Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ხელოვნება - ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024

ელენე ცინცაძე

წარმოიდგინეთ ღვინის ფესტივალი, სადაც ყოველი ღვინის ბოთლი ახალი ისტორიის დასაწყისია, მათი გემო კი - მოგზაურობას ჰგავს. ასეთი იყო წლევანდელი, “ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024”, სადაც მეღვინეები დიდი სითბოთი მოგიყვებოდნენ თავიანთ მარნებზე, მათ ისტორიაზე, ღვინოებზე და ა.შ. მცირე მარნებისთვის თითოეულ ბოთლ ღვინოს სხვა დატვირთვა აქვს, ზოგი ყურძენს თვითონ წურავს ხელით, ზოგი დაყენების პროცესის გამო ღვინოს გვერდიდან არ სცილდება, მათთვის ეს ფესტივალიც რაღაც სხვა არის, თავიანთ შვილობილს, ღვინოს, უზიარებენ სტუმრებს. 

19 ოქტომბერს, მთაწმინდაზე, “კლუბ ანდერვილში” 47 მცირე მარანი მონაწილეობდა, ყველაფერი კი წლების წინ - 16 მარნით დაიწყო. ბევრი იყო ახალი, სწორედ ისეთი მეღვინე, რომლის პირველი ნაბიჯები სწორედ აქ, მცირე მარნების ფესტივალზე იწყება: “ფესტივალის შესახებ ჩემმა მეგობარმა მითხრა, დამაინტერესა განსაკუთრებით, რადგან ახალი, დამწყები მეღვინე ვარ და ჩემთვის ასეთ ღონისძიებას სხვა ხიბლი ჰქონდა. ამ პირველ ჯერზე სულ 500 ბოთლი მაქვს ჩამოსხმული. ვაწარმოებ ალექსანდროულსა და მუჯურეთულს, ყოველგვარი დანამატების ან ხელოვნური ჩარევის გარეშე, ამ ღვინის სხვებისთვის გაცნობა კი მართლაც ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის.” - გვიყვება “მიზანას” შესახებ სპარტაკ ტყეშელაშვილი.

გვყავს ისეთი მარნებიც, რომლებსაც უკვე მიუღიათ მონაწილეობა ჩვენს ფესტივალზე და ამ დღეებს დიდი ემოციებით ელოდებიან ხოლმე: “ამ ფესტივალზე განსაკუთრებით მიხარია ხოლმე მონაწილეობის მიღება, რადგან მცირე მარნებზეა ორიენტირებული და ჩვენს ღვინოსაც უფრო მეტი, სწორედ ის ადამიანები სინჯავენ, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესი აქვთ მცირე მარნების მიმართ. ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას ძალიან უწყობს ხელს სწორედ ეს ფესტივალი, სადაც რეალურად რა მნიშვნელობის მატარებელია მცირე წარმოების მეღვინეობა, ძალიან კარგად ჩანს. მე ეს ოთხივე ღვინო, ქისი, ბუდეშური საფერავი, შავკაპიტო და თავკვერი, შვილივით მიყვარს, თუმცა სტუმრებისთვის მაინც საფერავი არის ხოლმე ინტერესის საგანი ძირითადად.” - “მარიენფილდმა” უკვე მესამედ მიიღო ჩვენს ფესტივალზე მონაწილეობა, როგორც თემურ კახოიძე გვიყვება.

საინტერსოა ის, რომ ყველა მეღვინეს და მარანს თავისი ისტორია აქვს. ზოგი ექიმი იყო და ღვინის სფეროში აღმოჩნდა, ზოგი იურისტი, მასწავლებელი ან ეკონომისტი. მცირე მარნებსა და მეღვინეობებს რაც გამოარჩევს ისაა, რომ მათთვის ღვინო დროთა განმავლობაში საერთოდ განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი აღმოჩნდა. ფესტივალზე “პატარა მარანსაც” ვესაუბრეთ, რომელთაც ორი სახეობის ღვინო, რქაწითელი და საფერავი ჰქონდათ წარმოდგენილი: “ღვინოები არის ქვევრის, რომლებიც რქაწითელის შემთხვევაში 6 თვემდე, ხოლო საფერავის შემთხვევაში 20 დღემდე დავაყოვნეთ ჭაჭაზე, ღვინო ხელით იწურება და გადის სრულ ციკლს წელიწადნახევრამდე. ღვინო გადაღებიდან ქვევრში გადაგვაქვს, 6 თვე ვაყოვნებთ და შემდეგ კიდევ 6 თვე ვაყოვნებთ ბოთლში. ამ ფესტივალზე მეორედ ვიღებთ მონაწილეობას, წინა წელს ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ. ეს ჩვენთვის კარგი საშუალებაა, ბაზრის ანალიზისთვის, კვლევისთვის და პროდუქტის გააზრებისთვის, მათ შორის კონკურენტების შესწავლისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. წელს მადლობა, რადგან შიდა სივრცე უფრო კომფორტული აღმოჩნდა ჩვენთვის ამინდიდან გამომდინარე.”-გვიყვება ნინო გამყრელიძე.

ფესტივალზე შეხვდებოდით თითქმის ყველა ღვინის რეგიონს, კახეთს, ქართლს, რაჭას, სამეგრელოს, იმერეთსა და გურიას. ღონისძიების შესახებ რაჭულ მარან “ველეულასაც” ვესაუბრეთ: “ეს ღვინის ფესტივალი ჩვენთვის, მეღვინეებისთვის,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა აუდიტორიას და ღვინით დაინტერესებულ ადამიანებს უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტი. ვინაიდან რაჭული მარანი ვართ, რაჭული ღვინოები გვაქვს წარმოდგენილი, ვიტყვი იმასაც, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, რადგან ჩვენი ღვინო ონლაინ იყიდება და აქ გვაქვს საშუალება მომხმარებელთან პირდაპირი კომუნიკაცია დავამყაროთ, მათაც გასინჯონ ჩვენი ღვინოები და თავიანთი მოსაზრება გაგვიზიარონ”.

შემოდგომის ფესტივალი აგრილებულ ოქტომბერში 47 მარნით ძალიან კარგად წარიმართა და როგორც აქამდე უკვე გვითქვამს კიდეც, ღვინო და ღვინის ფესტივალი არის ის, რაც ნამდვილად აერთიანებს ყველას, მეღვინესა თუ იქ შემთხვევით მოხვედრილ ადამიანს, ექსპერტსა და დამწყებ ღვინის მოყვარულსაც. გელოდებით ცქრიალა ღვინის ფესტივალზე, რომლითაც ზამთარს ერთად შევეგებებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ყველას წარმატება მინდა ვუსურვო, ყოჩაღები ხართ, იმ ერთიორ "საფუარშიკს" კი, ვინც 2000-3000 ბოთლისთვისაც კი კულტურულ საფუარს იყენებს დადუღებისას და მერეც ზედმეტად ერევა ღვინის დამზადების პროცესში, მინდა ვურჩიო, დაანებეთ თავი მაგ ამბებს, მიენდეთ ყურძენს, მარანს და საკუთარ თავს :)


როგორ ზღაპარივით იკითხება.. ლამაზი დაწერილია.. ვწუხვარ რომ ფესტივალზე არ ვიყავი, თუმცა ძალიან მომინდა შემდეგზე სტუმრობა.


ვაა მართლაც სულ ასეთი ფესტივალებია ხოლმე როგორც წერთ? ერთი უნდა ამოგიაროთ მეც შემდეგზე

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული