გუშინ საფრანგეთის ქალაქ ბორდოში Vinexpo Bordeaux 2017 გაიხსნა. ეს გამოფენა 1981 წლიდან მოყოლებული ტარდება და წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება ღვინის სფეროში. საქართველო უკვე Vinexpo-ს ტრადიციული მონაწილეა და წელსაც ჩვენი ღვინო დეგუსტაციით იყო წარმოდგენილი - 8 ღვინო 3 სხვადასხვა რეგიონიდან.
ჭაშნიკს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი სამანიშვილი და სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, ანა გოდაბრელიძე უძღვებოდნენ. საქართველოს და ქართული ღვინის ისტორია, საქართველო - ღვინის აკვანი, ქართული ღვინის სტილები, ჯიშები, რეგიონები, სუფრის ტრადიციები - ეს ის ძირითადი თემები იყო, რაზეც პრეზენტაციაში იყო ყურადღება გამახვილებული. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი 8 ქართული ღვინის დაგემოვნებას დაეთმო.
მანავი, კახური ღვინის მარანი, 2014 - მკრთალი ჩალისფერი, ენერგიუილი, არომატური ადგილწარმოშობის დასახელების კლასიკური ღვინო.
ქვევრის რქაწითელი, დურუჯი ველი, 2013 - ქვევრის მკრთალი ქარვისფერი, მოტკბო არომატების მქონე ქვევრის ღვინო, ყვარლური რქაწითლიდან დაყენებული.
ქვევრის ქისი, თბილღვინო, 2015 - ქვევრის ქარვისფერი ღვინო, ქისისთვის დამახასიათებლი კარგად ნაცნობი არომატებით.
მწვანე სატრაპეზო, თელავის მარანი, 2013 - ქვევრის ღვინო, მწვანე კახურიდან დაყენებული, რომელიც შემდეგ მუხის კასრებშიც ვარგდებოდა.
შავკაპიტო, შატო მუხრანი, 2014 - დახვეწილი, ელეგანტური ქართლური ღვინო, არომატული და მუხაში დავარგების მსუბუქი კვალით.
საფერავი Grand Reserve, GWS, 2014 – წინა ღვინოსთან შედარებით გაცილებით ინტენსიური შეფერვის ღვინო, მუხის ძლიერი ტონებით.
Réserve du Prince (წითელი), შატო მუხრანი, 2012 - ქართლში, მუხრანის ველზე მოყვანილი საფერავიდან დაყენებული ღვინო, უკვე 4 წლის, ჩამოყალიბებული.
ხვანჭკარა, ხარება, 2015 - ძალზე რბილი და ტკბილი ხვანჭკარა, მკრთალი შინდისფერი, ნაზი და დახვეწილი.
როგორც ხედავთ, 8 ღვინიდან 5 კახური იყო, 2 ქართლიდან და ერთიც რაჭიდან. საფერავი კახეთიდანაც იყო წარმოდგენილი და ქართლიდანაც. საფერავთან დაკავშირებით გამოითქვა აზრი, რომ იგი ბორდოს ღვინოებს ჰგავს, რასაც ზოგი არ დაეთანხმა. გასინჯული ღვინოებიდან ალბათ შატო მუხრანის შავკაპიტო იყო ყველაზე ახლოს ე.წ. ბორდოს სტილთან. აუდიტორია ძირითადად პროფესიონალებისგან და ქართული ღვინის მოყვარულებისგან შედგებოდა. შეხვედრაზე არაერთი საინტერესო კითხვა გაჩნდა, ამათუიმ ჯიშის ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობიდან დაწყებული - ქვევრის ღვინის სტილისტიკით დამთავრებული. იყო შენიშვნებიც, რჩევებიც. ერთ-ერთი უმთავრესი რჩევა იყო ის, რომ ქართულ ღვინოს (განსაკუთრებით კახურ, ქვევრის ქარვისფერ ღვინოს) პირველ რიგში ქართული კერძები უხდება და სწორედ ისინი უნდა შევუხამოთ ამ სტილის ღვინოებს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.
თქვენი კომენტარი