"იმერეთის მარგალიტი" სოფელ კვალითში მდებარეობს. როგორც მარნის ხელმძღვანელი, ნანა სხულუხია გვიამბობს, რთველის პერიოდი განსაკუთრებულია, მასში მთელი ოჯახი მონაწილეობს, შემდეგ კი კოცონთან იკრიბებიან და დროს ერთად, მხიარულად ატარებენ. ინტერვიუში წაიკითხავთ ნანას წინასაფესტივალო მოლოდინების, მისი გამოცდილების, საყვარელი ღვინისა და კერძის შეხამების შესახებ:
- რას ნიშნავს თქვენთვის ვაზი და ღვინო? როგორ აფასებთ ამ სფეროში თქვენს საქმიანობას?
- ვაზი და ღვინო ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა 2018 წლიდან, როდესაც მეღვინეობა „იმერეთის მარგალიტს“ ჩაეყარა საფუძველი.
- ქალის ხელი, ყურადღება და მოვლის წესები ყველაფერს ამდიდრებს და აცოცხლებს. რა განსაკუთრებულ მახასიათებელს/თვისებას სძენს თქვენი მიდგომა ღვინოს?
- კომპეტენტურ პირებთან კონსულტაციის, ტრენინგებისა და სხვათა გამოცდილების შეჯერების შემდეგ შევძელი ღვინის არომატებისა თუ გემოების აღქმა. ჯერ კიდევ ვსწავლობ, ვეძებ და ვცდილობ მივიღო ის შედეგი, რაც მაქვს ჩაფიქრებული.
- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი მარნის შესახებ: რამ შთაგაგონათ, მეღვინე გამხდარიყავით?
- ჩემი მარანი ზესტაფონის რაიონში, სოფელ კვალითში მდებარეობს ულამაზეს, მწვანედ შეფენილ გორაზე. დავინტერესდი ვენახით, ასევე ძველი ტრადიციებით, რაც ოჯახში გვქონდა. ვცადე მიმეღო ახალი და საინტერესო ღვინო. მომწონდა სხვადასხვა არომატები, გემოები და დამებადა იდეა, განმეხორციელებინა იდეა რეალურად. მარანი საუკუნეზე მეტს ითვლის. 2018 წლიდან იწარმოება ქართული, ხარისხიანი ქვევრის ღვინო. ახლა მარნის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში სასტუმრო და ღვინის მუზეუმი განთავსდება, რაც ჩვენს მარანს ტურიზმისთვის მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის. სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ რეგიონის ისტორიასა და ეთნოკულტურას, იმერული ღვინის თავისებურებებსა და ტრადიციებს.
- ვაზის რომელ ჯიშებზე მუშაობთ? რამე განსაკუთრებული რიტუალი ან ხერხი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის, ღვინის დაწურვის/დაყენების დროს?
- პირველ ეტაპზე შევეჭიდე ოცხანურ საფერეს და მივიღე სასურველი შედეგი როზეს სახით, რომელიც ჩემი სიამაყე გახლავთ. შემდეგ ვცადე ოჯალეში და კმაყოფილი დავრჩი. ვაგრძელებ ამ ჯიშების შესწავლას და უკეთ გაცნობას. რთველში მთელი ოჯახი ვღებულობთ მონაწილეობას, ერთგვარი ტრადიცია დაგვიმკვიდრდა 2018 წლის შემდეგ. საღამოს კი ეზოში კოცონთან ვიკრიბებით და ვერთობით.
- რას ურჩევდით ფესტივალის სტუმრებს, რომლებსაც ღვინის შესახებ თავიანთი გამოცდილებისა და ცოდნის გაღრმავება სურთ?
- ყველას, ვისაც აინტერესებს ღვინო ვურჩევ მიიღონ მეტი განათლება, ეძებონ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები.
- რომელია თქვენთვის განსაკუთრებით საყვარელი ღვინის რეგიონი ან ტერუარი?
- საყვარელი რეგიონი - იმერეთი, მომწონს და მიყვარს მაღალმჟავიანი ყურნით მიღებული ღვინო.
- ყველაზე მეტად რას ელით ახალი ღვინის ფესტივალისგან, რა მნიშვნელობა აქვს მას თქვენი ღვინის მარნისთვის?
- ახალი ნაცნობობა, ახალი ხალხი, ასევე ვფიქრობ გავსინჯო სხვა მონაწილეების საინტერესო ღვინოები.
- რა არის თქვენი საყვარელი ღვინისა და კერძის შეხამება?
- ოცხანურის როზე შემწვარ წიწილთან და ცხელ ჭადთან ერთად. ოჯალეში სტეიკთან (ღორის) და დაბრაწულ პურთან, ახალი ტყემლის საწებლით.
- და ბოლოს, რა რჩევას მისცემდით დამწყებ მეღვინე ქალებს, რომლებიც ღვინით არიან დაინტერესებული და მომავალს სწორედ ამ სფეროს უკავშირებენ?
- განათლება, ტრენინგები და ბევრი, ძალიან ბევრი შრომა - ეს არის აუცილებელი დამწყები თუ უკვე მეღვინეებისთვის.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი