებისა იყო. მარანი რვაწახნაგა აგურის სვეტებით ორ ნაწილად იყოფა. სვეტების გასწვრივ აღმოსავლეთ სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე კუთხეებჩაკვეთილი პილასტრებია. მარნის დასავლეთ ნაწილი, თავის მხრივ, ორი სვეტითა და მათზე გადაყვანილი თაღებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. დასავლეთის ყრუ კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს საწნახელი, რომელსაც წინ მაღალი საფეხური აქვს. მარნის გადახურვა ხისაა, კოჭოვანი.

დიდ მეჯვრისხევში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია - მირმანოზ ერისთავის ციხე-სასახლე. ეს არის კომპლექსი, რომელიც შედგება ციხე-გალავნისგან და სასახლისაგან. განირჩევა მშენებლობის სამი პერიოდი: 1. მე-17-მე-18 საუკუნეებში აშენებულია ციხე-გალავანი, კარიბჭე და ცილინდრული კოშკები. 2. მე-18 საუკუნის შუა წლებში ციხის კარიბჭეზე, მისი სამხრეთ კედლის ნაწილზე ეზოდან მიუშენებიათ ორსართულიანი სასახლე. 3. მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე სასახლე გაუფართოებია და გადაუკეთებია მირმანოზ ერისთავს (მანანა ორბელიანის მამას).

ამ ძეგლის აღწერილობაში მართალია, მარანი ნახსენები არ არის, მაგრამ საუბარია სარდაფზე, სადაც სამომავლოდ შეიძლება ღვინის საცავისა და ენოთეკის მოწყობა.

დიდ მეჯვრისხევში სხვა საინტერესო კულტურული და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებიც არის და თუკი მათი რესტავრაცია მოხდება, სოფელი ერთ-ერთ საინტერესო კულტურულ და ტურისტულ ოაზისად გადაიქცევა.

კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში არსებული ორბელიანების სასახლის კომპლექსი - არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი. ციხე-გალავანი მე-18 საუკუნეშია აგებული. მე-19 საუკუნეში გალავნის სამხრეთი ნაწილი სასახლის ნაგებობაში ჩაურთავთ და გადაუკეთებიათ სასახლის ერთ-ერთ კედლად. ამიტომ აქ მოშლილია გალავნის ზედა ნაწილი - სათოფურების რიგი საბრძოლო ბილიკის დონეზე. სასახლე აუშენებია ივანე ორბელიანს, მისი მეუღლის, ნინო თორნიკეს ასულ ერისთავის მამისეულ ნამზითვ მამულში. ამიტომ სასახლე ორბელიანების სახელითაა ცნობილი. მე-19 საუკუნეში მისი ბოლო მეპატრონეები იყვნენ ალექსანდრე ორბელიანი და მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი. ორბელიანების სასახლის ლიტერატურულ სალონში თავს იყრიდნენ ცნობილი მოღვაწეები, მათ შორის - ივანე ჯავახიშვილი, რომელსაც ცოლად ჰყავდა მარიამ ორბელიანის ძმისშვილი ანასტასია ორბელიანი. ამ სახლში იყო ორბელიანთა მდიდარი საგვარეულო ბიბლიოთეკა. 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვართა ციხე დარბაზები მე-17 მე-18 საუკუნეების ფეოდალთა რეზიდენციის დამახასიათებელი ნიმუშია. ამ სოფელში ასევე არის სხვილოს ციხე-დარბაზის კომპლექსი, რომელიც ისტორიულად ასევე ამილახვრებს ეკუთვნოდა. ეს არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი შედარებით კარგად არის შემორჩენილი და შესაძლებელია მისი რესტავრაცია აუთენტურობის მაქსიმალური დაცვით. საინტერესოა, რომ აქ გადაღებულია ელდარ შენგელაიას მხატვრული ფილმის - „შერეკილების“ რამდენიმე ცნობილი სცენა.

სახელმწიფო ინიციატივების გარდა, მსგავსი შენობა-ნაგებობების რესტავრაციის პროცესში თავისი წვლილი კერძო ინვესტორებს და ბიზნესმენებსაც შეუძლიათ შეიტანონ. მათი დაინტერესებისათვის, კარგი იქნება, თუკი მომზადდება საკანონმდებლო ბაზა, რათა მათ სარგებლობაში ან პირობით საკუთრებაში გადაეცეთ ეს ძეგლები. პირობითი საკუთრება გულისხმობს საკუთრების ისეთ ფორმას, როცა სახელმწიფო კერძო მესაკუთრეს უწესებს გარკვეულ პირობებს. მაგალითად, ასეთი პირობა შეიძლება იყოს ის, რომ ძეგლის დათვალიერება შესაძლებელი იქნება ტურისტებისათვის და იგი არ იქნება ჩაკეტილი. ძეგლების მოვლა-პატრონობის ასეთი მოქნილი ფორმები თუ არ შემუშავდა, სახელმწიფო საკუთარ თავზე ისევე ვერ აიღებს და ვერ შეძლებს ათასობით ისტორიული შენობა-ნაგებობის შენახვას, როგორც ამას ვერ ახერხებდა საბჭოთა პერიოდში.

ბოლო პერიოდში ქართული ღვინის კომპანიების სახელწოდებებში შემოიჭრა სიტყვა „შატო“. კომპანიები დიდძალ ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ „შატოების“ ასაშენებლად და გასაპიარებლად. თუმცა, დიდწილად ვიღებთ კიჩურ ნაგებობებს, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვს ნამდვილ ფრანგულ შატოებთან. კარგი იქნებოდა, ეს ფინანსური რესურსები ისტორიული ქართული მარნების, ციხე-დარბაზებისა და საცხოვრებელი სახლების აღდგენას მოხმარებოდა. ამ მხრივ, რამდენიმე კარგი მაგალითიც გვაქვს - „შატო მუხრანის“ მიერ მუხრან-ბატონის სასახლის რესტავრაცია სოფელ მუხრანში და „ბადაგონის“ მიერ ალავერდის მონასტრის ისტორიული მარნის აღდგენა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაფანტულია საცხოვრებელი სახლები, რომელთა რესტავრაციაში ბიზნესს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია. ზოგიერთი შენობის გადარჩენა პირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ კომპანიის პრესტიჟის საქმედ. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია, მომგებიანი წინადადებით დააინტერესოს და წაახალისოს კომპანია „სარაჯიშვილი“, რათა მან გაიღოს სახსრები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში არსებული საცხოვრებელი სახლის რესტავრაციისათვის. ამ სახლს არქიტექტურული და ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. „სარაჯიშვილის“ დაინტერესების საგანი კი ის არის, რომ აქ დაიბადა ქართული კონიაკის ცნობილი სპეციალისტი ვახტანგ დავითის ძე ციციშვილი. აღწერის თანახმად, საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნეშია აგებული და მასში განთავსებულია ტრადიციული ქართული მარანი ქვევრებით.

მინდოდა, კიდევ ერთი საინტერესო საცხოვრებელი სახლის შესახებ დამეწერა. ეს სახლი აღწერილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, წმ. გიორგის ეკლესიის ჩრდილოეთით და აგებული ყოფილა მე-20 საუკუნის დასაწყისში. სახლი ეკუთვნოდა გენერალ ილია მაქარაშვილს და მისი არქიტექტორი იყო სიმონ კლდიაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ავტორი. 1990 წლისთვის, როდესაც „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა“ (ტომი 5) დაისტამბა, ეს ორსართულიანი სახლი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არსებობდა. მას ჰქონდა სარდაფი, რომელშიც ჩრდილოეთის მხარეს იყო მარანი საწნახელითა და ქვევრებით. მარნის კედლებში ლამაზი თაღოვანი და სწორთხა ღრმა ნიშები იყო.  სამწუხაროდ, როცა ამ სახლის თანამედროვე ვითარებაზე ინფორმაცია მოვიძიე, აღმოჩნდა, რომ სახლი ამ დროისათვის მთლიანად დანგრეულია. ვფიქრობ, მაინც მოსაძიებელია ეს ადგილი, რადგან შესაძლოა მიწისქვეშა სარდაფი და ქვევრები ჯერ კიდევ იყოს გადარჩენილი.

საინტერესო მარნებია შემორჩენილი ასურეთსა და ბოლნისში, სადაც მე-19 საუკუნეში გერმანელები ჩამოსახლდნენ და მევენახეობა-მეღვინეობას მიჰყვეს ხელი. მათი საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი დანგრეულია და მხოლოდ რამდენიმე ნაგებობაა შემორჩენილი სრული სახით. თუმცა, დანგრეული შენობების ნაფუძარზე ხელმეორედ აშენებულ სახლებს დღესაც შემორჩათ გერმანელების მიერ მოწყობილი მიწისქვეშა მარნები, რომლებიც გვაოცებს არა მხოლოდ არქიტექტურული ფორმებით, არამედ მოხერხებული ფუნქციური გადაწყვეტილებებით.

დაბოლოს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების აღდგენას მარტო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვერ შეეჭიდება. საჭიროა, შემუშავდეს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები, სადაც კომპლექსური მიდგომით იქნება გაწერილი სარესტავრაციო სამუშაოები და ამ საქმეში აქტიურად ჩაერთვებიან სხვა სამინისტროები (რეგიონალური მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ტურიზმის დეპარტამენტი, ღვინის ეროვნული სააგენტო და ა.შ.), საქართველოს საპატრიარქო (ზოგიერთი მარანი ეკლესიების ტერიტორიაზეა), ღვინის კომპანიები და სხვა დარგის ბიზნესმენები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.