Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მომავლის ღვინო - ინტერვიუ ანა კვიციანთან (2)

ახალი რუბრიკის, “მომავლის ღვინოს” ფარგლებში, რომელიც ღვინის კლუბისა და კომპანია “თბილღვინოს” მხარდაჭერით ხორციელდება, ვესაუბრეთ ანა კვიციანს. ის ღვინის სფეროში მუშაობის გამოცდილებასა და საკუთარ ინტერესებზე გვიამბობს. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, რომ აკეთოს ის, რაც ყველაზე ძალიან უყვარს, ანუ ღვინო. 

- მოგვიყევით თქვენზე

- გამარჯობა, მე ვარ ანა კვიციანი,  22 წლის. მამით სვანი, დედით კახელი დედის გენებმა იჭარბათქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ, ამჟამად ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მევენახეობა-მეღვინეობის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე, პარალელურად ვმუშაობ ყვარელში, ღვინის საწარმო „კორპორაცია ქინძმარაულში“, მთავარი მეღვინის დამხმარედ.

- რატომ დაინტერესდით ღვინის სფეროთი?

- მამაჩემი ღვინის დიდი მოყვარული გახლავთ. 2010 წელს, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიოტორიაზე ღვინის კლუბმა პირველი ახალი ღვინის ფესტივალი რომ გამართა, 10 წლის ვიყავი. მამამ თან წამიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ კუსტბის ასახვევიდან დიდი საცობის გამო ფეხით ასვლა მოგვიხდა და ძალიან დავიღალე, ათი წლის ბავშვის წარმოსახვით, ჯადოსნურ ადგილას მოვხვდი - ბედნიერების განმარტების ძიებაში ეგ ადგილი ვიპოვნე, თრობის სიამოვნებაში გახვეული ხალხი რომ დაიარება, იქ ყოფნა უხარიათ, ერთამანეთის ნახვა უხარიათ, ახლანდელი გავრცელებული ინგლისური ცოტა პაპსა ფრაზა რომაა „only good vibes” - სავსებით შეეფერება, არა მარტო იმ 2010  წლის ფესტივალს, არამედ მას მერე მოყოლებულ ტრადიციად ქცეულ ფესტივალებს, რომელთაც, ჯერ ჩემი მშობლების წყალობით და შემდგომ უკვე საკუთარი ძალებით, არცერთს გამოვკლებივარ. ყოველ შემდგომ ფესტივალზე მისვლა უფრო დიდ სურვილს მიჩენდა, მხოლოდ დამკვირევბლის როლიდან გამოვსულიყავი და ამ სიხარულის შემქმნელიც გავმხდარიყავი. შარშან ეს სურვილიც ამისრულდა მახო ხარბედიას და მეღვინეობა „კალამის“ დახმარებით. მოლოდინები გამიმართლდა. კმაყოფილი ვარ ჩემი ღვინის სფეროში ჩართვის გადაწყვეტილებით. თან ხომ გაგიგიათ - ის უნდა აკეთო, რაც გიყვარსო...  მე პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე და იმას ვაკეთებ რაც მიყვარს - ღვინოს.

- რა იყო თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება ქარხანაში მუშაობის განმავლობაში?

- ქარხანაში მუშაობა პირველად 2019 წლის რთველზე გამოვცადე, „კორპორაცია ქინძმარაულში“. მიახლოებითი წარმოდგენა მქონდა რა სიატუაციას დამხვდებოდა რთველისას ღვინის ქარხანაში; მორალურად მზად ვიყავი, ფიზიკურად - მეტ ნაკლებად. როგორც ბევრ სხვას, მეც ჩემი კომპლექსები მაქვს და გადაწყვეტილი მქონდა „ძლიერი დამოუკიდებელი ქალის“ როლი მომერგო და უმრავლესობის დამოკიდებულება -  რომ გოგოს ქარხანაში რა უნდა - ყველასი თუ არა რამდენიმე ადამიანის თავიდან მაინც ამომეგდო. ვინმეს რომ ეკითხა, მიხმარება არავისი მჭირდებოდა, 100 კილოსაც ავწევდი და მეტსაც. რთულია, რთულია გოგოსთვისო იძახიან და იძახიან, მაგრამ არა, მეგობრებო, დამიჯერეთ, მაგაზე მარტივი არაფერია. ერთ ვედროს რომ ავწევდი, ათი კაცი მორბოდა გამოსართმევად, ერთი ვედროს მიმატანინებდა, მეორე შლანგის წაღებაში მომეხმარებოდა, მესამე ცისტერნას თავს ახდიდა. მთავარია, თქვენ დაიწყოთ მოქმედება, დანარჩენი თავისით მოვა, თანაც,  პარალელურად შექებებს იღებთ, თუ როგორი ყოჩაღი ხართ და არაფერი გეზარებათ. იდეალური ვარიანტია, ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაც იყო, ჩემი კომპლექსებიც დავძლიე და შრომისმოყვარედაც გამოვჩნდი. 

- რომელ და რა ტიპის ღვინოებს გამოარჩევდით?

- ყველაფერს ხომ განწყობა უნდა?! ამჟამინდელ ზაფხულის სიცხესა და განწყობას ვარდისფერი ღვინოები უხდება, რომ გაგაგრილებს და სასიამოვნო, ცოცხალი ხილის არომატებს დაგიტოვებს. მსუბუქი ღვინო უნდა იყოს, ზაფხულის სალათებს რომ მოუხდება და არ დაგამძიმებს.
ინტერესით უფრო მეტად ნატურალური ღვინოები მაინტერესებს, ჯიშობრივი პოტენციალი სადაც უკეთ ჩანს და დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევს. მუდმივად გამორჩეული ღვინის დასახელება მიჭირს, მაგრამ არჩევნის წინაშე რომ დამაყენონ, დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ  ერთი წითელი და ერთი თეთრი ღვინო უნდა სვაო, საფერავს და  ქვევრის ქისს ავირჩევდი.

- ღვინის სფეროში მოხვედრის შემდეგ ყველაზე დიდ რა სირთულეს შეხვედრილხართ?

- პირადად ჩემთვის, რთული აღმოჩნდა სამსახურიდან გამომდინარე  თბილისიდან ყვარელში საცხოვრებლად გადასვლა, მეღვინეობაზე ჩაბარებისთანავე მქონდა გააზრებული, რომ თბილისში ჩემი პროფესიით საინტერესო სამსახურის შოვნა გამიჭირდებოდა, პიქირით ეს იდეა მიზიდავდა კიდეც - საქართველოში, თბილისს გარეთ რომ მეცხოვრა, მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ცოტა დრო დამჭირდა ცოხვრების სხვა სტილზე გადასასვლელად. პირველ აგვისტოს გადმოსახლების 1 წელი მისრულდება. რაც მთავარია, თავს უკვე კომფორტულად და კარგად ვგრძნობ.

- რა მოგწონთ და რას შეცვლიდით ქართული ღვინის ინდუსტრიასა და წარმოებაში?

- რა დასამალია და ძალიან ბევრი პრობლემაა. ქართულ ღვინოს რომ ყიდულობ, მასში ქართული მხოლოდ საქართველოში მოწეული ყურძენია, რისგანაც ღვინო დაყენდა (ნერგიც კი უმეტესწილად შემოტანილია). ყურძენიც, თუ შეწამლულია, 100%-ით ქართული არ გამოდის - არამგონია, საქართველოში წარმოებული შხამ-ქიმიკატებით ბევრი წამლობდეს. თვითონ ღვინოში დასამუშავებელი მასალებიც თუა გამოყენებული, ისიც, დიდი ალბათობით, უცხოეთიდანაა შემოტანილი ისევე, როგორც საცობი და ბოთლი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, წარმოებას ართულებს, აძვირებს და ბევრისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. 
კარგი მხარეა ამდენი მცირე მარნის არსებობა, მრავალფეროვნება, ყველა თავისი გზის გაკვლევას, ბაზარზე საკუთარი ნიშის დაიკავებას რომ ცდილობს. კონკურენციასთან ერთად, ცხადია, ხარისხიც იზრდება. ნებისმიერი მომხარებელი, ვეგანი იქნება (ევროპულ სტანდარტებსაც ფეხს ვუწყობთ), ნატურალური ღვინის მოყვარული, თუ უპრეტენზიო მყიდველი, თავის მოსაწონ პროდუქტს ნამდვილად ნახავს. უბრალოდ, ჩვენ შეგვიძლია ბაზარი კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ. ჩემი აზრით, ნაკლებობა გვაქვს ცქრიალა ღვინოების, პეტ ნატების, შემაგრებული ღვინოებისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, რაც ღვინისაგან შეგვიძლია მივიღოთ, პროდუქცია გავამდიდროთ და მომხმარებელიც გავზარდოთ.

რუბრიკის სპონსორია "თბილღვინო"

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

 



ძალიან საინტერესო სტატია, მიხარია ახალგაზრდობის ყურადღება ესე მკაფიოდ რომ მიიქცია ღვინის კულტურამ საქართველოში, ჩემს შვილს ვუსურვებდი ამ პროფესიის არჩევას. ნებისმიერ მყიდველში, ვეგანის ესეთ აფილირებას ვერ მვხვდი და ცოტა არაეთიკურად მივიჩნიე, მყიდველი მყიდველია. სჯობს ქართული ღვინის გენის გაღვიძების სტანდარტებს შეუწყოთ ფეხი, რომ "ევროპულმა სტანდარტებმა" აქეთ აგვიბას მხარი. ძალიან ვისიამოვნე, კარგი გოგონა სჩანს, წარმატებას ვუსრვებ ღვინის კეთებაში. მეღვინის და მევენახის ხვედრი დილის საქმიანობაში გამოიხატება, მიხარია რომ დღეს ესეთი პოზიტიური სტატის კითხვიყ ვიწყებ, წარმატებები. დალი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.