ჟურნალ Decanter-ის მიხედვით
დღეს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება ბიო ანუ ორგანული ღვინო და მის წარმოებასაც, მომხმარებლის მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, მეღვინეები მეტ ყურადღებას აქცევენ. პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გარეშე მოყვანილი ყურძნისაგან ორგანული ღვინის დაყენება მარტივი პროცესი არ გახლავთ – ამგვარ ღვინოში არათუ ბიოწარმოებაში დაშვებულ პრეპარატებსა და დანამატებს, საერთოდ არანაირ დანამატს არ იყენებენ. მეტიც, იმ ტერიტორიაზე, სადაც ინახება ორგანული წარმოების პროდუქცია, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ჰიგიენური მიზნებითაც კი, დაუშვებელია. ორგანული ღვინის წარმოების ამგვარი პრინციპები მევენახისა და მეღვინის შრომას, რა თქმა უნდა, აასკეცებს, თუმცა შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი და შესანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალი მეურნეობა და ღვინის საწარმო დღეს უკვე არჩევანს სწორედ ბიოღვინის წარმოებაზე აკეთებს.
ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძენი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ მუშავდება პესტიციდებით, ჰერბიციდებით და სხვა ქიმიური საშუალებებით. მევენახეთა ყურადღების კონცენტრირება ხდება ბუნებრივ გარემოზე - ვენახის რიგთაშორის ბილიკებში ითესება ისეთი მცენარეები, რომლებიც იცავენ ნიადაგს ეროზიისგან და ამარაგებენ მას არასინთეზური აზოტით. ეს მცენარეები კი, თავის მხრივ, იზიდავენ სასარგებლო მწერებს, რომლებიც ვაზისა და ყურძნის პარაზიტებს ანადგურებენ. ყურძნის მოყვანის ამგვარი მეთოდი ხელს უწყობს ბარაქიან მოსავალს და ამასთან, ნიადაგის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნების შესანიშნავი საშუალებაცაა.
მეტად საინტერესო საკითხია ორგანული ღვინის სერთიფიკაცია, რაც მწარმოებლისთვის ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცედურაა. ორგანული ღვინის სერთიფიკატის მისაღებად მეურნეობამ თავდაპირველად ერთ-ერთ საერთაშორისო სასერთიფიკაციო ინსტიტუტს უნდა მიმართოს. ამის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, აღნიშნული ინსტიტუტის ინსპექტორები რეგულარულად იღებენ ღვინისა და ვენახის ნიადაგის სინჯებს. სერთიფიკატი ორგანულ ღვინოზე გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღებული სინჯები სავსებით დააკმაყოფილებს ბიოღვინისადმი წაყენებულ მკაცრ მოთხოვნებს. ამით პროცედურა არ მთავრდება - სერთიფიკატის მიღების შემდგომ ბიოღვინის წარმოება აღნიშნული ინსპექტირებით წელიწადში ოთხჯერ მოწმდება.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიო ბიოღვინის წარმოებით რამდენიმე ქვეყანა გამოირჩევა: საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ავსტრალია, ჩილე. მსოფლიოს წამყვანმა ღვინის ჟურნალმა Decanter–მა ათი საუკეთესო ბიოღვინის საკუთარი ვერსია შემოგვთავაზა, რომელსაც დღეს ჩვენს გაზეთშიც გაეცნობით. მაშ, ასე, მსოფლიოს საუკეთესო ბიოღვინოთა ათეული ასე გამოიყურება:
© ღვინის კლუბი/Weekend
ჩვენს საიტზე არაერთი პუბლიკაციაა ამასთან დაკავშირებით. თუნდაც ეს: http://vinoge.com/mevenaxeoba/organuli-meRvineoba
თქვენი კომენტარი