Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული „ღვინის მაისი“ Wine Ambassadors 2025-ით გაიხსნა

ლევან სეფისკვერაძე

ბოლო რამდენმე წელია რაც მაისი ქართული ღვინის საფესტივალო თვედ ჩამოყალიბდა. ყველაფერი კი შორეულ 2010 წელს დაიწყო, როდესაც „ღვინის კლუბის“ ინიციატივით და ორგანიზებით, მაისის მეორე შაბათს პირველი „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა.

2025 წლის მაისის საფესტივალო ციკლი თბილისის ღვინის ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ღონისძიებით - Wine Ambassadors 2025-ით გაიხსნა, რომელიც  სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში 1 მაისს გაიმართა. ამჯერადაც ღონისძიებამ ღვინის მოყვარულებსა და მცირე საოჯახო მარნებს უმასპინძლა.

თუკი შარშან ამ ფესტივალში 50-მდე მცირე საოჯახო მარანმა მიიღო მონაწილეობა, წელს მონაწილეთა რაოდენობა 60 მარანზე მეტი იყო, სტუმრების რაოდენობამ კი დაახლოებით 1000 ადამიანი შეადგინა.

როგორც ამ ფესტივალის ერთ-ერთმა სულისჩადგმელმა, ახალგაზრდა მეღვინე მარიამ მინაძემ (მარანი „ფერსვი“) გვითხრა „Wine Ambassadors ქართული მცირე მარნების რჩეული ღვინოების პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დააგემოვნონ მცირე საოჯახო მარნების ღვინოები და მხოლოდ ის ნიმუშები, რომლებიც პროფესიონალური დეგუსტაციის ეტაპს წარმატებით გაივლიან“.

მარან „ეთნოს“ მფლობელმა, ლადო რობაქიძემ კი ფესტივალის პერსპექტიულობას გაუსვა ხაზი და შარშანდელთან შედარებთ თითქმის გაორმაგებული სტუმრების რადენობაზე გააკეთა აქცენტი.

მარნებს შორის განსაკუთრებით ბევრი წარმომადგენელი ჰყავდა იმერეთსა და კახეთს. სტუმრებს ასევე შეძლოთ როგორც შიდა, ასევე ქვემო ქართლელი მეღვინეების ღვინის ჭაშნიკი და ადგილზე ღვინის შეძენაც. ფესტივალში მონაწილეთა შორის იყვნენ მეღვინეები სამეგრელოდან, გურიიდან და მესხეთიდანაც.

თამარ მოსიაშვილი, „მამისეული მარანი“: „კულტურული და კარგად ორგანიზებული ფესტივალია. სივრცეც კარგადაა შერჩეული და მოსახერხებელია მისასვლელად. მიწვეული სტუმრების დიდი ნაწილი ღვინით პროფესიულადაა დაინტერესებული, თუმცა არაპროფესიონალ ღვინის მოყვარულებსაც არაფერს ვერჩით და მათი სტუმრობაც გვიხარია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეთა ღვინოები მანდვილად კარგია და ნარჩევი“.

„ჩვენ დავაარსეთ ასოციაცია „ღვინისა და გასტრონომიის ამბასადორები საქართველოდან“, რომელიც ატარებს ამ ფესტივალს და ვაწევრიანებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამზადებენ კარგ ღვინოს და არ აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ ღვინის შეძენით დაინტერესებულ როგორც ქართველ ასევე უცხოელ ნეგოციანტებს. ეს ღონისძიბა არის გაყიდვებზე და ამ ხალხის დახმარებაზე ორიენტირებული. ეს არის ფესტივალი, რომელიც ემსახურება მცირე მარნებს. ღვინოების წინასაფესტივალო დეგუსტაცია და  გადარჩევა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ აქ მოხვდეს მხოლოდ ხარისხიანი ღვინოები“ - ამბობს იმერელი მეღვინე ირაკლი მინაძე, რომელიც „ღვინის ამბასადორების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

წელს Wine Ambassadors 2025-ზე მისულ სტუმრებსა და მეღვინეებს, სურვილის შემთხვევაში, ცოდნის გაღრმავების და სხვადასხვა მასტერკლასებზე დასწრების შესაძლებლობაც ჰქონდათ. მეღვინეობის სპეციალისტებმა ისაუბრეს ღვინის კატეგორიებზე, ქართული ღვინის დაძველების პოტენციალზე, დაძველებული ღვინის დეკანტაციაზე, ადგილწარმოშობის დასახელების სპეციფიკაციის წერისა და რეგისტრაციის პროცედურებზე და სხვა.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს მეღვინე და კულინარი შოთა ლაგაზიძისა და ნათია მაჭარაშვილის საავტორო კერძების დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ, რაც წელს ღონისძიების ერთგვარი სიახლეც იყო. კერძებთან ერთად გაისინჯა ძველი ქართული ხორბლის ჯიშების - შავფხა, მახა, ზანდურით გამომცხვარი პურები, ასევე გაიხსენეს ჭვავის პურის დამზადების თითქმის დავიწყებული ტექნოლოგიაც.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული