Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის კვირეული 2017 იწყება

ქართული ღვინის კვირეული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას.

კვირეული იწყება "ქართული ღვინის ფესტივალით" - 29 სექტემბერს, რომელიც ქალაქ მარნეულში, ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში გაიმართება. ფესტივალზე სტუმრებისთვის მოეწყობა პრეზენტაცია „მარნეული - ვაზის აკვანი“. წარმოდგენილი იქნება ეთნოგრაფიული ექსპონატები, მათ შორის უძველესი ყურძნის წიპწები, რაც ადასტურებს საქართველოში მეღვინეობის რვაათასწლოვანი ტრადიციის უწყვეტობას. ფესტივალის მსვლელობის დროს საწნახელში დაიწურება ყურძენი, სტუმრებს მიეცემათ ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა. გაიმართება შეჯიბრი ქართულ ტრადიციულ ჭიდაობაში. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება ჩატარდება მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე.

1 ოქტომბერს 11.00დან 18:00 საათამდე - თბილისის #1 ღვინის ქარხანაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, გაიმართება საფესტივალო აქცია ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2017“, რომელიც გასულ წელს პირველად ჩატარდა და ძალზე დიდი ინტერესი გამოიწვია. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი და დამწყები მცირე მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს სხვადასხვა კუთხის საუკეთესო ღვინოები, გაესაუბრონ მათ შემქმნელებს, მიიღონ მარნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია, შეიძინონ ღვინოები. ღონისძიებას ღვინის მწერალი და ღვინის კლუბის დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია წარუძღვება. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

7 ოქტომბერს  ქალაქ თელავში ღვინის ფესტივალი თელავინო“ აღინიშნება. საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ როგორც ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიები, ასევე მცირე, საოჯახო მარნები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური სასმელები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყობა რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ შემოქმედებაა გააცნობენ.

8 ოქტომბერს  საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის“ გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოვება გაიმართება. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია უკვე მეოთხე წელია, ატარებს „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურსს“, რომლის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. კონკურსში, ტრადიციულად, მონაწილეობს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების თითქმის ყველა საწარმო, მათ შორის - მცირე მარნებიც. კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები არიან ენოლოგები და სომელიეები, ხოლო “სახალხო ჟიური“-ში მოწვეული არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები.

მოემზადეთ ღვინის მოყვარულებო, წინ საინტერესო კვირა გელით!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.