Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო და ატომური ენერგეტიკა

ცნობილმა ბრიტანელმა ღვინის მიმომხილველმა, ენდრიუ ჯეფორდმა (Andrew Jefford) ჟურნალ ,,დეკანტერში” გამოქვეყნებული სტატია ღვინისა და ატომური ენერგეტიკის ურთიერთკავშირს მიუძღვნა. იაპონიაში, ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მომხდარმა ავარიამ მსოფლიოს კვლავ  შეახსენა რადიაციის საფრთხის არსებობა და მისგან გამოწვეული შეუქცევადი პროცესების სიმძაფრე. რადიაციული გამოსხივება ირგვლივ ყველაფერს აზიანებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ვენახებსაც. 

2008 წლის ივლისში საფრანგეთში, ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად, ურანის გაჟონვა და რადიაქტიურ ნივთიერებათა ჰაერში გამოფრქვევა მოხდა. ატომური სადგურის გარშემო გაშენებული ვენახების მფლობელები კი აცხადებდნენ, რომ მათ ამის გამო არ უზარალიათ და ვაზს არაფერი მოსვლია, მაგრამ ევროპელთა ცნობიერებაში ,,ჩერნობილის სინდრომს” ღრმად აქვს ფესვები გადგმული და  შედეგად, კონკრეტული აპელასიონის  ღვინოზე მოთხოვნა მკვეთრად  დაეცა. ცოტა ხნის წინ აპელასიონს სახელი - Coteaux du Tricastin  გადაარქვეს და Grignan-Les Adhemar უწოდეს, ვინაიდან ძველი სახელწოდება ფრანგებში მაშინვე ატომური სადგურის და მასზე მომხდარი ავარიის ნეგატიურ ასოციაციას იწვევდა. საფრანგეთის ტერიტორიაზე 58 ბირთვული რეაქტორია განთავსებული, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის 79%-ის გამომუშავებას უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის მთავრობა კვლავ გეგმავს ახალი ატომური სადგურების მშენებლობას, რაც მოსალოდნელი საფრთხის საშიშროებას კიდევ უფრო ზრდის. მაგალითად, Chinon -ის ატომური სადგური მდინარე ლუარის გასწვრივ მდებარე იმავე სახელის მქონე მეღვინეობის რაიონში ფუნქციონირებს, მდინარის წყალი კი რეაქტორების გასაგრილებლად გამოიყენება. სავოის რაიონ Bugey-ში ოთხი ბირთვული აგრეგატი მუშაობს, Blayais -ში განლაგებული ატომური სადგური კი მევენახეობის დარგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი ოთხი რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო წყალს მდინარე ჟირონდიდან იღებენ, რომელიც ბორდოს უმთავრეს სარწყავ არტერიას წარმოადგენს. ატომური სადგური მხოლოდ ათი კილომეტრით არის დაშორებული ისეთი სახელგანთქმული ვენახებიდან, როგორებიცაა: ლატური, ლაფიტი და მუტონი. მართალია, იაპონიაში, ფუკუსიმას ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის გამომწვევი მიზეზი ცუნამი იყო, რომლის ალბათობაც საფრანგეთში თითქმის წარმოუდგენელია,  მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არ არის. 1755 ატლანტის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ცუნამი პორტუგალიის დედაქალაქს, ლისაბონს დაატყდა თავს და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საფრანგეთში მსგავსი რამ დატრიალდება და იქ განლაგებულ ატომურ სადგურებზე ავარია მოხდება - რადიაციით დაბინძურებული მედოკი, სადაც ღვინის წარმოებას ათწლეულების განმავლობაში ვეღარ შეძლებენ... არადა, საშიშროება, როგორც ჩანს, საკმაოდ რეალურია!

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.