ღვინის მოყვარული ნილ ჰოლკოვერი (Neal Hulkower) გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი და ბლოგერია, ასევე ღვინის ენთუზიასტიც. იგი თავისი მათემატიკური ხედვით, ღვინოში ელეგანტურობის აღმოჩენასა და ამ სიტყვის მნიშვნელობის განსაზღვრას ცდილობს. ამის შესახებ მან სტატია Wine-Searcher-თვის დაწერა.
ისევე როგორც ბევრ სხვა სიტყვას, რომლითაც ღვინოს ახასიათებენ, „ელეგანტურის“ ერთი, კონკრეტული განმარტება არ არსებობს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი. ამის შემდეგ კი მკითხველს თავის გამოცდილებას უზიარებს.
სიცხადის ნაკლებობის მიუხედავად, ტერმინი ჰოლკოვერისთვის ლექსიკის განუყოფელ ნაწილად 1970-იანი წლებიდან იქცა. იგი ამ პერიოდში ღვინის დაგემოვნებასთან ერთად დროს მათემატიკის შესწავლასაც უთმობდა. მათემატიკაში ელეგანტურობის მტკიცებულება თავად მასში მდგომარეობს, რაც შეეხება იმას თუ რას ნიშნავს ეს ტერმინი ღვინისთვის, შედარებით გაუგებარია. სტატიაში მაგალითად ღვინის ბლოგერისა და The Wine Bible-ის ავტორის კარენ მაკნილის დასკვნაა მოყვანილი: „ღვინოში ელეგანტურობა გამოიხატება არა თავად გემოებში, არამედ იმაში თუ როგორ წარმოაჩენენ ისინი თავს... ელეგანტურობას თავისი სილამაზე ახასიათებს.“
ავტორი გვიყვება, რომ როგორც მათემატიკის კურსდამთავრებულმა უკვე იცოდა მათემატიკური დამტკიცების რამდენიმე ელეგანტური მეთოდი, რომლებსაც ესთეტიკური მომხიბვლელობაც ჰქონდათ. ამგვარი დამტკიცებების დასახასიათებლად, მოჰყავს ერთ-ერთი მათემატიკოსის მიერ შერჩეული სამი კრიტერიუმი - „ელეგანტური მტკიცებულება მოულოდნელად მარტივია, პრობლემის სირთულეს მიემართება და იმაზე მეტს ამბობს საგნის შესახებ, ვიდრე უბრალოდ პრობლემის გადაჭრაა“.
ღვინის ელეგანტურობის განსაზღვრაც ისევე ზუსტად და მარტივად, როგორც მათემატიკაშია შესაძლებელი, არ გამოდის. თუმცა, მათემატიკოსის აზრით, ელეგანტურობის ნაკლებობის ღვინოში ამოცნობა გაცილებით მარტივია, მაგალითად უხარისხო წითელი ღვინის დალევისას.
თუ ღვინოში ელეგანტურობის აღმოჩენა გვსურს, ავტორი გვირჩევს, რომ ტერმინის განმარტებაზე დროის ხარჯვის ნაცვლად, ბევრი სახეობა დავაგემოვნოთ. ელეგანტური ღვინის გასინჯვისგან მიღებული გამოცდილება და ეფექტი, რომელიც თან ახლავს, შეგრძნებებს გაცილებით რეალურს გახდის. ამის აღსაწერად კი ჰოლკოვერი თავისი გამოცდილებისა და ელეგანტურ ღვინოსთან პირველი შეხვედრის შესახებ ჰყვება.
ავტორი იხსენებს, რომ მას შემდეგ, რაც სიტყვა ელეგანტური ღვინის დასახასიათებლად გამოიყენა, რამდენიმე ათწლეული იყო გასული. 2021 წლის ოქტომბერში, თავისი ვაჟის დაწინაურების აღსანიშნავ ვახშამზე დასავლეთ ჰოლივუდის ძვრირადღირებულ რესტორანში იყვნენ, სადაც გარემო, სადილი, სასმელი გამორჩეულად დახვეწილი იყო. ყველაფერი ისეთი ძალდაუტანებელი მომხიბვლელობით იყო შექმნილი და შერჩეული, რომ აღტაცებას იწვევდა. სწორედ ამაზე დაკვირვებით გაიაზრა ავტორმა რა შეიძლება იგულისხმებოდეს ელეგანტურობაში. მისთვის სადილის ძვირადღირებულების მიუხედავად, განცდა, რომ ყველაფერი ამად ღირდა, ელეგანტურობის დასტურად მიიჩნია.
ამის შემდეგ, მათემატიკოსი თავის ძველ ჩანაწერებს მიუბრუნდა, რომლებსაც ის მას შემდეგ აკეთებდა, რაც ღვინის თავისით შეძენის საშუალება მიეცა. 1969-79 წლებში 450 ღვინის დახასიათება ჰქონდა ჩაწერილი. მათგან 36-ის აღსაწერად კი ეპითეტ „ელეგანტურს“ იყენებდა, არამხოლოდ ღვინის არომატის შეფასებისას, არამედ ფერის აღწერისთვისაც. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი პირველად სწორედ ფერით იხიბლება, მასაც ღვინის გემოსა და სურნელის გაგებამდე, მისი ვიზუალი მოსწონდა.
თავის გამოცდილებისა და ხედვის გაზიარებასთან ერთად, ავტორი მკითხველს სხვადასხვა საფასო სეგმენტის ღვინოებს სთავაზობს, რომელიც სწორედაც ელეგანტურად მიაჩნია. ამგვარი ღვინო კომპლექსური ხასიათით გამოირჩევა. მისი დაგემოვნებისას ბევრისთვის უფრო ცხადი ხდება რა არის ღვინო და მათემატიკა, რაც ადასტურებს, რომ ერთ ჭიქა კარგ ღვინოს დიდი გამოცდილების მოცემა შეუძლია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი