Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო სხვა ჩრდილოეთში. ცოტა რამ შვედეთის ბაზრის შესახებ.

ქეთო ნინიძე

შვედეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია–წარდგენის იდეა შვედურ-ქართულ ღვინის კლუბ „მარანს“ ეკუთვნის. წელს თებერვალში პირველი ასეთი ღონისძიება ჩატარდა, სადაც ორი ქართული ბრენდი - „ხოხბის ცრემლები“ და „თბილღვინო“ იყო წარმოდგენილი. 

ამჯერად, 28 ნოემბერს რიგით მეორე დეგუსტაციაზე, სტუმრებმა 8 ქართული ბრენდის ღვინო დააგემოვნეს და შესაძლებლობა ჰქონდათ, მეტ-ნაკლებად სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ ქართული ღვინის შესახებ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ღვინოების ნახევარი ქვევრში, ტრადიციული წესით იყო დაყენებული.

დეგუსტაცია შვედურ-ქართული ღვინის კლუბ „მარანისა“ და „საქართველოს ღვინის კლუბის“  მიერ იყო ორგანიზებული. მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს საელჩო შვედეთში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. დეგუსტაციასა და სემინარს ესწრებოდნენ შვედეთის ბიზნესის სექტორისა და მედიის, ასევე შვედეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები და ღვინის კლუბ „მარანის“ წევრები. 

შვედურ-ქართული ღვინის კლუბი „მარანი“ რამდენიმე წლის წინ დაარსდა  „საქართველოს ღვინის კლუბის“ ხელშეწყობით. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც შვედეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა და ცდილობს, ხელსაყრელი პირობები შექმნას შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის დასამკვიდრებლად. ამ მიზნით, ის ორიენტირებულია, შექმნას ეფექტური პლატფორმა ქართული ღვინის მწარმოებლებს, ადგილობრივ სახელმწიფო ორგანიზაციებსა და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რესტორნების ქსელებს შორის კომუნიკაციისთვის. „მარანი“ დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას საქართველოს ღვინის ტურიზმის რეგიონებისა და ობიექტების გარშემოც. უახლოეს მომავალში, საქართველოს ღვინის კლუბთან ერთად, ორგანიზაცია კვლავ აპირებს მსგავსი დეგუსტაცია-სემინარის ჩატარებას გიოტებორგში. ასევე, განიხილავენ შვედეთის დიდ ქალაქებში, სტოკჰოლმსა და მალმეში დეგუსტაციების ჩატარების კონკრეტულ გეგმებსაც.  

ღონისძიება Vila Överås–ის ისტორიულ სასახლეში ჩატარდა და შვედურ-ქართული ღვინის კლუბ „მარანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი სხირტლაძემ გახსნა. მან ისაუბრა „მარანისა“ და „საქართველოს ღვინის კლუბის“ ურთიერთობებისა და სამომავლო ხედვების შესახებ. ამას მოჰყვა მცირე პრეზენტაცია საქართველოს მეღვინეობის ისტორიული და თანამედროვე გამოცდილებების შესახებ, რომელსაც საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია უძღვებოდა. სემინარს დეგუსტაცია მოჰყვა, კითხვა-პასუხითა და დისკუსიებით. დეგუსტაციის მონაწილეებს დაურიგდათ ლიტერატურა ქართული ღვინის შესახებ - „ქართული ღვინის გზამკვლევი“ და ღვინის სხვადასხვა თემატიკის ინფო გრაფიკები, რომელსაც „საქართველოს ღვინის კლუბი“ უკვე მეორე წელია ამზადებს. 

წარმოდგენილი იყო 8 ქართული ღვინო -  წინანდალი Lukasi, 2012; ცოლიკოური, თელიანი ველი, 2014; რქაწითელი, ლექსო ციხელიშვილის მარანი, 2013 (ქვევრი); ხვანჭკარა, თბილღვინო, 2014; ოცხანური საფერე, ლაგვინარი, 2013 (ქვევრი); საფერავი, ბესინი, 2014; საფერავი, ბექა გოცაძის მარანი, 2013 (ქვევრი); საფერავი, ღვარძელაშვილის მარანი, 2014 (ქვევრი).ყველაზე დიდი სტილისტური არჩევანის საშუალებას საფერავი იძლეოდა, შესაბამისად, მალხაზ ხარბედიას თქმით, სტუმრებს ყველაზე სრულყოფილი შთაბეჭდილება, სწორედ, საფერავის შესახებ შეექმნათ. 

„მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის შეედარებით ბესინის კლასიკური საფერავი, რომელიც თელავის რაიონში მოყვანილი საფერავიდანაა დაყენებული, მეორე მხრივ ბექა გოცაძის ქვევრის საფერავი ახმეტური საფერავიდან და გიორგი ღვარძელაშვილის კონდოლური საფერავი. სამივე ამ ღვინოს ერთი რამ აერთიანებდა, ისინი ზუსტად გამოხატავდნენ საფერავის ბუნებას – მძლავრი ტანინები, ინტენსიური არომატები, მაღალი ალკოჰოლი და თვითმყოფადი, გამორჩეული, დაუვიწყარი გემო.“ - ამბობს ხარბედია. 

დეგუსტაცია კარგად ჩაციებულმა ლეჩხუმურმა ცოლიკოურმა გახსნა (თელიანი ველი), რომელსაც ლუკასის წინანდალი მოჰყვა, მუხაში დავარგებული ღვინო. ამ ღვინომ ზოგიერთებს ბურგუნდიული თეთრები გაახსენა. სტუმრები  დიდი ინტერესით შეხვდნენ ქარვისფერ ღვინოს - ლექსო ციხელიშვილის ქვევრში დაყენებულ ხოდაშნურ რქაწითელს და მის შესახებაც არაერთი კითხვა დასვეს. შემდეგ ნახევრადტკბილი, ძალზე დახვეწილი და ნაზი ხვანჭკარა გაისინჯა (თბილღვინო) და დადგა მძიმე არტილერიის დროც, რომელიც ოცხანური საფერეთი (ლაგვინარი) და, როგორც აღვნიშნეთ, სამნაირი საფერავით იყო წარმოდგენილი. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი მომხმარებლებისადმი არამხოლოდ ქართული ღვინოების წარდგენას, არამედ - ქართული კულტურის პოპულარიზაციასაც. შესაბამისად, საღამოს ქართული პოლიფონიური სიმღერებით მუსიკალურად აფორმებდა შვედეთში მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლი - „დოლური“. რა თქმა უნდა, ორგანიზატორებს ყურადღების მიღმა  არც ქართული სამზარეულოც დაუტოვებიათ და სტუმრებს ქართული ღვინის ქართულ კერძებთან შეწყვილების საიდუმლოებები გაუზიარეს.

როგორც მალხაზ ხარბედია აღნიშნავს,  დეგუსტაცია საკმაოდ ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. კითხვების ნაწილი ქართულ საღვინე ჯიშებს, მეღვინეობის რეგიონებსა და ტექნოლოგიურ დეტალებს შეეხებოდა. თუმცა, გარდა ამისა, მონაწილეები, რომლებიც, ზოგადად, ღვინის შესახებ დიდ ცოდნასა და სიახლეების მიმართ გახსნილობას ავლენდნენ, პირველ რიგში ინტერესდებოდნენ ღვინოების ხელმისაწვდომობით. 

* * *

მოგეხსენებათ, საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა, ჯერ კიდევ, 2006 წლიდან (ემბარგო) განჭვრიტა დომინანტ ბაზრებზე დამოკიდებულების რისკები. სხვებმა - 2014 წლიდან (რუსეთში გაყიდვების შემცირება) იწვნიეს ეს „სიკეთე“. ადრე თუ გვიან თითოეული მათგანის წინაშე დადგა ახალი ბაზრების მოძიებისა და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციის აუცილებლობის საკითხი. 

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავების პროცესში შეისწავლა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრები, რომელთაგან რამდენიმე - ჩინეთი, ჰონგ-კონგი, აშშ, პოლონეთი - ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად დასახა. 

საინტერესოა, რა პერსპექტივები აქვს ქართულ ღვინოს შვედეთის ბაზარზე? როგორია ბოლო წლების საექსპორტო დინამიკა? რა არის შვედეთის ბაზრის თავისებურებები და რა მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ ამ ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაფართოებისთვის?

შვედეთი საკმაოდ დახურული და კონსერვატიული ბაზარია, რომლის მოთხოვნებს, საჭიროებას, პოლიტიკას, ღვინის ხარისხსა და ღირებულებებსაც კი სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანია Systembolaget აკონტროლებს. შესაბამისად, ღვინის იმპორტი და განსაკუთრებით, ყიდვა, საკმაოდ რთულ და ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული. თუმცა, უფრო ზუსტი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ იმპორტი შედარებით გაადვილდა. დღესდღეობით შვედეთში საკმაოდ ბევრი იმპორტიორი კომპანია მოქმედებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მსოფლიოს, მათ შორის, ქართული ღვინოების, შეტანას შვედეთის ბაზარზე. 

რაც შეეხება, ღვინის რეალიზაციის პროცედურებს - ეს მექანიზმები შვედეთში მეტისმეტად დახლართულია. Systembolaget ღვინის მაღაზიაში გაყიდვის ნებართვას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პროდუქტს ა) გავლილი აქვს ხარისხის კონტროლი და ბ) წარმოდგენილია დიდი პარტიის სახით. მცირე პარტიები მაღაზიათა ქსელებში, რომლებიც აქ მთლიანად სახელმწიფო კომპანიის „ხელშია“, უბრალოდ, არ იყიდება. ამ თვალსაზრისით მომგებიან პოზიციაში დგებიან ის ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომლებიც ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებენ და აქვთ რესურსი, რომ ქსელები დიდი პარტიებით უზრუნველყონ. 

მცირე რაოდენობის, ნიშური პროდუქტებისთვის არსებობს ორი გამოსავალი - მომხმარებელს შეუძლია, მათი ღვინო (რომელიც იმპორტირებულია და ინახება საცავში, რადგან მაღაზიაში ვერ იყიდება) მაღაზიაში შეუკვეთოს და მიიღოს ერთ კვირაში (ძირითადად, ასეც ხდება ხოლმე). მეორე გამოსავალია, რომ მომხმარებელმა მათი ღვინო მიირთვას ლიცენზირებულ რესტორანში, რომელსაც დამოუკიდებლად აქვს ღვინის ადგილზე რეალიზაციის ნებართვა, მხოლოდ კერძთან ერთად. საქართველოს მცირე, ნატურალისტური მეღვინეობების (იაგოს მარანი, ხოხბის ცრემლები) იმპორტიორი შვედეთში, ქართული ღვინის სარეალიზაციოდ რამდენიმე წელია, სწორედ ამ არხებს იყენებს. 

ლიცენზირებული რესტორნების მიერ დამოუკიდებელი გაყიდვების განვითარებაც ბოლო წლების მონაპოვარია - ევროკავშირის მომხმარებელზე ორიენტირებული და შვედეთის ანტიალკოჰოლური პოლიტიკის ჭიდილში, შესაძლებელი გახდა შვედეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, რის შედეგადაც ლიცენზირებული რესტორნები, Systembolaget-ისგან გვერდის ავლით, დამოუკიდებლად აკონტროლებენ ღვინოების ხარისხს და პროდუქტს წარუდგენენ მომხმარებელს.

შვედეთის ანტიალკოჰოლურ პოლიტიკას თავისი ისტორიულ-ანთროპოლოგიური წინაპირობები აქვს და საფუძვლად უდევს ალკოჰოლის არასწორი გამოყენება (alcohol abuse), რამაც შვედეთში, როგორც ჩრდილოეთის ქვეყანაში, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იჩინა თავი და განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდა მე-19 საუკუნეში, ალკოჰოლის ინდუსტრიული წარმოების პირობებში. 

შვედეთის ხელისუფლებამ ანტიალკოჰოლური პოლიტიკის წამოწყების საჭიროება 1855 წელს დაინახა, როცა ერთ სულ მოსახლეზე (არასრულწლოვანთა ჩათვლით) წლიურად არყის მოხმარების მოცულობა 22 ლიტრს შეადგენდა. ამის შემდეგ შეიცვალა ალკოჰოლური სასმელების დაბეგრვის პოლიტიკა და მნიშვნელოვნად გაიზარდა  პროდუქციის ფასები. თანმიმდევრული ანტიალკოჰოლური პოლიტიკა შვედეთის მე-20 საუკუნეს ბოლომდე გასდევს. 

1955 წელს ჩამოყალიბდა Systembolaget, რომელმაც სულ მალე 41 ადგილობრივი მაღაზიათა ქსელის მართვაზე მოიპოვა უფლება და სისტემის მონოპოლისტი გახდა. 21-ე საუკუნის დასაწყისში პოლიტიკა შენარჩუნდა, თუმცა მექანიზმები ოდნავ შესუსტდა. შედეგად, შვედეთში სოკოებივით მომრავლდა ბრიტანული სტილის პაბები და მნიშვნელოვნად გაიზარდა ლიცენზირებული რესტორნების რიცხვი.  

Systembolaget-ის დეკლარირებულ მიზნებში გაწერილია, რომ სახელმწიფოს ალკოჰოლური სასმელების მთავარი დისტრიბუტორი ორგანიზაცია არ ეწევა ალკოჰოლის მოხმარების პროპაგანდას, ან რეკლამირებას. ორგანიზაციას გამოხატული სოციალური და საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს და ალკოჰოლის სწორი მოხმარების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

ქართველი მომხმარებლისთვის რამდენადმე რთული წარმოსადგენია, რომ სახელმწიფოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციის ერთადერთი მოთამაშე მომხმარებლებს ალკოჰოლის რისკების შესახებ უფრო მეტს მოუთხრობს, ვიდრე - მის რეკლამირებას ეწევა. ამ სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკის შედეგად, მომხმარებელთა შორის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულება შვედეთში საკმაოდ ფრთხილია. ამიტომ დღემდე ყველაზე მგრძნობიარე თემებად რჩება ალკოჰოლის მოცულობა ღვინოში და მისი ხელმისაწვდომობა. 

საინტერესოა Systembolaget-ის პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები, რაც, გასაგებია, რომ შვედეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ტრენდებს აყალიბებს. ეს გზავნილებია - გარემოს დაცვაზე მიმართული (environment-friendly) მიდგომა, რაც აისახება ღვინის შეფუთვაში და ნარჩენების გადამუშავების პროცესში, ამ თვალსაზრისით, პრობლემებს არ შექმნის; მეორე პრიორიტეტია კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა;  და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, ორგანული / ეკო სერტიფიკატი. ეს უკანასკნელი 2010 წლიდან Systembolaget-ის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, რის შედეგადაც უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ორგანული სერტიფიკატის მქონე ღვინოების გაყიდვა შვედეთში 20 %-ით გაიზარდა. 

Euromonitor International მსოფლიოს სტრატეგიული მარკეტინგული კვლევების წამყვანი დამოუკიდებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა პროდუქციისა და ბაზრების  რაოდენობრივ კვლევებს უძღვება. მათი ანალიზის შედეგად შეგვიძლია განვსაზღვროთ შვედეთის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ძირითადი თავისებურებები: 1. ღვინის ფასებისადმი მგრძნობიარე დამოკიდებულება; 2. ახალი პროდუქტებისა და მრავალფეროვანი სტილისტური არჩევანის მიმართ მოთხოვნა; 3. ექსპერიმენტების მიმართ მზაობა და ცოცხალი ინტერესი; 4. ნატურალურ ღვინოებზე დიდი მოთხოვნა. 

ბუნებრივია, შვედეთი, ზემოხსენებული პოლიტიკის გავლენის შედეგად. მსოფლიოს ღვინის მომხმარებელი ქვეყნების მოწინავე რიგებში არ შედის, თუმცა ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მზარდ ბაზრებს შორის ნამდვილად მოიაზრება. ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის საბაზრო რეგულაციებთან შესაბამისობის მიზნით დარგის მეტ-ნაკლები ლიბერალიზაციის შედეგად ალკოჰოლის მოხმარება შვედეთში 2000-2012 წლებში 59 %-ით გაიზარდა. დღეს სახელმწიფოში წლიურად ერთ სულ ზრდასრულ მოსახლეზე (per capita) 16-21 ლ. ღვინო მოიხმარება.

შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის მზარდი (234 %-იანი) დინამიკა გამოვლინდა 2013-2014 წლებში. მართალია, არსებობს გარკვეული, მნიშვნელოვანი წინაპირობებიცა და გამოცდილებაც, რომ ქართული ღვინის ბრენდებმა ამ და, ზოგადად, სკანდინავიის ბაზარზე თავისი მომხმარებელი იპოვოს, 2015 წლის იანვარი-ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, წელს შვედეთში არც ერთი ბოთლი ქართული ღვინო არ არის ექსპორტირებული. როგორც ჩანს, შორეული ჩრდილოეთი და მისი მზარდი ინტერესი ახალი გემოებისა და ექსპერიმენტების მიმართ მოთხოვნის ადეკვატურ ანალიზსა და რესურსების მართებულად გამოყენებას საჭიროებს. 

„შვედეთი და სკანდინავია მნიშვნელოვან ბაზრად შეიძლება იქცეს ჩვენი ღვინისთვის, განსაკუთრებით, თუკი უკანასკნელი წლების ლიბერალიზაციას გავითვალისწინებთ ადგილობრივ ბაზარზე. სახელმწიფო მონოპოლისტი კომპანია Systembolaget–ის გარდა, რომლის ქსელშიც დიდმა ქართულმა კომპანიებმა შეიძლება სცადონ ბედი (და უკვე არაერთი ქართული კომპანიის ღვინო იყიდება აქ, შეკვეთით), არსებობს ლიცენზირებული რესტორნებიც, სადაც მცირე მარნებისა და ტრადიციული მეთოდებით დაყენებულ ქართულ ღვინოებს დიდი დაინტერესება და წარმატება ელით. ძალიან მნიშვნელოვანია შვედურ, სკანდინავიურ მედიასთან აქტიური თანამშრომლობა და ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის უფრო მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვა.

2016 წლის მაისში მე-7 „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ძლიერი შვედური ჯგუფიც გვეყოლება სტუმრად (ჟურნალისტები, სომელიეები, ღვინის ენთუზიასტები). არსებობს კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა ქართული ღვინის პოპულარიცაზიისთვის სკანდინავიის ქვეყნებში, პირველ რიგში კი, შვედეთში. ” - აღნიშნავს საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

'



clebia shvedetshi vcxovrob da gvenatreba qartuli gvino, ratom ver unda shezlot shedarebit iapad gaikidos tetraparkebshi chamosxmuli gvino, tu samxret afrikas da chiles sheuzlia chven ra gvchirs, amascin sheukvete qartuli gvino,romelic girs 200 kronamde erti botli, shvedi lshviatad gadaixdis amdens, ikidis pranguls, romelic girs 80 kroni,italiuri da pranguli gvinoebi ikideba 3 litra 150 kronad, gasagebia qartuli xarisxi, magram, am shexvedrebs rom ackobt shedegi unda kondes torem tu ukvete da 1 kvira velode, stokholmshi marto 100000 mde kopili sabchota xalxi cxovrobs da realizacia ikneba,sharshan saperavi shemovida 85 kronad da meore dges agar iko, tetri gvino saertod ver vishovet,komunistebivit shexvedrebs ackobt da shedegi ar aris, arada amis mogvareba vpikrob shesazlebelia.


Martali brdzandebit, batono zurab,davinteresdi...


ზურაბ, ალბათ, ღვინის კომპანიებს, ან იმპორტიორებს უნდა მიმართოთ ამ კითხვით. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა გაყიდვების სფეროსთან კავშირში არაა. ჩვენი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, რასაც ეს კონკრეტული ღონისძიებაც ითვალისწინებდა.


მოგესალმებით მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი თქვენი კომპანიის მეშვეობით ქართული ღვინოების რეალიზაციის ხელშეწყობა შვედეთში? და თუ კი შეიძლება როგორ მოვახერხოთ?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული