Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იმერული ჭურისთავი - ლაშა გურულის ბლოგი

ალბათ გაგვიჭირდება იმერეთის სოფლებში ისეთი ოჯახის მოძებნა, სადაც ეზოში ჭურები არ მოეპოვებოდეთ, ან ისეთი ადგილი მაინც არ ახსოვდეთ ეზოში, სადაც ადრე ჭურები ყოფილა ჩარგული. ეს ფაქტი მკაფიოდ მეტყველებს მევენახეობა-მეღვინეობის ფართოდ გავრცელებაზე ამ რეგიონში.

სამწუხაროდ, იმერული ტიპის ღია მარანი, რომელიც თვისობრივად განსხვავდება კახური ტიპის მარნისგან, დღესდღეობით ძალიან ცოტა ოჯახშია შემორჩენილი. შევეცდებით იმერული ღია ტიპის მარანი დავახასიათოთ თავისი განლაგებით, აღჭურვილობით და სპეციფიკის გათვალისწინებით.

ძირითადი მოსაზრება, თუ რატომ ირჩევდა იმერელი ღია მარანს და არა დახურულს, არის ის, რომ ტენიანობიდან გამომდინარე, დახურულ მარანში ჭური ნესტსა და მაღალ ტენში ექცეოდა, რის გამოც შეუძლებელი იყო შესაბამისი ტენიანობის შენარჩუნება როგორც მარნის სივრცეში, ასევე ქვევრების გარშემო, ეს კი საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახებოდა ღვინოზე და ამიტომაც არჩიეს მარნის ღია სივრცეში განთავსების გზა.

თუმცა მეორე მოსაზრებაცაა. იმერეთი მდიდარი მხარე არასოდეს ყოფილა. მარტო კლდიაშვილის ,,შემოდგომის აზნაური“-ს ტერმინის გახსენება იქნება ამისთვის საკმარისი. ამიტომაც არ ჰქონდათ საშუალება, რომ მარნისთვის ცალკე სივრცე აეშენებიათ და მას გარეთ აწყობდნენ, ღია ცის ქვეშ.

ასეა თუ ისე, ფაქტია რომ იმერული მარნის, იგივე იმერული ჭურისთავის ადგილი ისტორიულად ღია სივრცეში იყო და მის აღწერასაც სწორედ ამ სივრციდან შევეცდებით, პირადი მახსოვრობიდან და დაკვირვებებიდან გამომდინარე.  

ჭურისთავი ფოთლოვანი ხეებით შემოსაზღვრულ ადგილას იყო განლაგებული. ეს იმიტომ რომ, ჭურებს საჩრდილობელი ჰქონოდათ და ზაფხულის სიცხეში მიწა იოლად არ გამომშრალიყო. ჭურებს შორის დაცილება მინიმუმ 1 მეტრი მაინც არის. უმეტესობა ჭურებისა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშია ჩაყრილი და მცირე ზომებით გამოირჩევიან, 60-დან 300 ლიტრამდე ტევადობით, ყოველგვარი დაბეტონების და დაკირვის გარეშეა მიწაში მოთავსებული.

ჭურის დალუქვა იწყება ე.წ. სარქველით. სარქველისთვის იდეალური მასალა ურთხმელის ხე იყო, რომლის მოძიება მაშინაც კი არც ისე ადვილი იყო. ურთხმელი ბუნებრივადაა მკვრივი და მტკიცე ხე, ამიტომ მისგან დამზადებული სარქველი შემდეგ ცეცხლის ალზე გამოიწვება, კარგად გაირეცხება და უკვე მზადაა გამოსაყენებლად. არსებობს როგორც ერთიანი, მრგვალი სარქველი, ასევე ორ ნაწილიანიც, რომლებიც ჭურის ფარფლზე უერთდება ერთმანეთს. სარქველზე მრგვალად გამოჭრილ სქელ ცელოფანს აფენენ, რომლის კიდეები სარქველს ცდება და ჭურის ყელს გადაეფინება.

ამის შემდეგ იწყება ე.წ. ჭურის მიწით დაგნესვა. ამისათვის აუცილებლად აყალო მიწაა საჭირო. თითქმის ყველა იმერულ სოფელში არსებობს ერთი ან რამდენიმე ადგილი, სადაც აყალო მიწის მოპოვება არის შესაძლებელი. ამიტომ მიწას წინასწარ ჭრიან და იმარაგებენ შემოდგომისთვის. მიწას შეცვლა წელიწადში ერთხელ სჭირდება. დაგნესვის დაწყებამდე ჭურის ყელის გარშემო ათ სანტიმეტრზე შემოჭრიან მიწას და მთლიან ზედაპირს აყალო მიწით ავსებენ, დაახლოებით 15-20 სანტიმეტრის სიმაღლეზე. თუ აყალო მიწა უკვე მშრალია, სჭირდება წინასწარ დაქუცმაცება, წყალში დალბობა, შეზელვა და მხოლოდ ამის შემდეგ ვაყრით სარქველზე გადაფარებულ ცელოფანზე. როგორც ვიცი, გასულ საუკუნეებში ცელოფნის ნაცვლად კუპრში ამოვლებული ტყავიც გამოიყენებოდა და არა მარტო სარქველის ზემოთ, არამედ სარქველს ქვემოთ ჭურის ფარფლზე გადასაფარებლადაც კი.

მიწის დაყრის შემდეგ იწყება მიწის დაგნესვა, იგივე დაგოზვა. ამისათვის კი მძიმე ხის ურო გამოიყენება, ძირითადად აკაციის ხისგან გამოთლილი. ურო დაახლოებით ბეისბოლის ბიტის ვიზუალისაა, ოღონდ უფრო დიდი მოცულობის, ქვემოთ გაშლილი, რომელიც ზემოთ იმდენად ვიწროვდება, რომ ერთ ხელში იოლი დასაჭერი გახდეს. ვტკეპნით არა მხოლოდ ზემოდან დაყრილ მიწას, ასევე გარე პერიმეტრსაც, რომ მიწის ორივე ფრაქცია კარგად შეერწყას ერთმანეთს. თავდაპირველად უროს ძლიერი დარტყმით მოვნიშნავთ შუაგულს საორიენტაციოდ, შემდეგ შემოვყვებით მონიშნულის ირგვლივ და საბოლოოდ, დასრულებისას მონიშნულს ვტოვებთ ასევე დაახლოებით სარქველის დიამეტრის წრეს, რათა ჭურის მოხდისას ზუსტად განვსაზღვროთ სარქველის მდებარეობა. ამის შემდეგ ვაყრით კონუსისებურად ფხვიერ მიწას, რომლის წვერზეც ვუკეთებთ მცირე ჩაღრმავებას, სადაც ვასხამთ ხოლმე შემდეგში წყალს, რათა წყალი თანაბრად განაწილდეს მიწის ზედაპირზე და მიწამ ტენიანობა შეინარჩუნოს ზაფხულში.

რაც შეეხება ჭურის მოხდის პროცესს. ეს იწყება რა თქმა უნდა ფხვიერი მიწის მოშორებით. შემდეგ ვიყენებთ ხისგან გამოთლილ ბარს, რომელიც უმეტესწილად აკაციის ხისგანაა დამზადებული. იქვე გვაქვს წყლით ავსებული ვედრო. ყოველი გამოყენების წინ ბარს ვასველებთ წყალში, იმისათვის რომ სველი ბარისპირით მიწის გაჭრა უფრო მარტივი გახდეს. შემოვყვებით დაგნესვის დროს შემოფარგლულ დიამეტრს და მას შემდეგ რაც ყოველმხრივ შემოვჭრით მიწას, ერთი მხრიდან ამოვდებთ ბარს და ბარის ტარზე  ძლიერი დაწოლით ამოვაპირქვავებთ სარქველზე დაფარებულ მიწის მასას. ბარის ბრტყელი პირით ჭურის ყელის გარშემო მიწის კედლებს ვასწორებთ, რათა მიწის ნაწილაკები არ ჩავარდეს ჭურში. ვიღებთ ცელოფნის საფარს, ვხსნით სარქველს. თუკი ღვინო ტემპერატურის ცვლილების გამო მომატებულია ჭურში, თავდაპირველად მცირე ჭურჭლით, მაგალითად ჭიქით ვიღებთ ღვინის ზედა ფენას, რის შემდეგაც მოვურევთ ღვინის ზედაპირს და ჭურის სიდიდიდან გამომდინარე ვიწყებთ ღვინის ამოღებას ან ორშიმოთი (მწარე კვახისგან დამზადებული ღვინის ამოსაღები ჭურჭელი), ან ტუმბოთი. ორშიმოების ზომები მერყეობს 0.5 ლიტრიდან 5 ლიტრამდე. როცა ჭური დაცლის პირას მივა და ღვინო ორშიმოს აღარ მოყვება, ამ დროს უკვე ვიყენებთ ხელსაწყოს, რომელსაც ორხელი ეწოდება. ესაა ლითონის ნახევარსფეროს ფორმის ჯამი, რომელზეც თოკებით ჩაბმულია ხის ორი ჩხირი და ორივე ხელის შესაბამისი მოძრაობით ხდება ჭურის კუნჭულში დარჩენილი ღვინის ამოხაპვა და ამოღება.

ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია ცარიელი ჭურის ჰიგიენურად სწორად შენახვა. ღვინის ხარისხი უმთავრესად სწორედ ჰიგიენაზეა დამოკიდებული. არ უნდა დავუშვათ, რომ შემოდგომამდე ჭური დაბინძურდეს. ამიტომ ჭურის მოვლა მისი დაცლისთანავე უნდა დავიწყოთ. დაცარიელებული ჭური მაშინვე უნდა გავრეცხოთ კარგად. უმჯობესია თუკი თაგვისარასთან ან ჯაგრისთან ერთად, სარცხელსაც გამოვიყენებთ. ეს იმიტომ, რომ ჭურის კედლებზე ხშირადაა შემორჩენილი გამონალექი ღვინის ქვა, რომლის მოშორებასაც ძლიერი რეცხვა სჭირდება. ჭური ისევე უნდა გავრეცხოთ, როგორც ამას ვაკეთებთ ღვინის ჩასხმის წინ. ჭურის შესანახად შემდეგი მეთოდებიდან ერთ-ერთს ვირჩევთ: სველი ჭურის კედლებს შემოვაყრით წმინდად გაცრილი ნაცრის ან კირის ფხვნილს, იმგვარად, რომ სრულად დაიფაროს ჭურის კედლები. აუცილებელია რომ ამის შემდეგ, შენახვის პერიოდში ჭურში ნესტმა არ შეაღწიოს, ამისათვის კი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე , ან თავღია უნდა დავტოვოთ მუდმივად ჭური, ან შევუქმნათ ხელოვნური კონდესატი, მაგალითად თანამედროვე მეთოდი რომ გამოვიყენოთ, დავამზადოთ სპეციალური თავსახური, რომელშიც ჩამონტაჟდება მცირე ზომის სავენტილაციო დანადგარი და ჭური მუდმივად მშრალ მდგომარეობას შეინარჩუნებს, რაც გამორიცხავს მასში ობის და სოკოს ბაქტერიების წარმოქმნას. შესაძლებელია ასევე კირისგან ბლანტი თხევადი ნარევის მომზადებაც, რომლის წასმაც მოხდება ჭურის კედლებზე.

ვეცადეთ იმერული ჭურისთავის ზოგადი აღწერა გაგვეკეთებინა. ვფიქრობ ცალკე აღწერას იმსახურებს რთველის პროცესი იმერულ მარანში. იმერული ჭურისთავი თავისი ავთენტურობით უნდა შევინარჩუნოთ იმერეთის ყველა რაიონში და მეღვინეობებმა, რომლებსაც დახურული მარნები გააჩნიათ იმერეთში, ვფიქრობ სიმბოლურად, თუნდაც სადემონსტრაციო ერთი-ორი ჭური მაინც უნდა დატოვონ ღია სივრცეში, რომ საბოლოოდ არ დაიკარგოს იმერული, ღია ჭურისთავის იერსახე. ეს საინტერესო იქნება ტურისტული თვალსაზრისითაც, რადგან აღმოსავლეთ საქართველოს მარნების მონახულების შემდეგ დასავლეთ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს განსხვავევული სტილის და კონცეფციის მარნები დახვდება აქ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.