გამოქვეყნებულია: 10 მარტი, 2009 - 00:42
აპრილის პირველ ნახევარში ქართულ მედია-ბაზარზე გამოჩნდება ყოველთვიური გამოცემა “მადიანი” – ჟურნალი ღვინის, გასტრონომიული კულტურისა და გემოვნების შესახებ. ესაა გერმანულ-ქართული პროექტი, რომელსაც შპს "მადიანი მედია" ახორციელებს გერმანულ კომპანია "ბულმან-მედიენთან" ერთად. დღეს, 10 მარტს, შარდენზე, London Pub-ში გაიმართება ჟურნალ "მადიანის" პრესკონფერენცია.
მასპინძელთა შორის იქნებიან, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხარბედია, თბილისის ღვინის საგანმანათლებლო ცენტრ "ვინოლეჯის" დამფუძნებელი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი და მწერალი დავით ტურაშვილი.
მაღალპოლიგრაფიული, 100-გვერდიანი ილუსტრირებული გამოცემა მიეძღვნება თანამედროვე ქართულ და უცხოურ მეღვინეობას, კულინარიულ კულტურას, სარესტორნო კრიტიკას, ღვინო-კულინარიულ ტურიზმს. მკითხველი გაეცნობა ქართული ბაზრის ყველა ახალ, საინტერესო პროდუქტს და მუდამ იქნება თანამედროვე მსოფლიო მეღვინეობის და გასტრონომიის ბოლო ტენდენციების საქმის კურსში.
"მადიანში" მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა სარესტორნო კრიტიკას, ჟანრს, რომელიც საქართველოში სრულიად აუთვისებელია. ყველა ნომერში გამოქვეყნდება რამდენიმე დეგუსტაციის შედეგები, სადაც ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების გარდა, ექსპერტები კვების პროდუქტებსაც დააგემოვნებენ. თითო ნომერში დაიბეჭდება ათეულობით რეცეპტი, რომელიც რუბრიკებად გადანაწილდება ინგრედიენტებისა და წარმოშობის მიხედვით.
“მადიანი” ითანამშრომლებს ქვეყნის ყველაზე ცნობილ სომელიეებთან, შეფ-მზარეულებთან, მეღვინეებთან, რათა მკითხველმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს ღვინის, კერძის, მათი შეხამებისა და ზოგადად გასტრონომიული კულტურის შესახებ.
"მადიანის" ყველა ნომერში მკითხველს წარუდგენენ თვის 12 ყველაზე საყურადღებო ღვინის დახასიათებებს და კონკრეტულ კერძთან მისი შეხამების რეცეპტებს. წლის მანძილზე დაგემოვნებული ამ 100-ზე მეტი ღვინიდან წლის ბოლოს კომპეტენტური ჟიური დაასახელებს წლის 10 საუკეთესო ღვინოს, ასევე გამოცხადდება წლის ტრიუმფატორიც.
თომას ბულმანი (კომპანია "ბულმან-მედიენის" დამფუძნებელი): "მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოში ინვესტიციის განხორციელება გადაგვაწყვეტინა იმან, რომ თქვენი ქვეყანა მევენახეობის ერთერთი ფუძემდებელია და საქართველოში მეღვინეობისა და კულინარიის მდიდარი ტრადიციები არსებობს. ამ მხრივ ქართველები კარგი გემოვნებით გამოირჩევით, მქონია სიამოვნება, ეს პირადად გამომეცადა. დარწმუნებული ვარ, "მადიანი" ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ მედიაბაზარზე და თავის წვლილს შეიტანს ქართული ღვინისა და გასტრონომიული კულტურის განვითარებაში".
vinoge.com
თქვენი კომენტარი